კულტურა,სიახლეები

BIAFF-ის ორგანიზებით ჩიკაგოში ქართული კინოს დღეები გაიმართება

29.10.2018
BIAFF-ის ორგანიზებით ჩიკაგოში ქართული კინოს დღეები გაიმართება

ჩიკაგოში, 9-12 ნოემბერს, პოლონური კინოს ფესტივალის ფარგლებში, ქართული კინოს დღეები გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] ამერიკულ პარტნიორ ორგანიზაციასთან – Society for Arts თანამშრომლობით.

ქართული კინოს დღეები ითვალისწინებს ქართული კინოს მცირე რეტროსპექტივას ჩიკაგოში. თანამედროვე ქართული კინო წარმოდგენილი იქნება ფილმებით: „სხვისი სახლი“ – რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, „დედე“ – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, „საშიში დედა“- რეჟისორი ანა ურუშაძე და „ბრმა პაემნები“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.

ქართული კინოკლასიკა წარმოდგენილია შემდეგი ფილმებით: მიხეილ კობახიძის „მუსიკოსები“, „ქოლგა”, „ქორწილი“; გიორგი შენგელაიას „ალავერდობა“ და გიო მგელაძის „არა, მეგობარო”.

PFFA – ამერიკაში პოლონური კინოს ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია Society for Arts (ჩიკაგო). ფესტივალი 1989 წელს დაარსა კრისტოფერ კამიშევმა (კინო/არტ მენეჯერი და ფილანტროპი).

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი Society for Arts-თან უკვე ათ წელზე მეტია თანამშრომლობს. ორგანიზაციის პრეზიდენტი კრისტოფერ კამიშევი ორჯერ იყო ბათუმში ჟიურის თავმჯდომარედ მოწვეული და მრავალი წელია BIAFF-ს უწევს კონსულტაციასა და მხარდაჭერას დოკუმენტური კინოს სექციის პროგრამირების და პოლონური კინოს პრეზენტაციის კუთხით.

ქართული კინოს დღეებს ჩიკაგოში BIAFF-ის კინოფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე და მენეჯერი ზვიად ელიზიანი, რამდენიმე ქართველ რეჟისორთან ერთად წარადგენენ.

პროექტის მხარდამჭერებია: Society for Arts [აშშ], საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: