მთავარი,სიახლეები

ვის აქვს მეორე ტურში მოგების შანსი – „შედეგს განაპირობებს ზიზღი“

29.10.2018 • 3044
ვის აქვს მეორე ტურში მოგების შანსი – „შედეგს განაპირობებს ზიზღი“

„გადაუწყვეტელი ამომრჩეველი იქნება ახლა ოქროს საბადო“, – ამბობს პოლიტოლოგი და „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია მეორე ტურზე საუბრის დროს. მისი აზრით, ორივე პოლიტიკური ძალა ამ ეტაპზე ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გულის მოსაგებად იმუშავებს. პოლიტოლოგთან ინტერვიუ გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე საუბრით დავიწყეთ: რა აჩვენა პროცენტებმა? იყო თუ არა ეს მოულოდნელი?

ბატონო კორნელი, პირველ რიგში, მინდა გკითხოთ, რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგი? 

მოულოდნელი ნამდვილად არ იყო. ყველა საზოგადოებრივი აზრის კვლევა და დაკვირვება მიუთითებდა, რომ მეორე ტური მოსალოდნელი იყო, იმდენად პოლარიზებული იყო საზოგადოება, მასმედიაც… სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში დამაზიანებელი აღმოჩნდა მის მიერ წარმოებული კამპანია და ის შეცდომები, რომლებიც დაუშვა ბიძინა ივანიშვილმა. ამ ფონზე გასაგები იყო, რომ მეორე ტურს ვერ ავცდებოდით.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, გრიგოლ ვაშაძემ 37,74 პროცენტი მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა – 38,63. რა აჩვენა თქვენთვის ხმების ამგვარმა გადანაწილებამ? 

ამან აჩვენა ის, რომ ეს არჩევნები შესაძლოა დიდად მნიშვნელოვანი არ არის, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა საკმაოდ შეკვეცილია პრეზიდენტის უფლებამოსილებები, მაგრამ ეს არჩევნები რეალურად იყო ტესტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს არჩევნები იყო მნიშვნელოვანი როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიებისთვის. „ნაცმოძრაობას“ ხელახლა უნდა დაემტკიცებინა, რომ ის არის პირველი ოპოზიციური პარტია და არა „ევროპული საქართველო“. ოპოზიციას ასევე უნდა ენახებინა საზოგადოებრივი აზრის ცვლილება –  რამდენად მზად არის საზოგადოება 2020 წელს ცვლილებებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ შეერყა იმიჯი და გამორიცხული არაა 2020 წლისთვის სრულიად ახალი ხელისუფლება მოვიდეს საქართველოში. ჯერ არ ჩანს კონკრეტულად რა კონფიგურაციით და როგორ. ზოგადად, თუ გადავხედავთ ქართველი ამომრჩევლის საარჩევნო ქცევას ბოლო 27 წლის განმავლობაში, ჩანს ერთი კანონზომიერება – ქართველი ამომრჩეველი ორზე მეტჯერ ერთ პარტიას არ აძლევს ხმას. ზუსტად ის პერიოდია, როცა შეიძლება მსგავსი რაღაც მოხდეს ქართულ პოლიტიკაში.

რა სტრატეგიას ელოდებით „ქართული ოცნებისგან“? 

ახლა უფრო მთავარია, როგორ მიაღწევს „ქართული ოცნება“ 2020 წლამდე ისე, რომ არ დაიშალოს. ზოგადად, ქვეყნის ინტერესშია ის, რომ „ქართული ოცნება“ წააგებს თუ მოიგებს 2020 წლის არჩევნებს, ის მაინც დარჩეს, როგორც პოლიტიკური პარტია და მან არ გაიზიაროს, მაგალითად, „მოქალაქეთა კავშირის“ გამოცდილება.

ფაქტია, რომ ამ არჩევნების შემდეგ იქნება სერიოზული ცდუნება, რომ ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი ბიუროკრატიულ აპარატში დაიწყებს მოძრაობას სხვა მიმართულებით. ცნობილი ამბავია: როცა გემი იძირება, ეკიპაჟი მას ტოვებს. ეს მომენტი დადგება, რადგან ბიუროკრატია, როგორც წესი, ცდილობს, თადარიგი დაიჭიროს. ვფიქრობ, საკმაოდ დიდი რყევები იქნება. ჯერ ისედაც იყო განსხვავებული შეხედულებები სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით და ეს ბზარი კიდევ უფრო გაიზრდება.

მანამდე მეორე ტურის მოგების ცდუნება აქვს „ქართულ ოცნებას“. რა შემთხვევაში აქვს სალომე ზურაბიშვილს მეორე ტურის მოგების შანსი? 

„ქართულ ოცნებას“ სხვა გზა აღარ  აქვს, მან მაქსიმალური უნდა გააკეთოს, რომ პრესტიჟი დაიცვას. „ოცნებამ“ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა მხარი დაუჭირა ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატს. საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, საერთოდ არ დაეჭირა მხარი არც ერთი კანდიდატისთვის და პირდაპირ გადაელოცა ეს ადგილი ოპოზიციისთვის. ფაქტობრივად, ახლა მოხდა გაზომვა „ქართული ოცნების“ რეიტინგის 2020 წლის არჩევნებისთვის, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები. რეალურად მხარი რომ არ დაეჭირათ, ეს გაზომვაც ვერ მოხდებოდა. თანაც, საერთაშორისო საზოგადოების თვალშიც კარგად გამოჩნდებოდა ეს ნაბიჯი, ახლა უკვე შარში არიან.

ამ ვითარებაში რაზე შეიძლება წავიდეს „ქართული ოცნება“? 

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ 50 პროცენტზე მეტი ამომრჩევლებისა ისევ არ მიდის არჩევნებზე. ვერც „ოცნება“ და ვერც „ნაცმოძრაობა“ ვერ ახერხებს უმრავლესობის მიმხრობას. ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობა ისევ ნიჰილისტურადაა განწყობილი. მეორე ტურისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება ამ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გადმობირებას. 5 პროცენტის გადმობირებაც რომ შეძლოს რომელიმემ, ეს უკვე შედეგს დადებს.

შესაძლებელია ამის მიღწევა ორ კვირაში ანუ მეორე ტურამდე? 

ეს დამოკიდებულია რესურსებზე, როგორც პოლიტიკურ, ასევე ფინანსურ რესურსებზე. ფინანსური რესურსები „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი აქვს, ვიდრე „ნაცმოძრაობას“, ამას ემატება ადმინისტრაციული რესურსი, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტორები არ გადაწყვეტენ არჩევნების მეორე ტურის შედეგს. ჩემი აზრით, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ზიზღი – ვის მიმართ უფრო ნაკლები ზიზღი ექნება ამომრჩეველს, ის მოიგებს მეორე ტურსაც. ჩვენთან ხომ კანდიდატს ვირჩევთ არა პროგრამების მიხედვით, არამედ ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ არჩევანს. ცუდსა და უარესს შორის კი, ყველაფერს განაპირობებს ზიზღი. ერთი ამბობს, რომ მე შესაძლოა ცუდი ვარ, მაგრამ მეორე ჩემზე უფრო ცუდია.

სამწუხაროდ, ჩვენთან სხვა ფაქტორები, როგორ უნდა გაუმჯობესდეს სოციალური გარემო, ეკონომიკა, ან საგარეო პოლიტიკა, ეს არავის აინტერესებს…

მიგაჩნიათ, რომ „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“ ხმა იქნება გადამწყვეტი. თუმცა, მაგალითად, დავით ბაქრაძემ, რომელმაც ხმების 10 პროცენტი აიღო, თქვა, რომ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ დასჭირდება?

დავით ბაქრაძემ რომ ეს თქვა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად მისცემს ხმას ის ამომრჩეველი გრიგოლ ვაშაძეს. ამომრჩეველი, რომელმაც აირჩია ბაქრაძე, სრულიად შესაძლებელია, არ იყოს კეთილგანწყობილი გრიგოლ ვაშაძის მიმართ, რადგან მის უკან დგას მიხეილ სააკაშვილი. ეს სერიოზულ როლს ითამაშებს. შესაბამისად, ამ არჩევნებზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება არა იმ ამომრჩეველს, რომელიც მობილიზებულია, არამედ იმ ხალხს, რომელიც არჩევნებზე არ დადის. ეს ოქროს საბადოსავითაა რაღაცნაირად, გამოუყენებელი რესურსია და 5 პროცენტის მობილიზაციაც რომ მოახდინო, უკვე იგებ არჩევნებს.

არსებობს თუ არა, მაგალითად, არჩევნების გაყალბების საფრთხე? 

გაყალბება ძალიან გაჭირდება, რადგან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები აქტიურად ადევნებენ თვალს საარჩევნო პროცესს . გარკვეული დარღვევები იქნება, ბუნებრივია, მაგრამ ამას არ ექნება მასობრივი ხასიათი. გაყალბებაზე წასვლა ნიშნავს თვითმკვლელობას. თანაც ამ პოლარიზებულ გარემოში ეს შესაძლოა, პირიქით, კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს. ამან შესაძლოა საერთოდ სასაკლაოზე გაუშვას „ქართული ოცნება“ თავის ლიდერებიანად. სჯობს, აღიარო წაგება, წახვიდე და ამით შეინარჩუნო  იმის შანსი, რომ დარჩე პოლიტიკაში, როგორც ოპოზიციური პარტია, ვიდრე გააყალბო და ამით მოისპო საკუთარი თავი და მომავალიც. მგონია, რომ ამაზე არავინ წავა.

ქართველმა ამომრჩეველმა ამ შედეგით აჩვენა, რომ მას პოლიტიკური ბალანსისთვის მინიმუმ მეორე პოლიტიკური ძალა სჭირდება. შესაძლოა, ამ პროცესში გამოჩნდეს კიდევ ერთი-ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს იმ ამომრჩევლების ინტერესების გამოხატვას, ვისაც არჩევნებზე მისვლა აღარ სურს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: