ბათუმის #64 უბანზე ამომრჩეველს, რომელსაც ხელზე მარკირების კვალი აღენიშნებოდა, უბანზე არ უშვებდნენ, რასაც იგი აპროტესტებდა, ირწმუნებოდა, რომ ხმა არ ჰქონდა მიცემული და ითხოვდა სხვა მეთოდით გადამოწმებას.
საბოლოოდ ამომრჩეველს კომისიამ მაინც მისცა ხმის მიცემის საშუალება.
ბათუმის 59-ე უბანზე საჩივრის დაწერის მიზეზი ამომრჩევლის გაცხადებული არჩევანი გახდა.
ამომრჩეველი კაბინიდან გაშლილი ბიულეტენით გამოვიდა და ბიულეტენი ყუთთან მყოფ საარჩევნო კომისიის წევრს აჩვენა. მან თქვა, რომ „ქალური სოლიდარობის გამო“ გააკეთა არჩევანი.
აღნიშნულზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. საარჩევნო უბანზე განაცხადეს, რომ ეს კანონდარღვევა არ ყოფილა და კომისიის წევრი ვერ გააკონტროლებს ამომრჩევლის ქცევას.
ამომრჩევლის ხმის ფარულობა დღეს საქართველოში რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაირღვა.
ბათუმის #7 საარჩევნო უბნიდან გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი, დავით ოსეფაიშვილი გამოაძევეს.
დამკვირვებელი ორგანიზაცია „მედიატორის“ სახელით იმყოფებოდა უბანზე. „მითხრეს პირად მონაცემებს იწერო, თუმცა პირად მონაცემებთან მე შეხება არ მქონდა, უბრალოდ ვახორციელებდი კანონით მონიჭებულ უფლებას და ვახდენდი კონტროლს.
ვფიქრობ, რომ ეს კონტროლი იყო ჯეროვანი, რადგან ხდებოდა ფოტოს შედარება იმ პირებთან, ვინც ხმის მისაცემად იყო უბანზე მოსული. ეს არ მოეწონათ კომისიის წევრებს და დამაბრალეს პირადი მონაცემების გასაჯაროება, რაზეც დაწერეს საჩივარიც“ – გვითხრა დამკვირვებელმა.
ოსეფაიშვილის თქმით, დამკვირვებლის ფუნქციაა განახორციელოს კონტროლი საუბნო კომისიის წევრებზე, „თუკი ისინი ყველაფერს კანონის დაცვით აკეთებდნენ, პირიქით, უნდა მოდიოდნენ თანამშრომლობაზე, თუმცა მათ ეს აღიქვეს კანონდარღვევად“.
დავით ოსეფაიშვილი ამბობს, რომ პირველი ტურის დროს იყო შემთხვევები, როცა მოქალაქეები სხვისი პირადობის მოწმობით ცდილობდნენ ხმის მიცემას: „ამიტომ ვართ დაინტერესებული, რომ ყველაფერი კანონიერად ჩატარდეს,“-ამბობს ის.
საჩივრის დაწერის შემდეგ დავით ოსეფაიშვილს საარჩევნო უბნის დატოვება აიძულეს.
ბათუმში, #15 საარჩევნო უბანს, შენობაზე “არა ნაცებს” დააწერეს. ეს საარჩევნო უბანი ფიროსმანის ქუჩაზეა, სადაც ბსუ-ს ტექნოლიგიური ფაკულტეტია განთავსებული.
კომისიის წევრების თქმით, წარწერა შენობაზე დღის განმავლობაში გაჩნდა.
“ჩვენ აქ მოვედით შუაღამეს. მე ეს წარწერა არ შემიმჩნევია… ოლქში გადავამოწმე და მითხრეს, რომ პასუხისმგებელი ვართ მხოლოდ კენჭისყრის შენობის შიდა ნაწილზე,”- გვითხრა იმედა შარაშიძემ, ბათუმის #15 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ. მას ამ დრომდე არ მიუმართავს ბათუმის მერიისთვის, რომელმაც შენობის იერ-სახის დამახინჯებაზე უნდა მოახდინოს რეაგირება.
“პირდაპირ კანონის დარღვევა არ არის, მაგრამ წარწერები რეალურად ახდენს გავლენას ამომრჩევლის ნებაზე,”- ამბობს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, ანნა მდინარაძე. იურისტი განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კენჭისყრის შენობაში კენჭისყრის დროს წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია.
ბათუმის მე-15 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესს დაცვის თანამშრომელიც ესწრება, რომელიც პარალელურ რეჟიმში ტელევიზორს უყურებს და კომისიის წევრებსაც აყურებინებს.
მე-15 საარჩევნო უბანი ფიროსმანის ქუჩაზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის შენობაშია განთავსებული. შენობის შესასვლელში დაცვის თანამშრომლის ადგილია გამოყოფილი, რომელიც ფოიესგან ნახევრად შემინული კედლებითაა გამიჯნული. ფოიეში ამჟამად კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს.
“მე არაფერს ხელს არ ვუშლი. საერთოდ არ შემოვდივარ მაქეთ, ჩემთვის ტელევიზორს ვუყურებ, ყველა არჩევნებზე აქ ვარ,”- გვითხრა უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელმა, ამირან წულუკიძემ. იგი ჩვენთან გასაუბრების დროს “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვებას უყურებდა. საინფორმაციო გამოშვებას კომისიის რამდენიმე წევრიც ადევნებდა თვალს, დაცვის თანამშრომლის ჯიხურის პატარა ფანჯრიდან.
ტელევიზორის ხმა ისმოდა ფოიეშიც – დაცვის თანამშრომლის ჯიხური რეგისტრატორებს მაგიდის პირდაპირაა.
უბნის კომისიის თავმჯდომარე, იმედა შარაშიძე მიიჩნევს, რომ დაცვის თანამშრომელი არ შეიძლება ჩაითვალოს არაუფლებამოსილი პირის ყოფნად უბნის ტერიტორიაზე.
“მე ეს საკითხი განვიხილე საოლქოში, ეს ჯიხური არ ითვლება საარჩევნო უბნის ტერიტორიად,”- გვითხრა იმედა შარაშიძემ.
კითხვის დასმის შემდეგ, დაცვის თანამშრომელმა ტელევიზორს ხმა ჩაუწია, შემდეგ კი საერთოდ გამორთო.
“თუკი ტელევიზორი ხმამაღალზეა ჩართული, ეს უნდა შეფასდეს ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენად,”- მიიჩნევს ანნა მდინარაძე, “ახალგაზრდა იურისტთა ასოაციაციის” აჭარის ფილიალის თავმჯდომარე.
ქობულეთში დღეს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, მკვლელობა არ უკავშირდება პოლიტიკურ პროცესებს.
„გამოძიების პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მ.ც.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
ჯ.ა. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს აქტიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
ამ ეტაპზე ასევე დადგინა, რომ მკვლელობის ფაქტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის და მკვლელობა წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს“ – აღნიშნულია განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ ბათუმში, რამდენიმე უბანზე, ამომრჩევლის სავარაუდოდ მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა.
„ბათუმში 90-ე და მე-11 საარჩევნო უბნებთან გვაქვს შემთხვევები, როდესაც უბნის სიახლოვეს დგას მანქანები. ამ ადამიანების ქცევაც საეჭვოა, მაგრამ დამატებით ეჭვი რამაც გაგვიჩინა ის არის, რომ ამ მანქანებში შედიან ახალმოსული მოქალაქეები, რამდენიმე წუთის შემდეგ გამოდიან და მიდიან უბანზე. ამ მანქანებში ცხადად ჩანს და კადრებიც გვაქვს გადაღებული, რომ აქვთ სიები, მაგრამ ფული, როგორც ასეთი, ფიზიკურად არ გვინახავს, თუმცა ეს ყველაფერი გარკვეული ეჭვის საფუძველს გვიჩენს,” – ამბობს მალხაზ ჭკადუა.
იგი ამბობს, რომ არჩევნებზე ასევე პრობლემატური საკითხია ამომრჩეველთა პირადი მონაცემები: „დავწერეთ საჩივარი 51-ე უბანზე იმის გამო, რომ მოქალაქეების პირად მონაცემებს იწერს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, რომელიც დგას ნაკადის მომწესრიგებელთან. არაერთი შენიშვნისა და მითითების მიუხედავად მაინც იწერს და ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც მოქალაქეების პირადი მონაცემების უკანონოდ ჩაწერა. ეს არ არის მხოლოდ 51-ე უბნის პრობლემა, ეს ხდება სხვა უბანშიც. 90-ე უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ხმამაღლა აცხადებს მოქალაქის სახელსა და გვარს, რისი საჭიროებაც არ დგას და ეს პრაქტიკულად შეთანხმებულია, რომელიმე პარტიის დამკვირვებელთან და ესეც შეიძლება განვიხილოთ როგორც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა”- ამბობს ის.
მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ მონაცემების ჩაწერის პრაქტიკაა ბათუმის #7 უბანზეც.
ბათუმში 29-ე უბანზე დღეს „ოცნების“ კოორდინატორს სია წაართვა, სავარაუდოდ, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა და ფიზიკურ დაპირისპირებას ამ დროს ჰქონდა ადგილი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება 162 პრიმა მუხლით – კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის, ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა, ან ძალადობის მუქარა.
დღეს, 28 ნოემბერს, ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 45-წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
„მკვლელობა მოხდა ჩაისუბნის ცენტრალურ გზაზე. გარდაცვლილია 44-45 წლის კაცი, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა. მეზობლებმა გაიგონეს სროლის ხმა და მივიდნენ. მანქანა მიხეთქებული ნახეს ხეზე. თოფით არის მოკლული. ჯერ არავინ დაუკავებიათ, როგორც ვიცით. არც ის ვიცით, ვინ მოკლა და ჰყავდა თუ არა მტრები“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში.
სოფელში აცხადებენ, რომ მკვლელობა ორი საათის წინ დაახლოებით 12 საათზე მოხდა.
მერის წარმომადგენელი სოფელ ჩაისუბანში ამბობს, რომ გარდაცვლილი პოლიტიკურად აქტიური პირი არ იყო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო – განზრახ მკვლელობა.
გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გაიმართა, სადაც მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ ბათუმის მე-4 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა.
კადრები, რომლებიც ენმ-მ ბრიფინგზე წარმოადგინა, გადაღებულია ქუჩის მხრიდან, გარკვეული დაშორებით. კადრში ოთხი ადამიანი ჩანს, აქედან ორი ზის, ორი კი პატარა მაგიდის პირდაპირ დგას და საუბრობს. კადრებში ასევე ჩანს, რომ ერთ-ერთი კაცი რაღაცას ითვლის, თუმცა ნამდვილად ფულია თუ არა, ამის ზუსტი იდენტიფირება ვერ ხერხდება.
მირდატ ქამადაძის თქმით, ეს პირები „ქართული ოცნების“ კოორდინატორები არიან და საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს ფულს ურიგებენ.
„ბათუმელების“ კითხვაზე, სხვა რა დამამტკიცებელი დოკუმენტი არსებობს იმის, რომ ეს ადამიანები ნამდვილად „ქართული ოცნების“ კოორდინატორები არიან და არა, ვთქვათ, ოპოზიციის? – მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ეს ვიდეო მათ წყარომ მიაწოდა და დარწმუნებულნი არიან, რომ კადრებზე ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის შემთხვევაა აღბეჭდილი.
„დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ“, – აცხადებს ის.
ბათუმის #13 საარჩევნო უბნიდან ორგანიზაციის – „ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის“ დამკვირვებელი გააძევეს.
ადგილზე იმყოფებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი და გამოიძახეს პოლიციაც. საბოლოოდ დამკვირვებელი საარჩევნო უბნიდან გაიყვანეს.
#13 საარჩევნო უბანი
„დამკვირვებელი ახდენდა პირადი მონაცემების გადაღება-დამუშავებას. ნაკადის მომწესრიგებელთან იდგა, ამომრჩევლების პირადობაში იხედებოდა, იღებდა ინფორმაციას და შემდეგ ტელეფონით რაღაცას ეძებდა, რაღაც სისტემაში შედიოდა. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად იმავეს აგრძელებდა, შენიშვნაც ასახულია ჟურნალში და ბოლოს იძულებული გავხდი, გამეძევებინა უბნიდან. ეს ითვლება პირადი ინფორმაციის გამოყენებად. ნომერსაც დაინახავდა და სახელსა და გვარსაც,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ გოჩა ცინცაძემ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ გიორგი კირთაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და ირაკლი ჭეიშვილი, „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე.
ენმ-ს ინფორმაციით, ბათუმის 30-ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს მის გრაფაში ხელი უკვე მოწერილი დახვდა.
ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის განმარტებით, სხვა ამომრჩეველს შეეშალა გრაფა და სხვის გრაფაში მოაწერა ხელი.
ენმ-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რეგისტრატორი შეცდომას აღიარებს. „ბიძაშვილები არიან, სახეზე ჰგავს და შემეშალა“.
მომხდართან დაკავშირებით, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი აცხადებს, საჩივარი უკვე დაიწერა.
„ბათუმელები“ ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ციალა შავაძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, „ეს ჩვეულებრივი პროცედურაა. ასეთ შემთხვევაში რეგისტრატორის მიერ იწერება ახსნა-განმარტება და იმ ამომრჩეველსაც შეუძლია თავის გრაფაში მოაწეროს ხელი და დაფიქსირდეს ორი ხელმოწერა“, – გვითხრა მან.
აჭარაში ენმ-ის წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ 12:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ბათუმის მე-17, 72-ე და მე-13 უბნიდან ოპოზიციის წარმომადგენლები გამააძევეს.
„კიდევ ხუთ უბანზე იყო ჩვენი დამკვირვებლების გამოძევების მცდელობა, თუმცა ვერ შეძლეს. ეს ყველაფერი სჭირდებათ საარჩევნო კომისიებს იმისთვის, რომ მოხდეს ე.წ. კარუსელის დატრიალება, რაც უკვე დაფიქსირდა ბათუმის 30-ე უბანზე, სადაც ერთ-ერთ ამომრჩეველს თავისი გვარის გასწვრივ სამაგიდო სიებში ხელი უკვე მოწერილი დახვდა,“ – აცხადებს მირდატ ქამადაძე.
მისი თქმით, იყო რამდენიმე უბანზე შემთხვევა, როდესაც მარკირებული ამომრჩევლები, რომლებიც ხელმეორედ ცდილობდნენ ხმის მიცემას, უკან გააბრუნეს.
მირდატ ქამადაძის განცხადებით, ხელისუფლება მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლებს არჩევნების გაყალბებას, რადგან უბანზე მიმდინარე პროცესები გადაიცემა „იუთუბის“ ლაივში:
„აქედან გამომდინარე, ყველა დარღვევა ან დარღვევის მცდელობა იქნება დაფიქსირებული და აღკვეთილი. ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ პირადობის მოწმობებს, რომ არ ჰქონდეს ვადა გასული, ემთხვეოდეს მონაცემები და ამომრჩევლის ფოტოსურათი“.
ქამადაძის თქმით, ამ დროისთვის ხუთი საჩივარია დაწერილი დამკვირვებლების გამოძევებასთან და სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით.
დღის 12 საათისთვის ბათუმის რამდენიმე საარჩევნო უბანთან ამომრჩეველთა რიგები გაჩნდა. ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლები ელოდებიან, როდის მიეცემათ არჩევანის გაკეთების საშუალება.
ცესკოს ბოლო მონაცემებით, ჯერჯერობით ამომრჩეველთა აქტივობა მეორე ტურში უფრო მიღალია, ვიდრე პირველ ტურში იყო.
რიგი ბათუმის #29 უბანზერიგი ბათუმის #17 უბანზებათუმის #103 საარჩევნო უბანი
ბათუმის #29 უბანზე „ოცნების“ კოორდინატორს სია წაართვეს. როგორც ადგილზე ამბობენ, კოორდინატორს სია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა წაართვა.
საარჩევნო უბანთან იმყოფება „ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე, ირაკლი ჭეიშვილი და, ასევე, უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი. ისინი ამბობენ, რომ სანამ მათ კოორდინატორს არ დაუბრუნებენ სიას, მანამდე არ დატოვებენ ტერიტორიას.
ამ დროისათვის „ოცნების“ კოორდინატორი, რომელსაც სია წაართვეს, პოლიციის განყოფილებაშია და ჩვენებას აძლევს.
ნახეთ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი #29 საარჩევნო უბნის ტერიტორიიდან:
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხმა ბათუმის #16 საარცევნო უბანზე მისცა. მან მედიასთან ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა:
„დღეს გავაკეთე პრინციპული არჩევანი ქვეყნის ევროპული გზით განვითარების სასარგებლოდ. მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. დღეს ყველას ვალია დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი, რომლითაც განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოლადაურის #18 საარჩევნო უბანიდან გასული გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩეველმა საარჩევნო ბიულეტენი ღუმელში შეაგდო.
„როგორც ჩვენ გვითხრეს, ამომრჩეველს გაუფუჭდა ბიულეტენი და ამის გამო შეაგდო ღუმელში, რის გამოც შეიქმნა დაძაბულობა“ – გვითხრა „სამართლიანი არჩევნების“ რეგიონალურმა კოორდინატორმა, მადონა ბერიძემ.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში საარჩევნო პროცედურის თანახმად, გაფუჭებულ ბიულეტენს კუთხე უნდა ჩამოეჭრას და ცალკე უნდა მოხდეს მისი გადადება.
„გადასატანი ყუთის გატანის დროს, დამატებითი ბიულეტენებიც აქვთ, რაც ამომრჩეველს შესაძლებლობას აძლევს ბიულეტენის დაზიანების შემთხვევაში, ახალი ბიულეტენი მიიღოს“-ამბობს მადონა ბერიძე.
_________________
მთავარი ფოტო: საარჩევნო უბანი. „ბათუმელების“ არქივიდან.
ბათუმის #17 საარჩევნო უბნიდან კომისიამ ორგანიზაცია “ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” დაკვირვებელი გააძევა.
კომისიის განმარტებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ დამკვირვებელი ხმის მისაცემად შემოსულ ამომრჩევლებს სთხოვდა სახელისა და გვარის დასახელებას და პირადობის მოწმობის ჩვენებას, რითაც, კომისიის განმარტებით, ხელს უშლიდა კომისიის მუშაობას. აქტის დაწერამდე იგი კომისიის თავმჯდომარემ გააფრთხილა, რომ მას არ ჰქონდა ამის უფლება.
ადგილზე გამოიძახეს პოლიციაც, რადგან დამკვირვებელი არ ტოვებდა კენჭისყრის შენობას. ამჟამად დამკვირვებელი შენობის გარეთ იმყოფება.
საარჩევნო უბანზე აღნიშნულთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა და დამკვირვებლის უბანზე დაბრუნება მოითხოვა.
პოლიცია #17 საარჩევნო უბანზეპოლიცია #17 საარჩევნო უბანზე
დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. ცესკოს ინფორმაციით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 – ია. აქედან, აჭარაში ხმას აძლევს 326 837 ამომრჩეველი.
ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით:
ბათუმი – 143 925
ქედა – 15 701
ქობულეთი – 68 065
შუახევი – 15 145
ხელვაჩაური – 44 944
ხულო – 24 128
არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა. თუ პირველ ტურში 3 518 877 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მეორე ტურში სიაში 9 781 ადამიანით მეტი, 3 528 658 ადამიანია დაფიქსირებული. ცესკო ამის მიზეზად ასახელებენ: მომრჩევლებs, რომლებსაც 28 ნოემბრის ჩათვლით 18 წელი შეუსრულდათ; გარდაცვლილებს, რომლებიც შესაბამისად გამოაკლდნენ ამომრჩეველთა სიას; საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ამომრჩევლებს; იმ პირებს, რომლებსაც პირველი ტურისთვის პირადობის მოწმობა არ ჰქონდათ.
28 ნოემბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც ამომრჩევლებმა უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.
28 ნოემბრის არჩევნების შედეგად გაირკვევა, ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი – გრიგოლ ვაშაძე თუ სალომე ზურაბიშვილი.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ [Mevlüt Cavusgolu] დღეს გერმანულ მედიასთან ისაუბრა ფარულ ჩანაწერებზე, რომელიც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობას ასახავს. მინისტრმა ჩანაწერებს უწოდა „ამაზრზენი“.
G20 სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე თურქეთი დეტალურად საუბრობს ჟურნალისტის მკვლელობაზე, რომელიც წარმოშობით საუდის არაბეთიდან იყო. „ის მოკლული იქნა შვიდი წუთის განმავლობაში. ეს იყო განზრახ მკვლელობა“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ამის შესახებ ჩავუშოღლუმ გერმანულ გამოცემა Süddeutschen Zeitung-თან ისაუბრა. მინისტრმა თქვა, რომ პირადად მოისმინა ფარული ჩანაწერი, რომელიც სტამბულში, საუდის არაბეთის საკონსულოშია გაკეთებული.
„ისმის ხმა, როგორ აძლევს ინსტრუქციას სხვებს სამედიცინო ექსპერტი: მათ უნდა მოესმინათ მუსიკისთვის, როცა მოკლულის სხეულს ანაწევრებდნენ. შესამჩნევი იყო, რომ მას ეს მოსწონდა“, – თქვა ჩავუშოღლუმ. – „ის ადამიანს ანაწევრებდა სიამოვნებით. ეს ამაზრზენი იყო“.
კითხვაზე, როგორ მოიპოვა თურქულმა მხარემ საუდის არაბეთის საკონსულოში გაკეთებული ჩანაწერი, მინისტრმა თქვა: „დაზვერვის სამსახური წყაროს არ უთითებს“.
თურქულ მედიაში უკვე გამოქვეყნდა ფარული ჩანაწერების შინაარსი იმის შესახებ, თუ როგორ ანაწევრებენ ჟურნალისტის სხეულს საკონსულოში. თურქეთის პერმიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ნოემბრის შუა რიცხვებში დაადასტურა, რომ მისი მთავრობა ფლობდა საუდის არაბეთის საკონსულოში განხორციელებულ ფარულ ჩანაწერებს ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შესახებ, მაგრამ აქამდე ეს ჩანაწერები არ გამოუქვეყნებიათ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ოქტომბრის დასაწყისში მივიდა სტამბულში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში. ის საკონსულოში თავის ქორწინებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ასაღებად მივიდა, მაგრამ შენობიდან უკან აღარ გამოსულა. საუდის არაბეთი თავდაპირველად აცხადებდა, რომ ჟურნალისტი ჩხუბის დორის დაიღუპა, მაგრამ უდიდესი საერთშორისო ზეწოლის პირობებში აღიარა ჟურნალისტის განზრახ მკვლელობა.
ჯამალ ხაშოგის ცხედარი ჯერაც არ არის ნაპოვნი.
თურქული მედიის ცნობით, ჟურნალისტის მკვლელობასთან სავარაუდო კავშირშია საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამმად ბინ სალმანი. მედიის ცნობით, ორშაბათს თურქმა სამართალდამცავებმა ორი ფეშენებელურ ვილა გაჩხრიკეს სტამბულის მახლობლად. თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ სამშაბათს წერდა, რომ ორივე ვილა ტახტის მემკვიდრის „ძალიან ახლო მეგობარს“ ეკუთვნის.
უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch არგენტინის ხელისუფლებას მიმართავს დააკავონ საუდის არაბეთის პრინცი, რომელიც G20 სამიტზე დასასწრებად ჩადის ბუენოს-აირესში. ორგანიზაციამ ამ განცხადებით ქვეყნის ფედერალურ სასამართლოს მიმართა.
ამჟამად არაბეთის ტახტის მემკვიდრე რამდენიმე „მეგობარ ქვეყანაში“ მოგზაურობს – ბაჰრეინისა და ეგვიპტის მონახულების შემდეგ, ოთხშაბათს ის თუნისში ჩავიდა.
მთავარი ფოტო: ჯამალ ხაშოგი და პრინცი მუჰამმად ბინ სალმანი
36 წლის აკაკი ჭეიშვილმა, ჩვენს მიერ მონათხრობი ისტორიების რესპონდენტების მსგავსად ბევრი დაბრკოლება გადალახა, რისი გადალახვაც ყოფილ პატიმრებს უწევთ; ხეზე კვეთაც არაერთმა პატიმარმა ისწავლა ციხეში მის მსგავსად, მაგრამ აკაკი საკუთარ ქვეყანაში არ ყოფილა პატიმარი. რვაწლიანი სასჯელი მან რუსეთის ციხეში მოიხადა და საპატიმროში ზუსტად იმ წელს აღმოჩნდა, როცა რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს დაბომბვა დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომის დროს აკაკი საქართველოში არ იყო, მას ეს ომი მაინც პირდაპირ შეეხო: ბოროტმოქმედის იარლიყი, საქართველოს მოქალაქეობა და რუსეთ-საქართველოს დაძაბულმა ურთიერთობებმა რუსულ ციხეებშიც შეაღწია და იხსენებს რა სასტიკად ექცეოდნენ ციხის ადმინისტრატორები. თუმცა ამბობს, რომ პატიმრებისგან ეროვნული ნიშნით უარყოფითი დამოკიდებულება არ უგრძვნია.
„ბრალის დამტკიცებამდე ორ-დღენახევარი ვიყავი სასტიკ საპატიმროში – მოსკოვში, პეტროვკა 38-ში. ორი დღე მთხოვდნენ დამესახელებინა ვინ იბრძოდა ჩემი ოჯახიდან ოსეთში. მამაჩემი იმ დროს გარდაცვლილი იყო. ქუთაისში მხოლოდ დედა, ბებია და ბაბუა მყავდა, ვის უნდა ებრძოლა“, – იხსენებს აკაკი ჭეიშვილი.
ახალგაზრდობის წლები არ უნდოდა უქმად გაეტარებინა და გადაწყვიტა ესწავლა რაიმე, რისი სწავლაც საპატიმროში იქნებოდა შესაძლებელი. აკაკის ამაზე ციხის ადმინისტრაციამ უპასუხა, რომ მას ნათესავებიც კი არ ჰყავდა რუსეთში და პატიმრისთვის გარედან წიგნების ,,სათრევად“ რუსული ციხის ადმინისტრაციას არ ეცალა.
„ტაჯიკებს, ყირგიზებსა და აფხაზებსაც ასე ექცეოდნენ, ადმინისტრაცია მკაცრი იყო ყველასთან, ვინც რუსეთის მოქალაქე არ იყო“, – ამბობს აკაკი.
რუსეთის ციხეში ბოლოს მაინც ვიპოვე საქმე – აღმოაჩინა, რომ ხის საამქრო იყო საპატიმროში და ხეზე დეკორატიული კვეთა ისწავლა.
სამართალდამცავებს დიდხანს არ სჯეროდათ, რომ საამქროში მართლა რაღაცის სასწავლად დადიოდა და დიდხანს აკვირდებოდნენ. მერე, როცა ხელობა აითვისა და ყველაფერი კარგად გამოუვიდა, აკაკის მიმართ ნდობა გაუჩნდათ.
2012 წელს სასჯელის სამი მეოთხედი უკვე მოხდილი ჰქონდა და ციხეში კარგი ქცევის გამო გათავისუფლების შანსი მისცეს. საქართველოში აბრუნებდნენ იმ პირობით, თუ საქართველოს შს სამინისტრო საქართველოშივე მისი პირობით მსჯავრის პერიოდში დააკვირდებოდა და უმეთვალყუროებდა. მაშინ საქართველომ უარი თქვა აკაკის საქართველოში დაბრუნებაზე, მიუხედავად იმისა, რომ საშიში კრიმინალური წარსული არ ჰქონია. ასე დარჩა ის რუსეთის ციხეში სასჯელის ბოლო წლის მოხდამდე.
ყოფილი პატიმარი გვიყვება, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე იყო მისი პატიმრობისას რუსეთის ციხეებში უყურადღებოდ და უპატრონოდ იმ პირობებში, როცა არანაირი ინფორმაციის გაცვლა და კონტაქტი არ არის რუსეთისა და საქართველოს შს სამინისტროებს შორის.
ახლა აკაკის საკუთარ სახლში მოწყობილი ხის საამქრო აქვს. ამზადებს დეკორატიულ ავეჯსა და სუვენირებს. გვიყვება, რომ ხის ხელნაკეთი ნივთების დამზადებას და დეკორატიულ კვეთას მიაქვს მისი დროის ყველაზე დიდი ნაწილი. ეკლესიის მოჩუქურთმებულ კარებსა და სარკმლებზეც უმუშავია.
მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ გათავისუფლდა, უკვე მოახერხა და ორი გრანტი მოიპოვა: „აწარმოე საქართველოსთვის“ და დემოკრატიის ინსტიტუტისგან. ორივე გრანტით ხის საამქოსთვის საჭირო დანადგარები და ხელსაწყოები შეიძინა. დემოკრატიის ინსტიტუტის ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის შესახებ მეგობრისგან შეიტყო. ჯერ იმერეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აფხაზინტერკონტს“ დაუკავშირდა, მერე მის პარტნიორ დემოკრატიის ინსტიტუტს და პროექტშიც ჩაერთო.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ცხოვრობდა და ნაკეთობებსაც ხშირად რუსეთში გზავნის გასაყიდად, აკაკი ამბობს, რომ როგორც არ უნდა გაუჭირდეს საკუთარ ქვეყანაში მოახერხებს რამეს და იქ არასდროს დაბრუნდება.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
34 500 ლარი ბათუმის საკრებულომ უნდა გადაუხადოს აპარატის ყოფილ უფროსს – ლიანა დიასამიძეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შავაძემ დღეს, 27 ნოემბერს მიიღო.
ლიანა დიასამიძე ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსად 2004 წლიდან მუშაობდა. 2014 წლიდან იგი საქმისწარმოების განყოფილების უფროსის პოზიციაზე გადაიყვანეს და ტესტირების გავლა მოსთხოვეს. ტესტირებაში ლიანა დიასამიძემ კარგი შედეგი აჩვენა, თუმცა გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა.
ლიანა დიასამიძემ ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლო დავა გასულ წელსაც მოიგო. მაშინ სასამართლომ მიიჩნია, რომ „დაირღვა კანონის იმპერატიული მოთხოვნა და არ იყო ნაწარმოები სხდომის ოქმი, არ იყო გამოკვლეული შესაბამისი მტკიცებულებები ლიანა დიასამიძის კვალიფიკაციასთან მიმართებით…”
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, 2017 წლის პირველ ნოემბერს ლიანა დიასამიძე საკრებულოს რეზერვში ჩაირიცხა. თუმცა, მისთვის ამ დრომდე ახალი სამსახური არ შეუთავზებიათ.
ლიანა დიასამიძე ამჯერად სასამართლოში განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა 2015 წლიდან, როცა ლიანა დიასამიძე ბათუმის საკრებულოდან გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებას საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ – ირაკლი ჭეიშვილმა მოაწერა ხელი.
რეზერვში ყოფნის ვადა ორი წელია. თუკი მომავალი წლის ნოემბრამდე ბათუმის საკრებულო ლიანა დიასამიძეს არაფერს შესთავაზებს, ის ისევ უმუშევარი დარჩება.
დღეს, 27 ნოემბერს, ქუთაისი-ბათუმის მატარებელი, ერთ-ერთ ვაგონში აალებისა და დაკვამლიანების გამო, რამდენიმე წუთით გააჩერეს. როგორც ერთ-ერთი მგზავრი ამბობს, „მოხდა მოკლე ჩართვა, ხალხი პანიკაში იყო… მატარებელი გაჩერდა რამდენიმე წუთით, ის ვაგონი გაათავისუფლეს მგზავრებისგან, სხვა ვაგონში გადმოიყვანეს და ვაგრძელებთ ისევ ბათუმისკენ მოძრაობას“.
იმავე მგზავრის ინფორმაციით, როგორც მათ აუხსნეს, მიზეზი, მატარებლის შემადგენლობის გათბობის სისტემაში შექმნილი პრობლემა იყო, რის გამოც გათბობა მატარებელში გამორთეს.
„ბათუმელები“ შემთხვევის გამო „საქართველოს რკინიგზას“ დაუკავშირდა. „რაღაც გადახურება მოხდა და ის სისტემა გათიშეს. საშიში არაფერია. ასე რომ იყოს, მგზავრებს სხვა ვაგონში არ გადაიყვანდნენ“ – გვითხრეს „რკინიგზაში“.
ქუთაისი-ბათუმის ელექტრომატარებელში დაკვამლიანება განმეორდა, თუმცა მატარებელი მოძრაობას კვლავ განაგრძობს. „ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით შემადგენლობა რამდენიმე ბავშვიანმა მგზავრმა დატოვა / 27.11.2018 /
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, გემ „ალიქან კარტალის“ ქართველ მეზღვაურებს თურქი გემთმფლობელი სახელფასო დავალიანებას მიღწეული შეთანხმების პირობების შესაბამისად აუნაზღაურებს.
გემი 2018 წლის ივლისიდან ბათუმის ნავსადგურში დგას. ეკიპაჟის წევრები ხელფასს თვეების განმავლობაში არ იღებდნენ.
„მნიშვნელოვანია, რომ მეზღვაურთა საერთაშორისო პროფკავშირის ITF და საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირის დახმარებით მოხერხდა ეკიპაჟის უცხოელი წევრების (გემზე იმყოფებოდნენ ირანელი, უკრაინელი და ინდოელი მეზღვაურებიც) დაბრუნება სამშობლოში. მოლაპარაკებაში ჩართულმა მხარეებმა დღეს, 27 ნოემბერს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში შეხვედრა გამართეს გემის კაპიტანთან თამაზ გოგიტიძესთან. შეხვედრას დაესწრნენ: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე, აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დავითაძე და საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირის თავმჯდომარე ანატოლი ჩიჯავაძე,“ – აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსლან ბედიევსა და ნიკა ბახტაძეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
საუბარია გასული წლის ზაფხულში ორი ბიჭის მკვლელობაზე. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში 19 წლის გიორგი ხაჭაპურიძე და 25 წლის ზვიად სალთხუციშვილი მოკლეს. ცხედრები მკვლელობიდან სამი დღის შემდეგ იპოვეს.
ამ საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროკურატურის მოთხოვნით სასამართლო სხდომები დაიხურა, რადგან საქმე პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ დეტალებს შეიცავდა.
რუსლან ბედიევსა და ნიკა ბახტაძეს არ დაუდასტურდათ მკვლელობის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებებში – პროკურატურა მათ ჯგუფურად და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით მკვლელობას ედავებოდა.
ბრალდებულების ინტერესებს ადვოკატი დავით ჯაფარიძე იცავდა. მან გვითხრა, რომ კომენტარს განაჩენის ჩაბარების შემდეგ გააკეთებს.
ოჯახში ძალადობის ამ შემთხვევის განხილვა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ისე მოუხდა, რომ ვერც ბრალდებულისგან მოისმინა რამე მომხდარის შესახებ და ვერც ნაცემი ქალისგან, რომელმაც სექტემბერში 112-ზე დარეკა და შველა ითხოვა.
სასამართლოს არავის ჩვენება არ მოუსმენია, რადგან ბრალდებულმა მარად დ.-მ ბრალი სრულად აღიარა და ყველა მტკიცებულება, რაც პროკურორმა გიორგი რამიშვილმა მოსამართლეს მიუტანა, უდავოდ მიიჩნია.
112-ის ოპერატორს და შემდეგ უკვე გამომძიებელს დაზარალებულად ცნობილმა ქალმა უთხრა, რომ ქმარმა სახეში ხელებით სცემა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ქალმა თქვა ისიც, რომ ბავშვებმა დედის ცემა ამავე წლის თებერვალშიც ნახეს.
“სრულად ვაღიარებ და ვითხოვ პატიებას,” – მიმართა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ბრალდებულმა.
“ძალიან მწირი ინფორმაციაა… იქნებ გვითხრათ, დღეს რა ვითარებაა,” – იკითხა მოსამართლემ.
“შერიგებული არ ვართ… მე სხვა ოჯახი მყავს. კონფლიქტი არ გაგრძელდება, ბავშვებს ვუყურებ,” – მოკლედ აღნიშნა ბრალდებულმა.
პროკურორ გიორგი რამიშვილის თქმით, კონფლიქტის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. ბრალდებული დაზარალებულთან დაქორწინებამდე უკრაინის მოქალაქესთან იყო ქორწინებაში.
“ის ამ ოჯახის ერთადერთი მარჩენალია მაინც, შვილებს უყურებს…” – დასძინა ადვოკატმა.
მოსამართლემ მარად დ.-ს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც პირობით ჩაეთვალა.
“იმედია, ამ გადაწყვეტილებას ექნება პრევენციული დანიშნულება. განსაკუთრებული მობილიზება გჭირდებათ ისევ თქვენ,” – თქვა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
კომენტარისგან თავი შეიკავა ბრალდებულმა. ადვოკატმა ლევან ცეცხლაძემ კი აქეთ დაგვისვა კითხვა:
“რატომ ინტერესდებით ასე აქტიურად ოჯახში ძალადობით?”
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა [EMC] არასამთავრობო ორგანიზაცია “ბათომის” სახელით, ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. EMC იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის საფუძველზეც, მწვანე კონცხის მნიშვნელოვნად გამწვანებულ სივრცეში საკრებულომ 28-სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა დაუშვა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება საკრებულომ ქალაქგანვითარების პრინციპებისა და საჯარო ინტერესების უგულებელყოფით მიიღო.
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 სექტემბრის დადგენილებით, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე, შპს “ელიტ კონსტრაქშენ გრუპის” საკუთრებაში არსებულ 20 366 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სასტუმროსა და სხვა ფუნქციური დანიშნულების კომპლექსის ასაშენებლად დაამტკიცეს განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ).
ამ გადაწყვეტილებით, მწვანე კონცხზე არსებულ მიწის ნაკვეთს შეეცვალა ფუნქცია და არსებული საკურორტო-სარეკრეაციო ზონის ნაცვლად, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა, რაც მაღალი ინტენსივობის განაშენიანების ზონას წარმოადგენს.
„ეს თანხვედრაში არ არის მწვანე კონცხზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობასთან. ასევე ეწინააღმდეგება ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეკრეციო სივრცეების შენარჩუნების საჯარო ინტერესს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაცია განმარტავს ასევე, რომ ზონის ცვლილების გარდა, მნიშვნელოვანი დარღვევაა სადავო გადაწყვეტილებით კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაზრდა, რაც განსაზღვრავს სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობის ზღვრულ პარამეტრებს [მოცულობას]. კოეფიციენტების გაზრდა მხოლოდ კანონმდებლობით წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების საფუძველზე შეიძლება, „რაც მოცემულ შემთხვევაში უგულებელყოფილი იქნა“.
კომპანიის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, მესაკუთრის მიზანია ამ ტერიტორიაზე 42-სართულიანი და 30-სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა. კომპლექსში შემავალი ფუნქციური სახეობებია: სასტუმრო; აპარტოტელი; საოფისე; კაფე-ბარი; რესტორანი; საბანკეტო და საკონფერენციო დარბაზები; სპა და ფიტნეს დარბაზები, 50 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს.
ბათუმის საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილებით, შენობის სართულიანობა 28-მდე შეიზღუდა, თუმცა ასეთი განაშენიანებაც მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება სარეკრეაციო სივრცეების განვითარების პრინციპებს.
EMC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარების პრობლემურობასთან ერთად, ასევე კითხვის ნიშნები ჩნდება უშუალოდ მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებითაც.
მწვანე კონცხზე, ზღვის სანაპიროსთან მდებარე 20 366 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2017 წლის 28 სექტემბერს, შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპ“-ს საკუთრებაში საქართველოს მთავრობის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით 931 000 ლარად (1 კვ.მ-45.71 ლარი) გადაეცა.
ხელშეკრულების თანახმად, მითითებული თანხა კომპანიას გრაფიკის შესაბამისად, სამ ნაწილად, ერთი წლის განმავლობაში უნდა გადაეხადა, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში ამ ადგილზე უნდა განხორციელდეს არანაკლებ 4 000 000 ლარის ინვესტიცია.
შპს “ელიტ კონსტრაქშენ გრუპი” მთავრობის განკარგულების გამოცემამდე, მხოლოდ ერთი თვით ადრე, 2017 წლის 21 აგვისტოს დაფუძნდა. შესაბამისად, უცნობია ის კრიტერიუმები, თუ რის საფუძველზე გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ, მწვანე კონცხის მნიშვნელოვანი ტერიტორიის ისეთ კომპანიაზე გასხვისება, რომელსაც მსგავსი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა. კომპანიის ასი პროცენტის მფლობელი დაჩი ჩაგანავაა, დირექტორი კი ლერი ბოლქვაძე.
სახელმწიფოსგან მითითებული მიწის ნაკვეთის შესყიდვის შემდეგ, 2017 წლის 19 დეკემბერს, ამ ტერიტორიაზე დარეგისტრირდა სს „ბანკი ქართუ“-ს იპოთეკა. ხელშეკრუელების თანახმად, აღნიშნული უძრავი ნივთის ღირებულება კომპანიის მიერ სახელმწიფოსთვის გადასახდელ 931 000 ლარზე ბევრად მეტად, 1 215 000 აშშ დოლარად არის შეფასებული.
EMC-ის განმარტებით, სარჩელის პირველადი მიზანია უზრუნველყოს მწვანე კონცხზე არსებული სარეკრეაციო დანიშნულების სივრცის შენარჩუნება და მისი საჯარო გამოყენება, კერძო ბიზნეს-ინტერესების მიერ საჯარო სიკეთეების მითვისებისა და ქალაქების სოციალური სივრცეების განადგურების პროცესის შეჩერება:
„ჩვენი შეფასებით, არსებული სივრცის გამოყენება მისი რეკრეაციული რესურსის მაქსიმალური შენარჩუნებით და მაღალი საჯარო ხელმისაწვდომობის პირობებით უნდა განხორციელდეს, რაც თავის მხრივ საჯარო დემოკრატიულ დისკუსიებს, ექსპერტულ დასკვნებსა და ამ რესურსის მდგრადი განვითარების პრინციპებს უნდა დაეფუძნოს.“
EMC-ის განმარტებით, ეს დავა არის მცდელობა, გარემოს დაცვისა და ქალაქების ურბანული განვითარების პრობლემატიკაზე გაიზარდოს სასამართლო კონტროლი და შეიქმნას შესაბამისი სასამართლო პრეცედენტები. აღსანიშნავია, რომ ეს გამოწვევები განსაკუთრებით კრიტიკულად დგას ბათუმში, სადაც წლებია რეკრეაციულ და ისტორიულ სივრცეებში მაღალი ინტესივობის, მაღალსართულიანი შენობა-ნაგებობები შენდება. ეს ქალაქში სოციალური, კულტურული სივრცეების განადგურებასა და ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებას განაპირობებს.
„ბათუმელებმა“ ამ პროექტის შესახებ 2018 წლის სექტემბერში წერდა:
შავ ზღვაზე 2018 წლის დასკვნითი საზღვაო ექსპედიცია დასრულდა. ექსპედიცია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა უბანზე ჩატარდა. კვლევის მიზანია შავი ზღვის სანაპიროს მიმდინარე პერიოდის თევზების ბიომრავალფეროვნებისა და მარაგების შეფასება და შესწავლა.
ექსპედიცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა მოაწყო.
სპეციალისტები, ასევე, დააკვირდნენ ზღვის ძუძუმწოვრებს. აიღეს სპეციალური სინჯები, რომელთა კვლევა და დამუშავება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
წელს სანაპირო წყლების ბიოლოგიურ მონიტორინგს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) და საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის (MSFD) მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებდა. მონიტორინგი წელს პილოტური ხასიათისაა, 2019 წლიდან კი კვლევა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება.
ქედაში „ევროპული საქართველოს“ ხუთმა წევრმა: ნუგზარ ბერიძემ, სერგო მიქელაძემ, თენგიზ დიასამიძემ, სანიბეგ საფარიძემ და მარინე ცინცაძემ პარტია დატოვა. „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, ნუგზარ ბერიძის თქმით, მათ პარტია პროტესტის ნიშნად დატოვეს.
„წამოვედით იმ მოტივით, რომ არ ვთანამშრომლობთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არ ვიზიარებთ მათ პროგრამას და შეხედულებებს,“ – ამბობს ნუგზარ ბერიძე.
„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ აპირებენ ყოფილი წევრები „ქართული ოცნების“ რიგებში გაერთიანებას, ნუგზარ ბერიძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის წევრობას არ გეგმავენ. თუმცა, შესაძლოა, ხმა საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მისცენ.
„შესაძლებელია მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ კანდიდატს. ეს არ ნიშნავს პარტიის წევრობას და აქტივისტობას, უბრალოდ, სხვა ალტერნატივა არ დაგვიტოვეს. „ქართული ოცნების“ წევრობა რომ გვდომებოდა, თავიდანვე შევიდოდით ამ პარტიაში და არა „ევროპულ საქართველოში“, მაგრამ ვარჩიეთ, რომ ცუდსა და უარესს შორის არ დავუჭიროთ მხარი გრიგოლ ვაშაძეს,“ – განაცხადა ნუგზარ ბერიძემ.