მთავარი,რეკლამა,სიახლეები

საზღვაო ფინანსირების მოდელის დანერგვის ხელშეწყობა ქართულ საბანკო სექტორში

25.03.2019 • 1561
საზღვაო ფინანსირების მოდელის დანერგვის ხელშეწყობა ქართულ საბანკო სექტორში

საზღვაო დარგის მრავალფუნქციონალური მიდგომების განვითარებისა და ქართულ საბანკო სექტორში საზღვაო ფინანსების შესახებ სპეციფიკური ცნობადობის ამაღლების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ორგანიზება გაუკეთა სემინარს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, რომელშიც ჩართულია საქართველოში მოქმედი ყველა ბანკის წარმომადგენელი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა გახსნა სემინარი და აღნიშნა, რომ „ქვეყნისთვის საზღვაო სფეროში არსებული სერვისების განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას ამ დარგის ზოგიერთ სეგმენტში, არსებობს მიმართულებები, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ათვისებული. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული – CASS-ის ბიზნესსკოლის პროფესორი ბატონი ნიკოს ნომიკოსი, რათა გაგვიზიაროს თავისი ცოდნა საზღვაო ფინანსირების მიმართულებაში. ჩვენი მიზანია, მივიღოთ ევროპის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება და ვფიქრობთ, რომ დღევანდელი ღონისძიება ხელს შეუწყობს პორტებში ახალი სერვისების იმპლემენტაციის პროცესს.“

თამარ იოსელიანი

თამარ იოსელიანი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა სემინარში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტს ბატონ ალექსანდრე ძნელაძეს, კომერციული ბანკების წარმომადგენლებს და განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან ერთად მუშაობს საზღვაო სტრატეგიაზე, რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც სწორედ საზღვაო ფინანსირებაა. „ვფიქრობთ, რომ ბანკებისთვის ძალიან საინტერესო იქნება აღნიშნული მოდელის გაცნობა, რისთვისაც ჩამოყვანილი გვყავს საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც სემინარზე განიხილავენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს. საზღვაო ინდუსტრია დღეს საკმაოდ სწრაფად ვითარდება  საქართველოში და მთავრობის მიერ დაგეგმილ სხვა რეფორმებთან ერთად ქართული ბანკების დაინტერესება საზღვაო ფინანსირებით,  კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ პროცესს“.

საქართველოში საზღვაო ფინანსირება აუთვისებელ სეგმენტს წარმოადგენს და მიზანშეწონილია მისი განვითარება, ვინაიდან ექსპერტთა აზრით, შესაძლოა ქვეყნისათვის ინვესტიციებისა და უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან წყაროდ იქცეს და ხელი შეუწყოს საზღვაო ინდუსტრიის მდგრად განვითარებას.

სემინარზე მოწვეულნი არიან საზღვაო ფინანსებისა და ინვესტიციების საერთაშორისო დონის ექსპერტები: City University London-ის CASS-ის ბიზნესსკოლის საზღვაო რისკების მართვის პროფესორი ნიკოს ნომიკოსის, ჰოლანდიური კომპანიის Zuyderzee Capital-ის მმართველი პარტნიორები – ტიჯს სლავენბურგი და ჰენკ დიტეილორი.

 საზღვაო ფინანსები არის საბანკო სექტორში შემავალი, კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტების მქონე მიმართულება, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაო ინვესტიციების მოზიდვას.  ეს არის მსოფლიოში მრავალი წლის მანძილზე აპრობირებული მეთოდი, რომელსაც წამყვანი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ საზღვაო ინვესტიციების დასაფინანსებლად. საზღვაო ფინანსები სრულიად განსხვავდება ტრადიციული ფინანსებისგან და ამავდროულად მიიჩნევა ერთ-ერთ მაღალშემოსავლიან ბიზნესად.

სემინარზე დეტალურად განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: მსოფლიო ეკონომიკაში საზღვაო ინდუსტრიის როლი, მოთხოვნა-მიწოდების ანალიზი, საზღვაო ციკლებისა და ინდიკატორების გავლენა, საზღვაო სესხის სტრუქტურა და ანალიზი, პორტფოლიოს მართვა და სხვა მასთან დაკავშირებული თემები და გემების ფინანსირების პირობების ნიმუშები.

ღონისძიებას ესწრებიან:  

აკაკი საღირაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

ქეთევან სალუქვაძე – ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

თამარ იოსელინი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი

ივანე აბაშიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე

ალექსანდრე ძნელაძე – ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი

საბანკო სექტორის წარმომადგენლები – სემინარში მონაწილეობს საქართველოში მოღვაწე ყველა ბანკის წარმომადგენელი

საერთაშორისო ექსპერტები:

ნიკოს ნომიკოსი – საზღვაო ფინანსებისა და რისკ-მენეჯმენტის სფეროს აღიარებული ექსპერტი

ტიჯს სლავენბურგი – ექსპერტი საზღვაო ფინანსების დარგში

ჰენკ დიტეილორი – ექსპერტი საზღვაო ფინანსების დარგში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: