სანიტრების სამუშაო პირობები ბათუმში


ნატაშა ჯიბლაძე  27 წელია სანიტარია. ერთი თვის მანძილზე 8 დღეს მუშაობს 24-საათიან ცვლაში, ჯამში – 192 საათი. მისი შრომის ანაზღაურება თვეში 200 ლარია. ნატაშა ქირურგიული განყოფილების სანიტარია. სტატისტიკური მონაცემები – რამდენი ადამიანი მუშაობს ქვეყანაში სანიტრის პოზიციაზე, არ არსებობს.

„ძალიან ძნელია, მძიმე შრომა უწევს სანიტარს, ისეთი შრომაა, დაუფასებელიო რომ იტყვიან. თუმცა ჩვენი ადმინისტრაციის მაინც მადლობელი ვარ. ყველაფრით გვამარაგებენ, რაც გვჭირდება იმისათვის, რომ ვიმუშაოთ,“ – ამბობს ნატაშა.

თალიკო მიქელაძეც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარია. ქირურგიული დეპარტამენტის დიასახლისი ვარო, ამბობს.

„სანიტარი, იგივე დიასახლისია, ყველაფერს უნდა მიაქციოს ყურადღება. დილით ყველა პაციენტი მოინახულო, ნახო ყველაფერი დალაგებული და მოწესრიგებული თუ არის. დღეში ოთხ-ხუთჯერ ვალაგებთ საავადმყოფოს სანიტრები. რესპუბლიკურის შენობაა ძველი თორემ, უსუფთაობააო ვერავინ იტყვის. ანაზღაურებაც რა გითხრათ, რა პაციენტებიც ჰყავს საავადმყოფოს, იმის ადეკვატური გვაქვს, არ ვარ უკმაყოფილო,“ – ამბობს თალიკო მიქელაძე.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 76 სანიტარი ჰყავს. თითოეული მათგანი 24-საათიან ცვლაში, ყოველ მეოთხე დღეს მუშაობს. თვის მანძილზე ერთ სანიტარს 7-8 დღე უწევს მუშაობა.

რა ღირს სანიტრების შრომა

რამდენად მძიმეა სანიტრების შრომა, რა ანაზღაურებას იღებენ, როგორია მათი სამუშაო გრაფიკი. ნახეთ ვიდეო

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on პარასკევი, 22 მარტი, 2019

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რა ღირს სანიტრის შრომა ბათუმში მდებარე სხვა დიდ საავადმყოფოებში.

სანიტრების შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა ბათუმის რეფერალურმა ჰოსპიტალმა და ჯანმრთელობის ცენტრმა „მედინამ“. თუმცა „ბათუმელები“ ამ კლინიკებში დასაქმებულებს ესაუბრა. არაოფიციალურ საუბარში სანიტრები ყვებიან, რომ მათი შრომის ანაზღაურება 180 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს. სანიტრებს ინდივიდუალური სამუშაო გრაფიკები აქვთ. ზოგი 24-საათიან ცვლაში მორიგეობას ამჯობინებს, ზოგი კი დილიდან საღამომდე მუშაობს, კვირაში ხუთი დღე.

ლალი დიასამიძე სანიტარია. ის დიალიზისა და ნეფროლოგიის ცენტრში 12 წელია მუშაობს.

„ვალაგებ კაბინეტებს, დარბაზს, დიალიზის განყოფილებაში ვწმენდ და ვასუფთავებ დღეში ორჯერ. ვემსახურები პაციენტებს, ვეხმარები ასევე საწოლის დალაგებაში. გამაქვს სამედიცინო ნარჩენები,“ – გვიყვება ის.

რაც შეეხება ანაზღაურებას, ლალის თქმით, სხვა კლინიკებთან შედარებით, დიალიზისა და ნეფროლოგიის ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასია. ის კვირაში 6 დღე, დღეში 7 საათი მუშაობს და მისი ხელფასი დაახლოებით 500 ლარია.

ლალის დიალიზის განყოფილების ყველა პაციენტი კარგად იცნობს. ლალის თქმით, ის ცდილობს პაციენტებს ცენტრში გასატარებელი დრო შეუმსუბუქოს.

„სულ ვიღიმი, ვხუმრობ. პაციენტმა შენი ცუდად ყოფნა არ უნდა შენიშნოს. ოჯახის წევრებივით არიან ჩემთვის. წლებია კვირაში რამდენჯერმე დადიან და ვიცნობ,“ – ამბობს ლალი.

 

საქართველოში დღემდე არ არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც გაწერილი იქნებოდა სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე სანიტრების უფლება-მოვალეობები.

ქეთევან გარსევანიშვილი საქართველოს ექთნების ასოციაციის ხელმძღვანელია. თავადაც ერთ-ერთ კლინიკაში უფროს ექთნად მუშაობს.

„სანიტარი ძველი გაგებით დამლაგებელი იყო. დამლაგებელი მხოლოდ დალაგებით არის შემოფარგლული და არავითარ სამედიცინო საქმესთან შეხება არ აქვს. სამანიპულაციოს, შესახვევებს და საოპერაციოს ექთნის თანაშემწეები ალაგებენ – მაღალი რისკის სამუშაოა და სპეციალური სამედიცინო განათლება სჭირდება. სამწუხაროდ, არ არსებობს მათი მოვალეობები გაწერილი სადმე, ისიც არ შემიძლია გითხრათ, კანონი არსებობს-მეთქი,“ – ამბობს ქეთევან გარსევანიშვილი.

იმისთვის, რომ პირმა საავადმყოფოში სანიტრად დაიწყოს მუშაობა, მას არანაირი სამედიცინო განათლება არ მოეთხოვება. სანიტარი შეიძლება გახდეს ადამიანი არასრული ან სრული საშუალო განათლებით. ქეთევან გარსევანიშვილის თქმით, ვინაიდან დამლაგებელი პერსონალი არ არის სამედიცინო განათლების მქონე, ამიტომ ამ ადამიანებს მხოლოდ არასახიფათო ნარჩენებთან უნდა ჰქონდეთ შეხება.

„ვგულისხმობ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. სამედიცინო ნარჩენებისთვის სპეციალურად დატრენინგებული პერსონალი უნდა იყოს, რომელმაც იცის, როგორ უნდა გაიტანოს, დაამუშავოს – როგორ უნდა დალუქოს, აწონოს, ჩააბაროს ეს ნარჩენი. რანაირად შეიძლება სანიტარმა ეს ყველაფერი გააკეთოს, მე ცოტა წარმოუდგენლად მიმაჩნია ეგ ჩვენი გადასახედიდან.

მე არ მესმის კლინიკებისთვის როგორაა ეს მომგებიანი, როცა ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკების შემოწმების ერთ-ერთ პრიორიტეტად ინფექციის კონტროლის წესების დაცვაა წინა პლანზე გამოტანილი“, – ამბობს ქეთევან გარსევანიშვილი.

საქართველოში არ არის აღრიცხული, რამდენი ადამიანი მუშაობს სანიტრის პოზიციაზე ქვეყანაში. საქსტატის 2017 წლის მონაცემებით, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული საშუალო სამედიცინო პერსონალის [ბებიაქალები, ფერშლები, ექთნები] 18 ათასია, ექიმთა რიცხოვნება კი 27 400. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ერთ ექიმზე ოთხი ექთანი მოდის, საქართველოში კი ეს ბალანსი პირიქით არის დარღვეული – ერთ ექიმზე ერთი ექთანიც არ მოდის.

საჭიროზე მეტი ექიმი ექთნების დეფიციტის ფონზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი