მთავარი,სიახლეები

მასწავლებლის გლობალური ჯილდო კენიელმა მასწავლებელმა მოიგო

24.03.2019
მასწავლებლის გლობალური ჯილდო კენიელმა მასწავლებელმა მოიგო

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა. დაჯილდოების ცერემონიალი დუბაიში ამ წუთებშიც გრძელდება.

პიტერი ასწავლის სოფელ პვანის სკოლაში, კენიის ცენტრისგან მოშორებულ ღარიბ რეგიონში, სადაც გვალვა და შიმშილობა ჩვეული მოვლენაა. პიტერის მოსწავლეების 95 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს, თითქმის ყოველი მესამე მოსწავლე ობოლია, ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს, ბევრ მათგანს კი სახლში საჭმელი არ აქვს. ნარკოტიკების მოხმარება, არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა და ქორწინება, სკოლის მიტოვება ადრეულ ასაკში და თვითმკვლელობები ამ რეგიონში ხშირად ხდება. პიტერი სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ასწავლის და თავისი ყოველთვიური შემოსავლის 80 პროცენტს ღარიბების დასახმარებლად ხარჯავს.

შეცვალო სკოლა, სადაც მხოლოდ ერთი კომპიუტერია, ცუდი ინტერნეტი და 58 მოსწავლეზე მხოლოდ ერთი მასწავლებელი მოდის, იოლი ამოცანა არ არის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსწავლეებმა, სკოლამდე რომ მიაღწიონ, 7 კილომეტრი უნდა გაიარონ ფეხით გზაზე, რომელიც წვიმის სეზონზე გაუვალი ხდება.

პიტერმა შექმნა ტალანტებისა და სამეცნიერო კლუბები სკოლაში, ეხმარებოდა მოსწავლეებს კვლევითი პროექტების შექმნაში. კენიის სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზრობაზე პიტერის მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც სმენა და მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ გაზომონ საგნები. პეტერის მოსწავლეებმა მიიღეს ჯილდო ქიმიკოსთა სამეფო საზოგადოებიდან, მას შემდეგ, რაც გამოიყენეს ადგილობრივი მცენარე ელექტროენერგიის მისაღებად. ამჟამად პიტერის სკოლის მათემატიკოსთა გუნდი ემზადება საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური გამოფენისთვის, რომელიც წელს, არიზონაში, აშშ-ში გაიმართება.

პიტერი და მისი კოლეგები დასვენების დღეებში ინდივიდუალურ გაკვეთილებს უტარებენ ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან. სამი წლის განმავლობაში სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგდა, დისციპლინის დარღვევის შემთხვევები კვირაში 30-დან სამამდე შემცირდა.

მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს საპრიზო თანხა 1 მილიონი დოლარია.

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათეულში იყო ლადო აფხაზავაც. იგი 21 მარტს ვარკის ფონდის ელჩი გახდა. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს გასცემს.

21 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ  ლადო აფხაზავა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან,  მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ ათ ფინალისტს შორისაა.

განათლების სამინისტრომ მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტს, ლადო აფხაზავას, მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: