ბათუმი – სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„პროექტი განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამშენებლო სამუშაოების ვადა 48 თვეა. დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები არაუგვიანეს 2025 წლის 22 დეკემბრის 16:00 საათისა უნდა წარადგინონ.
ბათუმი–სარფის გზის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს 11.3 კმ-იანი 2 ზოლიანი გზის, 7.6 კმ სიგრძის გვირაბის და 3 ხიდის, აქედან 1.47 კმ სიგრძის ვიადუკისა და 500 მ სიგრძის ზღვის ნაპირის გასამაგრებელი ნაგებობის მშენებლობას.
ბათუმი–სარფის 11.3 კმ-იანი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც ბათუმის შემოვლით მაგისტრალურ გზას შეუერთდება და საქართველოს საზღვარს თურქეთის რესპუბლიკასთან დააკავშირებს,“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.
გზა დაიწყება ქალაქის სამრეწველო ზონაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირთან [სადაც სპეციალური საგზაო კვანძით დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით გზას]; აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე; ახალი ხიდიდან გზა გაგრძელდება ახალსოფლისა და ჭარნალის ტერიტორიაზე და 7,6-კილომეტრიანი გვირაბით გამოვა სარფში [ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ], სადაც დაუკავშირდება სარფი-ბათუმის არსებულ გზას – აქ დაგეგმილია ზღვის სანაპიროს გამაგრება.
სატენდერო მოწვევის დოკუმენტის მიხედვით გზის მშენებლობისთვის დაახლოებით 4 წელია გათვლილი [1 440 დღე], მომდევნო დაახლოებით 3 წელი კი [1080 დღე] „დეფექტების შეტყობინების პერიოდი“ იქნება.

ბათუმი-სარფის ახალი გზის მარშრუტი
სასესხო შეთანხმებას, რომელიც ბათუმი-სარფის გზის მშენებლობას ითვალისწინებს, ხელი 2025 წლის 6 ოქტომბერს მოეწერა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით გრძელვადიანი სესხის მოცულობა 306,6 მილიონი ევროა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2025-2028 წლების საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით, ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის 620 მილიონი ლარია გათვლილი.
ამ თემაზე ვრცლად:
ბათუმი-სარფის ახალი გზისთვის საქართველომ €306,6 მილიონი ისესხა – როდის დაიწყება მშენებლობა
მთავარი ფოტო: ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალი/რენდერი/ფოტო გზების დეპარტამენტის ვიდეორგოლიდან






