„82 ბრალდებული კორუფციული დანაშაულის ჩადენისას დასაქმებული იყო საჯარო სამსახურში. მათ შორის, 13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო მაღალი თანამდებობის პირი“, – თქვა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტში გამოსვლისას და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის სტატისტიკაზე ისაუბრა.
დღეს, 23 ივნისს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარადგინა.
გიორგი გვარაკიძის თქმით, 2025 წელს კორუფციულ დანაშაულზე პროკურატურამ 230 საქმე აღძრა, ხოლო ბრალდება 125 პირს წარედგინა.
„2025 წელს მზარდი იყო კორუფციულ დანაშაულზე რეაგირების შედეგებიც. მოგეხსენებათ, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში პროკურატურა თავად ახორციელებს კორუფციული დანაშაულის სრული მოცულობით გამოძიებას. პარალელურად უზრუნველყოფს საპროცესო ხელმძღვანელობას, სხვა საგამოძიებო დანაყოფის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე და სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.
თქვენს ყურადღებას გავამახვილებ საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულებზე.
წინა სამ წელთან შედარებით, 2025 წელს ყველაზე მაღალი იყო გამოძიების დაწყების მაჩვენებელი და 230 საქმით განისაზღვრა, ხოლო ბრალდებულ პირთა რაოდენობამ 125-ს მიაღწია. გაიზარდა სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის მაჩვენებელიც და მსჯავრი დაედო 84 პირს.
ხაზგასასმელია, რომ 82 ბრალდებული კორუფციული დანაშაულის ჩადენისას დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურებში.
მათ შორის, 13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო მაღალი თანამდებობის პირი.
კერძოდ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი.
2025 წელს მსჯავრდებულ პირთაგან კი ექვსი იყო მაღალი თანამდებობის პირი, როგორიცაა: საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე,“ – თქვა გენერალურმა პროკურორმა კორუფციულ დანაშაულებზე საუბრისას.
გიორგი გვარაკიძის თქმით, კორუფციულ დანაშაულზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტიანობის გასაზრდელად 2025 წელს პროკურატურაში, კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს ბაზაზე შეიქმნა კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი.
„დეპარტამენტი დაკომპლექტდა მაღალკვალიფიციური კადრებით და სრულად აღიჭურვა საქმიანობისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ასევე გაიზარდა პროკურორთა და გამომძიებელთა რაოდენობა, რაც ხელს უწყობს დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევას,“ – თქვა გენერალურმა პროკურორმა.






