ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაციაში 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბათუმის კინოს მუზეუმი უნდა გაიხსნას.
სსიპ „აჭარის მუზეუმმა“ ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანია „ივერთმშენს“ უკვე გადაურიცხა 1 585 602 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 92 პროცენტი].
რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ რეაბილიტირებული შენობის ინტერიერის რამდენიმე ფოტო მიაწოდეს. ამ ფოტოების მიხედვით კი, შენობაში შესრულებული სამუშაოების კუთხით, სახარბიელო მდგომარეობა არ უნდა იყოს.

რეაბილიტირებული ყოფილი აბანოს შენობა ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, სადაც კინოს მუზეუმი უნდა გაიხსნას. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ფოტო: 29.09.2025

რეაბილიტირებული ყოფილი აბანოს შენობა ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, სადაც კინოს მუზეუმი უნდა გაიხსნას
„ბათუმელების“ ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით, ყოფილი აბანოს შენობაში შესრულებული სამუშაოების ხარისხს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ამოწმებს.
ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად უნდა გაფორმდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტიც.

რეაბილიტირებული ყოფილი აბანოს შენობა ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, სადაც კინოს მუზეუმი უნდა გაიხსნას / შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია /ფოტო: 29.09.2025
ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაციაზე „აჭარის მუზეუმსა“ და „ივერთმშენს“ შორის 2023 წლის 23 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა თავიდან 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდი იყო, თუმცა ეს ვადა მხარეებმა რამდენჯერმე გადაავადეს.
„გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს „ივერთმშენი“-ს შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს მიერ, რაც ვერ ესწრება ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, საჭიროა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაზრდა.
აქედან გამომდინარე: შევიდეს ცვლილება ხელშეკრულების შესაბამის პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით – ხელშეკრულება მოქმედებს 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.“ – აღნიშნულია „აჭარის მუზეუმსა“ და „ივერთმშენს“ შორის 2025 წლის 30 სექტემბერს გაფორმებულ შეთანხმებაში.

რეაბილიტირებული ყოფილი აბანოს შენობა ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, სადაც კინოს მუზეუმი უნდა გაიხსნას. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ფოტო: 29.09.2025

რეაბილიტირებული ყოფილი აბანოს შენობა ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, სადაც კინოს მუზეუმი უნდა გაიხსნას
რაც შეეხება შესრულებული სამუშაოების ხარისხს, ამავე ხელშეკრულების მიხედვით:
- „შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რაოდენობა და ღირებულება შუალედური/საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე შემსყიდველის მიმართვით და ხარჯით უნდა დადასტურდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს საექსპერტო დასკვნით ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნით. დასკვნებს შორის უპირატესობა მიენიჭება საბოლოო დასკვნას, რომელიც ჩატარდება მთლიან შესრულებულ სამუშაოებზე.“
- „თუ საექსპერტო დასკვნით ან ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის მიერ შესრულებული სამუშაოები შეფასდა წუნით, მაშინ სამუშაოები არ ჩაითვლება დასრულებულად წუნდების აღმოფხვრამდე და შესაბამისად არ მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა. წუნდების აღმოფხვრა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
- იმ შემთხვევაში თუ შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზები გამოვლინდება საექსპერტო დასკვნის მიღების შემდეგ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე პერიოდში, მაშინ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება მხოლოდ ხარვეზების სრულად აღმოფხვრის შემდეგ. თუ საექსპერტო დასკვნით შესრულებული სამუშაოების ღირებულება, მოცულობა და რაოდენობა არ შეესაბამება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, მაშინ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება დასკვნის შესაბამისად“.
ერთ-ერთი შეთანხმებით შეიცვალა ხელშეკრულების საერთო ღირებულებაც და დარჩა 1 727 080 ლარი [ნაცვლად თავდაპირველი 1 733 333 ლარისა].

რეაბილიტირებული ყოფილი აბანოს შენობა ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, სადაც კინოს მუზეუმი უნდა გაიხსნას
„აჭარის მუზეუმმა“2025 წლის 3 სექტემბერს „ქ. ბათუმის კინო-მუზეუმის ინტერიერის დიზაინის და კონცეფციის შემუშავებაზე“ კონკურსიც გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 211 ათას 864 ლარია, მიწოდების ვადა კი – არაუგვიანეს 2025 წლის 15 დეკემბერი.
შესყიდვების პორტალის დღევანდელი მონაცემებით კონკურსში, რომელიც შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, შპს „არქიადრე“ მონაწილეობს. საჯარო რეესტრის ამონაწერით ეს კომპანია თბილისში 2023 წელსაა რეგისტრირებული და მისი მესაკუთრე და დირექტორია საქართველო/რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე ნატალია ტატუნაშვილი.
აღნიშნული კონკურსის დასრულების შემდეგ „აჭარის მუზეუმს“ კიდევ ერთი ტენდერის გამოცხადება მოუწევს – ამჯერად ინტერიერის მოწყობაზე.
რა დაჯდება მუზეუმის ინტერიერის მოწყობა „ულტრათანამედროვე დონეზე“ – ეს კონკურსში გამარჯვებული დიზაინერის მიერ მომზადებულ კონცეფციაზე იქნება დამოკიდებული.

ყოფილი აბანოს შენობა რეაბილიტაციამდე / ფოტო შესყიდვების პორტალიდან
ძველ ბათუმში, ხულოს ქუჩის #10-ში ძველი აბანოს შენობის რეაბილიტაცია თავდაპირველად 2014 წელს დაიწყო და იქ ბათუმის მუზეუმი უნდა გახსნილიყო. სამუშაოებში ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, თუმცა „ბათუმის მუზეუმი“ არ გახსნილა.
2020 წელს გადაწყდა, რომ ამ შენობაში სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდებოდა. იმავე წელს გადაწყდა პროექტის შესყიდვაც, რაშიც ბიუჯეტიდან 39 999 ლარი გადაიხადეს.
ყოფილი აბანოს შენობის [ხელახალ] რეაბილიტაციაზე 2022 ტენდერი „აჭარის მუზეუმმა“ ოთხჯერ გამოაცხადა – 1 189 320 ლარით, თუმცა, არც ერთ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. შესაბამისად ეს ტენდერები არ შედგა.
2023 წელს კი, აჭარის მუზეუმმა ტენდერი გაზრდილი თანხით – 1 778 806 ლარით გამოაცხადა. ხელშეკრულება „ივერთმშენთან“ გააფორმეს.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყოფილი აბანოს შენობის ფასადის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს. სამუშაოები სრულად 2024 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება.
აჭარის მუზეუმს 2025 წლის 29 აგვისტოს მისწერეს „ივერთმშენიდან“, რომ „2023 წლის 23 მაისს დადებული ხელშეკრულების თანახმად, ბათუმის სულიკო ჟღენტის სახელობის კინოს მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია“.






