მთავარი,სიახლეები

„უკრაინას მნიშვნელოვანი კოზირი აქვს მოლაპარაკების დაწყების წინ“ – ინტერვიუ გენერალთან

13.11.2024 •
„უკრაინას მნიშვნელოვანი კოზირი აქვს მოლაპარაკების დაწყების წინ“ – ინტერვიუ გენერალთან

„პირველი ჯაველინები ტრამპის დროს მიიღო უკრაინამ“ – გადამდგარ გენერალ-მაიორს არ სჯერა იმის, რომ ტრამპი უკრაინის დახმარებას შეაჩერებს, თუმცა ვახტანგ კაპანაძე ელოდება იმას, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან რუსეთი და უკრაინა.

„მოლაპარაკების წინ მნიშვნელოვანი კოზირი აქვს უკრაინას,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი და განმარტავს, რომ უკრაინას რუსეთში დაკავებული კურსკის დათმობის სანაცვლოდ, ზაპოროჟიეს, ან ხერსონის დათმობა მოითხოვოს, ამის დათმობა კი, რუსეთისთვის საფრთხეა: „უშუალოდ უადვილებს წვდომას ყირიმის ნებისმიერ წერტილამდე,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.

„უკრაინა გადარჩენილია, უკრაინა გადარჩა, დანარჩენი ყველაფერი დროის ფაქტორია,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა ხდება უკრაინის ფრონტზე – ამ კვირაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო თავდასხმა დრონებით კიევსა და მოსკოვზე. რა აჩვენა ამ იერიშებმა? 

აჩვენა ის, რომ რუსეთი ცდილობს ტრამპის ინაუგურაციამდე დარჩენილ 2 თვეში მაქსიმალურ წარმატებას მიაღწიოს, რათა წარმატებული პოზიციიდან დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

ჩემი აზრით, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა გარდაუვალი იქნება. ამას უნდა ველოდოთ, წლის ბოლოდან მომავალი წლის გაზაფხულამდე დაიწყება სავარაუდოდ პირველი შეხვედრები.

  • ტრამპის გაპრეზიდენტებაა მთავარი ფაქტორი, რის გამოც ზელენსკი შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკებას დათანხმდეს? 

კი, ასეა, ჩემი აზრით. გარდა ამისა, რუსეთს და უკრაინას აწყობს ახლა სულის მოთქმა. მეოთხე წელი დაიწყება მალე. სამამულო ომი არ გრძელდებოდა ამდენი ხანი, თუმცა ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ იტყვის, რომ აი, ეს ტერიტორიები დავივიწყე. ფაშინიანმა თქვა მხოლოდ ეს, ისიც სომხეთის შემადგენლობაში არ იყო ყარაბაღი.

რუსეთიც მძიმე მდგომარეობაშია, ის ვერ გაიფორმებს დიდ გამარჯვებად ცეცხლის შეწყვეტას და მიღწეულ მდგომარეობას, ვინაიდან საკუთარი ტერიტორია – კურსკი აქვს დაკარგული. რა თქმა უნდა, რუსი პროპაგანდისტები შეეცდებიან, ცეცხლის შეწყვეტა გააფორმონ უდიდეს წარმატებად, ნატოსთან გამარჯვებად და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ იქნება დამაჯერებელი.

ექსპერტების გათვლებით, რუსეთს 8-დან 10 წელი დასჭირდება, აღიდგინოს თავისი სამხედრო პოტენციალი, რაც ჰქონდა ომამდე. ეს ის დროა, რომელიც უნდა გამოიყენოს დასავლეთმა, თუ ის აპირებს რუსეთის საფრთხის დაქვეითებას და უკრაინის მაქსიმალურად გაძლიერებას.

ეს არ იქნება შეთანხმება ომის შეწყვეტაზე. რუსეთი მიიღებს გადამწვარ და გადაბუგულ ტერიტორიას დამატებით, რაც მიიღო 2014 წლის შემდეგ, ზაპოროჟიეს და ხერსონის ნაწილს, დაკარგულ კურსკის, მილიონამდე ინვალიდს, დაჭრილს, რომელსაც მოვლა სჭირდება და ამაში დიდი თანხაა საჭირო, ასევე მიიღებს მსოფლიო სანქციებს და რაც ყველაზე მთავარია: მეზობლად ძალიან მტრულად განწყობილ, ძლიერი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყანას.

  • რა ხდება კურსკში, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები შეიჭრნენ? 

ხდება ის, რომ უკრაინამ მოახერხა რუსეთის შეცდომაში შეყვანა, ფარული გადაჯგუფება და შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე, ამ ტერიტორიის დაკავება. იყო კრიტიკაც ამ კუთხით, რომ უკრაინამ თავისი რესურსები არასწორად გადაანაწილა, ამის რესურსი არ ჰქონდა, რომ რუსეთში შეჭრილიყო და ამიტომაა მძიმედ დონბასის მიმართულებაზეო, მაგრამ, ჩემი აზრით, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ძალიან წარმატებული იყო – ამ მოლაპარაკების წინ მნიშვნელოვანი კოზირი აქვს უკრაინას.

ახლა თუ შეთანხმება მოხდება ცეცხლის შეწყვეტაზე, არ არის გამორიცხული, დაიწყოს მოლაპარაკება ტერიტორიების გაცლაზე. უკრაინამ შეიძლება მოსთხოვოს ზაპოროჟიეს, ან ხერსონის ნაწილი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ერთი და მეორეც ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, ვინაიდან ზაპოროჟიეს შემთხვევაში უკრაინა ბრუნდება აზოვის ზღვაზე და რუსეთს წყვეტს სახმელეთო კავშირით ყირიმთან, ხერსონის შემთხვევაში კი, უშუალოდ ადგება ყირიმის, უადვილებს წვდომას ყირიმის ნებისმიერ წერტილამდე.

კურსკში რუსები ცდილობენ მარცხენა ფლანგიდან გარკვეული კონტრშეტევის განხორციელებას. რუსები ერთი პერიოდი წარმატებითაც შეიჭრნენ სოლისებურად უკრაინელების განლაგებაში, თუმცა როგორც ჩემთვის ცნობილია, ბოლო პერიოდში, მძიმე ზარალი მიიღეს რუსებმა და საბოლოოდ წარუმატებელი აღმოჩნდა მათი შეტევა კურსკში.

  • ფაქტობრივად დადასტურდა, რომ უკრაინაში იბრძვიან ჩრდილო კორეელები. რაში დასჭირდა რუსეთს მათი მხარდაჭერა?

ორი მიზანი ჰქონდა ამას: სამხედრო და პოლიტიკური. პოლიტიკური ისაა, რომ აი, მოკავშირე ჰყავს რუსეთს, მათ ხელშეკრულებაც გააფორმეს რამდენიმე დღის წინ, რომ თუ ვინმე რომელიმე მხარეს თავს დაესხმება, ვალდებული არიან, ერთმანეთს დაეხმარონ. კურსკი რუსეთის ტერიტორია და, შესაბამისად, კურსკში გაუშვეს კორეელები. მე ეჭვი მეპარება კორეელების ბრძოლისუნარიანობაზე: არანაირი საომარი გამოცდილება არ გააჩნიათ, ისინი დიდ საკონცენტრაციო ბანაკს გამოექცნენ, რასაც ჩრდილოეთ კორეა ჰქვია.

არსებობს ენის ბარიერიც, რუსული ტექნიკა და იარაღი რომ გამოიყენონ, ტანკშიც რომ ჩასვან, საჭიროა, ის წარწერები უთარგმნონ კორეულად. მე უფრო მეგონა, რომ გამოიყენებდნენ ამ რესურსს დამოუკიდებელ ერთეულად, მაგალითად, საინჟინრო, ან სატრანსპორტო მიმართულებით.

  • ტრამპი მომავალი წლის იანვრიდან შეუდგება თავისი მოვალეობის შესრულებას. რა ელის უკრაინას, მკვეთრ ცვლილებებს ელოდებით უკრაინის დახმარების თვალსაზრისით? 

ტრამპი ცოტა იმპულსური პერსონაა და ვერ გეტყვით ნამდვილად, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ პირველი ჯაველინები ტრამპის დროს მიიღო უკრაინამ, როდესაც რუსეთის პირველი შეტევა მოიგერიეს კიევზე. მე არა მგონია, რომ ტრამპს პრორუსული განწყობები ჰქონდეს და პუტინის გაძლიერებაზე ოცნებობდეს. რომც ოცნებობდეს ამაზე, აშშ-ს მართვის სისტემა ისეა, რომ დამოუკიდებლად ტრამპი ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს.

  • ტრამპი წინასაარჩევნოდ საუბრობდა ამერიკის სიდიადის დაბრუნებაზე. თუ გამოჩნდება, რომ მან უკრაინა მიატოვა, ეს ამერიკელმა ხალხმა როგორ შეიძლება აღიქვას? 

მე არა მგონია, რომ ტრამპმა უკრაინის დახმარებაზე უარი თქვას.

ეს დაშვებაც რომ გავაკეთოთ, რატომ გამოვრიცხავთ ევროპის შესაძლებლობებს? ერთიანად ევროპის ქვეყნების შესაძლებლობები არანაკლებია, ვიდრე აშშ-ს. ბოლო პერიოდში გაიჟღერა საფრანგეთის განცხადებამაც, რომ ევროპამ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი დამოუკიდებელი თავდაცვის სისტემა, იგულისხმება სისტემა აშშ-ს გარეშე, რის შესახებაც საფრანგეთს გააჩნია გეგმები.

რუსეთის პოტენციალი არ არის გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის პოტენციალზე მეტი არცერთ შემთხვევაში, როგორც ტექნოლოგიური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. რუსეთს ხშირად ადარებენ საბჭოთა კავშირს, მაგრამ ცხადია, დღევანდელი რუსეთის რესურსი არ არის იგივე, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა.

ასე რომ, რუსეთის საპირწონე შესაძლებლობები ნამდვილად გააჩნია ევროპას.

  • მოლოდინია დახმარების კიდევ უფრო გაძლიერებაზე, რომ უკრაინამ არამხოლოდ რუსეთის შეჩერება შეძლოს, არამედ მოიგოს ეს ომი და დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები. აშშ-ს აქტიური მხარდაჭერის გარეშე, ეს შესაძლებელი იქნება, თქვენი აზრით? 

სტრატეგიულ დონეზე გამარჯვება არაა შავ-თეთრი ცნება. უკრაინამ რომ დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები, ეს იქნება ომის დასრულება? ომი გაგრძელდება ოღონდ საზღვარზე.

მთავარია, სული მოითქვას უკრაინამ და გაძლიერდეს. აზერბაიჯანი 30 წელი ელოდა თავის მომენტს და შემდეგ შეასრულა თავისი სტრატეგიული მიზნები. ასე რომ, როგორ განვითარდება მოვლენები, არავინ იცის, არც პუტინია გამოკიდებული ცაში და არც მსოფლიოა ისე სტაბილური, რომ გარანტირებულად გათვალო გრძელვადიანი ცვლილებები.

ჩემი აზრით, უკრაინაში უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნებიც – ზელენსკის შემცველთან უფრო მოქნილი იქნება აშშ-ს, ევროპის დამოკიდებულება, ეს პოლიტიკური მანევრის მეტ შესაძლებლობას გააჩენს. ზელენსკიმ თავისი დიდი ვალი მოიხადა უკვე, თანაც წარმატებით, საჭიროა გარკვეული ცვლილებები.

უკრაინამ უნდა დაიწყოს თავისი სამხედრო პოტენციალის აღდგენაც. უკრაინისთვის მთავარი გაძლიერება ის იქნება, თუ თვითონ შექმნის და გააძლიერებს სამხედრო მრეწველობას. სკანდინავიის ქვეყნები განსაკუთრებით აქტიურად ეხმარებიან ამ კუთხით უკრაინას. თუ, მაგალითად, წინა წელს უკრაინა 10 ერთეულ „ბოგდანის“ გამოშვებას ახერხებდა, ეს თვითმავალი საარტილერიო დანადგარია, ახლა უშვებენ 30-ს.

განსაკუთრებით დანია და ნორვეგია ეხმარებიან უკრაინას სამხედრო მრეწველობის განვითარებაში.

  • ზელენსკი ამბობს: „სამართლიანობის გარეშე არ არსებობს გრძელვადიანი მშვიდობა და უკრაინისთვის ამის მიღწევა საკმაოდ რეალურია“. რამდენად რეალურია უკრაინის პრეზიდენტს ეს ოპტიმიზმი დღევანდელი გადასახედიდან? 

რეალურია იმიტომ, რომ რუსეთი ვერ იმარჯვებს. დავუშვათ, რუსეთი გავიდეს დონბასის საზღვარზე და აიღო ეს დამწვარი ტერიტორიები. ამით რა, რუსეთმა გაიმარჯვა?

უკრაინა გადარჩენილია, უკრაინა გადარჩა. მთავარი ეს არის. დანარჩენი ყველაფერი დროის ფაქტორია.

თქვენთან წინა ინტერვიუებშიც ვახსენე და ახლაც ვიტყვი: ფინეთმა საბჭოთა კავშირთან დაკარგა კარელია, მაგრამ არავინ ამბობს, რომ ფინეთი დამარცხდა საბჭოთა კავშირთან ომში, მიუხედავად იმისა, რომ დეიურე ასე მოხდა.

მე არა მგონია, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა ნატოს წევრი გახდეს, მაგრამ თუ უკრაინამ მიიღო აშშ-გან ცეცხლის შეწყვეტის გარანტიები და ამერიკამ თავისი კონტინგენტი განათავსა უკრაინაში, ნატოს წევრობა უკრაინისთვის, ან საქართველოსთვის მიზანი ხომ არ არის? ეს საშუალებაა ქვეყნის გაძლიერების და ეროვნული უსაფრთხოების მისაღწევად. უკრაინა თუ მიიღებს ამის შემცველ გარანტიებს, მას შეუძლია რამდენიმე წლით გადადოს ნატოში წევრობის სურვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: