მთავარი,სიახლეები

აყრილი იატაკი ბოლნისის სიონში – რა ხდება მე-V საუკუნის ძეგლზე

21.04.2026
აყრილი იატაკი ბოლნისის სიონში – რა ხდება მე-V საუკუნის ძეგლზე

ბოლნისის სიონში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სამუშაოები მიმდინარეობს. კადრები, რომელიც გუშინ, 20 აპრილს გავრცელდა ფეისბუქში, ჩანს, რომ V საუკუნის ქართული სასულიერო არქიტექტურის საეტაპო ძეგლში აყრილია იატაკი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ განცხადება, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს ძეგლზე, მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, როცა ადამიანებმა კითხვები დასვეს სოციალურ ქსელებში.

დღეს, 21 აპრილს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ განაცხადა, რომ ბოლნისის სიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება სააგენტოს დაკვეთით და „კანონმდებლობით დადგენილი წესით“, გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

„მიმდინარე სამუშაოები მოიცავს, მათ შორის, ტაძრის ინტერიერში 1970-იან წლებში მოწყობილი ბაზალტის იატაკის დემონტაჟს, რომელიც განთავსებულია ბეტონის დუღაბზე. ჩატარებული კვლევითი სამუშაოების ფარგლებში, ინტერიერში განხორციელებული შურფირების შედეგად, სამხრეთი კედლის პილასტრის ძირში და სამხრეთი მინაშენის დასავლეთ ნაწილში გამოვლინდა ადრინდელი პერიოდის იატაკი, აგრეთვე პილასტრის ბაზა სრულყოფილი სახით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტი ითვალისწინებს 1970-იან წლებში მოწყობილი  იატაკის დემონტაჟს არქეოლოგიური ზედამხედველობის პირობებში და ახალი, ღია ფერის ქვით იატაკის მოწყობას ტრადიციული ქართული წყობის გამოყენებით. ამასთან, არსებული იატაკის ნიშნული დაიწევა რამდენიმე სანტიმეტრით, რაც უზრუნველყოფს გამოვლენილი სვეტებისა და პილასტრების პროპორციების სრულფასოვან აღქმას.

გვიანდელი ბეტონისა და ბაზალტის ფენების მოხსნის პროცესში, ტექნოლოგიური აუცილებლობიდან გამომდინარე, გარკვეულ, ძნელად მოსახსნელ ადგილებში, გამოყენებულია შესაბამისი მექანიკური საბურღ-სატეხი საშუალება, რაც დასაშვებია პროფესიული პრაქტიკის ფარგლებში, რომელიც არ  უქმნის საფრთხეს ძეგლის კონსტრუქციულ მდგრადობასა და არ იწვევს მის დაზიანებას.

სამუშაოები მიმდინარეობს არქეოლოგისა და დარგის შესაბამისი სპეციალისტების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, პროცესის თითოეული ეტაპის დოკუმენტირებითა და კონტროლით“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს არ გაუსაჯაროებია პროექტი, თუ რა სახეს მიიღებს სამუშაოების დასრულების შემდეგ ძეგლი. როგორც სპეციალისტები წერენ ფეისბუქში, არც ეს საკითხი განუხილავთ წინასწარ, სამუშაოების დაწყებამდე.

______________

მთავარი ფოტო: ბოლნისის სიონში იატაკის აყრის სამუშაოები მიმდინარეობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: