ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რატომ დაიკეტა „სანაპირო“ ბათუმში

08.05.2026
რატომ დაიკეტა „სანაპირო“ ბათუმში

საკურორტო სეზონის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ბათუმში, გოგებაშვილის #9-ში, ძველი ნავსადგურის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაფე-რესტორანი „სანაპირო“ დაკეტილია, შენობის შესასვლელი კი თუნუქის ღობით არის დაცული.

ერთი შეხედვით რჩება შთაბეჭდილება, რომ შენობა რემონტისთვის მოამზადეს, თუმცა სამუშაოები არ დაუწყიათ. ადგილზე არ არის საინფორმაციო დაფა, დაზიანებული და მოუწესრიგებელია მიმდებარე ინფრასტრუქტურაც.

ბათუმი, გოგებაშვილის #9, რესტორანი „სანაპირო“

„სანაპირო“ შპს „გამა +“- ის საკუთრებაა. კომპანიას ეკუთვნის შენობა, რომელიც არის 1585.60 კვ.მეტრი და მიწის ნაკვეთი, სადაც ეს შენობაა განთავსებული – სულ 1040 კვ.მეტრი.

მონიშნულია საპროექტო ტერიტორია

ამავე კომპანიას მრავალწლიანი საიჯარო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სანაპიროს გასწვრივ არსებული ბეტონის ბილიკის სარგებლობაში მიღებასთან დაკავშირებით. ახლა ეს ადგილი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და დანაგვიანებული.

დაზიანებული ბილიკი სანაპიროსთან.

„სანაპიროს“ წინ

შპს „გამა +“- ის ასი პროცენტი გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ცოლის, ინნა გუდავაძის საკუთრებაა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აქ რესტორანს კომპანიის ქვემოიჯარე მართავდა და არა მფლობელი კომპანია.

ეს ადგილი ბათუმში განსაკუთრებით უყვართ. ამბობენ, რომ ერთადერთი ღია სივრცეა, სადაც შეგიძლია ყავა მისაღებ ფასად დალიო ზღვასთან ახლოს  და თან შენ წინ გადაშლილ ხედებს უცქირო.

„სანაპიროს“ წინ მყოფი მეთევზეები გვიყვებიან, რომ საოჯახო ალბომში ყველას აქვს თითო ფოტო მაინც კაფე სანაპიროს ვერანდაზე გადაღებული, მაგიდაზე ფინჯანი ყავით ან ნაყინით, შენობასთან მომდგარი იახტებით.

ამიტომაც არის, რომ ბათუმში განსაკუთრებით აინტერესებთ „სანაპიროს“ ბედი.

„არ ვიცით რას აპირებენ, რამდენიმე თვეა უკვე ასე ჩარაზულია, თქვენ გეცოდინებათ და ჩვენც გაგვაგებინეთ“ – გვითხრა მეთევზემ, რომელიც უკვე წლებია სანაპიროს ამ ტერიტორიაზე ანკესით თევზაობს.

„ვის უნდა? – თქვენ ტყუილად არ მოხვიდოდით აქ“ – საუბარში ჩაგვერთო კიდევ ერთი მეთევზე.

„სანაპიროს“ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შენობა XX საუკუნის შუა წლებშია აგებული. სპეციალისტების დახასიათებით, ეს ადრეული საბჭოთა პერიოდის ზღვისპირა არქიტექტურის სახასიათო ნიმუშია.

„მსგავსი ნაგებობები გვხვდება სოხუმის, გაგრის, ყირიმის თანადროულ განაშენიანებაში, თუმცა ეს კონკრეტული შენობა ორიგინალური გადაწყვეტისაა, რაც ორი დამოუკიდებელი სეგმენტის და მათ შორის გადებული მაკავშირებელი ხიდის კომპოზიციაშია ასახული. მარცხენა ფლიგელი უფრო ძველია, ხოლო მარჯვენა ფლიგელი ცენტრალური შემაერთებელი ხიდით 2006 წელს შეთანხმებული პროექტის საფუძველზე არის აგებული“ – ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში. 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „სანაპიროს“ შენობის მფლობელს რესტავრაცია-რეკონსტრუქცია აქვს დაგეგმილი. ამის გადასამოწმებლად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან დაკავშირებას ვცდილობდით, თუმცა უშედეგოდ. აქ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

ძეგლზე სამუშაოების ჩატარების ნებართვის გაცემის უფლებამოსილება მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს აქვს.

იმ დოკუმენტების მიხედვით კი, რომლებიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, მფლობელმა შესაბამის უწყებებს, მათ შორის მერიას რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტით მიმართა და ნებართვა მოითხოვა.

შენობის მესაკუთრე, უფრო სწორად მინდობილი პირი, ბათუმის მერიას სწერს:

„შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ითვალისწინებს რა ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის რეკომენდაციებს, გულისხმობს მის ერთიანი მხატვრული არქიტექტურული ფორმის შენარჩუნებას“. 

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, იგეგმება შენობის ფლიგელებს შორის გარდამავალი ხიდის ნაწილის შემინვა, რაც „ფონური ხასიათის იქნება და ორანჟერეის მსუბუქ გამაერთიანებელ სილუეტს შექმნის“.

მფლობელის მინდობილი პირი მერიას განუმარტავს, რომ „ეს არქიტექტურული გადაწყვეტა აუცილებელია რესტორნის მაღალი თანამედროვე სტანდარტებით ფუნქციონირებისათვის“.

რენდერი

რენდერი

მერიაში წარდგენილი პროექტის მიხედვით, არსებული ფასადების ფერი უნდა შეიცვალოს მოთეთრო ტონალობის ფერით, ფასადის დეკორატიული ელემენტები აღდგენის შემდეგ გამოიკვეთება ამავე ფერის განსხვავებული ტონალობით და მოხდება ფლიგელების სახურავების რეკონსტრუქცია:

„რესტორნის გამართული ფუნქციონირებისთვის არსებული ფართი მცირეა, ამიტომ სხვენის რაციონალურად გამოყენების მიზნით, მოიაზრება სახურავების აწევა 1.2მ-ით პერიმეტრზე მოწყობილი ფრამუგების გზით, რაც საშუალებას მოგვცემს სხვენის სივრცეები გამოვიყენოთ პერსონალის გასახდელების და სხვა რესტორნისთვის საჭირო, ტექნიკური და დამხმარე სათავსოების მოსაწყობად.

სახურავის არსებული საბურველი იცვლება მაღალი ხარისხის თუნუქის ფურცლოვანი საფარით, რომლის მსუბუქი მომწვანო ფერი ჰარმონიულად ეწერება შენობის გარშემო არსებულ სანაპიროს გამწვანებაში. წარმოდგენილია სარეაბილიტაციო -სარეკონსტრუქციო ობიექტის ესკიზის ორი ვერსია რომლების ერთმანეთისგან განსხვავდება ვიტრაჟული სისტემების ალათების ფერით. პირველ ვერსიაში ალათების ფერად აღებულია მუქი რუხი (ანტრაციტის) ფერი, ხოლო მეორე ვარიანტში ალათების ფერი არის ღია ნაცრისფერი“.

პირველი პროექტის რენდერი

შეთავაზებული პროექტის მეორე ვერსიის რენდერი

„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, მერიამ კომპანია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში კი არ გადაამისამართა, არამედ უარი უთხრა, ცოტა უცნაური და გაუგებარი განმარტებით.

მერიამ კომპანიას ძეგლის ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადება მოსთხოვა.

 

 

მერიის პასუხი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: