ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ტიტე კომახიძე ფეისბუქზე წერს, რომ ხვალ, 4 სექტემბერს, ბათუმის დრამატულ თეატრში დასი შეიკრიბება და თეატრის მსახიობები მოუთმენლად ელიან ამ შეკრებას. ტიტე კომახიძე წერს, რომ ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობის, ოთარ [ოთო] ქათამაძის გარდაცვალება თეატრის ხელმძღვანელობას „გულთან არ მიუტანია“ და ამას მათი საქციელი აჩვენებს.
„ერთი დღე დარჩა თეატრის დასის შეკრებამდე. ერთი კვირაც არ გასულა ოთო ქათამაძის დაკრძალვიდან. მე მოუთმენლად ველოდები შეკრებას და იმედია ჩემი კოლეგებიც.
უამრავი კითხვა დამიგროვდა. ხანდახან რომ ვფიქრობ, ღირსებააყრილ ადამიანად ვგრძნობ თავს, მიტოვებულ და გაუბედურებულ მასხარად. დიახ, გაუბედურებულ მასხარად, რომელიც აღარავის აღარ სჭირდება, ყველამ დაივიწყა შიშის გამო, თითქოს ეშინიათ საბანი არ გადახადონ და ნეხვით შეფუთული სითბო და სიმყუდროვე არ დაურღვიონ. ამიტომ უმჯობესია „იდოს“ სადმე კუთხეში და როცა მათი შიშის მთესველს გაახსენდება, ფეხს მიკრავს, რომ შეამოწმოს ცოცხალია თუ მკვდარი, კიდევ გამოადგება თუ არა, მაშინ ამოსძახონ საპასუხოდ ექოსავით, რომ ცოცხალია და კვლავაც მის სამსახურში.
მოკლედ ბევრი რომ არ ვიფილოსოფოსო, შეკრება მოახლოვდა და მჯერა ჩემი კოლეგები აუცილებლად მოითხოვენ პასუხს იმ უპრეცედენტო საქციელის გამო, რაც ჩვენს თეატრს დაატყდა თავს. ერთი უბედურება ისაა, რომ ახალგაზრდა კოლეგა გარდაგვეცვალა და მეორე კიდე ის, რომ არავის ხელმძღვანელობიდან გულთან არ მიუტანია ეს ტკივილი.
შეიძლება მითხრან, რატო გგონია ასეო, კი არ მგონია?! საქციელმა დამანახა, თქვენმა საქციელმა, „ხელმძღვანელო მედროშეებო“.
ნუ მოწამლავთ იმ ჰაერს, რითაც ყველანი ვსუნთქავთ.
აბა, მეგობრებო, ნუ შეგეშინდებათ ნურავის და ნურაფრის, დავიცვათ ჩვენი პროფესიული ღირსება, ჩვენი თეატრი, უნიჭობისგან, უგულობისგან, უყურადღებობისგან, უპატივცემულობისგან, დაცინვისგან და, რაც მთავარია, ნგრევისგან. კი, ინგრევა ეს თეატრი შემოქმედებითად და სანამ ჩვენს სულებს გადასწვდებიან და მის ნგრევას შეუდგებიან, მოვეგოთ გონს. თორემ მერე სანანებელი გაგვიხდება ჩვენც და მომავალ თაობასაც.
ვაჩვენოთ ყველას, რომ ჯერ არ დაგვვიწყებია ჩვენი კოლეგა და არ გაგვნელებია ტკივილი, რომ ისევ ერთად ვართ მტრის ჯიბრზე და არა ცალ-ცალკე. რომ ისევ ჩვენია, ჩვენი შვილების და ბათუმელების ეს თეატრი და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ თავზე დაგვაქციოს და საქილიკოდ აქციოს თეატრი, რომელმაც წლებს გაუძლო“, – წერს ტიტე კომახიძე ფეისბუქზე.
მსახიობი რამდენიმე დღის წინაც წერდა, რომ არ იცის, როგორ უნდა იყოს რეპეტიციაზე „იმ ადამიანთან, რომელსაც თეატრის მომავალი ანდეს და რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს, როგორ ხარ შენ – მსახიობი, კოლეგა“. ტიტე კომახიძე ასევე წერდა, რომ ნუკრი ქანთარია, რომელიც ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორი და ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელია, არ დასწრებია თეატრის მსახიობის, ოთარ ქათამაძის დაკრძალვას.
პარლამენტის ყოფილი წევრი, დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კონკურსის გარეშე დანიშნეს 2022 წელს. მისი დირექტორობის პერიოდში არაერთხელ იყო დაპირისპირება მსახიობებსა და მას შორის.
მაგალითად: 2024 წელს ნუკრი ქანთარიამ საყვედური გამოუცხადა მსახიობებს, პროევროპული პროტესტისას დაგეგმილ გაფიცვისკენ მოწოდებაში – ამ მსახიობებს შორის იყო ოთარ ქათამაძეც.
ასევე, 2025 წლის გაზაფხულზე ნუკრი ქანთარიამ 6 თვით შეუჩერა ხელფასი დრამატული თეატრის მსახიობს, მეგი კობალაძეს. ასევე, ნუკრი ქანთარიამ 2025 წლის მარტში სამსახურიდან გაათავისუფლა მსახიობი თორნიკე ბარამიძე, რომელიც პროევროპული აქციების მონაწილე იყო.






