ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორობიდან გათავისუფლებული ნუკრი [ალექსანდრე] ქანთარია სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორად დანიშნეს.
ის დღეს, 1-ელ დეკემბერს, წარუდგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ თეატრის თანამშრომლებსა და დასის წევრებს.
ნუკრი ქანთარიამ ბათუმის დრამატული თეატრი მსახიობების პროტესტის ფონზე, ერთი თვის წინ დატოვა. მისი გათავისუფლების მიზეზად მსახიობები მათი გარდაცვლილი კოლეგის, ოთარ ქათამაძის მიმართ უპატივცემულობას ასახელებდნენ.
კერძოდ, მსახიობები ამბობდნენ, რომ ნუკრი ქანთარია არ მივიდა თეატრში მსახიობის სამძიმარზე, მისი დაკრძალვის შემდეგ კი, მსახიობებთან პირველი შეხვედრის შემდეგაც არ გამოუხატავს თანაგრძნობა.
„მეგონა წუთიერი დუმილით დაიწყებდა შეხვედრას, მაგრამ დაიწყო გასტროლებზე საუბრით. მე მივუბრუნდი და ვუთხარი – ეს არის ვერდიქტი, რომ თქვენ დატოვოთ აქაურობა და წახვიდეთ-მეთქი“ – ასე იხსენებდა ჩაშლილი შეხვედრის დეტალებს მსახიობი ავთო ქარჩავა „ბათუმელებთან“.
ნუკრი ქანთარია პარლამენტის ყოფილი წევრია „ქართული ოცნებიდან“. ის ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კონკურსის გარეშე, 2022 წელს დანიშნეს და მისი დირექტორობის პერიოდში არაერთხელ იყო დაპირისპირება მსახიობებსა და მას შორის.






