მთავარი,სიახლეები

ბათუმის თეატრის დირექტორად დანიშნეს კოტე მჟავია, რომელსაც „ცნობილ თამადას“ უწოდებენ

05.11.2025 •
ბათუმის თეატრის დირექტორად დანიშნეს კოტე მჟავია, რომელსაც „ცნობილ თამადას“ უწოდებენ

ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორად კოტე მჟავია დანიშნეს. ახალ დირექტორს დასის წევრებს აჭარის კულტურის სამინისტრო დღეს, 5 ნოემბერს წარუდგენს.

კოტე მჟავია პროფესიით მსახიობია. თუ მის შესახებ ინფორმაციის მოძიებას Google-ის საძიებო სისტემით ეცდებით, ნახავთ, რომ კოტე მჟავია ცნობილია პროსახელისუფლებო სატელევიზიო არხების გასართობ შოუებში მონაწილეობით. პროსახელისუფლებო „იმედზე“, გადაცემა ღამის შოუში ის წარდგენილი იყო სტატუსით – „ცნობილი თამადა“.

აჭარის არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ კოტე მჟავიას ბიოგრაფიულ მონაცემებს დღის განმავლობაში მოგვაწვდიან. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

აჭარის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კოტე მჟავია 1999 წლიდან დღემდე არის ლიტერატურული თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 2012-2016 წლებში მუშაობდა დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, 2005-2010 წლებში იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის, 2006-2009 წლებში ახმეტელის თეატრის, ხოლო 1999-2005 წლებში რუსთავის საბავშვო თეატრის მსახიობი, 1998-2003 წლებში მერაბ კოსტავას სახელობის მუსიკალურ-ლიტერატურულ თეატრში ეკავა ადმინისტრატორის პოზიცია.

ოტე მჟავიას დამთავრებული აქვს საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

  • ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, როცა ნუკრი ქანთარიამ თეატრის დასის პროტესტის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

ბათუმის დრამატული თეატრის დასი თეატრის დირექტორის, ნუკრი ქანთარიას გადადგომას 2025 წლის სექტემბრიდან ითხოვდა. მსახიობთა თქმით, ამის მიზეზი ის უპატივცემულობაა, რაც თეატრის დირექტორმა, ნუკრი ქანთარიამ მათი კოლეგის – ოთარ ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ გამოიჩინა – ნუკრი ქანთარიამ სამძიმარიც კი არ გამოხატა ოთარ ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ.

მსახიობი და რეჟისორი ოთარ [ოთო] ქათამაძე პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე და მხარდამჭერი იყო. მას ამის გამო არაერთი პრობლემა შეუქმნეს, ისე, როგორც ბათუმის დრამატული თეატრის დასის სხვა მსახიობებს. ოთარ ქათამაძე 42 წლის იყო, ის 2025 წლის 24 აგვისტოს გარდაიცვალა.

ნუკრი ქანთარია მსახიობებს 2025 წლის 4 სექტემბერს შეხვდა, თუმცა შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მან შეხვედრა დატოვა შეძახილების ფონზე: „წადი“. მსახიობების თქმით, ნუკრი ქანთარიამ სამძიმრის თქმის ნაცვლად, შეხვედრა გასტროლებზე საუბრით დაიწყო, რასაც დასის მხრიდან შეკითხვები მოჰყვა. ნუკრი ქანთარიამ პასუხად შეხვედრა დატოვა.

ამის შემდეგ დასი აჭარის არალეგიტიმური კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს შეხვდა. პროტესტის ნიშნად ამ თეატრის მსახიობმა, მაია ცეცხლაძემ 2025 წლის 20 სექტემბერს ნუკრი ქანთარიას კაბინეტის კარი ლენტით გადაღობა.

პარლამენტის ყოფილი წევრი, დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ – ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კონკურსის გარეშე დანიშნეს 2022 წელს. მისი დირექტორობის პერიოდში არაერთხელ იყო დაპირისპირება მსახიობებსა და მას შორის.

____________

ფოტოზე: კოტე მჟავია. კადრი „ღამის შოუს“ ვიდეომასალიდან.

ამ თემაზე:

მსახიობების პროტესტის შემდეგ ნუკრი ქანთარიამ ბათუმის თეატრის დირექტორის თანამდებობა დატოვა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: