მთავარი,სიახლეები

ზურაბ მენთეშაშვილმა 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა – ის „გზის მეორედ გადაკეტვის“ გამო იყო დაკავებული

31.07.2026
ზურაბ მენთეშაშვილმა 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა – ის „გზის მეორედ გადაკეტვის“ გამო იყო დაკავებული

დღეს, 31 ივლისს, გლდანის ციხე დატოვა სინდისის პატიმარმა, ზურაბ მენთეშაშვილმა, რომელსაც 9-თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი  საპროტესტო აქციის დროს გადაკეტილ გზაზე განმეორებით დგომისთვის, რაც, „ოცნების“ რეპრესიული რეგულაციებით, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია.

61 წლის ზურაბ მენთეშაშვილი აქციაზე გზის „ხელოვნურად“ გადაკეტვის საბაბით პირველად 24 ოქტომბერს დააკავეს ადმინისტრაციული წესით და 25 ოქტომბერს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ფოთის იზოლატორის დატოვების შემდეგ, საპროტესტო აქციაზე დაბრუნებული მოქალაქე 31 ოქტომბერს, ღამით უკვე მეორედ დააკავეს, მის მიმართ ამჯერად სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს და ჯერ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს,  29 მაისს კი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ზურაბ მენთეშაშვილის პატიმრობაში ყოფნისას გარდაიცვალა მისი და.

დღეს, 31 ივლისს, ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა. „რუსთაველზე მე ვისაც ჩავეხუტე, აი, ეს არის ჩემი ნამდვილი საქართველო“ – თქვა მენთეშაშვილმა დღეს, გლდანის ციხის დატოვების შემდეგ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ზურაბ მენთეშაშვილის საქმე სისხლის სამართლის მექანიზმების ბოროტად გამოყენების მაგალითია.

ამავე თემაზე:

„ზურა მენთეშაშვილი სინდისის პატიმარია“ — გადაკეტილ გზაზე დგომისთვის 61 წლის კაცს 9 თვე მიუსაჯეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: