მთავარი,სიახლეები •

„ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია“ – პატარაძის განცხადება თურქეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ

27.11.2026
„ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია“ – პატარაძის განცხადება თურქეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ფეისბუქზე ეხმიანება 26 ნოემბერს ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებას თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას.

პატარაძე წერს, რომ შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის, რომელთანაც განიხილა საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები.

„ელჩს განვუმარტე, რომ როგორც მატჩის დაწყებამდე, ისე მისი მიმდინარეობის დროს, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, მათ არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მათ დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა და გამოირჩეოდნენ უხამსი შეძახილებით პოლიციელთა მიმართ, რაც ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა.

ელჩს ასევე განვუმარტე, რომ მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ ისეთი შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რაც მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის და მათი მოედანზე თუ ქალაქში გაშლა გარდაუვალ პროვოკაციებს გამოიწვევდა. შესაბამისად, აღნიშნული ბანერების საჯაროდ დემონსტრირების დაუშვებლობა, პირველ რიგში, სწორედ თურქი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებით იყო ნაკარნახევი.

ელჩს განვუმარტე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა თურქი გულშემატკივრების მიმართ, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, პროპორციული ქმედებები განახორციელეს. აღნიშნული ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა. ელჩს ფაქტებზე დაყრდნობით განვუმარტე, რომ ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და სახელმწიფოს მხრიდან პროცესის სრული კონტროლი გახდა შესაძლებელი.

ამ დროისათვის, ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება“ – წერს პატარაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.