საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან რუსეთის 37 715 მოქალაქეა – ეს საქართველოში 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგია.
რამდენად რეალურია საყოველთაო აღწერის შედეგები, როცა ბოლო წლებში, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ბათუმსა და თბილისში რუსების განსაკუთრებულ სიმრავლეს ყველა ამჩნევს?
მოსახლეობის საყოველთა აღწერის მიხედვით, 2014 წელს საქართველოში რუსეთის 7620 მოქალაქე იყო. 10 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 37 710-მდე გაიზარდა. საუბარია მოქალაქეებზე, რომლებიც 1 წელზე მეტი ხნით დარჩნენ საქართველოში.
თუმცა იგივე სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური მონაცემების მიხედვით, 2014-2024 წლებში საქართველოში 6 თვეზე მეტი ხნით დაახლოებით რუსეთის 97 ათასი მოქალაქე დარჩა.
„რასაც სტატისტიკა გვეუბნება, ამას გაცილებით მეტად გრძნობენ ალბათ მოქალაქეები: რამდენად არის გაზრდილი, მაგალითად, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში. თუნდაც აჭარა რომ ავიღოთ, სტატისტიკა გვეუბნება, რომ 2014 წლიდან 2024 წლის პერიოდში დაახლოებით 3-დან 10 ათასამდე არის გაზრდილი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი. თუ ამას ვკითხავთ ბათუმში მცხოვრებ რომელიმე ადამიანს, გაცილებით დაუჯერებელი იქნება ეს ციფრი, რადგან ცხადია, რომ გაცილებით დიდ მასშტაბზეა საუბარი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მკვლევარი გოგა თუშურაშვილი.
მას ვკითხეთ, რამდენად დამაჯერებელია საყოველთაო აღწერის მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველოში ოფიციალურად მხოლოდ რუსეთის 37 415 მოქალაქე ცხოვრობს?
გოგა თუშურაშვილი ყურადღებას ამახვილებს ყოველწლიურ სტატისტიკაზე, რომელსაც სტატისტიკის სამსახური მიგრაციის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს. ანალისტიკოსმა გაანალიზა ეს მონაცემები: გამოდის, რომ ყოველწლიური სტატისტიკის მიხედვით, 2014-2024 წლებში, საქართველოში, რუსეთის 97 ათასზე მეტი მოქალაქე დარჩა.
საყოველთაო აღწერის მიხედვით კი, ეს რაოდენობა 37 ათასამდეა.
„ყოველწლიურ მიგრაციის მაჩვენებელს თუ დავაკვირდებით, ამ 10 წელში დაახლოებით 100 ათასამდე, კონკრეტულად კი, 97 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და დარჩა საქართველოში საცხოვრებლად, საყოველთაო აღწერის შედეგი კი გვეუბნება, რომ იგივე მონაცემი მხოლოდ 30 ათასით არის გაზრდილი, ანუ 7 000-დან 37 000-მდე არის გაზრდილიო.
ამხელა ცდომილება ცოტა წარმოუდგენელია. შეიძლება, ეს უკავშირდებოდეს განსხვავებულ მეთოდოლოგიას – ამასთან, ერთი არის საველე სამუშაოების მიხედვით აღწერა, მეორე წარმოადგენს საზღვრის კვეთის მონაცემებს, – თუმცა ეს მონაცემები ასე რადიკალურად განსხვავებულ ტენდენციას არ უნდა იძლეოდეს,“ – ამბობს მკვლევარი.
შესაძლოა, სტატისტიკა იყოს მორგებული „ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთას? როცა ძლიერია პროევროპული განწყობა, შესაძლოა, მთავრობას არ აწყობს იმის ჩვენება, რომ ბევრი რუსი შემოდის ქვეყანაში?
„რთულია, ამის პირდაპირ თქმა, მაგრამ ეჭვები არსებობს. წარმოუდგენელია ამხელა სხვაობა ამ ორ სხვადასხვა მონაცემს შორის ერთსა და იმავე საკითხთან დაკავშირებით.
შეიძლება, ისეთ შედეგებთან გვქონდეს საქმე, რომელიც მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში არ ჯდებოდეს.
ეჭვი ჩნდება, რომ მათ აქვთ გარკვეული პოლიტიკური მიზნები, რომ ესა თუ ის მონაცემი მათ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე იყოს დაფარული და მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ხელშესახები მონაცემები, რომლებიც უფრო მეტ და გამჭვირვალე ინფორმაციას მიაწვდის, თუ რა მდგომარეობაა იგივე მიგრაციის კუთხით, საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გადინების კუთხით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლის და აქ დასახლების თვალსაზრისით,“ – გვითხრა გოგა თუშურაშვილმა.
„შეიძლება 6-დან 1 წლამდე პერიოდში ის არის, რასაც თქვენ უყურებთ, მაგრამ 1 წელზე მეტ ხანს ბევრი არ რჩება… ექვსი თვით რომ რჩება, უფრო მეტი რუსი იქნება, ვიდრე 12 თვით დამრჩენი რუსი. ამაშია განსხვავება. ნაკლები დროით უფრო მეტი ადამიანი ჩამოდის, მეტი დროით უფრო ნაკლები ადამიანი რჩება,“ – ამბობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღამსრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი.
იგი განმარტავს, რომ სტატისტიკის ყოველწლიურ მონაცემსა და საყოველთაო აღწერას შორის მეთოდოლოგიური სხვაობაა: ყოველწლიურად ითვლიდნენ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 6 თვეზე მეტი ხნით ჩერდებოდნენ საქართველოში, მაგრამ არა ერთი წლით. საყოველთაო აღწერაში კი, მოხვდნენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც წელიწადზე მეტი დროით დარჩნენ საქართველოში.
„ჩვენ ხომ ერთი და იგივე ადამიანს არ ვაკვირდებით [ყოველწლიური სტატისტიკა]? ვიღაც 40 000 შემოვიდა, 30 000 გავიდა, მაგრამ ვინ არის, მაგ მონაცემებში არ ჩანს. აღწერაში არის ზუსტად ეს ტიპები, რომლებიც 12 თვეზე მეტ ხანს იყო საქართველოში იმ პერიოდში, როცა აღწერა ჩატარდა… აღწერას სხვა პრინციპი აქვს, აღწერას უნდა დავუჯეროთ. იმას [ყოველწლიური სტატისტიკა] არ დავუჯეროთო კი არ ვამბობ, ის არის მიმდინარე სტატისტიკა – ოპერატიული, მაგრამ ის უფრო არის ნაკადები. ეს [აღწერა] არის იმ კონკრეტულ პერიოდში აქ მყოფი მუდმივი მოსახლე.
სხვადასხვა დათვლის მეთოდოლოგიაა. 6 თვე და მეტი ხნით თუ არის შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქე, ის ითვლება იმ სტატისტიკაში [ყოველწლიური], ეს აღწერა ითვალისწინებს 12 თვით და მეტი ხნით მყოფი მოსახლეობის რაოდენობას,“ – ამბობს პაატა შავიშვილი.
გამოდის, ლოგიკურად, რუსეთის მოქალაქეებმა დატოვეს საქართველო, მაშინ, როცა ბოლო წლებია პირიქით, რუსების გაზრდილ რაოდენობას ვხედავთ ბათუმსა და თბილისში? – ვკითხეთ სტატისტიკოსს.
„ამას ვერ იტყვი, ამას მე ვერ ვამბობ… არ გამოდის ლოგიკურად ასე. სხვადასხვა წყაროს სხვადასხვა მეთოდოლოგიით ვითვლით და როგორ დაგეთანხმოთ?
ვიღაც გადის, ვიღაც – შემოდის. ექვსთვიანი ადამიანი თუ შეხვდებოდა აღმწერს, მაგალითად შვიდი თვეა აქ ცხოვრობს, ის ადამიანი აღწერის ობიექტი არ არის, დროებით მცხოვრებია ეს ადამიანი… გავიდა კიდეც შეიძლება, რა თქმა უნდა, და სხვა შემოვიდა – ეგეც შეიძლება,“ – გვითხრა პაატა შავიშვილმა.
ამ თემაზე:
მოსახლეობის აღწერის შედეგებით, საქართველოში 3 929 581 ადამიანი ცხოვრობს






