ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში 41 042 ფიზიკური პირია რეგისტრირებული, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 64 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 40 978 განაცხადი.
ბოლო ხუთ თვეში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სია 4 927-ით არის გაზრდილი. 2026 წლის დეკემბრის მონაცემებით აღნიშნულ სიაში 36 115 პირი იყო რეგისტრირებული.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 576 664 პირის შესახებ ინფორმაცია“ – წერს შემოსავლების სამსახური.
დამოკიდებულ პირთა სიაში 2025 წლის 5 მაისიდან საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანასთან ერთად, დასაშვებია ასევე საქართველოს იმ მოქალაქის მონაცემების შეტანაც, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1 მარტიდან შევიდა.
2022 წლის პირველი მარტიდან საჯარო მოხელეებს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეროვნულ ბანკში მომუშავეებსა და მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს, აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა, მათ შორის, ელექტრონულადაც, ეკრძალებათ.
თამაში ეკრძალებათ ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებსაც.



