მთავარი,სიახლეები

15 მილიონი სამ თვეში – სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბათუმის ბიუჯეტის მზარდი შემოსავლის წყაროა

27.05.2026
15 მილიონი სამ თვეში – სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბათუმის ბიუჯეტის მზარდი შემოსავლის წყაროა

ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, სათამაშო  ბიზნესის მოსაკრებლის სახით მერიამ, 3 თვეში, 15 მილიონ 342 000 ლარი ამოიღო.

მათ შორის: სათამაშო აპარატებიდან – 7 მილიონ 735 4 ათასი ლარი. წამახალისებელი გათამაშებიდან – 179 900 ლარი. სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით კი, კლუბის და სამორინეს მაგიდიდან ბიუჯეტში 7 მილიონ 426 700 ლარი შევიდა.

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბათუმის ბიუჯეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. შესაბამისად, ბიუჯეტის დაგეგმვისას ზრდის მერია პროგნოზს „სხვა შემოსავლების“ გრაფაში, რომლის ნაწილიც სწორედ ამ ბიზნესიდან მიღებული შემოსავლით იზრდება.

ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ქალაქის ბიუჯეტში ამ წელს სათამაშო ბიზნესიდან 73 მილიონ 934 ათას 100 ლარი შევიდა. ეს 5,9 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე მერიას ჰქონდა დაგეგმილი [გეგმა 68 მილიონი ლარი იყო].

სახელმწიფო ხაზინის ანგარიშის მიხედვით კი, ქვეყნის მასშტაბით სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მასშტაბით 30 მილიონ 780 328 ლარი შეადგინა.

ბოლო 11 წლის მონაცემების მიხედვით, ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობებში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კუთხით კლება მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა, 2021 წლიდან კი ციფრები ისევ მზარდია და ყოველ წელს რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღწევს.

 

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბიუჯეტში სხვა შემოსავლების ნაწილშია ასახული. პირველ კვარტალში ბათუმის ბიუჯეტის „სხვა შემოსავლების“ ნაწილში 28 მილიონ 713 900 ლარი შევიდა, პროგნოზი 25 მილიონ 750 000 ლარი იყო.

სხვა შემოსავლების წილი ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 32.5%-ია.

საერთო ჯამში, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის 3 თვის ბიუჯეტის ფაქტობრივმა შემოსულობებმა 88 მილიონ 296 500 ლარი შეადგინა.

შემოსულობებიდან 22 მილიონ 559 000 ლარი გადასახადების სახით მიღებულ შემოსავლებზე მოდის, ანუ შემოსულობების – 25.5%. 36 მილიონ 505 800 ლარი გრანტები და ფინანსური დახმარებაა. 28 მილიონ 713 000 ლარი კი არასაგადასახადო შემოსავლები.

ბათუმის ბიუჯეტში ჯარიმებიდან დაგეგმილზე ორჯერ მეტი თანხა შევიდა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: