მთავარი,სიახლეები

„მე აუცილებლად ვიქნები საპროტესტო აქციებზე“ – ხულოელი მეწარმე ქალი რუსულ კანონზე

11.04.2024 • 4066
„მე აუცილებლად ვიქნები საპროტესტო აქციებზე“ – ხულოელი მეწარმე ქალი რუსულ კანონზე

„მე აუცილებლად ვიქნები საპროტესტო აქციებზე, რადგან ერთადერთი, ვინც მე განვითარებაში მეხმარება, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავისუფალი მედიაა“ – ამბობს მაია სურმანიძე, მეწარმე ხულოს სოფელი წაბლიანიდან.

„ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის სხვა სახელწოდებით დაბრუნებას ცდილობს. ანალოგიური კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამჯერად „უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად“ მონიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა, თუმცა მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ჩააგდო.

„მეგობარი ქვეყნები, მეგობარი ქვეყნის ელჩები, საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ და გვირჩევენ, რომ ეს არის რუსული კანონი და არ უნდა მივიღოთ. ყველაფერი მარტივადაა.

მე ვფიქრობ, როგორც მოქალაქეს, ყველაზე მეტად შემეხება ეს კანონი, თუნდაც იმიტომ, რომ დამწყები მეწარმე ვარ და პოპულარიზაცია მჭირდება. თუ არ იქნება სამართლიანი მედია და არ იქნებიან ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენ, მეწარმე ქალებს გვეხმარებიან, ფაქტობრივად, ვფიქრობ, რომ ვერ განვვითარდებით და ჩვენს ხმას ვერ გაიგებს ვერც საქართველო და ვერც მსოფლიო.

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენ გვეხმარება პოპულარიზაციაში, განვითარებაში, ინფორმაციის მიწოდებაში და უამისოდ, ჩვენ ვერავინ შეგვამჩნევს და ჩვენზე ვერავინ გაიგებს.

აუცილებლად შევუერთდები საპროტესტო აქციებს. ვფიქრობ, რომ ხალხი გაბრაზებული ვართ და როგორც ერთი წლის უკან გავაწვევინეთ ეს კანონი, ახლაც იგივე უნდა გავაკეთოთ. მე ჩემს თავს ქართული საზოგადოებასთან, ჩემ ხალხთან ერთად ვხედავ.

მე აუცილებლად ვიქნები საპროტესტო აქციებზე, რადგან ერთადერთი, ვინც მე განვითარებაში მეხმარება, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავისუფალი მედიაა.

რუსული კანონი საქართველოსთვის ძალიან ცუდი არჩევანი იქნება, შეგვაფერხებს ევროპის გზაზე და შესაძლოა სანქციებიც მოჰყვეს ამ ყველაფერს. ეს არ არის ქართველი საზოგადოების არჩევანი.

მედიისგან ვიგებთ, რომ ჩვენი მეგობარი პარტნიორები გვირჩევენ, არ მივიღოთ ეს კანონი, რადგან საქართველოსთვის ძალიან ცუდი შედეგების მომტანი იქნება.

ალბათ იმიტომ დააბრუნა რუსული კანონი მმართველმა გუნდმა, რომ არჩევნებში გამარჯვება სჭირდებათ.

ვფიქრობ, ხალხი ისეა გაბრაზებული, რომ ვერანაირი კანონი ვერ შეაჩერებთ და ჩაახშობს მათ ხმას, მაგრამ ეს კანონი, მაინც დაარტყამს სიტყვის თავისუფლებას.

ხალხი უნდა გავაქტიურდეთ ორმაგად და სამმაგად, ვიდრე ერთი წლის წინ იყო და სახელმწიფოს მმართველებს, მთავრობას უკან დავახევინოთ.

ჩემი მეზობლები, ნათესავები თუ სხვები, ჩემზე უფრო მეტადაც კი გაბრაზებულები და იმედგაცრუებულები არიან. ეს კანონი არ უნდა დაბრუნებულიყო, რადგან ერთი წლის უკან პირობა დადეს, რომ არასდროს დააბრუნებდნენ ამ კანონს”, – ამბობს მაია სურმანიძე „ბათუმელებთან“ საუბრისას.

___________________

ამავე თემაზე: 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: