მთავარი,სიახლეები • • •

რას პასუხობენ ავარიულ სახლში მცხოვრებლებს 4 წელია – 2 მერის იდენტური წერილი

27.11.2026
რას პასუხობენ ავარიულ სახლში მცხოვრებლებს 4 წელია – 2 მერის იდენტური წერილი

„ვეხვეწებოდი მერიას, მოდით და შეამოწმეთ-მეთქი, არ ამოწმებდნენ – მიშენებების დაწყებიდან მალევე დაიწყო კორპუსის პრობლემები. ჯერ მიშენებების კედლები დაიბზარა, შემდეგ იატაკები დაიხარა, ორი ნაბიჯით დაშორდა კორპუსს და თანდათან უფრო გართულდა ყველაფერი“, – გვიყვება ნაზი ბეჟანიძე ბათუმში, ჯავახიშვილის #78-ში მცხოვრები, 90  ოჯახის გასაჭირზე.

ისინი ისევ ცხოვრობენ კორპუსში, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშად სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ჯერ კიდევ 2019 წელს შეაფასა.

ბათუმი, ჯავახიშვილის # 78

გასული საუკუნის მეორე ნახევარში აშენებულ კორპუსში 90 ოჯახი ბათუმის მერიისგან დახმარებას მეექვსე წელია უშედეგოდ ითხოვს. ამხანაგობის თავმჯდომარეს ხელში ორი ოფიციალური პასუხი აქვს, ერთი 2022 წლით თარიღდება და მას ყოფილი მერი არჩილ ჩიქოვანი აწერს ხელს, მეორე კი 2025 წლით და ამ შემთხვევაში ავარიული სახლის მცხოვრებთ მოქმედი მერი, გიორგი ცინცაძე პასუხობს.

წერილის შინაარსი თითქმის იდენტურია, ზოგ შემთხვევაში არამხოლოდ შინაარსი, იდენტურია აბზაცებიც. ორივე მათგანს თანდართული დოკუმენტის სახით ახლავს 2019 წელს მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ სახლი სიცოცხლისთვის საშიშია.

მას შემდეგ 7 წელზე მეტი გავიდა, მდგომარეობა გართულდა, მოსახლეობა შიშობს, რომ სახლი ვეღარ გაუძლებს და საფრთხე მოახლოებულია.

გიორგი ცინცაძის პასუხი ჯავახიშვილის ქუჩაზე #78-ში მცხოვრებ მოსახლეობას – 2025 წელი

არჩილ ჩიქოვანის პასუხი ჯავახიშვილის ქუჩაზე #78-ში მცხოვრებ მოსახლეობას – 2022 წელი

ჯავახიშვილის #78-ში არსებული ხუთსართულიანი კორპუსი გასული საუკუნის მეორე ნახევარში აუშენებიათ. წლების შემდეგ სახლს მეექვსე სართული დააშენეს, შემდეგ კი მიშენებები დაიწყეს.

„აბა ახალ კორპუსებში ბინებს ჩვენ ვერ ვყიდულობთ, ცეცხლის ფასებია, როგორ გადავიხდით“, – გაგვიბრაზდა ერთ-ერთი მცხოვრები, როცა პირად საუბრებში კორპუსის უსაფრთხოების საკითხი და მიშენებები ერთმანეთს დავუკავშირეთ.

ამხანაგობის თავმჯდომარის თქმით, მოქალაქეებს, რომლებმაც მიაშენეს, მერიის ნებართვები ჰქონდათ. ნაზი ბეჟანიძე გვიყვება იმაზეც, როგორ სთხოვდა მერიას მიშენების პროცესი ეკონტროლებინათ, თუმცა „ზედამხედველობა გვიან მოვიდა, როცა უკვე პრობლემები დაწყებული იყო.“

მერიას ჩვენც ვკითხეთ, კანონიერია თუ არა ჯავახიშვილის #78-ში არსებული მიშენებები, თუმც ამ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

როგორც ორი მერის წერილებიდან ირკვევა ასეთი ნებართვები გაცემული უნდა ყოფილიყო, რადგან არცერთ წერილში არ წერია, რომ მოქალაქეებმა თვითნებურად მიაშენეს. თუმცა წერია ის, რომ მიშენება განხორციელებულია წესების დარღვევით.

არჩილ ჩიქოვანის პასუხში აღწერილია, რა და რატომ მოხდა და რა იქნებოდა გამოსავალი, იგივე შინაარსის ინფორმაციაა გიორგი ცინცაძის წერილშიც მოცემული.

გიორგი ცინცაძის პასუხის გაგრძელება

არჩილ ჩიქოვანის პასუხის გაგრძელება

კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე 76 წლის ნაზი ბეჟანიძე აქ მცხოვრები 90 ოჯახის გადასარჩენად ძალებს არ ზოგავს. ის ამბობს ამ მცხოვრებთა მთავარ სათქმელს, მიმართავს მერიას,  ჟურნალისტებს: „სირცხვილია-მეთქი ვეუბნები მეზობლებს და მერიასაც, დავწერ განცხადებას და ახალგაზრდებმა მიხედონ საქმეს. არა ნაზი დეიდა შენ იყავიო.“

ნაზი ბეჟანიძე – ამხანაგობის თავმჯდომარე

„ჩემი ბინაც დაბზარულია, ადით და გადაიღეთ“, „ისიც გადაიღეთ, ესეც“, „არა მე წნევა მაქვს, ვერ გამოვჩნდები“, „მე არ მცალია“, „ნაზი გეტყვით ყველაფერს“ – ძირითადად ასეთია მეზობლების პასუხები. კორპუსის მდგრადობის საკითხი აწუხებთ, ეშინიათ, განიცდიან, დარდობენ, მაგრამ გამოჩენა არ სურთ, ყველას აქვს „საპატიო“ მიზეზი.

ჯავახიშვილის #78-ში მცხოვრები მოქალაქეების ბრძოლა ერთი 76 წლის ქალის ბრძოლაა, ის ყველაფერზე თანხმობას აცხადებს, ოღონდაც  მეზობლების უფლებები დაიცვას.

ადგილზე გვიყვებიან იმასაც, რომ მერიამ კორპუსის გამაგრება შესთავაზა იმ შემთხვევაში, თუ მიშენებებს მოანგრევენ, ამაზე უარს აცხადებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ამ სახლის გამაგრება ვერ მოხერხდება და თავს მშვიდად მაინც ვერ იგრძნობენ, ამიტომაც ითხოვენ მერიამ სხვა, უსაფრთხო სახლში გადაიყვანოს ისინი და აქ ახალი სახლი ააშენოს.

„მიშენებებს მოვხსნით და კორპუსს გავამაგრებთო, მაგრამ ხალხმა ფული დახარჯა, ბანკებიდან სესხები გამოიტანეს. გადაუხდის მაგას ვინმე? – მერიის ნაბართვით გააკეთეს და თუ არ შეიძლებოდა, რატომ დაამტკიცეს პროექტი. ყოველთვის ვითხოვდი, მოდით და შეამოწმეთ ყველაფერი სწორად, ხარისხიანად მიმდინარეობს თუ არა-მეთქი. არ მოვიდნენ არ შეამოწმეს. ახლა გვითხრეს – დარღვევა გაქვთო, დაგვაყადაღეს ამის გამო. ჩვენი კორპუსი დაყადაღებულია“, – გვიყვება ამხანაგობის თავმჯდომარე.

გარდა ამისა, ბათუმის მოქმედი მერი, გიორგი ცინცაძე 2025 წელს გაგზავნილ წერილში მოქალაქეებს წერს, რომ  სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანახმად კორპუსის კონსტრუქციული სქემა მოქმედ სეისმურ ნორმებთან შეუსაბამოა. 2026 წელი სრულდება და ისინი ისევ ამ კორპუსში ცხოვრობენ. მერმა მოსახლეობას ასევე მისწერა, რომ კორპუსის დაზიანების ერთ-ერთი მიზეზი მიშენებებიც არის, თუმცა შენობა კაპიტალურ გამაგრებას ექვემდებარება.

ამონარიდი მოქმედი მერის წერილიდან

საბოლოდ წინა და მოქმედმა მერმა მოქალაქეებს კორპუსის გამაგრება შესთავაზეს, რაზეც თანხმობა მოსახლეობას წერილობით, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტებით უნდა დაედასტურებინა.

გიორგი ცინცაძის შეთავაზება

თითქმის იდენტური იყო არჩილ ჩიქოვანის შეთავაზებაც

მერია აცხადებს, რომ „კორპუსის გამაგრებასთან დაკავშირებით პროგრამაში ჩართვაზე ვერ შეთანხმდა მოსახლეობა.“ ვინ იღებს პასუხისმგებლობას უკონტროლო მიშენებებზე, რაც ბათუმში ახლაც ინტენსიურად გრძელდება? – ამაზე პასუხი არ გვაქვს.

და კიდევ ერთი საკითხი, კორპუსის ერთ მხარეს პატარა სტადიონია, რომელსაც ბავშვები ვერ იყენებენ. იმის გამო, რომ აქაურობას არავინ უვლის, სტადიონი სავალალო მდგომარეობაშია.

სტადიონი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: