ბათუმში მშენებარე ხელოვნური კუნძულის პროექტში ცვლილებებია. იცვლება ხელოვნური ტერიტორიის კონფიგურაცია, ნაგებობების ურთიერთგანლაგება და დამცავი მოლოების [დამცავი ჯებირების] პარამეტრები.
მშენებელი კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ აცხადებს, რომ ახალი „საპროექტო გადაწყვეტა პროექტის ძირითად კონცეფციას ინარჩუნებს“. ანუ, „რჩება ორი ნახევარკუნძული, ცენტრალური კუნძული და სამი დამცავი მოლო“.
ხელოვნურად მოწყობილ ტერიტორიაზე [ნახევარკუნძულები, კუნძული, მოლო], გზშ-ს დოკუმენტის მიხედვით „იგეგმება სასტუმრო-საცხოვრებელი და სარეკრეაციო განაშენიანება, ხელოვნური პლაჟები და იახტების ნავმისადგომი.
განახლებული პროექტით ხელოვნური ტერიტორიის ნაწილები იზრდება და შემდეგი ფართობისაა: დასავლეთი ნახევარკუნძული – 43.4 ჰექტარი, აღმოსავლეთი ნახევარკუნძული – 40.6 ჰექტარი, ცენტრალური კუნძული – 30.7 ჰექტარი და ოფშორული მოლო – 19.0 ჰექტარი.

მშენებარე კუნძული ახალი, შეცვლილი ფორმით/კონფიგურაციით. ფოტოზე წვრილი ლურჯი ხაზებით აღნიშნულია კუნძულის, ნახევარკუნძულებისა და მოლოს ძველი ფორმები | წყარო: გზშ-ს ახალი ანგარიში
„ცვლილება ახალი განზრახვა არ არის – ის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და გზშ-ის პროცესში წამოჭრილი საკითხების შესრულების შედეგია“ – აცხადებს „ამბასადორი“.
ცვლილებები შედის ექსპლუატაციის პირობებშიც. შესაბამისად, კომპანიამ „ბათუმში, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში“ [ანუ, გზშ-ს ახალი ანგარიში] გარემოს ეროვნულ სააგენტოს უკვე წარუდგინა.
დაინტერესებული პირების მხრიდან პროექტში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნების წარდგენის ვადად კი, გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალზე 2026 წლის 23 დეკემბერია მითითებული.

ხელოვნური კუნძული, ნახევარკუნძულები და დამცავი მოლო ძველი და ახალი კონფიგურაციით
„ჯერ კიდევ [თავდაპირველი] გზშ-ის ეტაპზე მთავარი გარემოსდაცვითი კითხვა იყო შიდა აკვატორიის – კუნძულსა და ნახევარკუნძულებს შორის მოქცეული წყლის ხარისხი: თავდაპირველი პროექტით კუნძულსა და ნახევარკუნძულებს შორის მხოლოდ 20 მეტრი სიგანის ღიობები იყო გათვალისწინებული, ხოლო წყლის განახლების უზრუნველსაყოფად – სატუმბი და წყლის მოძრაობის დამაჩქარებელი დანადგარები.
ჰიდროდინამიკურმა მოდელირებამ აჩვენა, რომ ვიწრო ღიობების პირობებში შიდა აკვატორიის ნაწილი სუსტი ცირკულაციის ზონად რჩებოდა, სადაც მდინარეებით შემოტანილი დაბინძურება დაგროვდებოდა.
საანგარიშო დასაბუთებისა და საპროექტო კომპანიების [Yüksel Proje, ARTELIA] კვლევების შედეგად დადგინდა, რომ წყლის ხარისხის პრობლემა ტექნიკური დანადგარების ნაცვლად თავად განლაგებით უნდა გადაიჭრას: ღიობები 20 მ-დან 100 მ-მდე უნდა გაფართოვდეს, ოფშორული მოლო [ტალღებისგან დამცავი ნაგებობა] კი ზღვისკენ უნდა გადაიწიოს და გაგრძელდეს, რათა გაფართოებული აკვატორია ტალღებისგან იყოს დაცული.
ამავდროულად, ფართო ღიობები მდინარე კუბასწყლის წყალდიდობის თავისუფალ გატარებას უზრუნველყოფს, ხოლო დამცავი მოლოების დაბალი და ფართო პროფილი ტალღის ენერგიას არეკვლის ნაცვლად შთანთქავს და ქალაქიდან ზღვის ხედს ნაკლებად ფარავს. დადგენილია, რომ 100 მეტრიანი ღიობები წყალდიდობას დატბორვის გარეშე ატარებს“ – წერია ახალი გზშ-ს ანგარიშში.
საპროექტო აკვატორიაში ჩაედინება მდინარეები ბარცხანა [ტერიტორიის მიმდებარედ] და კუბასწყალი; ასევე, კიდევ ერთი უსახელო ხევი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ექსპლუატაციის პირობების ცვლილება საქმიანობის სახეს არ ცვლის და თვისობრივად ახალ ზემოქმედებას არ ქმნის, მაგრამ ზრდის უკვე შეფასებული ზემოქმედების სივრცით მასშტაბსა და ხანგრძლივობას“.
ანუ, ზღვის ფსკერის მუდმივად დაკავებული ფართობი 108.19 ჰექტარიდან იზრდება 133.79 ჰექტარამდე. ქვა, ხრეში და სხვა შემავსებელი მასალა კი 3.52 მილიონი კუბური მეტრის ნაცვლად საჭირო იქნება 6,97 მილიონი კუბური მეტრი.
დამცავი მოლო 630 მეტრის ნაცვლად იქნება 1 196 მეტრი და მისი ფართობი 4,93-დან 19 ჰექტრამდე გაიზრდება. ამასთან, აღნიშნული დამცავი ნაგებობა ნაპირიდან ზღვის მიმართულებით 250 მეტრით გადაიწევს იმ ადგილიდან, ვიდრე აქამდე იყო დაგეგმილი.
მშენებლობა კი 2031 წლამდე გრძელდება [55 თვე].
„ყველაზე ხანგრძლივი ეტაპი ოფშორული მოლოს მშენებლობა იქნება [36 თვე]. საზღვაო ჩაყრის ძირითადი მოცულობები აპრილიდან ოქტომბრამდე იგეგმება; ნოემბრიდან მარტამდე სამუშაოები ამინდის ფანჯრების მიხედვით, შემცირებული ინტენსივობით მიმდინარეობს და შტორმული გაფრთხილებისას დროებით ჩერდება.“ – წერია დოკუმენტში.
პროექტში შეტანილი ძირითადი ცვლილებები [გზშ-ს არატექნიკური რეზიუმედან]:

„ხელოვნური კუნძულის“ განახლებული პროექტის მიხედვით „იახტების ნავმისადგომი 108 ადგილზე იქნება გათვლილი, 20-40 მეტრი სიგრძის იახტებისთვის. მისი აკვატორია ოფშორული მოლოთი არის დაცული, ხოლო შესასვლელები ისეა განლაგებული, რომ შტორმისას ტალღის სიმაღლე ნავმისადგომში 0.40 მეტრს არ აღემატება.
ვიწრო, 3 მეტრი სიგანის პლაჟის ზოლის ნაცვლად იქმნება ორი ხელოვნური პლაჟი – 0.83 და 0.81 კმ სიგრძის, 70-75 მ-მდე სიგანის – რომლებიც მოლოებით ტალღებისგან დაცულ უბნებშია განთავსებული.“
ამასთან, „მუშათა საცხოვრებელი, ბეტონის საწარმო და XBloc+ ელემენტების წარმოების ხაზი საპროექტო ტერიტორიის გარეთ, ქალაქის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზეა გატანილი. მზა ელემენტები სამშენებლო ფრონტზე ავტოტრანსპორტით მიეწოდება.
საპროექტო ტერიტორიაზე სანიტარული ჩამდინარე წყლები სეპტიკებში გროვდება და ლიცენზირებული ოპერატორის მიერ გაიტანება; ზღვაში ან მდინარეებში ჩაშვება არ ხდება.
ტექნიკის გასამართად საწვავის სტაციონარული რეზერვუარების ნაცვლად კი 15 000 ლიტრის ტევადობის მობილური გასამართი სადგური გამოიყენება მყარსაფარიან, შემოზღუდულ უბანზე“.
კომპანიის ინფორმაციით, გზშ-ს ახალ ანგარიშში განახლებულია:
„ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმა, რომელიც ბანაკის ახალ განლაგებას, საზღვაო სამშენებლო ტექნიკას და ოფშორული მოლოს ღია ზღვისკენ გადაწევას ითვალისწინებს და 2023 წლის გზშ-ის შესაბამის გეგმას ანაცვლებს.
გეგმა 11 შესაძლო ავარიულ სიტუაციას განიხილავს: ნავთობპროდუქტების დაღვრა ზღვაში და ხმელეთზე, შტორმი და ექსტრემალური ტალღები, მდ. კუბასწყლის წყალდიდობა და ინტენსიური ნალექი, მცურავი საშუალების ავარია, ამწისა და ტექნიკის ავარია, ხანძარი, მიწისძვრა, დაბინძურებული ნალექის შლეიფი ფსკერდაღრმავებისას, უბედური შემთხვევა წყალზე და ქიმიკატების დაღვრა.
ყველაზე მაღალი რისკი ზღვაში ნავთობპროდუქტების დაღვრას, შტორმით დაუმთავრებელი ნაგებობისა და მცურავი საშუალებების დაზიანებას და წყალზე უბედურ შემთხვევას უკავშირდება. თითოეული სიტუაციისთვის განსაზღვრულია პრევენციული ღონისძიებები.
ცვლილება ზემოქმედების თვისობრივად ახალ ტიპს არ ქმნის; მისი ძირითადი უარყოფითი შედეგი ზღვის ფსკერის რბილი ჰაბიტატის დამატებითი დაკარგვაა, რომელიც საშუალო მნიშვნელობის ნარჩენ ზემოქმედებად ფასდება და საკომპენსაციო ღონისძიებებს საჭიროებს.
დანარჩენი კომპონენტებისთვის ნარჩენი ზემოქმედება შემოთავაზებული შემარბილებელი ღონისძიებებისა და განახლებული მონიტორინგის პირობებში ძირითადად დაბალი და საშუალო მნიშვნელობისაა, ხოლო წყლის მიმოცვლის, წყალდიდობის გატარებისა და ვიზუალური ლანდშაფტის თვალსაზრისით ცვლილება დადებითია.“
შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ გზშ-ის ახალ ანგარიშთან/თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე:
- ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150, 0112
- eia@mepa.gov.ge [შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გაგზავნისას მიუთითეთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს].






