მთავარი,სიახლეები • •

თურქული მედიის ცნობით, ტურისტული კომპანიები აუქმებენ ტურებს საქართველოში

27.11.2026
თურქული მედიის ცნობით, ტურისტული კომპანიები აუქმებენ ტურებს საქართველოში

არაერთი თურქული ვებ-გამოცემა წერს, რომ თურქული ტურ-ოპერატორები აუქმებენ დაგეგმილ ტურებს საქართველოში.

თურქული მედიის ცნობით, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია საფეხბურთო სტადიონზე ქართული პოლიციის ძალადობის კადრებმა კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებზე.

გამოცემა gazeteipekyol.com წერს, რომ ქალაქ შანლიურფაში ტურისტულმა კომპანიებმა გადაწყვიტეს საქართველოში ტურების შეჩერება.

გამოცემა წერს, რომ თურქეთის მოქალაქეების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, ბევრმა ტურისტულმა კომპანიამ საქართველოში ტურების შეჩერების შესახებ განაცხადა და ბოიკოტს შანლიურფაში მოქმედი ტურისტული კომპანიებიც შეუერთდნენ. 

კიდევ ერთი ვებ-გამოცემა, turkiyegazetesi წერს, რომ რიზეში ბევრმა კომპანიამ გადაწყვიტა საქართველოში ტურების გაუქმება და ბოიკოტი. ამავე გამოცემის ცნობით, რიზეს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ასევე გადაწყვიტა, რომ არ მიიღოს მონაწილეობა 4-6 დეკემბერს აჭარაში დაგეგმილ სავაჭრო გამოფენაში. სავარაუდოდ, საუბარია სავაჭრო გამოფენაზე – Batumi Build 2026, რომლის ორგანიზატორია „ექსპო ბათუმი“ და რომელიც სწორედ ამ დღეებშია ბათუმში დაგეგმილი.

გამოცემა ციტირებს რიზეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს, აჰმეტ არიფ მეტეს, რომლის თქმითაც, პალატამ გადაწყვიტა არ მიიღონ მონაწილეობა გამოფენაში და ასევე თქვა, რომ ესაუბრნენ ტურისტულ კომპანიებს, რომელთაც პროტესტის ნიშნად საქართველოში დაგეგმილი მრავალი ტური გააუქმეს და ეს ტენდენცია გაგრძელდება.

„აჭარაში ჩვენი მაყურებლების წინააღმდეგ პოლიციის ჩარევის გამო, დღეს დილით, საბჭოს გადაწყვეტილებით, გადავწყვიტეთ, რომ არ დავსწრებოდით შეხვედრას. ასევე ვესაუბრეთ სხვა ტურისტულ სააგენტოებს, რომლებიც აჭარაში მიდიოდნენ. მათ ასევე განაცხადეს, რომ გააუქმებენ თავიანთ ბევრ მოგზაურობას“ – განაცხადა მან. 

„რეაქციები იზრდება, საქართველოს ტურები გაუქმებულია“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას კიდევ ერთი თურქული გამოცემა, duzcepusula.com. გამოცემა წერს, რომ ტურისტულმა კომპანიებმა განაცხადეს ტურების გაუქმების შესახებ, რადგან ქართული პოლიციის მიერ ტრიბუნაზე „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა მიუღებელია. 

ამავე დროს, HOPA TV თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შეხვდნენ ახალი წლის ღამეს საქართველოში პროტესტის ნიშნად.

„მოდით, ჩვენი მოქალაქეების მიმართ უპატივცემულობაზე ჩვენი რეაქცია დემოკრატიული და ეკონომიკური არჩევანით გამოვავლინოთ. …ეს მოწოდება არავის მიმართ მტრული განწყობა არ არის; ეს ჩვენი მოქალაქეების პატივისცემის მომხრე პოზიციაა“ – წერს HOPA TV ფეისბუქზე.

  • რა ხდება?

26 ნოემბერს ბათუმში საფეხბურთო კლუბების „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის. გავრცელდა კადრები, ერთის მხრივ როგორ ძალადობს პოლიცია გულშემატკივრებზე და მეორეს მხრივ – გულშემატკივრები პოლიციაზე.

შსს-ს ცნობით, გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად 4 პოლიციელი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 ნოემბერსვე 16 პირი დააკავა.

დაპირისპირების ამსახველი კადრების გავრცელებას მოჰყვა განცხადებები თურქი პოლიტიკოსების მხრიდან, მათ შორის, განცხადება გაავრცელა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, ნუმან კურთულმუშმა. მან თქვა, რომ თურქეთი დაიცავს თავისი მოქალაქეების ინტერესებს და „ძალადობით პასუხის გაცემა შეუთავსებელია სპორტის უნივერსალურ ღირებულებებთან და წარმოადგენს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების აშკარა დარღვევას“.

დღეს, 27 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები გაათავისუფლეს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: