მთავარი,სიახლეები

„რუსები დრონებით ცდილობენ დროშა დაარჭონ სადღაც, რომ თითქოს რაღაც აიღეს“ – ინტერვიუ

06.08.2026
„რუსები დრონებით ცდილობენ დროშა დაარჭონ სადღაც, რომ თითქოს რაღაც აიღეს“ – ინტერვიუ

„საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პუტინსაც აქვს უკვე შიშები და უნდობლობა თავისი გარემოცვის მიმართ. მაგალითად, 500-დან 800 კაცამდე გაზარდა პუტინის პირადი დაცვა… პუტინს უკვე ბლოგერები ეძახიან „ბუნკერის ბაბუს“,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. მას რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო ცნობებზე ვესაუბრეთ.

სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, მაგრამ რუსეთი ისევ სარაკეტო დარტყმებით ცდილობს უკრაინაზე ზემოქმედებას.

იმის მიუხედავად, რომ პუტინის მიმართ უკმაყოფილება რუსეთში იზრდება, გადამდგარი გენერლის აზრით, პუტინის გზა მაინც ომის გაგრძელებაა და დიდი ალბათობით, ის „ზამთრის კამპანიისთვისაც“ ემზადება.

„ისევ არის აქცენტი კონსტანტინოვკას და პოკროვსკის მიმართულებაზე. ეს მაინც რჩება ძირითად მიმართულებად, თუმცა რუსები უკვე დრონებით ცდილობენ დროშა დაარჭონ სადღაც და მოახსენონ, რომ რაღაც აღებული აქვთ. სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, დრონით როგორ ჩამოგდეს რუსებმა დროშა და მეორე დრონით უკვე უკრაინელები აფეთქებენ ამ დროშას,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე პოლიტიკური პარტიის – „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერია.

  • ბატონო ვახტანგ, კიევსა და კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური შეტევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 44 დაშავდაზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა, რომ დააჩქარონ უკრაინისთვის ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდება. რას აჩვენებს ეს შემთხვევა?

ფაქტია, რომ უკრაინამ ვერ შეძლო ამ ბალისტიკური რაკეტების გაუვნებელყოფა. ეს კომბინირებული შეტევა იყო, დრონები გაანეიტრალეს, მაგრამ ბალისტიკური რაკეტები – ვერა. ეს აჩვენებს იმას, რომ „პატრიოტის“ რაკეტების დეფიციტი აქვს უკრაინას.

  • საუბარია რაკეტებზე, რომლის წარმოებაზეც ტრამპმა ზელენსკის ამ ეტაპზე თანხმობა არ მისცა

ლიცენზია რომ მისცეს, ამას შესაბამისი წარმოება სჭირდება. უკრაინას ახლა სჭირდება ეს რაკეტები. ლიცენზია რომც მისცენ უკრაინას, ვიდრე წარმოებას დაიწყებენ, დრო გადის.

ტრამპი ამბობს, რომ სამჯერ გაიზარდა ამ რაკეტების წარმოება, მაგრამ ეს ყველაფერი დროა. ევროპამ უნდა იყიდოს და გადასცეს უკრაინას.

  • გამოდის, უახლოეს პერსპექტივაში კიდევ უფრო რთულ ვითარებაშია უკრაინა

ფაქტობრივად, რაკეტსაწინააღმდეგო დაცვა უკრაინელებს არ გააჩნიათ. ჰაერსაწინააღმდეგო დაცვას ახერხებენ – ფრთოსანი რაკეტების, დრონების წინააღმდეგ ბრძოლას ახერხებენ, მაგრამ აი, ბალისტიკა ძალიან უჭირთ – ყველაზე ეფექტური საშუალება ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ მაინც „პატრიოტია“.

ევროპის ქვეყნებს გააჩნიათ ეს რაკეტები საწყობებში, მაგრამ არსებობს თავდაცვისუნარიანობის მინიმალური, დასაშვები დონე, რაც სჭირდებათ მათ. არავინ დარჩება დაუცველი და ყოველთვის გათვლილი ექნებათ ის, რომ რაღაც მნიშვნელოვანი საშუალება ჰქონდეთ რუსეთის შესაძლო შეტევის საწინააღმდეგოდ.

  • რას უკავშირდება ტრამპის ეს მიდგომა, როცა ის უკრაინას უჭერს მხარს? ხომ არ უკავშირდება ეს გადაწყვეტილება ირანთან ომს

ვერ გეტყვით. ტრამპი ერთ დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს – მეორეს…

ტრამპის გამონათქვამებს ალბათ თავი უნდა გავანებოთ და ქმედებას ვუყუროთ. ქმედება არის ის, რომ ჯერჯერობით, რეალურად, ამ ჭოჭმანის პერიოდში ხალხი იღუპება.

  • ამ რეალობის პარალელურად, უკრაინა წარმატებით განაგრძობს დარტყმებს რუსეთში, მაგალითად, გუშინ აფეთქებები იყო რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში, უფას სამრეწველო ზონაში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ბოლო 40 დღის განმავლობაში მტრის ზურგში დაარტყეს 100-ზე მეტ სტრატეგიულ ობიექტს, მათ შორის, 14 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ეს რა სახის წარმატებაა უკრაინისთვის?

უკრაინა განაგრძობს მეთოდურად ამ საქმეს. არსებობს Front Strike, ანუ უშუალოდ ფრონტის ხაზზე მოქმედი დრონები, არის Middle Strike, სადაც ძირითადად გამოყენებულია „ბაბა იაგა“ და ამერიკული „ჰორნეტი“, რომელიც ძალიან ეფექტურია. Deep Strike-ის ზონაში განსაკუთრებით ეფექტურია უკრაინული ფრთოსანი რაკეტები, იგივე „ფლამინგო“, ან დრონებით შეტევები.

ბოლო სამი თუ ოთხი დღის განმავლობაში ყირიმში 13 ენერგოკვანძი გაანადგურეს უკრაინელებმა „მადიარის ჩიტების“ საშუალებით.

ამას ემატება „ვაილდბერიზის“ საწყობებზე დარტყმები, რაც განსაკუთრებულად მტკივნეულია რუსებისთვის. 26 საწყობიდან 17 განადგურებულია უკვე. ყაზახეთში ეძებენ ახლა ტერიტორიას, რომ გადაიტანონ საწყობები.

„ვაილდბერიზის“ საწყობები მეტალოპლასტმასის შენობებია, სადაც ინახება ასევე ადვილად აალებადი საშუალებები, სხვადასხვა ტიპის ტვირთი. იქ როცა ჩნდება ხანძარი, მისი ჩაქრობის შანსი მინიმალურია.

ვინაიდან ეს არის ფორსმაჟორი, რაც არ უნდა დაზღვეული ჰქონდეს კომპანიას ეს ნივთები, მას არაფერი არ აუნაზღაურდება – ფორსმაჟორშია. ეს ზარალი საკმაოდ მტკივნეული რუსი ბიზნესმენებისთვის, მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ კომერციაში არიან ჩართულნი.

მაგალითად, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები აისახებოდა ბენზინის დეფიციტზე, ეს კი, უშუალოდ მოსახლეობის ქონებაზე აისახება. ამდენად, ეს საკმაოდ მტკივნეულია მოსახლეობისთვის.

ბოლო გამოკითხვით, პუტინის ნდობა აქვს მხოლოდ 26%-ს, რაც ორნახევარჯერ ნაკლებია, ვიდრე მას ჰქონდა 2022 წელს – ომის დაწყების დროს. ასევე, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ფედერაციის დანახარჯებმა მიაღწია 746 მილიარდ აშშ დოლარს. ამ თანხით რუსეთს შეეძლო 28 წელი ჯანდაცვა შეენახა, 30 წელი – განათლების სისტემა.

  • უკრაინელების მიზნობრივი დარტყმები რუსეთში არის იმ მასშტაბის, რომ ეს აიძულებს რუსეთს, ცეცხლი შეწყვიტოს

დარტყმები, რა თქმა უნდა, არის ზემოქმედება, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი. ჩემი აზრით, აუცილებელია პოლიტიკური ზეწოლა შეერთებული შტატებიდან.

რუბიომ განაცხადა, რომ უახლოეს კვირეებში აშშ განაგრძობს მოლაპარაკებების დაწყების ვარიანტების განხილვას. ამის პარალელურად ამერიკის შეერთებული შტატები ამკაცრებს სანქციებს. ბლუმენთალის და გრემის [ამერიკელი სენატორები] პაკეტმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ევროპული სანქციების გააქტიურება.

მე მაინც ვთვლი, რომ შედეგის მიღწევის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ ჩინეთს ჩართავდნენ ამ მოლაპარაკებაში – ამერიკისა და ჩინეთის ზეწოლა ერთობლივად ნამდვილად შედეგის მომტანი იქნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ჩინეთს აწყობს აქ არსებული ვითარება, თუმცა, მიუხედავად იმისა, აცხადებს, რომ ომის წინააღმდეგია და ომში არ ერევა.

ჩინეთს არც გამარჯვებული რუსეთი უნდა და არც საბოლოოდ დამარცხებული.

  • უშუალოდ ფრონტის ხაზზე რა ხდება, რა ცვლილებებია?

ცვლილება არ არის. ისევ არის აქცენტი კონსტანტინოვკას და პოკროვსკის მიმართულებაზე. ეს მაინც რჩება ძირითად მიმართულებად, თუმცა რუსები უკვე დრონებით ცდილობენ, დროშა დაარჭონ სადღაც და მოახსენონ, რომ რაღაც აღებული აქვთ. სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, დრონით როგორ ჩამოგდეს რუსებმა დროშა და მეორე დრონით უკვე უკრაინელები აფეთქებენ ამ დროშას.

რამდენიმე მეტრით სადღაც წინ მიდიან რუსები, შემდეგ უკრაინელები მიდიან წინ რამდენიმე მეტრით. მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის.

უკრაინა ცდილობს, იზოლირება განახორციელოს არა მარტო ყირიმის ნახევარკუნძულის, არამედ მთელი სამხრეთ უკრაინის, ზაპოროჟიე-ხერსონის ჩათვლით. წარმოიდგინეთ, რომ ყოველი სამი სატვირთო მანქანიდან, რომელიც მომარაგებისთვის მიდის ყირიმისკენ, დანიშნულების ადგილს აღწევს მხოლოდ ერთი. დანარჩენს უკრაინელები ანადგურებენ გზაში.

მოდის შემოდგომა. ორ თვეში ალბათ წვიმების სეზონი დაიწყება – ე.წ. „რასპუტიცა“. ამ დროს მიწის გრუნტი იქნება მძიმე და ტექნიკის გავლა კიდევ უფრო გართულდება. ადამიანების გავლაც გართულდება. სავარაუდოდ ოპერატიული პაუზა შეიქმნება ამ პერიოდში, მაგრამ ეს არ გამორიცხავს საჰაერო დარტყმებს და ბალისტიკური იარაღის გამოყენებას.

არის მონაცემები, რომ ჩრდილოეთ კორეამ მიაწოდა ბალისტიკური რაკეტები რუსეთს. არის საუბარი ასევე იმაზე, რომ აპირებენ 30 000-მდე „მოხალისე“ ჩრდილოეთ კორეადან გააგზავნონ რუსეთში.

21 სექტემბერს დუმის არჩევნებია და უკრაინელები ფიქრობენ, რომ რუსეთში შეიძლება მიიღონ კანონი მობილიზაციის გაფართოებაზე, ან საომარი მდგომარეობის შემოღებაზე. საომარი მდგომარეობის შემოღება საშუალებას მისცემს პუტინს გაამკაცროს ზედამხედველობა, როგორც მოსახლეობაზე, ასევე ეკონომიკაზე. რუსეთი მაინც აგრძელებს მზადებას ომისთვის – ზამთრის კამპანიისთვის უფრო ალბათ.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა ყველაფერს აკეთებს პარტნიორებთან ერთად, რომ ზამთრამდე აიძულონ რუსები, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. როგორ გამოვა ეს, სხვა თემაა.

  • ამის რესურსი რუსეთს აქვს შემორჩენილი, რომ ახალი კამპანია დაიწყოს ზამთრის კამპანიის სახით და უკრაინაშ ახალი მიმართულებებით გააქტიურდეს?

ახალ მიმართულებაზე ეჭვი მეპარება. რუსეთი უკვე მერამდენეჯერ იწყებს ახალ კამპანიას? ამ დროს ისევ კონსტანტინოვკასა და პოკროვსკზე ვლაპარაკობთ, ხომ?

ლუკაშენკომ დაიწყო ახალი საჰაერო-სადესანტო ბრიგადის ფორმირება უკრაინის საზღვართან. უკვე ფაქტობრივად ოფიცერთა შემადგენლობა შერჩეულია. არ ვიცი, ეს რამდენად იქნება დაკავშირებული ახალი მიმართულების გაჩენასთან. ყოველ შემთხვევაში უკრაინელების მხრიდან გარკვეულ ყურადღებას მოითხოვს აღნიშნული ვითარება.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პუტინსაც აქვს უკვე გაზრდილი შიშები და უნდობლობა თავისი გარემოცვის მიმართ. მაგალითად, 500-დან 800 კაცამდე გაზარდა პუტინის პირადი დაცვა. საერთოდ არ ჩნდება. მინიმუმამდეა დაყვანილი მისი ვიზიტები, გამოსვლები, ხალხთან შეხვედრები. პუტინს უკვე ბლოგერები ეძახიან „ბუნკერის ბაბუს“, ვინაიდან ძირითადად თავისი გაძლიერებული დაცვის პირობებშია.

გელენჯიკში რომ ჩამოვარდა ის დრონი პლაჟზე, შვიდი რუსი დამსვენებელი დაიღუპა. მოფრინავს დრონი და ხდება მისი მიმართულებით ცეცხლის გახსნა. არ არის გამორიცხული, რომ იქ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებიც მოქმედებდა და ეს ნიშანდობლივია იმდენად, რამდენადაც გელენჯიკში მდებარეობს პუტინის რეზიდენცია. დიდი ალბათობით ეს დრონი მიფრინავდა ამ რეზიდენციისკენ, ოღონდ რეზიდენციასთან არ ჩამოვარდნილიყო და ჩამოაგდეს პლაჟის თავზე. ამან გამოიწვია ხალხის დაღუპვა.

  • ეს მოლოდინი არსებობს, რომ შეიძლება რაღაც გააქტიურდეს პუტინის წინააღმდეგ

მოსახლეობის მასობრივი გამოსვლების არ მჯერა ჯერჯერობით ამ ეტაპზე, თუმცა ყველაფერი მოსალოდნელია. თუკი მოხდება აქტიურად ჯარის დაბრუნება ფრონტის ხაზიდან – ეს დიდი სოციალური დაძაბულობის მატარებელი მოვლენა იქნება.

ვფიქრობ, უფრო შესაძლებელია ის, რომ შიდა გადატრიალების მსგავსი რაღაც მოხდეს უკმაყოფილო, მაღალი წრიდან. იქ ყველა ბიზნესმენია, გენერალიც ბიზნესმენია თავისი საქმით. ყველას ჰყავს შვილი, ოჯახი, მიჩვეული არიან დასვენებას, მაგალითად, იტალიაში, კომოს ტბაზე, ახლა ფულს კარგავს, შეიძლება იახტებიც დაკარგოს და დასასვენებელი სახლებიც… ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია.

ვითარება არ არის სახარბიელო არც რუსეთისთვის. ამას მოსკოვში აფეთქებაც მოწმობს ჩაიკოს წინააღმდეგ [მოსკოვში, რესტორან „ბალზი როსში“ 1 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულებს შორისაა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე ჩაიკოს სიძე, დანიილ პერედრიი – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „აგენსტვო“ ავრცელებს.], ეს მოწმობს, რომ შურისძიების აქტები სამხედრო დამნაშავებზე გრძელდება.

ომამდე რუსეთში ცხოვრობდა 900 ათასამდე ეროვნებით უკრაინელი. რუსი ეწერათ პასპორტში, მაგრამ უკრაინელები იყვნენ. ომის დაწყების შემდეგ კი, 2-დან 3 მილიონამდე გაიზარდა ეთნიკური უკრაინელების რაოდენობა რუსეთში. ეს ძალიან კარგ ბაზას უქმნის უკრაინის დაზვერვას მოქმედებისთვის. ამიტომაც, რუსეთში არ იქნება სიმშვიდე!

არც იმის პირი ჩანს, რომ გაუმჯობესების, ან გარდატეხის შესაძლებლობა უჩანდეს რუსეთს. ეს ყველაფერი: კორეის დახმარება იქნება, თუ მობილიზაცია – ეს ყველაფერი იქნება მიმართული იმისკენ, რათა სტატუს-კვო შეინარჩუნონ და არა, ვთქვათ, რაღაც გარდატეხა შექმნან. პუტინს უნდა, რაღაცნაირად გაამართლონ ამდენი სისხლი და ამდენი დანაკარგი. დონბასის აღება უნდა პუტინს.

უკრაინელებიც ცდილობენ რაღაც საშუალებები გამოძებნონ ევროპელებთან ერთად. ბრიტანელებთან მიღწეულია შეთანხმება ანტიბალისტიკური სისტემების ერთობლივ შემუშავება-წარმოებაზე. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება გერმანელებთან. ბელგოროდში ორი დღის წინ დრონებით დაწვეს უკრაინელებმა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. სწორედ ამ უნივერსიტეტში ხდებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის დრონების შემუშავება, გამოცდა და ოპერატორების მომზადება.

  • რამდენად ძლიერდება სამხედრო მრეწველობა უკრაინაში? „ბლუმბერგიწერდა, რომ 50 000 საბრძოლო რობოტი უნდა აწარმოოს უკრაინამ წელს. რა შეინიშნება თქვენი დაკვირვებით?

დრონებზე მუშაობენ უკრაინელები წარმატებით. რომ გითხრათ, რომ სახმელეთო რობოტების წარმოებას რაღაც დიდი შედეგი გააჩნია, ალბათ ძალიან ოპტიმისტური იქნება ამის თქმა.

მაგალითად, მიაღწიეს იმას, რომ Firepoint თვეში უშვებს 80-მდე „ფლამინგოს“ და ამბობენ, რომ კიდევ უნდა გაზარდონ მისი წარმოება. სახმელეთო რობოტების გამოყენებაზე მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ასე მარტივი არ არის გამოყენება, მას საკმაოდ ბევრი ნიუანსი აქვს. იგივე დაჭრილის ევაკუაციისთვის და საბრძოლო მასალის ან სურსათის მიწოდებისთვის გამოიყენება უკრაინელების მხრიდან.

აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საბრძოლო ველს ან ისეთ ტერიტორიას, სადაც გამოიყენება სახმელეთო რობოტები. ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, ნანგრევებსა და ტყეში მისი გამოყენება შეზღუდულია. თეორიაც არის შექმნილი – რობოტიზებული და არარობოტიზებული დანაყოფების ურთიერთქმედების კონცეფცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ვთქვათ, ერთდროულად იქნება გამოყენებული ადამიანი და რობოტი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: