მთავარი,სიახლეები

საჯარო მოხელე ბენზინგასამართის მშენებლობაზე დაწერილი FB პოსტის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

06.08.2026
საჯარო მოხელე ბენზინგასამართის მშენებლობაზე დაწერილი FB პოსტის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

ცნობილი იუმორისტი, დავით როსტომაშვილი თერჯოლაში ბენზინგასამართ სადგურს აშენებს.

მშენებლობას, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, დასახლებულ უბანში მიმდინარეობს, აქ მცხოვრები მოსახლეობა აპროტესტებს.

მათ შორისაა სამი მცირეწლოვანი შვილის დედა ეკა მაკარიძე, რომელიც, მისი თქმით, თერჯოლის მერიიდან ფეისბუქზე გამოქვეყნებული საპროტესტო შინაარსის პოსტების გამო გაათავისუფლეს.

მოსახლეობის პროტესტი თერჯოლაში

ეკა მაკარიძე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ასისტენტად მუშაობდა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში.

14 ივლისს ის ჩვეულებრივ წავიდა სამსახურში, თუმცა იქ მისულს სამსახურის უფროსმა უთხრა, რომ მასთან ხელშეკრულება ამოიწურა და ახალს აღარ გაუფორმებდნენ.

„თერჯოლის მერთან, მანუჩარ რობაქიძესთან მივედი იმავე დღეს. ვკითხე, ბატონო მანუჩარ, ახლახანს მითხრეს, რომ აღარ მიგრძელებენ ხელშეკრულებას და მიზეზი მაინტერესებს-მეთქი.

„რა ვიცი, უამრავია მიზეზიო“ – მითხრა. მაინც რა არის მეთქი, ჩავეკითხე. „მაინც მერიის ასე არასათანადო ტერმინოლოგიით მოხსენიება შენს პოსტებში ქალბატონო ეკაო“ მითხრა,“ – უყვება „ბათუმელებს“ ეკა მაკარიძე მასსა და თერჯოლის მერს, მანუჩარ რობაქიძეს შორის გამართული დიალოგის შესახებ.

ეკა მაკარიძის თქმით, მან სთხოვა თერჯოლის მერს, დაეკონკრეტებინა კონკრეტულად რომელ პოსტებს გულისხმობდა და რომელ პოსტში მოიხსენია თერჯოლის მერია.

„გადახედეთ თქვენს პოსტებს, მერია ასე… კორუმპირებულიო, თერჯოლაში მოიკითხეთო, წერდით“ – მითხრა თერჯოლის მერმა.

მე მას ვთხოვე ეჩვენებინა თუნდაც ერთი პოსტი, სადაც თერჯოლის მერიას კორუმპირებულად მოვიხსენიებდი. შემდეგ დასაზუსტებლად ვკითხე, ეს გახდა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი მეთქი და მერმა დამიდასტურა, რომ ნამდვილად ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო გამათავისუფლა.

იქვე ვუთხარი, რომ პროექტი, რომელსაც ჩემს მეზობლებთან ერთად ვაპროტესტებდი და რომლის გამოც სამსახურიდან მიშვებდა, უამრავ დარღვევას შეიცავდა.

მანუჩარ რობაქიძემ მითხრა – „დარღვევა რა არის და რა არ არის მაგას სამსახურები შეისწავლიან, შეუცდომელი არავინ არ არისო,“ – იხსენებს ეკა მაკარიძე მასსა და თერჯოლის მერს, მანუჩარ რობაქიძეს შორის გამართულ დიალოგს.

ეკა მაკარიძის თქმით, ბენზინგასამართი სადგური თერჯოლის ცენტრში კანონდარღვევით შენდება, მოსახლეობას საფრთხეს უქმნის და ამაზე გაჩუმებას სამსახურის დაკარგვის მიუხედავად, არ აპირებს.

თერჯოლის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური „ბათუმელებთან“ უარყოფს საჯარო მოხელის ფეისბუქპოსტის გამო გათავისუფლებას.

„ხელშეკრულება დაუმთავრდა და გათავისუფლდა სამსახურიდან. ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა“, – გვითხრეს თერჯოლის მერიაში.

ეკა მაკარიძის თქმით, თერჯოლის მერიის მიერ მისი გათავისუფლების მიზეზად ხელშეკრულების ვადის ამოწურვა არის ტყუილი, ამიტომ ის საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას სასამართლოში აპირებს.

„დემოკრატიულ სახელმწიფოში საჯარო მოხელის ერთგულება არ შეიძლება განისაზღვროს კონკრეტული ხელისუფლებისადმი ლოიალობით, რაც ზუსტად სახეზე გვაქვს ამ შემთხვევაში. საჯარო მოხელის ერთგულება ეკუთვნის კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას და რაც ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანია, ეკუთვნის საქართველოს მოსახლეობას, ადამიანებს და საჯარო მოხელე ზუსტადაც ემსახურება ხალხს და არა ხელისუფლებას. ალბათ აი ეს არის ამოსავალი წერტილი ამ შემთხვევისთვისაც,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში მარიამ ფარქოსაძე, „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის – კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ თავმჯდომარე.

მარიამ ფარქოსაძის თქმით, სხვადასხვა საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების გამო საჯარო მოხელეების დევნა ამ ქვეყანაში 2024 წლის დეკემბერის შემდეგ შეუქცევადად გრძელდება.

ის იხსენებს იმ შეთხვევებს, როდესაც ათეულობით საჯარო მოხელე რეორგანიზაციის საბაბით გაათავისუფლეს სამსახურებიდან. რეალურად კი მათი გათავისუფლება ქვეყნის ევროპული კურსისათვის მხარდაჭერის გამო მოხდა.

ახლა კი საჯარო მოხელეების დევნა გაგრძელდა საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას გამოც.

ეკა მაკარიძის შემთხვევას სწორედ საზოგადოებრივი ინტერესის ჭრილში განიხილავს საჯარო მოხელეთა დაცვის დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე.

„ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც მას არ შეხებოდა, თუნდაც მისი სახლის წინ არ დაწყებულიყო მშენებლობა, ყოფილიყო გვერდითა სოფელში ან რაიონში ან ქალაქში, ნებისმიერ შემთხვევაში თუ საჯარო მოხელე იცავდა საზოგადოებრივ ინტერესებს და ამ შემთხვევაში ეკა ცდილობდა დაეცვა საზოგადოებრივი ინტერესი, მას ამის გამოხატვის უფლება, პოზიციის დაფიქსირების უფლება, აზრის გამოხატვის უფლება, რა თქმა უნდა ჰქონდა და სრულიად კანონიერი იყო მისი ქმედება,“ – ამბობს მარიამ ფარქოსაძე.

მისი თქმით, აქამდე ზოგადად ქვეყნის ევროინტეგრაციაზე გამოხატული პოსტის თუ აზრის თუ აქციაზე დგომის გამო ათავისუფლებდნენ სამსახურიდან, დღეს უშუალოდ საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის გამო ათავისუფლებენ.

  • ვინ და როგორ აშენებს ბენზინგასამართ სადგურს თერჯოლაში

რუსთაველის ქუჩა 77, იქ სადაც ბენზინგასამართი სადგური შენდება, ქალაქ თერჯოლის ცენტრალური ქუჩაა. ქუჩის გადაღმა მდინარე ჩხარა ჩამოედინება.

„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებმა ჩვენმა მეზობელმა დაახლოებით 800 კვადრატი მიწა გაყიდა. ეს მიწა იყიდა წარმოშობით აქაურმა, მაგრამ ახლა რუსეთში მცხოვრებმა კობა მორალიშვილმა და გადააფორმა ნათია მორალიშვილის სახელზე. მალევე ეს მიწა ნათია მორალიშვილმა გადააფორმა იუმორისტ დავით როსტომაშვილის სახელზე.

2024 წელს დავით როსტომაშვილმა თერჯოლის მერიაში შეიტანა პროექტი ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის მოთხოვნით.

როდესაც მერიაში პროექტი შევიდა, დაგვიბარეს აქ მცხოვრები მოსახლეობა და გვკითხეს – ვიყავით თუ არა თანახმა ჩვენი საცხოვრებელი სახლების წინ და გვერდით აშენებულიყო ბენზინგასამართი სადგური.

აბსოლუტურად ყველა აქ მოსახლე წავედით წინააღმდეგი. ისედაც, 4 ონკოლოგიური პაციენტი გვყავს უბანში,“ – ამბობს ეკა მაკარიძე „ბათუმელებთან“.

საპროტესტო აქცია თერჯოლაში

მისივე თქმით, მოსახლეობის წინააღმდეგობის შემდეგ თერჯოლის მერიამ, 2025 წლის მარტში პროექტის ავტორებს ნებართვის მიცემაზე უთხრა უარი.

ნაკვეთის მფლობელმა და ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის მსურველმა დავით როსტომაშვილმა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში შეიტანა სარჩელი და უჩივლა თერჯოლის მერიას მშენებლობის ნებართვის არ გაცემის გამო.

სასამართლომ როსტომაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და თერჯოლის მერიას დაავალა გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მიეცა დავით როსტომაშვილისათვის ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის უფლება.

გადაწყვეტილება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარიამ ოზიაშვილმა მიიღო.

„სასამართლო პროცესზე მშენებლობის არმიცემის უფლების მიზეზად დაასახელეს მხოლოდ მოსახლეობის წინააღმდეგობა, მაშინ როდესაც პროექტში იყო ძალიან ბევრი დარღვევა.

მაგალითად, პროექტში არ იყო საყრდენი კედლები მითითებული, რომელიც უნდა აშენებულიყო აუცილებლად. პროექტს აუცილებლად ესაჭიროებოდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, იმიტომ, რომ ნაკვეთის უკან პირდაპირ მდინარე ჩამოედინება.

მესმის, რომ ჩვენდა საუბედუროდ, დღეს საქართველოში ძალიან გამარტივებულია ბენზინგასამართი სადგურების მშენებლობა, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობის ადგილს მდინარე ესაზღვრება.

უცნაურია, რომ სასამართლო მოიგეს მაშინ, როდესაც დოკუმენტს და პროექტს არ ჰქონდა საგზაო დეპარტამენტის თანხმობა, არ ჰქონდა გარემოს დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი თანხმობები,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ეკა მაკარიძე.

რუსთაველის 77-ში ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა უკვე დაიწყო

მას შემდეგ რაც დავით როსტომაშვილმა სასამართლო მოიგო, მოსახლეობამ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელა, მიმართეს საგზაო დეპარტამენტს, თერჯოლის მერიას, თუმცა კომპანიამ მშენებლობის ნებართვა მიიღო და სამუშაოები დაიწყო კიდეც 2026 წლის მაისში.

სწორედ მშენებლობის დაწყებას მოჰყვა თერჯოლაში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტი.

„ამ ქუჩაზე, ჩვენს სახლებთა ახლოს უკვე არის ერთი ბენზინგასამართი. დაახლოებით 40 წლის წინაა აშენებული და ფუნქციონირებს. მაშინ მოსახლეობას არავინ არაფერი ჰკითხა. თან ვაკე რელიეფზე დგას.

ახალი ბენზინგასამართი, რომელიც ჩვენი სახლების წინ შენდება, დამრეც ადგილზე დაგეგმეს. უზარმაზარი ბეტონის კედლის ჩამოსხმა დასჭირდათ, რომ მდინარე ჩხარასთან გამყოფი კედელი გაჩენილიყო. ამბობენ, რომ ეს კედელი გზამდე ქვიშა-ხრეშით უნდა ამოავსონ და ეს დამრეცი ფერდი გაავაკონ.

მჭიდროდ დასახლებულ უბანში, მე-4 კატეგორიის ობიექტის (საშიშ კლასს მიეკუთვნება) მშენებლობა, მდინარის პირას თხრილების გათხრა და იქ ბენზინით სავსე ავზების ჩაწყობა ნორმალურია?

არცერთი შესაბამისი დოკუმენტი წესრიგში არ აქვთ, მაგრამ მშენებლობა მაინც დაიწყეს. უფრო მეტიც, საკანალიზაციო არხი გადის სამშენებლო ტერიტორიაზე, არც ეს გაითვალისწინეს. მოსახლეობა ვითხოვთ მშენებლობის შეჩერებას, მაგრამ არავინ გვისმენს.

ჩემი ფეისბუქპოსტების და პროტესტის გამო სამი მცირეწლოვანი შვილის დედა უსამსახუროდ დამტოვეს.

ამის მიუხედავად მე ბრძოლას გავაგრძელებ, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი ჩვენი კანონიერი უფლებების დასაცავადაა.

პირადად მე კი ჩემს დარღვეულ უფლებებს სასამართლოში დავიცავ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ეკა მაკარიძემ.

თერჯოლის მერიაში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ “ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვა გაცემულია სამართლებრივად ყველანაირ ჩარჩოში”.

„ბათუმელები“ კომენტრისთვის ცდილობს დაუკავშირდეს დავით როსტომაშვილსაც. კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. გამოცემა თემაზე მუშაობას აგრძელებს.

________________

ფოტოზე: კოლაჟი – აქცია თერჯოლაში, თერჯოლის მერი, მანუჩარ რობაქიძე და ეკა მაკარიძე. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: