მთავარი,სიახლეები

თბილისი-ბათუმის მატარებლის სამგზავრო დრო 4 საათამდე შევამცირეთ – რკინიგზა

06.08.2026
თბილისი-ბათუმის მატარებლის სამგზავრო დრო 4 საათამდე შევამცირეთ – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე სამგზავრო დრო 4 საათამდე შეამცირა.

რკინიგზის ცნობით, მგზავრობის დროის შემცირება შესაძლებელი გახდა საქართველოს რკინიგზაზე ინფრასტრუქტურის გაჯანსაღებით, სიჩქარეების მატებითა და ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი შემადგენლობებისთვის გარკვეული შეზღუდვების მოხსნით.

„საქართველოს რკინიგზამ აღნიშნულ მონაკვეთზე ლიანდაგის რეაბილიტაცია ჩაატარა.

ამასთან, სარკინიგზო ხაზის გასწვრივ, წინასწარ იდენტიფიცირებულ ადგილებში დამონტაჟდა დამცავი ღობეები. სამგზავრო დროის შემცირებას ხელი შეუწყო უღელტეხილის მონაკვეთზე მოდერნიზაციის პროექტის დასრულებამაც.

ინფრასტრუქტურის გაჯანსაღების პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამგზავრო სადგურებსაც. კერძოდ, უკვე დასრულდა ურეკის, ხაშურის, ზესტაფონის სადგურების რეაბილიტაცია. ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთის, ფოთისა და სამტრედიის სადგურებში. იგეგმება ლანჩხუთის, ნატანების, ოზურგეთის, ხობის, გორის და ქუთაისის სადგურების რეაბილიტაცია. აგვისტოს ბოლოს დაიწყება ზესტაფონში ბაქნის სარემონტო სამუშაოებიც“ – წერს რკინიგზა.

ასევე, რკინიგზის ცნობით, ამჟამად ხუთი მატარებლის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს და დაწყებულია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცედურები. მოძრავი შემადგენლობების განახლებისთანავე, საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ახალ რეისებსა და მიმართულებებს ჰპირდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: