მთავარი,სიახლეები

კუნძულისთვის 145 810 მ³ ქვას „ამბასადორი“ ქობულეთში ულიცენზიოდ მოიპოვებს – ახალი განკარგულება

19.05.2026
კუნძულისთვის 145 810 მ³ ქვას „ამბასადორი“ ქობულეთში ულიცენზიოდ მოიპოვებს – ახალი განკარგულება

ხელოვნური კუნძულის მოწყობის მიზნით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქობულეთის სოფელ ხალასთან ულიცენზიოდ დამატებით  კუბურ მეტრ წიაღისეულს მოიპოვებს. 1 კუბურ მეტრ წიაღისეულში კი, „ამბასადორი“ დაახლოებით 25 თეთრს გადაიხდის.

„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 12 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 145 810 კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეული [ანდეზიტები, ბაზალტები და ტუფობრექჩიები] ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ხალას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე“ – წერია მთავრობის 2026 წლის 13 მაისის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

სოფელ ხალასთან ასობით ათას კუბურ მეტრ სასარგებლო წიაღისეულს „ამბასადორი“ ულიცენზიოდ აქამდეც მოიპოვებდა.

კარიერის ადგილი სოფელ ხალასთან სადაც ხელოვნური კუნძულისთვის კლდეს შლიან

მთავრობის განკარგულებაში ტრადიციულად აღნიშნულია, რომ ლიცენზიისაგან გათავისუფლებული „ამბასადორი“ ვალდებულია:

  • უზრუნველყოს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შესაბამისი წერილებით განსაზღვრული პირობების შესრულება;
  • მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობისთვის;
  • ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის კი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს 35 502 ლარი.

კარიერის ადგილი სოფელ ხალასთან სადაც ხელოვნური კუნძულისთვის კლდეს შლიან

„ამბასადორის“ მიერ, ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე, წიაღით სარგებლობის პირობების შესრულების ზედამხედველობა უნდა განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

კომპანიამ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში კი, სააგენტოსა და დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

ამ თემაზე: 41 ჰექტარი ტერიტორია ხელოვნური კუნძულისთვის – რა დარღვევებზე წერს გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

ხელოვნური კუნძულისთვის „ამბასადორი“ ულიცენზიოდ ინერტულ მასალას [ქვიშა-ხრეშს] მდინარე ჭოროხის კალაპოტიდანაც მოიპოვებს.

სპეციალისტების მტკიცებით, ჭოროხიდან ხრეშის ამოღება მშენებლობისთვის დაუშვებელია და ეს მასალა სრულად ბათუმის ნაპირგამაგრებას უნდა მოხმარდეს, რასაც ხელისუფლება წლებია არ ითვალისწინებს.

ბათუმის სანაპირო ზოლის დასაცავად და პლაჟის ხელოვნური კვებისთვის, ყოველწლიურად მინიმუმ 120 000 კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა აუცილებელი. ამ მიზნით ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი უკვე დაიხარჯა და მომავალშიც დაიხარჯება.

სახელმწიფო სტრუქტურებში აღიარებენ, რომ ბათუმის სანაპიროს ზღვისგან დასაცავად ახალი სტრატეგიაა შესამუშავებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფა გარდაუვალია, თუმცა ამ სტრატეგიაზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა.

ვრცლად: 7,7 მილიონი ბათუმისა და ქობულეთის პლაჟების დროებით შესანარჩუნებლად – დაუცველი სანაპირო

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბათუმში ბეტონის ქარხანასაც აშენებს, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. თავდაპირველი გეგმით, ქარხანა ხელოვნურ ნახევარკუნძულზე უნდა განთავსებულიყო, თუმცა კომპანიამ გადაწყვეტილება შეცვალა.

ამ თემაზე ვრცლად:

ხელოვნური კუნძულისთვის ბეტონის ქარხნის საკითხის განხილვა შეწყდა – რას სთხოვენ „ამბასადორს“

 

მთავარი ფოტო: მშენებარე ხელოვნური ნახევარკუნძულები ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან / აპრილი, 2026 წელი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: