ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირის ერთ ნაწილში [მეგობრობის ქუჩის კვეთიდან ლესელიძის ქუჩის კვეთის ჩათვლით] სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით მოეწყობა წრიული, გზაგამყოფი ზოლი, გამწვანება, განათება, დაამონტაჟებენ შუქნიშანს და სხვა.
გზის დაახლოებით 250 მეტრი სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციაში ქობულეთის მერია 691 ათას 949 ლარს გადაიხდის. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „ლეგიონთან“ არის გაფორმებული.
ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირის N86‐ის მიმდებარედ გზის გამყოფისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ტენდერი კი მუნიციპალიტეტს 704 ათას 350 ლარით ქონდა გამოცხადებული.

ქობულეთი, გზაგამყოფის მოწყობის სამუშაოები აღმაშენებლის გამზირზე / 6.11.2026
ხელშეკრულება ქობულეთის მერიასა და „ლეგიონს“ შორის 2026 წლის 30 სექტემბერს დაიდო.
შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ „სამუშაოების დაწყებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანხმობა მიღებული იქნა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს.“
ტენდერის პირობის მიხედვით სამუშაოები სრულად 90 დღის ვადაში უნდა დასრულდეს.

პროექტის რენდერისა და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით ახალმოწყობილი წრიულის შუაში საათი დამონტაჟდება.
წრიულსა და გზაგამყოფ ზოლში კი სხვადასხვა მცენარეები დაირგვება. მათ შორის ტუია [130 ძირი], ფოტინია [15] და პალმა „ვაშინგტონი“ [ 57 ძირი].

ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა / მარცხნივ – რენდერები პროექტიდან, მარცხნივ – წითელი ხაზით აღნიშნულია გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი
„გზაგამყოფის მოწყობა აღმაშენებლის გამზირის სხვა ადგილზე არ იგეგმება, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. აღნიშნულ მონაკვეთზე გზა არის ყველაზე ფართო და მაგიტომ გადაწყდა გზაგამყოფის გაკეთება.“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ქობულეთის მერიის პრესსამსახურში.






