მთავარი,სიახლეები

პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა

17.07.2018
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარუდგინა.

პრეზიდენტმა არჩევანი თორნიკე რიჟვაძეს [უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის კანდიდატი] და არმაზ ახვლედიანს [ოპოზიციის კანდიდატი] შორის გააკეთა. გიორგი მარგველაშვილს შეეძლო უმაღლესი საბჭოსთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატიც წარედგინა განსახილველად, ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მცირე ჯგუფის მიერ იყო დასახელებული გოჩა გუგუნავას კანდიდატურაც.

გავიაზრეთ რა ორივე კანდიდატურის პოზიცია და წარმომდგენი ძალების პოზიცია, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ბატონ თორნიკე რიჟვაძეს წარმოადგენს პარტია, რომელიც უმრავლესობას ფლობს აჭარის უმაღლეს საბჭოში, მის წარდგენას გააჩნია თავისი ლოგიკა და მე ავარჩიე ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობილია, რომ თორნიკე რიჟვაძეს უმაღლეს საბჭოში მხარს უჭერს „ქართული ოცნება“, რაც უკვე საკმარისია იმისათვის, რომ უმაღლესმა საბჭომ რიჟვაძის კანდიდატურა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცოს. უმაღლეს საბჭოში უმრავლესობას სწორედ „ქართული ოცნება“ წარმოადგენს.

თორნიკე რიჟვაძე 29 წლისაა. იგი პროფესიით იურისტია და აქვს განათლება ენერგეტიკის მიმართულებითაც. 2017  წლიდან ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძე „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი იყო.

უკვე ცნობილია, რომ თორნიკე რიჟვაძის მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცების შემდეგ აჭარაში ორი მინისტრი შეიცვლება. თანამდებობას დატოვებს რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. ამ თანამდებობაზე რიჟვაძე ჯაბა ფუტკარაძეს მოიაზრებს და ასევე, პოსტს დატოვებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ მესხიძე, ამ სამინისტროს რიჟვაძის მთავრობაში ტიტე აროშიძე უხელმძღვანელებს.

მინისტრის პოსტებს შეინარჩუნებენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მიქელაძე და განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი – ინგა შამილიშვილი.

აჭარის ახალი მთავრობის შემადგენლობას მხარს უჭერს აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა, ამის შესახებ უმაღლესმა საბჭომ განცხადება 16 ივლისს გაავრცელა.  

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგაა ვაკანტური, რაც მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ ტოვებდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს. პატარაძე ამ თანამდებობაზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.  მთავრობის თავმჯდომარის გადადგომა ავტომატურად მთავრობის გადადგომას გულისხმობს, ამიტომ ზურაბ პატარაძის მთავრობის წევრი ყოფილი მინისტრები, დღეს მოვალეობის შემსრულებლები არიან. ამ დრომდე მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს ზურაბ პატარაძეც, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრად მოიაზრებოდა.

მთავარ ფოტოზე: თორნიკე რიჟვაძე 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: