მთავარი,სიახლეები

რატომ აფარებენ „დიფსთეიტთან“ მებრძოლები თავს „დიფსთეიტს“ – რა მოუვიდა რიჟვაძეს

26.11.2025 •
რატომ აფარებენ „დიფსთეიტთან“ მებრძოლები თავს „დიფსთეიტს“ – რა მოუვიდა რიჟვაძეს

„იგლ ჰილსის“ პროექტი ხორციელდება ქართული კანონმდებლობის ქვეშ, საქართველოში. თუ წარმოიშვა დავა ორ მხარეს შორის – საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია „იგლ ჰილსს“ შორის, ამ შემთხვევაში მოქმედებს ბრიტანული სამართალი. კონკრეტულად ციურიხის არბიტრაჟის მიერ განიხილება შესაძლო ნებისმიერი დავა. ეს არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით“, – თქვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას 26 ნოემბერს.

ირაკლი კობახიძე, ერთი მხრივ, დასავლეთს მტრად მიიჩნევს, დიფსთეიტს ებრძვის, მეორე მხრივ კი, როდესაც ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე საუბრობს, ამბობს, რომ ყველა შესაძლო სადავო საკითხი დასავლეთში გადაწყდება.

ბოლო პერიოდში გვაქვს მაგალითები, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები თანამდებობაზე ყოფნის დროს აგინებენ დასავლეთს, ევროკავშირს, განსაკუთრებით ერჩიან ევროკავშირის წევრ ქვეყანას – გერმანიას, თუმცა როცა მათ ცხოვრებაში კრიზისი დგება და ქვეყნიდან წასვლა უწევთ სხვადასხვა მიზეზით – თავშესაფრისთვის, მკურნალობისთვის, სწავლისთვის, მაინც დასავლეთის ქვეყნებს ირჩევენ.

„ბათუმელები“ ორ პოლიტიკოსს ესაუბრა აჭარაში – აზა გაბუნიას, პარტია „თავისუფლების მოედნის“ რეგიონულ ხელმძღვანელს და თემურ გორგაძეს – „გირჩი – მეტი თავისუფლების“ რეგიონულ ხელმძღვანელსა და პოლიტსაბჭოს წევრს და მათ ჰკითხა:

როგორ ხდება, რომ დიფსთეიტთან მებრძოლები თავის გადასარჩენად „დიფსთეიტს“ აფარებენ თავს?

„სანამ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები არიან თანამდებობებზე და სჭირდებათ ამომრჩევლის მობილიზება, მათი რიტორიკა არის მტრების ძებნა და „დიფსთეიტზე“ საუბარი, რომელიც მათი მტკიცებით არის ევროპაში, დასავლეთში…

ამით ისინი, ერთი მხრივ, აზიანებენ ქვეყნის ევროპულ მომავალს, ქმნიან მტრის ხატს, აზიანებენ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ურთიერთობებს ევროპასთან.

მაგრამ, მეორე მხრივ, რა ხდება რეალურად? – როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სისტემა ზურგს აქცევს, ან როდესაც პირად უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე და ამის ნათელი მაგალითი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა, ისინი თავს აფარებენ ზუსტად იმ ქვეყნებს, იმ ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებსაც მანამდე „დიფსთეიტს“ უწოდებდნენ.

ისინი გარბიან გერმანიაში, როგორც გაიქცა თორნიკე რიჟვაძე და არა აღმოსავლეთში, რომელსაც მოიაზრებენ თავიანთ პარტნიორებად“, – ამბობს აზა გაბუნია.

ის ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანთა ქცევა არის პოლიტიკური ცინიზმი.

„აქ ჩანს სწორედ ის, რომ მათი ანტიევროპული რიტორიკა იყო მხოლოდ ფარისევლობა, ძალაუფლების შენარჩუნების იარაღი, რუსეთის დაკვეთა და არა რეალური რწმენა, რომ ნამდვილად ევროპა არის „დიფსთეიტი“ ან იქ ვინმე ჩვენი მტერია.

ასევე ჩანს კანონის და სისტემის უნდობლობა კრიზისის მომენტში. ისევ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მაგალითი რომ ავიღოთ, სად წავიდა როდესაც პირადად მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიები დადგა საფრთხის ქვეშ? ვის ენდო?

თორნიკე რიჟვაძე არ ენდო იმ სისტემას, რომელიც თვითონ შექმნა და მთელი შვიდი წელი კვება „ქართული ოცნების“ რიტორიკა. იგი თავის ამომრჩეველს უმტკიცებდა, რომ „დიფსთეიტი“ და ევროპა არის მტერი, რომ ისინი გვებრძვიან და ჩვენი სუვერენიტეტის გაქრობა უნდათ, ქართველობის წართმევა უნდათ. დაეხმარა „ქართულ ოცნებას“ ამ სისტემის შენებაში… მაგრამ რომ გაუჭირდა, სად წავიდა? წავიდა ევროპაში. რატომ? – იმიტომ, რომ გადასარევად იცის, ევროპაში არის სამართლის და კანონის უზენაესობა და უსაფრთხოების მაღალი ხარისხი,“- ამბობს აზა გაბუნია.

აზა გაბუნია ამბობს, რომ „ოცნების“ წარმომადგენლები მოქმედებენ ორმაგი სტანდარტით. ევროპა საკმარისად კარგია მათთვის, მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, მათი ოჯახებისთვის, განათლების მიღებისთვის, თავშესაფრისთვის… მაგრამ არ არის საკმარისად კარგი ქართველი ხალხისთვის.

„რა არის ეს? ეს არის „ქართული ოცნების“ მმართველობის სახე: ორმაგი თამაში და საკუთარი რიტორიკის ღალატი, როცა პირადი ინტერესების და უსაფრთხოება დგება დღის წესრიგში. აი, ამის ილუსტრაციას ახდენს „ქართული ოცნება“ ყოველთვის, ყველა ჯერზე, როცა მათი მაღალჩინოსნები, სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი ადამიანები ტოვებენ საქართველოს, ერთი-მეორეს მიყოლებით.

ეს ლუსტრაციაა იმისა, თუ როგორ იქცევიან „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები, სინამდვილეში რას ფიქრობენ და რას აჯერებენ თავიანთ ამომრჩეველს. თავიანთ ამომრჩეველს აჯერებენ იმას, რომ ევროპა არის ჩვენი მტერი… ევროპაში ზის „დიფსთეიტი“, ევროპა არ გვჭირდება და გვჭირდება სუვერენიტეტი. სინამდვილეში, სუვერენიტეტი ნიშნავს იმას, როდესაც ხარ ძლიერი, როდესაც გყავს ევროპული პარტნიორები, გაქვს უსაფრთხოების სტანდარტები ქვეყანაში და გაქვს კანონის უზენაესობა,“ – ამბობს აზა გაბუნია.

აზა გაბუნია ფოტო: ედო მჟავანაძე

თემურ გორგაძე, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ რეგიონული ხელმძღვანელი ამბობს, რომ დიქტატურას სჭირდება მტრის სახე და ხატი.

„დიქტატურას ახასიათებს, სჭირდება, რომ ადამიანები რაღაცის გავლენის ქვეშ მოაქციოს, დარაზმოს, ამას სჭირდება საერთო მტრის არსებობა. ახლა გააჩინეს ეს „დიფსთეიტი“. როგორც მათ მესიჯბოქსში ჩანს, მარტო დასავლეთი არ არის, რაღაც ან ვიღაცა არის, რომელიც დასავლეთსაც მართავს, აღმოსავლეთსაც, დედამიწასაც, პლანეტასაც, ოღონდ აი, კობახიძეს ვერ ერევა მარტო.

ვინც დასავლეთში გაიქცა, ვინც მომავალში გაიქცევა „ქართული ოცნებიდან“, ყველამ იცის, რომ არანაირი „დიფსთეიტი“ არ არსებობს, ყველამ იცის, რომ დასავლეთი კარგია. უბრალოდ დიქტატურის დასამყარებლად და შემდეგ შესანარჩუნებლად სჭირდებათ საერთო მტრის ხატი.

რიჟვაძემ ან სხვებმა განა არ იცოდნენ, დასავლეთი რომ კარგია? მაგრამ მაშინ ისე სჭირდებოდათ, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ეს მესიჯბოქსი იყო დასალაგებელი და ასე დაალაგეს.

ეს ის ხალხია, ვინც დასავლეთში მიიღო განათლება, დასავლეთში გააჩინეს შვილები, რომ იქაური მოქალაქეობა ჰქონდეთ, დასავლეთში აქვთ ბიზნესები ან ბიზნესპარტნიორებს ეძებენ დასავლეთში.

რისი თქმა მინდა – ყველამ იცის, რომ დასავლეთი კარგია. ჯანდაცვა, განათლება და უსაფრთხოება რომ გვერდით გადავდოთ, ლამის მანიკიურზე იქ დადიან. ამ ხალხისთვის სარგებლის მიღება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამშობლო,“ – ამბობს თემურ გორგაძე.

თემურ გორგაძე ფოტო: ედო მჟავანაძე

რა შეიძლება ისწავლოს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა ყოფილი მაღალჩინოსნების თავსდატრიალებული ამბებით? 

აზა გაბუნია ამბობს, რომ ეს მარტივი მაგალითებია საქართველოს მოქალაქეებისთვის:

„ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ამომრჩევლის გულის მოსაგებად ამბობს „ოცნება“, რომ დასავლეთი მტერია, მაგრამ, როგორც კი კრიზისი უდგება, მირბის ევროპაში.

ეს უნდა იყოს „ოცნების“ ამომრჩევლისთვის და, ზოგადად, მოქალაქეებისთვის, მაგალითი. უნდა მიხვდნენ, რომ მთელი ეს დრო ატყუებდა „ოცნება“. ტყუილზე აშენებდა „ქართული ოცნება“ თავის რეჟიმს, თავის სისტემას.

უნდა დაუსვას „ოცნებას“ კითხვა ამომრჩეველმა – თუ დასავლეთი, ევროპა, ამერიკა მტერია, მაშინ რატომ გარბიხართ დასავლეთში, როდესაც გიჭირთ? რატომ სწავლობენ თქვენი შვილები ევროპაში? რატომ მიდიხართ და რატომ აჩენთ შვილებს ევროპის ქვეყნებში? რატომ მიდიხართ სამკურნალოდ, მაგალითად, ევროპის ქვეყნებში და რატომ არ რჩებით საქართველოში? რატომ უკრძალავთ ქართველ ხალხს, რომ ევროპული სიკეთეები მიიღონ და ევროპულ გზაზე იარონ?

ჩვენთვის ნათელია ამ კითხვებზე პასუხი – იმიტომ, რომ ევროპაში არის კარგი განათლება, კარგი ჯანდაცვა და უსაფრთხოება“, –  ამბობს აზა გაბუნია.

თემურ გორგაძის თქმით, კი „ქართულ ოცნებას“ აღარ ჰყავს კლასიკური გაგებით ამომრჩეველი – ანუ ხალხი, ვინც გააზრებულად, საარჩევნო პროგრამაზე დაყრდნობით აძლევს ხმას პარტიას.

„ჩემი გადმოსახედიდან ამომრჩეველი არის ის ადამიანი, ვისაც მოსწონს კონკრეტული პარტიის ხედვა ან ხედვების დიდი ნაწილი, პროგრამა და ამის მიხედვით აძლევს ხმას. მე არ ვიცი არც ერთი ქოცი, რომელმაც იცის რა ხედვა აქვს რომელიმე კონკრეტულ საკითხზე „ქართულ ოცნებას“.

ამიტომ, ჩემი ტერმინოლოგიით, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველი არ ჰყავს – მე ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, ვინც იმიტომ მისცა „ქართულ ოცნებას“ ხმა, რომ მოსწონდა მისი განათლების რეფორმა, ეკონომიკური ხედვა ან საერთოდ რამე პროგრამა.

„ქართული ოცნება“ დგას სამ ძირითად საყრდენზე: პროპაგანდაზე, სადაც უნდა ვაღიაროთ, რომ გვიგებენ. მეორე საყრდენი არის სოფლებში არსებული აქტივი, რომლის მხარდაჭერა დგას სარგებელზე: ზოგი აგიტატორია, ზოგი კოორდინატორი, მიბმული ჰყავს. მესამე საყრდენია ძალადობა, შიში.

ხალხის ერთი ნაწილი გამოთაყვანებულია და სჯერა, „ქართული ოცნება“ რომ არა „კაცებს გაათხოვებენ“. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს ხალხი რამე დასკვნას გამოიტანს ყოფილი მაღალჩინოსნების მაგალითებით. როგორც კი უწყებ საუბარს, ისეა პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული, ავტომატურად ავი ხარ, არ გენდობა. „ოცნების“ პროპაგანდა, სამწუხაროდ, ძალიან კარგად მუშაობს,“ – ამბობს თემურ გორგაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: