დღეს, 30 მარტს, „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა.
დავით გაბაიძე აჭარის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ახლობელია. ამიტომ, ბრიფინგზე ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, მისი თანამდებობიდან გადადგომა რამდენად უკავშირდება რიჟვაძის ფაქტორს.
„ციხეში არა მაგრამ, რიჟვაძის ყველა საახლობლო სახლშია, ამას როგორ შეაფასებთ?“- ჰკითხეს ბრიფინგზე დავით გაბაიძეს.
„ამ საახლობლოში ალბათ მეც მგულისხმობთ, მაგრამ ჯერ სახლში არ ვარ და მეორეც, ჩემი გადაწყვეტილება არ იყო ამ ფაქტორებით გამოწვეული, რაც აქ იქნა მოყვანილი და ეს ნამდვილად არის ჩემი სუბიექტური ნება“- თქვა დავით გაბაიძემ.
მას ასევე კითხვები დაუსვეს თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რიჟვაძე გასულ წელს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი შეიყვანეს კლინიკაში. მას შემდეგ კი, მისი ჯანრთელობის მდგომარეობის შესახებ ან მის დაჭრასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს ოფიციალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის არ მიუწოდებიათ.
დავით გაბაიძე ამბობს, რომ რიჟვაძე უკეთესადაა, თუმცა არ აზუსტებს, სად იმყოფება ამჟამად, რომელ ქვეყანაში.
„ჩემი ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე არის ჯანმრთელად, თუმცა ის გარკვეულ რეაბილიტაციის კურსებს გადის. კონკრეტულად ვერ გეტყვით რომელ ქვეყანაშია, მე მის მეუღლესთან მაქვს სატელეფონო კონტაქტი და ვეკითხები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას“ – თქვა დავით გაბაიძემ.
რაც შეეხება გამოძიებას, დავით გაბაიძე ამბობს, რომ თუკი რიჟვაძესთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე უკმაყოფილება აქვს, ის თავად დააფიქსირებდა ამ პოზიციას.
„გამოძიებაც თავის გზას ნახავს, ბატონი თორნიკეც თავის გზას ნახავს“ – თქვა გაბაიძემ.
________________
ამ თემაზე:
დარჩენილ ცხოვრებას სინანულში გაატარებს, მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა – მურმან დუმბაძე






