კვირის ამბები

პრიორტეტების კომისია და მთავრობის მუშაობის კონტროლი

20.04.2015 • 1652
პრიორტეტების კომისია და მთავრობის მუშაობის კონტროლი

 

ფოტო რამაზ ბოლქვაძის ფესიბუქ გვერდიდან
ფოტო რამაზ ბოლქვაძის ფესიბუქ გვერდიდან

2014-2015 წლებში რა სამუშაო შეასრულეთ და რა ანალიზი დადო კომისიამ?

პრიორიტეტების კომისია ადრეც ფუნქციონირებდა – ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია, პროგრამების შერჩევა და ამ ინფორმაციის მთავრობისთვის წარდგენა ევალებოდა. 2013 წლამდე ამ კომისიას დიდი ყურადღება არ ექცეოდა – თემების განხილვა, დისკუსიები ან გადაწყვეტილების მთავრობაზე წარდგენა არ ყოფილა. დირექტივა მოდიოდა ზევიდან. შემდეგ იუსაიდთან ერთად შევიმუშავეთ პროგრამული ბიუჯეტის შედგენის სახელმძღვანელო. მასში აისახა, თუ რა ეტაპები უნდა გაიაროს ბიუჯეტმა შევსებამდე. ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას  და ვინ აგებს პასუხს ამ გადაწყვეტილებაზე.

 

ამ სახელმძღვანელოში ასახული პირობებიც  ხომ არ დარჩა მხოლოდ დოკუმენტზე?

საწყისი ეტაპისთვის წარმატებულად მიდის ეს ყველაფერი. წლის ბიუჯეტებში ცვლილებისას პრიორიტეტების კომისია იკრიბება, შესატან ცვლილებებს განიხილავს და თავის რეკომენდაციას დებს. ვთქვათ, განათლების ან სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოითხოვს ცვლილებას – ნარჩენი თანხა ერთი პროგრამიდან მეორე პროგრამაში უნდა გადავიდეს. პრიორიტეტების კომისია ითხოვს დეტალურ ინფორმაციას, რატომ მაინცადამაინც ამ მიმართულებით უნდა წავიდეს? იქნებ შესაძლებელია, ის რაც გასაკეთებელია ოთხ წელიწადში, გაკეთდეს ორ წელიწადში დაჩქარებული ტემპით, და ასე შემდეგ… ამ ყველაფერს წარვუდგენთ მთავრობას. თუ დაგვეთანხმება, გადის ჩვენი ვერსია. მთავრობას აქვს უფლება, პრიორიტეტების კომისიას რაღაც ეტაპზე არ მოუსმინოს.

 

რატომ არ სრულდება ბიუჯეტი – ამას პრიორიტეტების კომისია არ აანალიზებს?

ყოველი კვარტლის ბოლოს პრიორიტეტების კომისია სხდომაზე იხილავს, თუ რა დაბრკოლებაა ამ თუ იმ პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, საერთოდ, არის თუ არა დაბრკოლება… მოქმედი კანონმდებლობით არ არის აუცილებელი მოთხოვნა, მაგრამ აჭარის მთავრობას უნდა ჰქონდეს სახელმწიფო დონეზე გაწერილი სამოქმედო გეგმა. ნებისმიერი ახალი მთავრობა დებს პროგრამას და ამ პროგრამის მიხედვით შემდეგ ადგენს პროგრამებს, ქვეპროგრამებს. კანონმდებლობა არ ითხოვს, აჭარის მთავრობას ჰქონდეს დაწერილი სამოქმედო გეგმა, საუბარია ოთხწლიან სამოქმედო გეგმაზე. აჭარის მთავრობა ამ შემთხვევაში ეყრდნობა ცენტრალური სამინისტროების მიდგომებს, ანუ თუ ცენტრალური მთავრობა პრიორიტეტს ანიჭებს სახელმწიფო ჯანდაცვას, ის ავტომატურად გადმოდის აქაც. ჩვენ გამოვდივართ შუალედური რგოლი. შესრულების მონიტორინგის დროს ნათლად ჩანს, თუ რომელიმე პროგრამას აქვს პრობლემა, ვმსჯელობთ ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე და რეკომენდაციით შევდივართ, უმჯობესი ხომ არ იქნება ეს პროგრამა გავაჩეროთ და სხვა პროგრამა გავაგრძელოთ.

 

ბიუჯეტის ვერ შესრულება როცა გაანალიზეთ, რა მიზეზები დაინახეთ?

საბიუჯეტო კანონში ცვლილება შეგვაქვს. პროგრამის ან ქვეპროგრამის ღონისძიებებს შორის თანხის გადანაწილება იქნება შესაძლებელი გარკვეული პროცენტულობით. როცა რაღაც პროგრამა დგება, ყველაფერს ზუსტად ვერ გათვლი. თუ ერთ ღონისძიებაზე დაგვრჩა თანხა იმის გამო, რომ ეკონომია მივიღეთ და გვინდა სხვა ღონისძიებაში გადატანა, ამას კანონმდებლობა არ არეგულირებდა. ეს ხელშემშლელი ფაქტორი იყო, რადგან სანამ ბიუჯეტში ცვლილება შევიდოდა, მანამდე ვერაფერს ვაკეთებდით. საჭირო იყო ბიუჯეტის კანონის შეცვლა.

 

ანუ საკანონმდებლო ინიციატივა გაქვთ?

დიახ. საუბარია იმაზე, რომ პროგრამა არის, ვთქვათ, 100 ლარის დაფინანსებით.  ის ჩაშლილია 50, 20 და 30 ლარად. დავაწესებთ რეგულაციას, რომ თუ საჭიროება დადგა ამ ასი ლარის არაუმეტეს ხუთი პროცენტისა გადანაწილდეს ღონისძიებებს შორის, თუ ერთს დააკლდა ან მეორეს მორჩა, მეორედან გადავიტანოთ პირველში, ან პირიქით. ან საერთოდ თუ დარჩა, შეგვიძლია ახალი ღონისძიებაც კი გავაჩინოთ. ოღონდ არაუმეტეს ხუთი პროცენტისა. ეს ზუსტად ის თანხაა, რაც შეიძლება იყოს დაგეგმვის ცდომილება, ვთქვათ, ინფლაციური პროცესი განვითარდა ან ფასების ზრდა.

 

თუ ხუთ პროცენტზე მეტი დარჩა?

იმ თანხას ვერ შეეხებიან, თანაც ამ ყველაფერზე გადაწყვეტილებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იღებს. ოღონდ ამას აუცილებლად წინ უნდა უძღოდეს პრიორიტეტების კომისიის დასკვნა. გავითვალისწინეთ იუსაიდის რჩევა,  რომელიც დაგვეხმარა ამ დოკუმენტის მომზადებაში, კომისიაში შევიდნენ მინისტრების მოადგილეები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან კონკრეტულ საქმეში. რა თქმა უნდა, მინისტრებიც არიან ჩართულნი, მაგრამ მინისტრი ზოგად პოლიტიკას განსაზღვრავს და მოადგილეები იმისთვის ჰყავს, რომ კონკრეტულ მიმართულებებს კურირება გაუწიონ. კომისიაში შედიან მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებიც, ვიკრიბებით  და ვიღებთ გადაწყვეტილებას.

 

ექსპერტები პროცესებს კრიტიკულად აფასებენ. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, როგორც დამკვირვებელმა, რომელიც დებს რეკომენდაციას, რომ გვითხრათ, რაშია საქმე ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, რატომ დგას ეს პრობლემა მუდმივად?

პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ როცა ბიუჯეტი იგეგმება, უნდა ეფუძვნებოდეს რაღაც დოკუმენტს. ვსაუბრობ მხარჯავ დაწესებულებაზე. ჩემი აზრით, სამინისტროებს უნდა გაჩნდეთ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა, სადაც უნდა ჰქონდეთ გაწერილი, თუ რას აპირებენ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, ეს არის სტრატეგიული გეგმა, თუ ის არ არსებობს, მაშინ არსებობს დიდი შანსი, რომ გეგმა ვერ შესრულდება ან შესრულდება ნაწილობრივ. აი, ეს არის პრობლემა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: