„მე-19 საუკუნის ბოლოს, მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ, ეთნიკურ ნიშანზე აგებული წარმოდგენა ქრისტიანობაზე და მართლმადიდებლობაზე გამოაცხადა ერესად, ანუ მწვალებლურ მოძღვრებად. ამიტომ, ეთნიკური ნიშნის სარწმუნოებრივ ნიშანზე მაღლა დაყენება, ძალიან პრობლემატურია.
სასულიერო პირებმა უნდა ისაუბრონ ქრისტესა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ, რაც გამორიცხავს ამ ტიპის დიფერენციაციას და კონფლიქტის წარმოშობას თუნდაც რიტორიკის დონეზე, რომ აი, სხვები მრავლდებიან თურმე და ქართველები არ მრავლდებიან“, – ამბობს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი „ბათუმელებთან“. მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქის, შიო III-ის ქადაგებაზე ვესაუბრეთ.
17 მაისს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და საქართველოს საპატრიარქომ ე.წ ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს. ამ დღისადმი მიძღვნილ ქადაგებაში შიო III-მ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დემოგრაფიული საკითხი და საქართველოში „სხვა ხალხების“ გამრავლება დაასახელა.
„ჩვენ მშვენიერ, სამოთხესავით ლამაზ და მშვენიერ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები ჩვენთან ერთად, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს, რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას და ამიტომ კარგად მრავლდებიან“, – თქვა მან.
ყოფს თუ აერთიანებს ქართულ საზოგადოებას ახალი პატრიარქის ქადაგება? – ამ თემაზე ვესაუბრეთ თეოლოგ ბექა მინდიაშვილს.

ბექა მინდიაშვილი
- „ინტრონიზაციის შემდეგ ასეთი ქადაგება, არის სამარცხვინო“ – წერდით ფეისბუქზე. ბატონო ბექა, რა იყო პირადად თქვენთვის მიუღებელი ამ ქადაგებიდან, რატომ იყავით ასეთი კრიტიკული?
მართლმადიდებლობა არ ქადაგებს ეთნიკური ნიშნით გამრავლებას. ვერ იპოვით ვერცერთ მართლმადიდებელ თეოლოგს, წმინდა მამას, რომელიც ერთ ქვეყანაში, თუნდაც ერთი ერის გარემოში მიმართავდეს თავის სიტყვას იქითკენ, რომ უმრავლესობის ეთნიკური ჯგუფი უნდა გამრავლდეს და ამას წარმოაჩენდეს დაპირისპირებაში სხვა ეთნიკურ ჯგუფთან, რომლებიც ცხოვრობენ ამ ქვეყანაში.
მით უმეტეს, მართლმადიდებელ ეკლესიას წმინდანად ჰყავს შერაცხილი ილია ჭავჭავაძე, რომელმაც ჩამოაყალიბა იმის გაგება, თუ რა არის ქართველი ერი. ამ გაგებას ეფუძნება პირველი რესპუბლიკა, ამას ეფუძნება ჩვენი კონსტრუქციაც, რაც გულისხმობს იმას, რომ არა იმდენად ენობრივი, არა იმდენად რელიგიური ან გვარ-ტომობრივი, ან ეთნიკური ნიშნით, არამედ, საერთო, ისტორიულ ჯაჭვში თანამონაწილეობით ყალიბდება საერთო ცნობიერება იმისა, თუ ვინ არის ქართველი ერი.
ქართველი შეიძლება იყოს ეთნიკურად სომეხი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ეთნიკურად ბერძენი, რა თქმა უნდა, ეთნიკურ ქართველთან ერთად.
აქედან გამომდინარე, ილიასეული ეს კონსტრუქცია, წარმოდგენა, ცნობიერება ქართველი ერის შესახებ ჩამოყალიბდა ზუსტად ამ კონტექსტში, იმ დროს, როდესაც პრობლემატურ საკითხად წარმოჩნდა თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო მაშინდელ ქართველობას ქართველ მუსლიმებთან დაკავშირებით, როდესაც აჭარა შემოუერთდა ისტორიულ საქართველოს და ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა თავისი შესანიშნავი ესეებით და პოემებით გამოვიდნენ იმ იდეის დასაცავად, რომ არ შეიძლება ადამიანები დავყოთ რელიგიურ, ეთნიკური ან ენობრივი ნიშნით, რომ ჩვენ, ვინც საერთო სივრცესა და დროს ვქმნით, ამ ტერიტორიაზე, ვართ ქართველი ერი.
ილია ჭავჭავაძე ისედაც უპირისპირდებოდა კუთხურ, კლასობრივ თუ ენობრივ დაყოფას. ის ყველანაირად ცდილობდა საერთო ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას. ენა, მამული, სარწმუნოება – თვალსაზრისი ნიშნავს ზუსტად ამას, რომ ყველა, ვინც ქართულ სივრცეში თავს მოიაზრებს და რაღაც საჯარო სიკეთეს ქმნის, არის ქართველი.
- თუმცა ილიას მიერ ნახსენები „სარწმუნოების“, შინაარსის დამახინჯების არაერთი მცდელობა გვახსოვს. ისე წარმოაჩენენ, თითქოს ილია აქ მხოლოდ მართლმადიდებლობას მოიაზრებდა და არა იმას, რაზეც ახლა ვსაუბრობთ.
რასაკვირველია. სარწმუნოება გულისხმობს იმას, რომ ადამიანს სწამს. თავის რწმენაზეა და არ იგულისხმება მაინცდამაინც კონკრეტული სარწმუნოება. მე ვყოფილვარ და მინახავს მეჩეთებში ილიას ეს შესანიშნავი ტრიადა. მუსლიმი ადამიანი აქ თავის სარწმუნოებას ხედავს, ის ერთგულია თავისი ქვეყნის ამ თვალსაზრისით.
შიო III-ის ქადაგებაში კი ჩანდა, რომ მან დაყო ადამიანები რელიგიური და ეთნიკური ნიშნით. ადამიანებს, რომლებიც დღეს ქართველ ერად მოიაზრებენ საკუთარ თავს. ძალიან ბევრი ახალგაზრდა გამოდის და ამბობს, რომ ის არის ეთნიკური აზერბაიჯანელი, მაგრამ ეროვნებით ქართველი; არის სომეხი, მაგრამ ეროვნებით ქართველი.
ეს ისტორიული გამოცდილება და ისტორიული მიღწევაა ქართული სინამდვილის, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ისეთი კომპოზიტი, როგორიცაა ქართველი ებრაელი. ეს ძალიან მოსაფრთხილებელია.
ეს ეროვნული ქსოვილი გაიბზარა და დაირღვა 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში, რომელიც მიზანმიმართულად გამოიყენა და შემდეგ წარმართა ეთნოკონფლიქტებისკენ რუსეთის იმპერიამ.
- ეთნოშოვინიზმის წახალისებას გულისხმობთ?
ეთნოშოვინიზმია რასაკვირველია, რადგან ქართველ ერად მოიაზრებდა თავს მაშინდელი საზოგადოების ნაწილი და დამღუპველი იყო ისეთი იდენტობის ჩამოყალიბება, რომელიც მოიაზრებს მხოლოდ ქართველს და მართლმადიდებელს.
ამიტომ, იმედს ვიტოვებ, რომ ეს იყო გაუცნობიერებელი, გაუაზრებელი ნათქვამი და შიო მესამე მოახერხებს ამ ქადაგების შეფასებას – ძალიან სავალალო შეცდომას ამ თვალსაზრისით.
- პატრიარქმა თქვა – მათ უყვართ თავიანთი რელიგია, თავიანთი ოჯახები და ამიტომ მრავლდებიანო…
არ გამოუყვია კონკრეტულად თუ ვისზე ლაპარაკობს, მაგრამ საკითხის ასე დასმა არის კარდინალურად სახიფათო და ქართველი ერის შესახებ ილიასეული წარმოდგენის დამახინჯება.
თუ ასეთი დისკურსი გაგრძელდა ეკლესიის მხრიდან, ამას მოჰყვება მძიმე შედეგები. ეს დაუშვებელია. იმიტომ ვთქვი, რომ იმედია ეს იყო რიტორიკული შეცდომა და საკუთარ პოზიციას გადახედავს-მეთქი.
- პატრიარქის რიტორიკა შობადობასთან დაკავშირებით ძალიან ჰგავს ირაკლი კობახიძის რიტორიკას, როცა მან თქვა, რომ სიღარიბე კი არ არის შობადობის შემცირების მიზეზი, არამედ ცნობიერებაო. შიო მესამემაც ახსენა „თავსმოხვეული გენდერული თეორიები“ და ასე შემდეგ. მიჰყვება ის „ოცნების“ რიტორიკას ამ საკითხში?
ჩემი აზრით, ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ და ამ შემთხვევაში მართლმადიდებელი პატრიარქის რიტორიკა, ეს დამახინჯებული ცნობიერება ჩვენ 30 წელია გვაქვს და ეს აისახება კიდევაც პოლიტიკურ რიტორიკაში. შესაძლოა ეს იყოს იმთავითვე ჩამოყალიბებული წარმოდგენა, შეიძლება თანხვედრაა და შეიძლება იყოს წამოცდენაც.
პატრიარქს არ მოეთხოვება პოლიტიკურ-ეკონომიკური ანალიზის ჩატარება, მაგრამ ის ნამდვილად მოეთხოვება, რომ მისი პოზიცია იყოს შესაბამისი მართლმადიდებელი თეოლოგიის პოსტულატებთან, რომელიც ეწინააღმდეგება ეთნიკური ნიშნით ფრაგმენტაციას, ამ ნიშნით ადამიანების გამრავლების ქადაგებას.
ზოგადად, გამრავლებაზე საუბარი ლეგიტიმურია და ბიბლიაც ამით იწყება, რომ ღმერთი ამბობს, – „იმრავლეთ“, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ დაამახინჯო წარმოდგენა ეროვნული ცნობიერების შესახებ. ეს არ ნიშნავს, რომ დაყო ამ ნიშნით ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, მოქალაქეები, საქართველოს პატრიოტები და რელიგიური – ეთნიკური ნიშნით დააპირისპირო ერთმანეთს.
ამიტომ ვამბობ, რომ შიო მესამის პოზიცია არ თანხმდება არც კლასიკურ მართლმადიდებლურ წარმოდგენასთან, რადგან ქრისტიანობა უნივერსალური რელიგიაა და არა რომელიმე ეთნიკური ჯგუფის. ეს არ არის ქართული რელიგია, ეს არის უნივერსალური აღმსარებლობა.
ქრისტე მოვიდა ეთნიკური ქართველისთვისაც, ეთნიკური სომეხისთვისაც და ეთნიკური ფრანგისთვისაც. ამიტომ ეს ნამდვილად მოეთხოვება მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირს, რომ შესაბამისი იყოს მისი პოზიცია, ეკლესიის პოზიციასთან.
მით უმეტეს, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს, მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ ეთნიკურ ნიშანზე აგებული წარმოდგენა ქრისტიანობასა და მართლმადიდებლობაზე გამოაცხადა ერესად, ანუ მწვალებლურ მოძღვრებად. ამიტომ, ეთნიკური ნიშნის სარწმუნოებრივ ნიშანზე მაღლა დაყენება ძალიან პრობლემატურია.
სასულიერო პირებმა უნდა ისაუბრონ ქრისტეს შესახებ, ქრისტესა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ, რაც გამორიცხავს ამ ტიპის დიფერენციაციას და კონფლიქტის წარმოშობას თუნდაც რიტორიკის დონეზე, რომ აი, სხვები მრავლდებიან თურმე და ქართველები არ მრავლდებიან.
ჯერ ერთი, ეს მცდარი წარმოდგენაა ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიულ ვითარებაზე ამ თვალსაზრისით, მაგრამ ასეც რომ იყოს, წმინდა თეოლოგიური თვალსაზრისით, მცდარი შეხედულებაა.
- კადრებში ჩანდა ბერა ივანიშვილი, რომელიც დალოცა შიო მესამემ – „თქვენი ოჯახები გაამრავლოს“, მაგრამ არ შეიმჩნია ეტლში მყოფი ბავშვები, რომლებიც სიცოცხლისთვის აუცილებელ წამალს ითხოვენ, ქუჩაში ათევენ ღამეებს მათი მშობლები. აქამდე არ მივიდა მათთან, არ გამოხატა თანაგრძნობა. ეს რისი მაჩვენებელია?
მე, პირადად, ვისურვებდი, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირი ყველაზე მეტად მგრძნობიარე იყოს იმ საკითხებისადმი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ადამიანების მიმართ ძალადობას, სიღატაკეს, სნეული ადამიანების თანადგომას და აი, ამ ბავშვებსაც ვგულისხმობ; უკავშირდება პატიმრების საკითხებს, იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხი ქრისტიანული პოზიციიდან.
სახარებაში, უშუალოდ იესო ქრისტეს მიერაა წარმოდგენილი პოსტულატი, უმთავრესი მოძღვრება ადამიანის შეფასების შესახებ, რომ ადამიანი, რომელიც წარდგება ქრისტეს, როგორც მსაჯულის წინაშე, განისჯება იმის მიხედვით, ზრუნავდა თუ არა ის სნეულზე, პატიმარზე, ზრუნავდა თუ არა ის მშიერსა და მწყურვალზე, უღებდა თუ არა კარს უცხოს.
- მოწყალე სამარიტელის იგავიც ხომ სწორედ „უცხოზე“ ზრუნვის საუკეთესო მაგალითია, მაშ რა განაპირობებს ასეთი მასშტაბის გულგრილობას ამ ქვეყანაში ადამიანების, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ, თქვენ როგორ ფიქრობთ?
ეს ძალიან კომპლექსური საკითხია და ყველას გვაწუხებს, როცა ასეთი ზედაპირული და გულგრილი დამოკიდებულება აქვთ სასულიერო პირებს ასეთი საკითხების მიმართ, მაგრამ ბევრ რამეზეა ეს დამოკიდებული.
თუნდაც საბჭოთა წარსულთან, იმასთან, რომ თეოლოგიური განათლება არ გავრცელდა სამწუხაროდ, საქართველოში, დიდი გავლენა აქვს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და რუსულ იდეოლოგიებს, ფსევდო კონსერვატიზმს, რომელიც არანაირ კავშირში არ არის ბრიტანულ კონსერვატიზმთან.
ქრისტიანობას და მართლმადიდებლობას აცლიან რელიგიურ, სულიერ არსს, საზრისს და ამ ფუყე, ცარიელ ფორმაში დებენ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესებს.
როდესაც სასულიერო პირები, მართლმადიდებლობის სახელით გამოსული თეოლოგები, თუ პოლიტიკოსები საუბრობენ მართლმადიდებლობაზე, როგორც გეოპოლიტიკურ მოვლენაზე, ანტიდასავლური რიტორიკით, ძალიან სერიოზული პრობლემაა ეს მართლმადიდებლობისთვის, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთშიც, რადგან სწორედ ამ გეოპოლიტიკური, სამხედრო „მართლმადიდებლობის“ საფუძველზე წამოიწყეს ეს ომიც.
რუსული მართლმადიდებლობა, ასევე შეფასებულია მწვალებლობად 4 ათასზე მეტი მართლმადიდებელი თეოლოგის მიერ, დეკლარაცია არსებობს ამასთან დაკავშირებით, რომ ეს მწვალებლობა უპირისპირდება ღმერთის გაგებას, რადგან ღმერთი არის სიყვარული და სწორედ ამ მთავარ პოსტულატს უპირისპირდება.
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დღეს ქვეყანაში შექმნა რეპრესიული გარემო. ასეთ გარემოში როგორ გესმით „ოჯახის სიწმინდე“?
ოჯახი ნამდვილად არის ფუნდამენტური ღირებულება ქრისტიანული პოზიციიდან – ფაქტობრივად, ადამიანის ისტორიულ არსებობას არ ვიცნობთ ოჯახის ფენომენის გარეშე. ამას არაფერი ემუქრება, მით უმეტეს, სუფთა რელიგიური თვალსაზრისით. ოჯახი იკურთხება და მიიჩნევა ერთ-ერთი ქრისტიანულ საიდუმლოებად, მაგრამ ოჯახს და ოჯახის სიწმინდეს, ყველაზე მეტად ხელს უშლის და ემუქრება ის, თუ რა ტიპის ცნობიერება აქვს ადამიანს.
თუ იქადაგება მხოლოდ „მე“ და „ჩემი პირადი ინტერესები“, ან მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ერის, ჩემი ეთნოსის, ჩემი რელიგიის ინტერესები და მხოლოდ ამით ამაყობ – ასეთი დამოკიდებულება ადამიანის რელიგიური ცნობიერების დეგრადაციაა.
ქრისტიანული თვალსაზრისით, ამპარტავნება, სიძულვილი, შური, გაუმაძღრობა და აღვირახსნილი ცხოვრების წესი ყველაზე დიდ ცოდვად მიიჩნევა. როდესაც ამაზე არ საუბრობს ეკლესია, ეს არის პრობლემა.
ამ თვალსაზრისით ვხედავთ საპირისპირო მოვლენას შიო მესამეს ქადაგებაში. აი, ამ დეგრადირებული თეოლოგიური ცნობიერების გამო, ეკლესიაში ფაქტობრივად ამპარტავნების კულტივაცია ხდება, რადგან ადამიანებს ასწავლიან საკუთარი ეგოცენტრული პოზიციიდან სამყაროს აღქმას.
ამ შემთხვევაში იგულისხმება მაგალითად ის, რომ „ჩემი სარწმუნოებრივი იდენტობა“ არის ყველაზე დიადი. ასე დააყენა პატრიარქმა შიომ საკითხი ამ ქადაგებით და სწორედ ასეთი აზროვნების და ფრაგმენტაციის შედეგია ცოდვა, რომელიც ოჯახებს ანგრევს, ოჯახის სიწმინდეს ბღალავს ამ თვალსაზრისით, არაჯანსაღ გარემოს ქმნის საზოგადოებაში და ოჯახშიც ასეთი დამოკიდებულებაა.
განსხვავებულის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება და სიძულვილის ზღვარზე რაღაცის ქადაგება ეწინააღმდეგება ქრისტიანულ პოზიციებს. იმას, რასაც ესენი „ოჯახის სიწმინდეს“ არქმევენ.
ვხედავთ, როგორი სავალალო მდგომარეობაა ძალადობის მხრივ ოჯახებში. სამწუხაროდ და საუბედუროდ, არ მსმენია სასულიერო პირების მხრიდან, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეპისკოპოსების და მღვდელმთავრების დონეზე ქადაგება, რომელიც მიმართულია ამ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ცოდვაა.
- ძალადობას როცა ახსენებდნენ, აქაც ქალები გამოჰყავდათ ხოლმე დამნაშავის როლში და მხოლოდ ქალს მოუწოდებდნენ მორჩილებისკენ…
აიღონ შსს-ს მონაცემები ოჯახში ძალადობის თაობაზე და ნახავენ რამდენი მოძალადე კაცია ოჯახში.
ბავშვზე ძალადობა ტოტალურად არის გავრცელებული და ეს არის პრობლემა, აქედან უნდა დაიწყოს „ოჯახის სიწმინდეზე“ საუბარი და მივალთ აბორტების პრობლემამდეც, რომელიც ნამდვილად არის უმძიმესი აქტი, ტრაგედიაა და რელიგიური თვალსაზრისით ნამდვილად მძიმე ცოდვაა. მაგრამ ამ პრობლემაზე საუბარი უნდა დაიწყოს თანაგრძნობით, სიყვარულით გამსჭვალული და არა აგრესიით, რომელიც მოიტანს საპირისპირო შედეგს.
- მან თქვა, რომ ოჯახები, სადაც აბორტი გაკეთდა, განწირულია.
არ შეიძლება ასე ნაჯახივით ილაპარაკო მტკივნეულ საკითხზე. ეს უნდა იყოს თანაგრძნობით ნათქვამი, რომ „მე მოვალ და დაგიცავ“ – ამ იდეით უნდა იყოს განმსჭვალული ეს ქადაგება. იყო შემთხვევა, როცა სასულიერო პირები ამბობდნენ, რომ ოღონდ აბორტი არ გაიკეთო, არ მოკლა შენი შვილი და მე დაგიდგები გვერდით, ფინანსურადაც და სულიერადაც.
მხოლოდ ასე, ჰაერში მუშტის გამოკიდება, რომელიც მიმართულია ქალის მიმართ, სრულიად საპირისპირო შედეგებს გამოიღებს, სამწუხაროდ.
ეს კომპლექსური საკითხია მთლიანობაში და ასე ცალკე გამოყოფა და უმდაბლესად ამის შეფასება, მიუღებელია. ეს აგრესიას გააძლიერებს მათ მიმართ, ვინც ამას ქადაგებს.
- სანამ პატრიარქს აირჩევდნენ, საუბრობდნენ იმაზე, რომ ახალი პატრიარქი იქნება ერის გამაერთიანებელი. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ის ამ მისიის შესრულებას, თუკი არ შეიცვლება მისი რიტორიკა?
რასაკვირველია, მუდმივად დაყოფაზე და სხვისადმი არაკეთილგანწყობაზე თუ იქნება აგებული პატრიარქის პოზიციები, ეს შედეგს ვერ გამოიღებს.
მაგრამ აქ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი პასუხისმგებლობაც. ადამიანების, რომლებიც ცდილობენ იცხოვრონ ქრისტიანული ცხოვრებით, მორჩილად და ბრმად არ უნდა ვიღებდეთ იმას, რასაც ამბიონიდან ამბობენ.
ჩვენი დამოკიდებულებაც ისეთივე უნდა იყოს ღატაკთან, მშიერთან, დევნილთან, უცხოსთან მიმართებით, როგორც იმ სამარიტელის, რომელიც ვახსენეთ. რაც უფრო მეტად გაიზრდება ქრისტიანული ცნობიერება ქრისტიანებში, მით უფრო ვერ მოახდენს ასეთი ქადაგებები მათზე ნეგატიურ გავლენას.
არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვინ იქნება პარტრიარქი, ეპისკოპოსი – ამ ყველაფერმა უნდა აღძრას შენში უკეთესის გაკეთების სურვილი.
ამ ქადაგებაშიც ჩანს პოლიტიკური შეჭიდებულობა ეკლესიისა ხელისუფლებასთან, რაც ძალიან მძიმე სახეს მიიღებს, როგორც ჩანს, თუმცა დროა საჭირო, რომ ეს ბოლომდე გამოჩნდეს.






