მთავარი,სიახლეები

ვინ გახდება პატრიარქი, რა ვიცით პატრიარქობის კანდიდატებზე – ინტერვიუ თეოლოგთან

29.04.2026
ვინ გახდება პატრიარქი, რა ვიცით პატრიარქობის კანდიდატებზე – ინტერვიუ თეოლოგთან

„პირდაპირ ვინმეზე ზეწოლა და წნეხი შეიძლება მართლაც არ არის, მაგრამ ამ წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ გასაგებად მიანიშნა იერარქებს, რა შეუძლია. მიუთითა: თვით პატრიარქსაც არ დავინდობთ და ვცადეთ მისი დისკრედიტაცია, თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუ შევამჩნევთ, რომ თქვენ არ აკეთებთ იმას, რაც ჩვენ გვსურსო,“ – გვიყვება თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას სინოდის სხდომასა და პატრიარქობის სამი კანდიდატის შერჩევაზე ვესაუბრეთ.

ახალ პატრიარქს სინოდის 39 წევრიდან მინიმუმ 20-ის მხარდაჭერა სჭირდება. შესაძლებელია უკვე იმის თქმა, ვინ იქნება ახალი პატრიარქი? – მირიან გამრეკელაშვილი ვარაუდობს, რომ პირიქით, მეუფე შიოს გაფართოებულ სხდომაზე შესაძლოა 1 ხმა დააკლდეს და პატრიარქი ვერ გახდეს, რადგან „რუსეთის მხრიდან საფრთხეს ყველა ხედავს“.

„მეუფე შიომ გუნდში დააგროვა რაღაც გამოცდილებები, ინფორმაციები, შეისწავლა ეს ხალხი და მიხვდა, ვის რას შეჰპირდეს, ვის რაზე დაემუქროს… თუ მე მოვალ და არ იქნები მხარდამჭერით დაზღვეული, ამას და ამას გიზამ, ვთქვათ, გადაგიყვან-გადმოგიყვან, ან გეობას დაგაბრალებ. ბევრი რამ შეიძლება იყოს.

იერარქების დიდი ნაწილს შესაძლებელია გულში ურჩევნია შეჩვეული ჭირი რაღაც ახალს. ნებისმიერი სიახლე ბევრ ტკივილთან არის დაკავშირებული. ბევრი თვლის, რომ მეუფე გრიგოლი თუ წამოიწყებს ეკლესიის რაღაცნაირად გაჯანსაღების პროცესს, მათაც მოუწევთ ამას ფეხი აუწყონ, რაღაცები შეცვალონ ეპარქიაში. ბევრს ეს მომენტი არ ხიბლავს, რადგან დამატებითი შრომაა,“ – ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.

„ბათუმელებმა“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო მირიან, სინოდის 28 აპრილის სხდომაზე მიტროპოლიტმა შიომ მიიღო 20 ხმა. ახალ პატრიარქს სინოდის 39 წევრიდან მინიმუმ 20-ის მხარდაჭერა სჭირდება. შესაძლებელია უკვე იმის თქმა, ვინ იქნება ახალი პატრიარქი

არა. არ ვიცით, რა მოხდება, თუმცა რაც სჭირდება მინიმალურად, ის მიიღო და ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა.

ფაქტია, რომ მეუფე შიოსთვის დაიხარჯა ძალიან დიდი რესურსი. სოციალურ ქსელებში იყო დიდი კამპანია, გააკეთეს ცალკე ანგარიშები, ბოტები, ჩატები, რილსები მოამზადეს და აზიარებდნენ მხარდამჭერ მასალას…

  • ფიქრობთ, რომ ამან იმოქმედა ეპისკოპოსების არჩევანზე

არა. ამან არ იმოქმედა. უბრალოდ ამან შექმნა საზოგადოებრივი აზრი, რომ მეუფე შიო ღირსეულია. ეპისკოპოსებზე წესით უნდა ემოქმედა, ასე ვთქვათ, ინდივიდუალური მოგვარების გზას – ყველასთან ინდივიდუალურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები: თუ დამიჭერ მხარს, მიიღებ ამას და ამას.

სავარაუდოდ, როცა მეუფე შიოს ჯგუფმა მეუფე დანიელის კანდიდატურის წამოყენების საკითხი ჩააგდო – შეგახსენებთ, რომ მართვა-გამგეობის დებულებაში წერია, რომ კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა და გამოიყენეს ეს სიტყვა „უმეტეს“ – გაირკვა, რომ მეუფე დანიელის კანდიდატურის გაყვანას ვერ ახერხებდნენ, სავარაუდოდ, დანიელის ჯგუფი შეუერთდა მეუფე შიოს. მაგის ხარჯზე მიიღო შიომ 20 ხმა.

დანიელის ჯგუფს ჰყავდა სამი გამოკვეთილი ფავორიტი თავიდანვე: თავად მიტროპოლიტი დანიელი, რომელიც დაიბლოკა ასაკის გამო; ისაია, რომელიც დაიბლოკა განათლების გამო და მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, რომელიც დაიბლოკა რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტების მიერ გაცხადებული, შეიძლება ითქვას, არაკორექტული ქცევის გამო ახალგაზრდების მიმართ. მაშინ ეს საკითხი ჩაიფარცხა, დღეს ბევრს აღარც კი ახსოვს ეს ამბავი, მაგრამ გასაგებია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის პატრიარქობის კანდიდატი იქნებოდა, ეს თემა ამოტივტივდებოდა. სავარაუდოდ, ამის ხარჯზე გადალაგდა ხმები ამგვარად.

შვიდ-შვიდი ხმა აიღეს მეუფე იობმა და მეუფე გრიგოლმა და დანარჩენი ოთხი ხმა გადანაწილდა სამ კანდიდატზე: ორი ხმა მიიღო გრიგოლ კაციამ, ერთი – მეუფე დოსითეოს ბოგვერაძემ, არცერთი – მელქისედეკ ხაჩიძემ და ერთიც გაბათილდა, რადგან ბიულეტენი იყო ცარიელი.

  • ეპისკოპოსების ეს განწყობები რამდენად ცვალებადია, ელით, რომ შესაძლებელია მოხდეს გადაჯგუფება

ეს მაინც იყო მოსასინჯი კრება და ძალები შესაბამისად გადანაწილდა ისე, როგორც ეს უნდა დაკრისტალიზებულიყო.

ამ კრების სიახლე ის არის, რომ მეუფე დანიელი, მისი კანდიდატურა და მისი გუნდი გამოირიცხა. ახლა ერთმანეთში დაიწყება მოლაპარაკებების სერიები. მაგალითად, მეუფე დოსითეოსი და მელქისედეკის ხმა სავარაუდოდ გადაიხრება გრიგოლისკენ, ან შიოსკენ – ეს არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში იობისკენ გადახრა ნაკლებ სავარაუდოა.

მეუფე შიო ეცდება, რომ გაიმყაროს შედეგები და ამ ორი ბანაკიდან რომელიმეს გადაბირებას ეცდება. შესაბამისად, არც ისინი იქნებიან გულხელდაკრეფილები.

  • არსებობს იმის რისკი, რომ ამ 20 ხმიდან რომელიმე ხმა დაკარგოს მოსაყდრე შიომ

კი, აუცილებლად. ჩემი ვარაუდი ეს არის, რომ ასე მოხდება.

  • იკვეთება, რომოცნებაჩარეულია ამ პროცესში? ღიად ჩანსოცნებისპროპაგანდისტების გზავნილები, რომ სინოდმა მხარი მოსაყდრეს უნდა დაუჭიროს. 

„ოცნების“ პროპაგანდისტები მოქმედებენ. თუ ზემოდან ბრძანება არ არის, თითს არ გაანძრევენ ვინმესთვის, ხომ?

გარდა ამისა, მეუფე შიომ გუნდში დააგროვა რაღაც გამოცდილებები, ინფორმაციები, შეისწავლა ეს ხალხი და მიხვდა, ვის რას შეჰპირდეს, ვის რაზე დაემუქროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კარგად იცნობ მომხრეს და მოწინააღმდეგესაც. მან ვიღაცებს შეიძლება მისცა გარანტია, რომ რაღაც არ მოხდება, თუ ვთქვათ, მე მოვალ, ვიღაცებს კი, პირიქით უთხრა: თუ მე მოვალ და არ იქნები მხარდამჭერით დაზღვეული, ამას და ამას გიზამ, ვთქვათ, გადაგიყვან-გადმოგიყვან, ან გეობას დაგაბრალებ. ბევრი რამ შეიძლება იყოს.

  • მოგვიყევით პატრიარქობის სამ კანდიდატზე, რა იკვეთება მათი წინასაარჩევნო გზავნილებიდან, რა იცვლება თითოეულ შემთხვევაში

მეუფე იობის წინასაარჩევნო დაპირება არის ის, რომ თუ ის გახდება პატრიარქი, ეცდება, საქართველოში აღადგინოს შუა საუკუნეების დროინდელი, ნაციონალისტურ-კონსერვატორული სიმფონიის მოდელი. ეს გულისხმობს ხელდასხმით მირონცხებულ მეფეს – პატრიარქის მხარდაჭერილ მეფეს და, სავარაუდოდ, საეკლესიო გვარდიის აღდგენას.

ასე რომ, მეუფე იობი თუ გახდება პატრიარქი, მირონცხება მოხდება, აღადგენს მეფეს თუნდაც სიმბოლური თვალსაზრისით და დანარჩენი უკვე მეფემ თავისით უნდა სცადოს, რომ ამ მირონცხებისგან გამოძერწოს რეალური ძალაუფლება. შეძლებს თუ არა ამას, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული.

  • მეუფე იობს არ უცდია თავისი კანდიდატით დაეინტერესებინა ივანიშვილი

მეუფე იობი იყო ერთ-ერთი თავგამოდებული, შეიძლება ითქვას, თავგანწირული მხარდამჭერი „ქართული ოცნების“, მაგრამ როდესაც იყო 20 ივნისის მოვლენები [საპროტესტო აქციები, რომელიც მოჰყვა რუსი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმას], იობი პირველი ჩაება ეპოქალურად ამ პროცესში. იობის კონსერვატიზმი ეფუძნება ნაციონალისტურ ნარატივს და არა რუსულ ნარატივს. ეს არ არის რუსული ნარატივი. იობი არ არის რუსული კონსერვატიზმის წარმომადგენელი. ის არის ნაციონალისტური კონსერვატიზმის წარმომადგენელი.

ამიტომაც, იობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ძალადობრივი განუკითხაობა, ხალხის ცემა-ტყეპა უმიზეზოდ, ვინც არ მოსწონს ხელისუფლებას, მისი ცემა, ძალადობა, დაჯარიმება. მაშინ იობმა მთავრობის წინააღმდეგ რამდენიმე გაბედული განცხადება გააკეთა და ამით მოიჭრა გზა „ოცნებასთან“, ჩაკეტა თავისი ეპარქია და გადაწყვიტა, რომ მისთვის დასაყრდენი იყო საპატრიარქოს ტახტის ბრძოლისას არა საერო ხელისუფლება, არამედ მკაცრი რელიგიური, ნაციონალური კონსერვატიზმი და საეკლესიო არმია.

  • რაც შეეხება მოსაყდრე შიოს, მისი მთავარი გზავნილები რა არის

მეუფე შიოს წინასაარჩევნო გზავნილები ასევე არის კონსერვატიზმი, მაგრამ არა ნაციონალისტური კონსერვატიზმი, არამედ ის ეფუძნება, ასე ვთქვათ, რუსულ კულტურულ-პოლიტიკურ იზოლაციონიზმს. იგულისხმება იზოლაციონიზმის შენარჩუნება ევროპასთან, ევროპის ფასეულობით სისტემასთან.

  • სად გამოჩნდა ეს მკაფიოდ, კონკრეტული მაგალითი რომ გვითხრათ. 

მეუფე შიო ხშირად იმეორებს რუსულ კონსერვატორულ ნარატივში არსებულ პოსტულატებს. ბოლოს ეს შეარბილა, მაგრამ, მაგალითად, ქალის როლზე რომ ნახოთ მისი ქადაგებების სერია და შეადაროთ, რა ხდება რუსულ ეკლესიაში, ნახავთ, რომ იდენტურია. იგივეა უმცირესობებთან მიმართებით – ის რუსეთიდან აკოპირებს ამ გზავნილებს, შემდეგ ფუთავს რელიგიურ-კულტურულ პატრიოტიზმით. მისი აზრით, სამყარო გარდაქმნის პროცესშია და არ იქნება ურიგო, თუ ჩვენ ამ გარდაქმნების მიღმა ვიქნებით.

  • მეუფე შიოს რუსული რელიგიურკულტურული სივრცე მოსწონს, რადგან იქ სწავლობდა და მოსკოვში მუშაობდა, თუ თქვენი დაკვირვებით, ის განიცდის რუსული ეკლესიის გავლენას?

ალბათ ერთიც და მეორეც. მეუფე შიო ცდილობს, შეუთავსოს სასიამოვნო სავალდებულოს.

შორიდან დაკვირვებით ასე ჩანს, რომ მას გააჩნია გულწრფელი სიმპათია რუსული სივრცის მიმართ, მაგრამ შეიძლება განიცდიდეს გარკვეულ გავლენასაც. რა ტიპის გავლენაა რუსული ეკლესიის და ვის ხარჯზე მოინდომა ეს, ვერავინ ვერ იტყვის.

მეუფე შიო იქ, რუსეთში ფორმირდა და შეიძლება, გულწრფელად მოსწონს და სჯერა, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნება, თუ ჩვენი ქვეყანა რუსულ კულტურულ სივრცეში დარჩება და მენტალურად დავახლოვდებით.

  • თანაც, „ოცნებისპოლიტიკასთან თანხვედრაშია მისი ეს ხედვა

დიახ, თანხვედრაშია. მეუფე შიოს კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა ახლო კავშირი, ახლო კონტაქტი ხელისუფლებასთან.

მეუფე შიო ასევე აპირებს ცვლილებებს ეკლესიის სტრუქტურაში: ახალგაზრდა მღვდლებისგან შექმნა გუნდი, სავარაუდოდ, ესენი არიან დაქორწინებული მღვდლები, რადგან ბერების თემას მეუფე შიო ძალიან სერიოზულად უყურებს და სურს, რომ ეს იყოს გამორჩეული ნაბიჯი ადამიანების ცხოვრებაში, ადვილად არ სურს დაეთანხმოს ადამიანების მხრიდან ბერობის გადაწყვეტილებას, რაც აქამდე ხდებოდა.

ეს განასხვავებს კიდევ მეუფე შიოს მეუფე იობისაგან რადიკალურად. იობი, მაგალითად, ყველას აკურთხებს ბერად, ვინც ამას ეტყვის. მეუფე შიო ცდილობს, რომ ეს აქციოს რაღაც მისტიკური გადაწყვეტილებების კატეგორიად, როგორც ეს ხდება რუსულ ეკლესიაში.

რუსეთში ძალიან ძლიერია ეს ტრადიციული გაგება, თითქოს როდესაც ადამიანი ხდება ბერი, მას შეუძლია  წინასწარმეტყველება, ადამიანში სულის დანახვა და ასე შემდეგ. ეს მოდელები ხშირად ფილმებშიც გვხდება, მაგალითად როგორიცაა მხატვრული ფილმი „კუნძული“.

  • გვითხარით მესამე კანდიდატის შესახებმეუფე გრიგოლის პატრიარქად არჩევის შემთხვევაში, რა იცვლება არსებითად

უნდა აღინიშნოს, რომ ორი ეპისკოპოსი, ვისზეც გესაუბრეთ, წარმოადგენს აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიებს, ხოლო დასავლეთ საქართველოს ეპარქიების წარმომადგენელი გახლავთ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. იგი აშკარად არის რეფორმატორი, რეფორმების მომხრე. მან სცადა თავის ეპარქიაში მოეწყო გარკვეული მოდელი, მაგალითად, საკმაოდ წარმატებული სასწავლებლის შექმნა მოახერხა ისეთ პერიფერიულ ქალაქში, როგორიც არის ფოთი.

ამის მიღმა მეუფე გრიგოლს აქვს ძალიან მკაფიო პოზიციები ბევრ საკითხთან დაკავშირებით. ეს პოზიცია ცნობილია საზოგადოებისთვისაც.

მეუფე გრიგოლი ახსენებს სამოციქულო ტრადიციის შენარჩუნებას. რუსეთის ეკლესია იმყოფება კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან სქიზმაში [განყოფაში], გათიშულობაში საბერძნეთის ეკლესიასთან უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის გამო, თუმცა ითვლება, რომ ეს გათიშულობა არის დროებითი და ოდესმე რუსული მართლმადიდებლური სივრცე და ბერძნულ-კულტურული ეკლესიები კვლავ გაერთიანდებიან.

შეკითხვა ასეთია: თუ რუსეთი წავიდა ვა-ბანკზე, ანუ ამ გათიშულობის საბოლოო გაფორმებაზე, მაშინ ის ეცდება ამ თავის იზოლაციონიზმში თან ჩაიყოლოს რამდენიმე ეკლესია, რომელსაც ის საკუთარ ორბიტაზე მყოფ ეკლესიად განიხილავს, მათ შორის, ალბათ საქართველოსაც. მეუფე გრიგოლი ერთადერთია, ვინც ამ საფრთხეს თავისი სახელი დაარქვა და თავისი წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ მთავარ ნაწილად აქცია: სწორედ სამოციქულო ტრადიციის შენარჩუნება.

წარმოიდგინეთ, რომ მოხდეს ამგვარი რამ და საქართველოს ეკლესიის წინაშე დადგეს არჩევანი. ამ მომენტში კი, ჩვენი პატრიარქი არ აღმოჩნდეს საკმარისად ძლიერი და დაჰყვეს რუსეთის ნებას. ჩვენი 1700-წლიანი ტრადიცია შეიძლება ერთი ხელის მოსმით დაიკარგოს და ჩვენ აღმოვჩნდეთ მართლმადიდებელი ეკლესიის საერთაშორისო სხეულის მიღმა.

აი, ამგვარი საფრთხე დგას ყველაზე მეტად მეუფე შიოსთან მიმართებაში: თუ მას რუსეთის ეკლესია მოსთხოვს ამის გაკეთებას ოფიციალურად, როგორ იქნება მისი პოზიცია? ამ საკითხზე მას არასოდეს უსაუბრია, თუმცა უთქმელად ჩანს, რომ მეუფე შიო ამ შემთხვევაში გადაიხრება აშკარად მოსკოვისკენ.

მეუფე გრიგოლი ასევე ხედავს საჭიროებას, ეკლესიამ გამოიმუშაოს ერთგვარი სოციალური დოქტრინა: ეკლესიების უმრავლესობას გააჩნია სოციალური დოქტრინა, სადაც ასახულია ტექსტუალური სახით ის, თუ ეკლესია როგორ ხედავს ამა თუ იმ თანამედროვე საკითხს. მაგალითად, რას ნიშნავს ეკლესიისთვის ხელოვნური ინტელექტი, ოჯახი, სიცოცხლის პატივისცემა და ასე შემდეგ.

საქართველოს პატრიარქი ვერანაირად ვერ იქნებოდა იმგვარი დიადი, თავის დროზე მას რომ არ ჰქონოდა სწორება ახალგაზრდა ადამიანებისკენ. ის როგორც კი მოვიდა ეკლესიაში, ერთ-ერთი რაც დაიწყო იყო ახალგაზრდებთან მუშაობა… მეუფე გრიგოლის ხედავს ასე, რომ გვესაჭიროება ქრისტიანები ეკლესიაში, რომელთაც საკუთარი ქრისტიანობა არ აიძულებს, უარი თქვან საკუთარ გარე სამყაროზე. დანარჩენი ორი კი, გვთავაზობს, შევქმნათ გარკვეული ტიპის ქრისტიანული „ბაბლი“.

მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ სამყარო ვითარდება და ეკლესიამ უნდა მოახერხოს ამ სამყაროზე გავლენის მოხდენა.

  • ეს ხედვები ცნობილი იყო უკვე სინოდისთვის, ასევე რუსულ ორბიტაზე აღმოჩენის საფრთხე. რა რესურსი არსებობს, რომ სინოდის უმრავლესობამ მიიღოს გულწრფელი გადაწყვეტილება

პატრიარქის ეპოქა იყო ძალიან დიდი, 49 წელი. შემდეგ მეუფე შიოს წილად ხვდა მოსაყდრეობა. იერარქების დიდი ნაწილს შესაძლებელია გულში ურჩევნია შეჩვეული ჭირი რაღაც ახალს. ნებისმიერი სიახლე ბევრ ტკივილთან არის დაკავშირებული. ბევრი თვლის, რომ მეუფე გრიგოლი თუ წამოიწყებს ეკლესიის რაღაცნაირად გაჯანსაღების პროცესს, მათაც მოუწევთ ამას ფეხი აუწყონ, რაღაცები შეცვალონ ეპარქიაში. ბევრს ეს მომენტი არ ხიბლავს – დამატებითი შრომაა.

რუსეთის მხრიდან საფრთხეს ყველა ხედავს. ყველა ამტკიცებს, რომ არ არის პირდაპირი ზეწოლა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ გასაგებად მიანიშნა იერარქებს, რომ ის აგროვებს კომპრომატებს ყველას წინააღმდეგ. მეუფე პეტრეს ინციდენტი, ციანიდის საქმე და სუს-ის კრებსები უნდა განვიხილოთ ერთი საერთო სქემის ნაწილად. თუ ამ ფაქტებს გავიხსენებთ წლების განმავლობაში რაც ხდებოდა, შემდეგ გახდება ბევრი რამ გასაგები.

პირდაპირ ვინმეზე ზეწოლა და წნეხი შეიძლება მართლაც არ არის, მაგრამ წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ გასაგებად მიანიშნა იერარქებს, რა შეუძლია. მიუთითა: თვით პატრიარქსაც არ დავინდობთ და ვცადეთ მისი დისკრედიტაცია, თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუ შევამჩნევთ, რომ არ აკეთებთ იმას, რაც ჩვენ გვსურსო.

საერთო ჯამში, არავის არ აქვს ჩხუბის და შარის თავი. არავის არ უნდა, თავი იმართლოს, სად და ვისთან ჰქონდა სექსი, ან არ ჰქონია საერთოდ. ეს დელიკატური და უხერხული თემაა და ეს გახადა სწორედ „ოცნების“ მთავრობამ მთავარ სალაპარაკო თემად. ჩვენც დავაშავეთ ყველამ, მათ შორის, ჟურნალისტებმა, ვინც „ოცნებას“ ამაში ავყევით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: