მთავარი,სიახლეები

„ილია II-ის დროსაც სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ“ – რა მიზანი აქვს ივანიშვილს ეკლესიასთან დაკავშირებით

27.05.2026
„ილია II-ის დროსაც სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ“ – რა მიზანი აქვს ივანიშვილს ეკლესიასთან დაკავშირებით

„თუ რაღაც არ იცის, მაშინ გვერდით უნდა ჰყავდეს ვინმე, რომელიც ეტყვის – თქვენო უწმინდესობავ, თქვენ განასახიერებთ საქართველოს ეკლესიას, საქართველოს ეკლესია კი, ტრადიციის მიხედვით, ფეხებში არ უვარდება მთავრობას“, – ამბობს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი „ბათუმელებთან“.

რატომ ახსენებს ასე ხშირად „ოცნების“ ხელისუფლება ტერმინებს – „სახელმწიფო რელიგია“, „ქრისტიანული სახელმწიფო“, რა მიზანი აქვს ივანიშვილს საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებით და დაჰყვება თუ არა შიო მესამე ამ მიზნებს? – ამ თემაზე ვესაუბრეთ მირიან გამრეკელაშვილს.

  • „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებლობის დღესასწაული რელიგიურ დღესასწაულად წარმოაჩინა. უფრო მეტი ილაპარაკეს რელიგიაზე, ვიდრე სახელმწიფოებრიობაზე. პარლამენტზე გამოაკრეს ბანერები – „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო“, საპატრიარქოს ჩაურიცხეს 5 მილიონი „ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების“ აღმნიშვნელი ღონისძიებებისთვის. ეს ყველაფერი აჩენს თუ არა საფრთხეს, რომ ივანიშვილმა შესაძლოა საქართველოს ეკლესიაც აქციოს ხელისუფლების დანამატად?

ყველამ ვიცით, რომ მოქმედმა მთავრობამ ერთხელ უკვე სცადა ამის გაკეთება, ჯერ კიდევ ილია მეორის სიცოცხლეში. თუმცა უნდა ითქვას, რომ მაშინ ეს იდეა არ იქნა მხარდაჭერილი და გაზიარებული სინოდის მიერ.

თანამედროვე მოცემულობა ცოტა სხვაა – პატრიარქი შიო მესამე გამოირჩევა ხელისუფლების მიმართ უფრო მეტი ლოიალობით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა კიდევ ერთხელ დააინიციირებს ამ წამოწყებას, მეტი შანსი ექნება. თუმცა მოცემულ მომენტში ამას არ გააკეთებენ, ამას შეიძლება ეცადონ მომავალი არჩევნების წინ.

მანამდე კი იქნება მცდელობა, რომ ეკლესია კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს სახელმწიფოს – უკვე სტრუქტურულადაც და ორგანულადაც, რასაც ვხედავთ კიდეც.

  • როგორც ვიცით, ილია მეორე წინააღმდეგი იყო მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების, რადგან ის ხედავდა იმ საფრთხეებს, რაც მოჰყვება სახელმწიფოსა და ეკლესიის ამ ფორმით შეკავშირებას. როგორ ფიქრობთ, იმ სასულიერო პირების წინააღმდეგობას გატეხენ, ვინც მაშინ ილია მეორის პოზიციას იზიარებდა?

ილია მეორეს ჰქონდა ძალზე დიდი წონა ეკლესიაში. ფაქტობრივად, ის მართლმადიდებელი პაპი იყო და მისი პოზიცია იყო გადამწყვეტი ამ საკითხში – რასაც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ჰქვია.

მას ამ საკითხზე ჰქონდა თავისი წარმოდგენები და მეც ბევრჯერ მომისმენია მასთან შეხვედრების დროს, რომ ეკლესიამ და სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს მჭიდროდ, მაგრამ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას არ მიესალმებოდა.

მას ჰქონდა ორი დიდი და მნიშვნელოვანი მიზეზი. პირველი არის ის, რომ ეს არ არის ქართული ტრადიცია. ის ტრადიცია, რაც აქვს ქართულ ეკლესიას სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, გულისხმობს მეგობრულ კონკურენციას. ეს კონცეფცია ჩამოყალიბდა მე-11 საუკუნეში და დღემდე ასე მოვიდა. ეს არის ჩვენი ეპისტემე, ჩვენი ტრადიცია.

ამის მიღმა კი არსებობს რუსული ტრადიცია, რომელიც სათავეს იღებს პეტრე პირველის დროიდან, როდესაც ეკლესია ოფიციალურად დაუქვემდებარა მან სახელმწიფოს და საერო პირი დაუნიშნა მმართველად.

  • ის მოდელი უნდათ, რაც რუსეთშია?

იმის შემდეგ, ფორმალურად რუსეთშიც გათავისუფლდა ეკლესია ამგვარი დამოკიდებულებისაგან, მაგრამ თავის თავს მაინც ისე წარმოიდგენს, როგორც სახელმწიფოს გაგრძელებას. მეტიც, მაგალითად, პატრიარქი სანქციებს ადებს მღვდლებს, რომლებიც მშვიდობაზე ქადაგებენ. მშვიდობა ხომ ქრისტიანულია, მაგრამ მაინც.

ვხედავთ, როგორი დამოკიდებულება არსებობს დღეს რუსეთში „მშვიდობის“ მიმართ, ხომ? საბავშვო ბაღებშიც კი სამხედრო ფორმებში ჰყავთ ბავშვები ჩაცმული და მორთული გეორგიევსკის ლენტებით – ამ თამაშში რუსული ეკლესია დიდი მონდომებით თანამონაწილეობს.

დააკავეს მღვდელი, რომელიც ოდესაზე სარაკეტო დარტყმების დროს პირდაპირ კოორდინატებს აწვდიდა რუსულ არტილერიას. მას ასე ესმის „საღვთო ომი“, ომი დასავლეთის წინააღმდეგ. ასეთი ტრადიცია საქართველოს არ აქვს.

მეორე მიზეზი, რის გამოც ილია მეორე არ იზიარებდა ეკლესიის და სახელმწიფოს ამ ფორმით დაახლოებას იყო ის, რომ თვითონაც საბჭოთა პერიოდში ცხოვრობდა და იცოდა, რომ სახელმწიფო „სიკეთეების“ უკან გარკვეულ ნეგატიური მოტივები დგას.

მირიან გამრეკელაშვილი.

  • ეს მოტივი შეიძლება იყოს გავლენის დათმობა ეკლესიის მხრიდან?

დიახ. ილია მეორეს ეს კარგად ესმოდა, რომ ეკლესიის დაგვირგვინება სახელმწიფო ეკლესიად არ იქნებოდა უანგარო, კეთილშობილური აქტი ხელისუფლების მხრიდან. ესმოდა, რომ ამის მიღმა იქნებოდა ერთგვარი დაჩაგვრა, ეკლესიის გადაყლაპვა და მისი სუვერენიტეტის საბოლოო ხელყოფა.

იმ შემთხვევაში, თუ ისევ იქნება [„ქართული ოცნების“ მხრიდან] ამის მცდელობა და მოხდება კენჭისყრა სინოდის დღეს არსებულ კონსტელაციაში, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგებიან სინოდის წევრები.

ფაქტია, რომ ექვსი საეპისკოპოსო კათედრა ვაკანტურია. ამ ექვს საეპისკოპოსო კათედრაზე ახალი პატრიარქი დანიშნავს მისდამი ერთგულ ხალხს. ამასობაში, ეგრეთ წოდებული ძველი ეპისკოპოსები, რომლებიც უფრო მეტად თვითმყოფადები არიან და არ ერიდებოდნენ წინა პატრიარქის დროსაც საკუთარი აზრის გამოხატვას, ნელ-ნელა მიიწევენ საპენსიო ასაკისკენ.

მოქმედ პატრიარქს აქვს ხმის უმრავლესობა სინოდის შიგნით, მაგრამ დღეს რომ მოხდეს კენჭისყრა, ეს იდეა ვერ გავა.

  • თქვენ ახსენეთ მომდევნო არჩევნები – ორ წელზე მეტია იქამდე. ფიქრობთ, რომ ამ დროში შეიძლება გატეხონ ეკლესიის პოზიცია?   

ერთ წელიწადში შეიძლება, მაგრამ რა მოხდება მანამდე, ძნელი სათქმელია. მთავრობამ შიოს გაპატრიარქებას მხარდაჭერა გამოუცხადა ფინანსურადაც. მანამდე, სინოდის შიგნითაც მუსირებდა აზრი, რომ შიო მესამე ჯერ კიდევ მეუფეობის დროს აწარმოებდა მოლაპარაკებას ბიძინა ივანიშვილთან.

ეკლესიის შიგნით შეიქმნა წარმოდგენა, რომ თუ ის გახდებოდა პატრიარქი, მთავრობა რაღაც დათმობაზე წავიდოდა. რაც შეეხება გარეთ, დავინახეთ, რომ როგორც კი აღსაყდრდა, მთავრობამ გადასცა საპატრიარქოს მილიონები ერთგვარი საჩუქრის სახით. ამიტომ, საპარლამენტო არჩევნების წინ, კიდევ ერთხელ შეეცდებიან ამ თემის წამოწევას.

  • ივანიშვილის განწყობები ეკლესიის, საპატრიარქოს მიმართ თავიდანვე იყო ცნობილი. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მატერიალისტია. ილია მეორის მიმართაც ალბათ არ ჰქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულება და გვახსოვს, უსაყვედურა კიდეც „სააკაშვილი ჩემზე მეტად გიყვარსო“. რამდენად შეიძლება მოსწონდეს მას დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ინსტიტუცია ეკლესიის სახით?

მატერიალისტი ვარო ივანიშვილმა რომ თქვა, ეს საკმაოდ გაბედული განაცხადი იყო მაშინ, მაგრამ პრინციპში იგულისხმა, რომ ათეისტია. შემდეგ, პოლიტტექნოლოგებმა ალბათ უთხრეს, რომ მისი დამოკიდებულება ძალიან პრაგმატულია, რადგან შემდეგ, აღარ ფიგურირებდა მის საუბრებში ეს თემა.

ცხადია, ივანიშვილს არ სურს მის პარალელურად ქვეყანაში არსებობდეს რაიმე ავტორიტეტული – იქნება ეს მედია, მწერლობა, ეკლესია თუ სხვა რამ. ამიტომ ეკლესიის მიმართ რელიგიური დამოკიდებულება კი არა აქვს, უბრალოდ სურს ეკლესია არ ფლობდეს სოციალურ ავტორიტეტს. მისი ერთგული კადრი უნდა მეთაურობდეს ეკლესიას, რომ შეძლოს ხალხის მობილიზება.

თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ეს მას გარანტიას არ აძლევს. ამიტომ ცდილობს, რომ ეკლესია როგორმე გამოფიტოს და მარწუხებში მოაქციოს. ამისთვის მან ბევრი იმუშავა.

  • პატრიარქი შიო ამის საფუძველს აძლევს?

არანაირი გარანტია არ არსებობს, მაგრამ, როგორც გითხარით, პატრიარქი არ აკეთებს ამას საკუთარი ნებით. უბრალოდ, ეკლესიაზე რამდენიმე სერიოზული შეტევა განხორციელდა – პირველი იყო ციანიდის სკანდალი და შემდეგ, სუსის კრებსები, რომელიც გამოიყენეს იმისთვის, რომ ეკლესიაში დესტრუქცია შეეტანათ.

  • შეუძლიათ ახალი პატრიარქიც დააშანტაჟონ?

შიოს კი არა, ნებისმიერი ადამიანის დაშანტაჟება შეიძლება. ხელთ შეიძლება არც არაფერი ჰქონდეთ, მაგრამ წარმოიდგინეთ ეკლესიის შიგნით ადამიანი, რომელსაც უწევს მორალური პიროვნების როლის მორგება, მაგალითი რომ იყოს სხვებისთვის. უხერხული ჭამის გადაღებაც კი შეიძლება მორალური დარტყმა იყოს მისთვის.

  • აღსაყდრების შემდეგ, ქადაგების წინ ნახსენები მისი ფრაზა – „აქ არის ბატონი ბიძინა?“ რაზე მიუთითებს, – იმაზე, რომ პატრიარქს მოსწონს ივანიშვილის ყურადღების ცენტრში ყოფნა? თქვენ რას ფიქრობთ მასზე?   

პატრიარქი შიო ფორმირებულია რუსეთში, სადაც სახელმწიფო რელიგიად ყოფნა ეკლესიისა და სტრუქტურულად თვითაღქმა არის ნორმალური ამბავი. შიოც სწავლობდა და ტრიალებდა იმ წრეში, ვინც დღეს განსაზღვრავს რუსეთის ეკლესიის კურსს და არა მარტო ეკლესიის კურსს, არამედ პოლიტიკურ ნარატივებს. კარგად იცნობს პუტინის ყოფილ მოძღვარ შევკუნოვს და მათთან კონტაქტში იყო მუდმივად, ღიადაც ულოცავდა იუბილეებს და ასე შემდეგ.

შეიძლება მას ჰქონდეს ეს ჩანაფიქრი გულში, რადგან მისი პირველი ქადაგებები არ არის გამსჭვალული ქრისტიანული გულმოწყალებისა და მისიონერული სულისკვეთებით. გარკვეულ პრობლემებს ებრძვის აკრძალვებით, ისევე როგორც რუსეთში. იგივე აბორტების თემაზე როცა თქვა, რომ სახელმწიფოს შეუძლია შეამციროს აბორტები აკრძალვებით.

  • თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის.

აქამდე ის აღარ მიდის. მას თითქოს არ სურს ამ საკითხის არსს ჩასწვდეს. ის მხოლოდ ჩამოთვლის რაღაც პრობლემატიკას და ამბობს, რომ ამის გადაჭრა შეიძლება, თუ სახელმწიფო კონკრეტულ აკრძალვებს განახორციელებს. ამიტომ არის ეს საშიში.

ის, რომ „სვეტიცხოვლობაზე“ იკითხა, „ბიძინა აქ არისო“, სხვათა შორის იყო შეცდომა. თუმცა დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება ასევე მის გუნდს, ვინც პასუხისმგებელი იყო ამ ცერემონიალზე.

ზოგადად, ეს პრაქტიკა, რომ პატრიარქი ჩამოდის ამბიონიდან და ეამბორება მთავრობის წარმომადგენლებს, ასე თვალშისაცემი არასდროს ყოფილა წინა პატრიარქის დროს. ის ტაძრის შესასვლელში ხვდებოდა ხოლმე მთავრობის წარმომადგენლებს და შემდეგ შედიოდნენ ტაძარში.

  • მან ხომ იცის, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს?

შეიძლება არ იცის. შეიძლება მას მიაჩნია, რომ ჩვენი ისტორია არის სახელმწიფო ეკლესიად ყოფნა. პრობლემა იცით რა არის? შიო მესამეს მოსაზრებები ჩვენ არ ვიცით პრაქტიკულ საკითხებზე. როდესაც ქადაგებს, რაღაცნაირად საუბრობს, თითქოს ღვთის სათნო სიტყვებით, მაგრამ პრაქტიკული აზრის გამოტანა ძალიან ძნელია.

თუ რაღაც არ იცის, მაშინ გვერდით უნდა ჰყავდეს ვინმე, რომელიც ეტყვის, რომ თქვენო უწმინდესობავ, თქვენ განასახიერებთ საქართველოს ეკლესიას, საქართველოს ეკლესია კი, ტრადიციის მიხედვით, ფეხებში არ უვარდება მთავრობას.

ეს ძალიან ღრმა თეოლოგიური ამბავია. მაგალითად, წმინდა გიორგის ხატების ძალიან ბევრ ვარიაციას ვიცნობთ მსოფლიოში, მაგრამ ჩვენთან არსებობს ვარიაციები, როცა წმინდა გიორგი გმირავს მმართველს, იმპერატორს და აქ გარკვეული დაშიფრული იდეაა, რომ საერო ხელისუფლება რაღაც მომენტში შეიძლება აღმოჩნდეს ბოროტების მსახური, როგორც ეს იყო მაგალითად კოლონიზაციისა და შემდეგ გასაბჭოების პერიოდში.

მაგრამ მას შეიძლება სწორება აქვს სწორედ აი, ამ ბოლო რუსულ ტრადიციაზე. ეს ფრაზა – „ბიძინა აქ არის“, ძალიან ცუდად მოხვდა ბევრს ყურში, განსაკუთრებით ახალ თაობას და საკმაოდ შეირყა მისი იმიჯი. ადამიანებს გაუჩინა განცდა, რომ ის სამთავრობო პატრიარქია. საკითხი კი ასე მარტივად დგას – რა გადასარევი მთავრობაც არ უნდა გყავდეს, არავის სურს სამთავრობო ეკლესიის ხილვა.

  • ღონისძიებების სერია – „1700 წელი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება“, ბანერები – „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო“ და ასე შემდეგ, ამ ჩანაფიქრს უკავშირდება?

კი ბატონო. მთავრობას ასეთი კონცეფცია დიდი ხანია აწვალებს და ავითარებს კიდეც, რომ მთავარია არ იყოს მნიშვნელოვანი საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ეროვნული დამოუკიდებლობის განცდა და ამის მიღმა ჩვენ შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ვართ რაღაც ტიპის ეთნოსი, ისე როგორც ეს რუსეთის ფედერაციაშია, რომ ჩუვაშებს ან ხაკასებს შეიძლება ჰქონდეთ ეთნოსის განცდა, მაგრამ როგორც კი ისინი სტრუქტურულ-სახელმწიფოებრიობისკენ გადადგამენ ნაბიჯს, რუსეთი მაშინვე კლავს ამ ინიციატივას.

ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური ნარატივები, ანუ პოლიტ-ტექნოლოგების ჩანაფიქრი, რომ სახელმწიფოებრიობა ჩაანაცვლონ ეთნიკურ-რელიგიური წარმოდგენებით.

ეს გამოიხატება იმაშიც, რომ ძალიან დიდი დრო დაუთმეს მოქმედ პატრიარქთან მისალმებას [„ოცნების“]. პრემიერმაც და პრეზიდენტმაც და ახალარჩეულმა პატრიარქმაც ბევრი ისაუბრეს ილია მეორის ღვაწლზე, ვიდრე ამ ქვეყნის დამოუკიდებლობაზე.

შეიძლება ითქვას, რომ ისინი ცდილობენ რელიგიური ნარატივებით და თვითმყოფადობით ჩაანაცვლონ ეროვნული თვითმყოფადობა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: