მთავარი,სიახლეები

ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 275 ათასი ლარით დააჯარიმეს რუსთაველის გადაკეტვის საბაბით

04.11.2025 •
ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 275 ათასი ლარით დააჯარიმეს რუსთაველის გადაკეტვის საბაბით

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ინტერესებს იცავს, გზის გადაკეტვისთვის სადიგოვი ჯამში 275 ათასი ლარით დააჯარიმეს ისე, რომ მისთვის არაფერი შეუტყობინებიათ.

2025 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

„აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აფგან სადიგოვი დამატებით 55-ჯერ არის დაჯარიმებული 5000 ლარით – გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შსს მას პერიოდულად 2025 წლის 29 ივლისიდან 17 ოქტომბრამდე აჯარიმებდა, თუმცა აღნიშნულის შესახებ ამ პერიოდში მისთვის არავის შეუტყობინებია“ – წერს ორგანიზაცია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ჯარიმები უკვე გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

„ცხადია, ამ პირობებში არსებობს მაღალი რისკი, რომ „ქართული ოცნება” რეპრესიულ მექანიზმს აფგან სადიგოვის წინააღმდეგაც გამოიყენებს – ჟურნალისტის, რომელიც საქართველოში უკვე ერთი წელია აგრესიული სამართლებრივი დევნისა და შევიწროების ქვეშ იმყოფება.

შეიძლება ითქვას, რომ აფგან სადიგოვის მიმართ, ერთი მხრივ, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო მეორე მხრივ, მის წინააღმდეგ გამოწერილი ათობით ჯარიმა, ნათლად აჩვენებს მიზანს – პროტესტში აქტიურად ჩართული აქტივისტის სამაგალითო დასჯას. ეს ინტერესი, მათ შორის, უკავშირდება აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესებს, რომელიც ბაქოში ჟურნალისტის ექსტრადიციას თვეების განმავლობაში აქტიურად ითხოვდა. ექსტრადიციის პროცესის შეჩერება მხოლოდ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გახდა შესაძლებელი,“ – აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ დღეს, 4 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

აფგან სადიგოვი ამჟამად ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება. იგი 22 ოქტომბერს დააკავეს და 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს გზის გადაკეტვის საბაბით.

„დღეს მოვინახულე აფგან სადიგოვი მარნეულის იზოლატორში. თავს კარგად გრძნობს. მისი პირველი კითხვა და სანერვიულო იყო ის, ტარდებოდა თუ არა რუსთაველზე აქცია და იკეტებოდა თუ არა რუსთაველის გამზირი“, – დაწერა ფეისბუქზე ადვოკატმა აიჰან ჰასანლიმ იზოლატორში მასთან შეხვედრის შემდეგ.

  • რა ხდება

ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 2024 წლის 3 აგვისტოს დააკავეს. ქართული მხარის განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებდა.

2025 წლის 17 აპრილს სასამართლომ აფგან სადიგოვი, თითქმის 9-თვიანი პატიმრობის და 161-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. პროკურატურამ და სასამართლომ მას ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მისცეს.

ამ თემაზე:

„სადიგოვის პირველი კითხვა იზოლატორში: ტარდება რუსთაველზე აქცია?“ – ადვოკატი“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: