„4-მა ოქტომბერმა რეალურად დღის წესრიგი ივანიშვილს ამოუყირავა,“ – მიიჩნევს ანა წითლიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი. მას 4 ოქტომბრის მოვლენების გათვალისწინებთ ამ პარტიის და ოპოზიციის მომავალზე ვესაუბრეთ.
„ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველი შემთხვევა იყო ბოლო 12 წლის განმავლობაში, როდესაც რევოლუციური ცვლილებებისთვის გამოვიდა ხალხი. ერთ აქციას ვერ მეტყვით 12 წლის განმავლობაში, როდესაც დაანონსებულ რევოლუციაზე გამოსულიყო ხალხი.
ეს ნიშნავს იმას, რომ ასი ათასობით საქართველოს მოქალაქემ კიდევ ერთხელ თქვა ხმამაღლა, რომ ამ ქვეყანაში არანაირი არჩევნები არ არსებობს. თან გამოვიდა იმ დღეს, როდესაც პარალელურად ეგრეთ წოდებული არჩევნები ტარდებოდა,“ – ამბობს ანა წითლიძე. „ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ქალბატონო ანა, რა იცვლება „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიაში 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ, როცა ამომრჩეველთა უმრავლესობა არჩევნებზე არ მივიდა და ამით თქვა, რომ ეს იყო ფარსი, მეორეს მხრივ კი, დაანონსებული ე.წ. მშვიდობიანი რევოლუცია არ შედგა?
გამიჭირდება საუბარი კოორდინაციაზე, როცა ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მთავარი პროცესი იწყება საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც ნიშნავს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას – პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას. ამ პროცესის შემდეგ უკვე პოლიტიკური პარტიები კი არა, ქვეყანა დგება სხვა რეალობის წინაშე – კიდევ უფრო მძიმე რეალობის წინაშე!
საუბარია იმაზე, რომ სახელობითად აეკრძალოთ კონკრეტულ ლიდერებს პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება. რეალურად პოლიტიკური პროცესი არის მკვდარი, მაგრამ ცხადია, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება. რა ფორმით გაგრძელდება ეს ბრძოლა და როგორ, მას შემდეგ შემიძლია გითხრათ, გულწრფელი რომ ვიყო, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო დაასრულებს ამ პროცესს.
ცხადი მოცემულობა არის ის, რომ პოლიტიკური პარტიების ზღვარი ისედაც მოშლილია უკვე ამ ქვეყანაში. ეს უკვე საერთო ეროვნული ბრძოლაა რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. პარტიულ ნიშანს უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ეს 4 ოქტომბერსაც ნათლად გამოჩნდა. იქ რევოლუციური ცვლილებების მოთხოვნით იდგნენ ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური პოზიციები აქვთ. დაკავებულია, მაგალითად, კოალიცია „ახალის“ წევრი, გახარიას ამომრჩეველია დაკავებული, მაგალითად, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელიც ჩემთან საუბარში ამბობდა, გახარიას ვგულშემატკივრობდიო…
- თუ „ოცნება“ მართლაც შეეცდება პოლიტიკური ოპოზიციის ბოლომდე გაქრობას, ამ შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება?
ჯერ-ჯერობით რა პროცესებსაც ვუყურებთ და რასაც აანონსებენ, აქეთკენ მიდიან: უკვე მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, გუშინ ირაკლი კობახიძემ ეს კიდევ ერთხელ გაიმეორა.
ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება. სულ რომ ამიკრძალონ პოლიტიკური საქმიანობა სახელით და გვარით, იატაკქვეშეთიდანაც გავაგრძელებ რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას.
- მაგრამ პარტიის საბოლოო აკრძალვას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში. თქვენი აზრით, რა გზით მიდის „ქართული ოცნება“?
ძალიან მარტივი მოსალოდნელია, ჩანიშნოს კიდევ ერთი არჩევნები და ეს საკონსტიტუციო უმრავლესობაც მიიღოს.
ჩვენ შეგვეძლება მივმართოთ სტრასბურგს – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება დასასრული, მაგრამ ამის პარალელურად კიდევ უფრო გააქტიურდება რეპრესიები.
- როგორია ენმ-ის პოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე?
ბიძინა ივანიშვილის პირობებში რომელი საპარლამენტო არჩევნები?! ბიძინა ივანიშვილის პირობებში ნებისმიერი არჩევნები, რომელსაც დანიშნავს ბიძინა ივანიშვილი, ნებისმიერი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ბიძინა ივანიშვილი, იქნება მხოლოდ ის რიცხვები, რაც უნდა ბიძინა ივანიშვილს და რაც უნდა რეჟიმს.
საქართველოს მოქალაქეებმა რა ანახეს 4 ოქტომბერს? ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველი შემთხვევა იყო ეს ბოლო 12 წლის განმავლობაში, როდესაც რევოლუციური ცვლილებებისთვის გამოვიდა ხალხი. თქვენ ერთ აქციას ვერ მეტყვით 12 წლის განმავლობაში, როცა დაანონსებულ რევოლუციაზე გამოვიდა ხალხი.
ხან რუსულ კანონს ვაპროტესტებდით, ხან ევროინტეგრაციის შეჩერებას, მაგრამ დაანონსებულ ცვლილებაზე, რომ რევოლუცია გვინდა, პირველად გამოვიდა 100 000-ობით საქართველოს მოქალაქე.
ეს ნიშნავს იმას, რომ ასი ათასობით საქართველოს მოქალაქემ კიდევ ერთხელ თქვა ხმამაღლა, რომ ამ ქვეყანაში არანაირი არჩევნები არ არსებობს. თან გამოვიდა იმ დღეს, როდესაც პარალელურად ეგრეთ წოდებული არჩევნები ტარდებოდა.
ესაა გამოსავალი: მხოლოდ რევოლუციური ცვლილებები და ქუჩის პროტესტი დაასრულებს საოკუპაციო რეჟიმს საქართველოში.
- ხომ არ გამოჩნდა ისიც, რომ ამომრჩეველი მზადაა ცვლილებებისთვის, მაგრამ პოლიტიკოსები არ აღმოჩნდით მზად?
თქვენ და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არის ბრძოლა საოკუპაციო რეჟიმთან.
ეს დაახლოებით როგორი რიტორიკული კითხვაა, იცით? ქაქუცა ჩოლოყაშვილს რომ ვკითხოთ, რატომ არ გამოვიდა 1924 წლის აჯანყება და რატომ ვერ გაიმარჯვა მაშინ რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ რომ იბრძოდა?! ან 1922 წლის შეთქმულებს რომ ვკითხოთ – რატომ ჩავარდა ეგ შეთქმულება და ვინ იყო მოღალატე?! რატომ ვერ განსაზღვრეს?!
ჩვენ ვებრძვით არა ზოგადად ცუდ ხელისუფლებას, არამედ საოკუპაციო რეჟიმს, რომელსაც „ეფესბე“ მართავს. აქ სრულყოფილი ვერც გეგმა იქნება და ვერც მოქმედება.
- „ოცნების“ ამოცანაა გაანადგუროს პოლიტიკური ოპოზიცია, ლიდერების ნაწილი ციხეშია, მაგრამ წინააღმდეგობის არაერთი წევრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ორგანიზების, პოლიტიკოსების აქტიური ჩართვის გარეშე პროტესტის გავლენა რეჟიმზე ვერ გაიზრდება… განიხილავთ თუ არა კოორდინაციას სხვა ძალებთან?
კოორდინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ გამოგონილი და ხელოვნური ერთობის არ მჯერა. რა ერთობაზე უნდა ველაპარაკო, მაგალითად, იმ ადამიანებს, ვინც ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებზე?!
- გამორიცხავთ ამ პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგს?
პოლიტიკურ სივრცეში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, უბრალოდ რაღაც გამოცდილებაზე ხომ უნდა ისწავლო, ვისთან ერთად შედიხარ პროცესში? ამ ადამიანებმა რუსული სპეცოპერაცია „გაუპრავეს“ ბიძინა ივანიშვილს და ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღეს…
როგორ უნდა ვითანამშრომლო გახარიასთან, რომელიც დღე-დღეზე პარლამენტში აპირებს შესვლას? ეს არის ეს წყალგამყოფი, მათ შორის, ოპოზიციურ სპექტრში.
საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ რა მოცემულობაც იქნება, ეს მოცემულობა მოგვცემს შესაძლებლობას, ზუსტად დავინახოთ, რა უნდა იყოს გზა. ზოგადი ამის გზა არის ერთი, რომ ერთ მხარეს არის რუსული საოკუპაციო რეჟიმი და მეორე მხარეს არის ყველა, აბსოლუტურად.
- არ იღებთ საყვედურს, რომ პოლიტიკოსებს უნდა გქონდეთ გეგმა საზოგადოების აქტიური ჩართულობით? იგივე 4 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ იყო აქციის მხარდამჭერი, მაგრამ ჩვენთვის გეგმა უცნობი იყოო.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა ამ აქციას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ორგანიზატორი იყო.
მე პირადად, ანა წითლიძე, აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროცესში და თუ გინდათ, ორგანიზატორად ჩამთვალეთ… არავის არ უთქვამს, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით გეგმა არ იყო. 4 ოქტომბერთან დაკავშირებით გეგმა იყო, მაგრამ რა არ წავიდა გეგმის მიხედვით და რა მოხდა, რომ ეს გეგმა აირია, ეს არის ის, რაზეც კონკრეტული პასუხები აქვთ მხოლოდ ციხეში მყოფ ადამიანებს.
მე ამ გეგმაზე ვერ ვილაპარაკებ, სანამ არ ილაპარაკებენ თვითონ ის ადამიანები, რომლებიც არიან ციხეში. მე არ ვიქნები სწორი, რომ მათ ნაცვლად ვილაპარაკო ამაზე. მათ უნდა თქვან კონკრეტულად, იმიტომ, რომ ის, რაც ჩვენ ვიცოდით და მათ შორის მე ამ გეგმის ნაწილში, ეს იყო აბსოლუტურად სხვა რამ, ხოლო ის რაც მოხდა – იყო აბსოლუტურად სხვა.
ხუთივე ამ ადამიანმა საკუთარი თავგანწირვის ხარჯზე ანახა ყველას, როგორ უნდათ ბრძოლა რეჟიმთან და ეს ადამიანები დღეს არიან ციხეში. მათ ეს თავგანწირვა საკუთარ თავზე აიღეს, ანახეს, იბრძოლეს, რაღაც არ გამოუვიდათ, თუმცა 4 ოქტომბერი არანაირი დამარცხება იყო, 4 ოქტომბერი იყო წინააღმდეგობის დღე.
ეს იყო ზუსტად ისეთივე წინააღმდეგობის და ბრძოლის დღე, როგორც 1924 წლის აჯანყება იყო საქართველოსთვის ბრძოლა და როგორც 1922 წლის შეთქმულება იყო საქართველოსთვის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ.
- საკონსტიტუციო სასამართლოზე როცა საუბრობთ, არ მიგაჩნიათ, რომ ისევ „ოცნებას“ მიჰყვებით და ოპოზიციას ისევ არ აქვს საკუთარი დღის წესრიგი?
„ქართული ოცნების“ დღის წესრიგი თუ რამე არ იყო, ეს არ იყო 4 ოქტომბერი. მათი გეგმა იყო არჩევნები, ზეიმი და შემდეგ საერთაშორისო აქტორებთან იმაზე საუბარი, რომ აი, ოპოზიციამაც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში.
4 ოქტომბერმა რეალურად დღის წესრიგი ივანიშვილს ამოუყირავა. საქართველომ დაანახა კიდევ ერთხელ მსოფლიოს, რომ საქართველოს მოქალაქეები გამოვიდნენ რევოლუციური ცვლილებებისთვის.
- მაგრამ ქუჩის პროტესტი არაა საკმარისი პირობა იმისთვის, რომ ივანიშვილმა უკან დაიხიოს, მის ხელშია ძალაუფლება…
დიახ, ასეა, როცა ებრძვი რეჟიმს. რეჟიმი სულ ცდილობს, რომ თავისი სიძლიერე გაჩვენოს. როცა რეჟიმს ებრძვი, შესაძლოა წაიქცე, რაღაც არ გამოგივიდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა წამოდგე და გააგრძელო სვლა. დღეს ეს გზა არის უწყვეტი საპროტესტო აქციები.
რაც შეეხება კოორდინაციას და ერთობას – იცით, რატომ მიჭირს ასე პასუხის გაცემა? – გულწრფელი რომ ვარ, მაგიტომ, თორემ შემეძლო რაღაც ეფემერულ ერთობაზე მელაპარაკა და გითხრათ, რომ კი, აუცილებელია ყველა პოლიტიკური პარტიის ერთიანობა.
დღეს ეს ძნელად წარმომიდგენია, პირდაპირ რომ გითხრათ. ფუნდამენტური განსხვავება მაინც არის არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ ამის არ გვჯერა და ამის 12-წლიანი გამოცდილება გვაქვს. ბოლო არჩევნებმაც ანახა და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა პირველად თქვეს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ არსებობს. ამაზე მეტი რა უნდა თქვან.
საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ ყველას ექნება ალბათ სალაპარაკო იმაზე, როგორ გრძელდება ბრძოლა. ისევ ცალ-ცალკე ვაპირებთ ამ ბრძოლაში შესვლას, თუ რაღაც საერთო კოორდინაცია არის შესაძლებელი?! რამდენად შესაძლებელია, რომ საკუთარი სიტყვა დაიცვან იმ ადამიანებმა, რომლებიც იმ შეთანხმებას მიაღწევენ?! იმიტომ, რომ ოპოზიციურ სპექტრში მე მინახავს, რომ ერთი გადაწყვეტილება მიღებულა, შემდეგ გამოსულან და სხვა უქნიათ.
_________________________________
„ბათუმელები“ სხვადასხვა ოპოზიციური და კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერს ესაუბრა საკითხზე – როგორ და რა სტრატეგიით აპირებენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას. ამ სტატიებს შეგიძლიათ გაეცნოთ „ბათუმელების“ ვებგვერდზე.
ფოტო: ანა წითლიძე/facebook
ამავე თემაზე:






