როგორ აპირებს 8 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება მუშაობას მუნიციპალური არჩევნების და 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ?
„ბათუმელები“ ესაუბრა რვიანში შემავალი რამდენიმე პარტიის ლიდერს და მათ ჰკითხა, როგორ და რა სტრატეგიით აპირებენ ბრძოლას ახლა, ცალ-ცალკე თუ ვიხილავთ ახალ ოპოზიციურ გაერთიანებებს?
პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ რვიანი ერთადერთი ამოცანით შეიქმნა – „ბოიკოტის პროცესში შესაძლებელი ყოფილიყო კოორდინაცია. თავიდანვე განსაზღვრული იყო, რომ ეს იქნებოდა 4 ოქტომბრამდე. ამის მიღმა სხვა შეთანხმდება, სხვა ხედვა არ გვქონია“- ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი „ბათუმელებთან“.

თამარ ჩერგოლეიშვილი
რა უნდა მოიმოქმედოს სამომავლოდ ოპოზიციამ რეჟიმის წინააღმდეგ? – ვკითხეთ მას. თამარ ჩერგოლეიშვილის აზრით, მომავალი მოქმედებების გზას ოპოზიციას ის დემოკრატიული პროცესები სთავაზობს, რომელიც ჩვენს თვალწინ, საზოგადოებაში ვითარდება.
„მე ვიტყოდი, რომ ეს პროცესი გავრილოვის ეპიზოდში დაიწყო და სხვადასხვა ინტენსივობით დღემდე გრძელდება.
ამ პროტესტის დაკვეთა ის კი არ არის, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ან პარტიამ დღეს არსებულმა ხელისუფლება ჩაანაცვლოს, დაკვეთა არის ის, რომ დემოკრატიულმა პროცესმა გაიმარჯვოს და ის ავტოკრატიული სისტემა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს, ჩამოანგრიოს.
თუმცა, ამ ავტოკრატიულ სისტემებს ჩვენ მარტო ივანიშვილის რეჟიმის სახით არ ვხედავთ. მაგალითად, „ლელოც“ ასეთი სისტემაა, რადგან როცა ნახევარი პარტია ეწინააღმდეგებოდა, ამომრჩეველი ეწინააღმდეგებოდა, ხაზარაძემ აიხირა და შევიდა თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში.
ზუსტად იგივე ხდება სააკაშვილთანაც. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავის სიტყვა არაფერს ნიშნავს მიშას, ანუ ბელადის გარეშე, ეს პარტია არ არსებობს და იქაც ქართველი ხალხი გამოთიშულია პროცესიდან.
ამიტომ, ბრძოლის პროცესს ვხედავ დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის და მიმაჩნია, რომ დაკვეთა არის ის, რომ დემოკრატიულმა ძალებმა წავიყვანოთ ეს პროცესი და დემოკრატიულმა ძალებმა გავიმარჯვოთ“ – ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.
მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა სახელებს და გვარებს, თუ ვისთან ითანამშრომლებს ამ გზაზე:
„მთავარია, რა სისტემით ოპერირებს ესა თუ ის პარტია. თუ ეს პარტია არის დემოკრატიული, აქვს შიდა დემოკრატიული მექანიზმები, პასუხობს ამომრჩეველს და ამომრჩეველზეა ფოკუსირებული, აქვს ისეთი თემები, რომელიც ამომრჩეველს აწუხებს, ნებისმიერ პარტიასთან თანამშრომლობა ჩვენთვის მისაღებია.
ეს არანაირად არ ნიშნავს პარტიების ერთმანეთში აღრევას ან პარტიული იდენტობების დაკარგვას, მაგრამ ნებისმიერ დემოკრატიულ პარტიასთან თანამშრომლობა, არათუ შესაძლებელია, არამედ სასურველიც, რადგან რვიანის ფორმატში მე დავინახე ეს და ძალიან კარგად ვითანამშრომლეთ რიგმა პარტიებმა. არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. გაუგებრობაც კი არ წარმოქმნილა.
პრობლემას და კონფლიქტს ქმნის, როცა სისტემური შეუთავსებლობა გაქვს. ამიტომ შეთანხმებებიც კი ვერ შედგება. შენთან შეიძლება მოვიდეს, ვთქვათ, კუპრაძე, შეუთანხმდე რაღაცაზე და შემდეგ ხაზარაძემ გადაიფიქროს და კუპრაძის სიტყვას არანაირი წონა არ ექნება. ამას ვეძახი სისტემურ შეუთავსებლობას“ – ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.
თამარ ჩერგოლეიშვილს 4 ოქტომბრის მოვლენებზეც ვესაუბრეთ. იგი ამბობს, რომ 4 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ძალიან მნიშვნელოვანი განსაცდელი გაიარა:
„ერთი მხრივ, საზოგადოების უმნიშვნელოვანესმა ნაწილმა რეალურად უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს. მანიპულირებული რიცხვებითაც კი, ისტორიულ მინიმუმზეა ამ არჩევნებად წოდებული ფარსის ლეგიტიმაცია და ამ არჩევნებზე ხალხის არ მისვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი სისუსტის ინდიკატორი.
მეორე მხრივ, ქართველმა ხალხმა და ამომრჩეველმა უარი უთხრა ოპოზიციურ ოლიგარქს ყიდვაზე. რეალურად მამუკა ხაზარაძემ თავისი ამომრჩეველიც კი ვერ იყიდა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ფული დახარჯა, მას და გახარიას, რეალურად 70%-ით შეუმცირდათ ის ხმები, რაც 2024-ში აიღეს.
არც „ნაციონალური მოძრაობის“ არარეალისტურ და უპასუხისმგებლო ავანტიურას აჰყვა საზოგადოება, მაგრამ სახლში კი არ იყო, ათი ათასობით გამოვიდა რუსთაველზე და ბიძინასაც აჩვენა პროტესტის პოტენციალი. ამიტომ ჩვენ 4 ოქტომბრიდან სწორი გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ.
ფედერალისტები ვაპირებთ ჩვეულებრივად პროტესტის გაგრძელებას იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს შესაძლებელი იქნება. რეჟიმის დელეგიტიმაციას როგორც საერთაშორისო, ისე ნაციონალურ დონეზე. ამასთან ვაპირებთ კონსულტაციები გავმართოთ და ვითანამშრომლოთ ყველა იმ დემოკრატიულ პარტიასთან, ვისთანაც თანამშრომლობის ნორმალური გამოცდილება გვქონდა“ – ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.
მისივე თქმით, არავინ იცის ზუსტად როდის დადგება რეჟიმის დასასრული.
„ერთი რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ რეჟიმი არის გაცილებით სუსტი, ვიდრე 300 დღის წინ იყო. ჩამოკიდებულია კობახიძეზე. ბიძინა ივანიშვილისთვის სანდო ადამიანების წრე მკვეთრად დავიწროებულია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ პროტესტს ალტერნატივა არ აქვს, რადგან ჩვენ არ გაგვაჩნია ინსტიტუტები, არ გაგვაჩნია სივრცე, სადაც ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ. ერთადერთი სივრცე არის ქუჩა.
ორჯერ და სამჯერ მეტი ხალხი გამოვა, როცა დაინახავს, რომ ამ პროცესს დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრი უძღვება, იმიტომ რომ ოლიგარქიული სისტემები ოპოზიციასაც ძირს უთხრის, ხომ?! და ამის დასტური იყო 4 ოქტომბერიც.
მთავარი მიზეზი რის გამოც ხალხი ოპოზიციაზეა გაბრაზებული, არის ის, რომ ოპოზიციამ ვერ დადო შედეგი, ვერ გაიმარჯვა და ისევ ბიძინაა ხელისუფლებაში. ახლა უვიზოს ვკარგავთ და ეს ბრაზი ბუნებრივია, მაგრამ ახლა გაფართოებულია კონსენსუსი, ახალი პარტიებიც წამოვიდა, თავისთავად მოხდა ოლიგარქიული პარტიების დისკრედიტაცია, რაც გზას აფართოებს დემოკრატიული პარტიებისთვის“ – ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.
მისი აზრით, „ოცნების“ დამარცხება სამი გზით შეიძლება – ერთი არის პროტესტი, მეორე – სანქცია, ანუ საერთაშორისო წნეხი, ზეწოლა და მესამე გზა არის დემოკრატიული ალტერნატივა ოპოზიციაში.
„მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ პარტიები კოორდინაციას იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ რუსული ჭაობიდან და დავაყენოთ ნორმალურ რელსებზე“- ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ოპოზიციური რვიანის წევრი იყო „თავისუფლების მოედანიც“. ოპოზიციის მომავალს სამოქმედო ხედვასა და გეგმებზე ვესაუბრეთ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ცუცქირიძესაც.

ლევან ცუცქირიძე
ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ თანამოაზრე პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო ჯგუფებთან და აქტივისტებთან კოორდინაციაში იქნებიან და ასე გააგრძელებენ ბრძოლას.
„რაღაც კოორდინაცია გარდაუვალია და ყველა ვგრძნობთ ამის საჭიროებას. თუმცა ვთვლი, რომ საზოგადოებას არა მხოლოდ ის უნდა ავუხსნათ რატომ არის „ქართული ოცნება“ ღირსი, ჩამოსცილდეს ძალაუფლებას, არამედ ასევე უნდა ვაჩვენოთ, რომ არსებობენ პასუხისმგებლობის მქონე, პატიოსანი და პროფესიონალი პოლიტიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი საქმეების სათანადოდ გაძღოლა და არ უღალატებენ ხალხს.
უნდა ვაჩვენოთ ადამიანებს, თუ რა შეიცვლება რეალურად ქვეყანაში ივანიშვილის შემდეგ. უნდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილება არ მოიტანს ქაოსს, არ მოიტანს ომს, არ მოიტანს პოლიტიკურ შურისძიებას და პირიქით, ქვეყანა რეალურად დამშვიდდება, დასტაბილურება და სწრაფ განვითარებას დაიწყებს“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე.
თუ ივანიშვილი დანიშნავს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, როგორ მოიქცევა ამ შემთხვევაში ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას? – ვკითხეთ ლევან ცუცქირიძეს.
მისი თქმით, გააჩნია რა პირობებში მოხდება არჩევნების დანიშვნა.
„თუ ისევ რეპრესიები უნდა გაგრძელდეს და არჩევნები გაყალბებებით უნდა ჩატარდეს, პოლიტიკური პარტიის ლიდერები ციხეში უნდა ჰყავდეთ და არაფერი შეიცვლება, რა თქმა უნდა, ასეთ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს.
იმისათვის, რომ ბევრ ადამიანს გააგებინო შენი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე, კარგი საშუალებაა მედია და რა თქმა უნდა, ადამიანებთან პირისპირ საუბარი, შეხვედრა, რადგან თუ ხალხს უნდა რეალური ალტერნატივა იხილოს ოპოზიციაში, ეს ალტერნატივა არსებობს. მცოდნე და პატიოსანი მოხელეები, პოლიტიკოსები, ამ ბოლო პერიოდში ნამდვილად გამოჩნდა.
მართლა გვყავს ძალიან ბევრი მცოდნე, პატიოსანი და პროფესიონალი პოლიტიკოსი, თუნდაც „თავისუფლების მოედანში“ და ვფიქრობ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც ყველაზე ძლიერი კომპეტენციები გააჩნია ქვეყნის მართვის, ყველა კრიტიკული მიმართულებით“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე.
მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია რეგიონების და სოფლების დონეზე იყოს ადამიანებამდე სწორად მიტანილი.
„ამისთვის ჩვენ თავს არ ვიშურებთ, რადგან არა ვართ პარტია, რომელიც ოფისში ზის და ხალხთან ურთიერთობას გაურბის. ჩვენ ვართ ამ სახალხო მოძრაობის ნაწილი და ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა საზოგადოებასთან ურთიერთობა, მათთან შეხვედრა და მათთან საუბარი.
რეალურად, ქვეყანაში მოთხოვნა არსებობს პრინციპულად ახალ პოლიტიკაზე, ახალ პოლიტიკურ პარტიებზე, ახალ პოლიტიკოსებზე, რომლებიც საქმეს დახურულ კარს მიღმა, ჩუმად კი არ გადაწყვეტენ, არამედ საჯარო პოლიტიკას უჭერენ მხარს და სჯერათ დემოკრატიის.
მათთვის დემოკრატია ჟონგლიორობისთვის გამოსაყენებელი ფრაზა კი არ არის, მართლა ამ ფასეულობების ერთგულნი არიან და ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი ეს სახე უფრო კარგად ვაჩვენოთ საზოგადოებას“- ამბობს ლევან ცუცქირიძე.
მისი თქმით, ოპოზიციამ არა მხოლოდ ის უნდა აჩვენოს, რატომ არის ცუდი „ქართული ოცნება“, არამედ იმაზეც ისაუბროს, თუ რა მოხდება კარგი მომავალში.
„პირველ რიგში, ეს არის უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხები, ადამიანებს უნდა სჯეროდეთ, უნდა დაინახონ, რომ დემოკრატიული ცვლილებების შემდეგ არ მოვა ქაოსი ქვეყანაში. არც ომი იქნება, რადგან ამის ძალიან მარტივი მაგალითია ჩვენი სამეზობლო, სადაც რუსეთმა ფაქტობრივად დაკარგა საკუთარი პოლიტიკური გავლენა, ეს ქვეყნები დაუახლოვდნენ კიდევ უფრო მეტად ევროკავშირს, თუმცა არ დაწყებულა ომი.
გასაგებია, რომ ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, მაგრამ მოლდოვასაც აქვს ტერიტორიული პრობლემები, თუმცა მათ დემოკრატიული გზით ჩაშალეს რუსული სპეცოპერაცია არჩევნებზე, მოლდოვა ახლახან შეუერთდა ევროკავშირის ერთიანი გადახდების სისტემას და სწრაფი ნაბიჯებით მიდის გაწევრიანებისკენ.
ამიტომ, არის თემები რაზეც გვჭირდება საუბარი. თუნდაც ის, რომ ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშორების შემდეგ არ იქნება პოლიტიკური შურისძიება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღარასდროს არ დაბრუნდეს პოლიტიკური დევნა ამ ქვეყანაში. საჯარო სექტორები, სკოლები, ჯანდაცვის დაწესებულებები, სიპები, აიპები, პოლიცია, პროკურატურა და სასამართლოც უნდა გათავისუფლდეს პარტიული კონტროლისგან.
ეს საკითხებიც ადარდებთ ადამიანებს, ხომ?! უნდა გვქონდეს ლუსტრაციის კანონი, რომ ეს კაგებეშნიკები ჩამოსცილდნენ სახელმწიფო მმართველობას და გვქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტები, რომლებმაც პოლიტიკოსების ჩარევის გარეშე უნდა გადაწყვიტონ ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი. ამის რესურსი საქართველოში არსებობს.
უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რომ არ ვართ განწირული იზოლაციაში და დიქტატურაში ცხოვრებისთვის.
მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა რომ მივიღოთ, გონივრულ დონეზე მაინც ხომ უნდა იყოს თავისუფალი გარემო?
ეს გაყალბებული არჩევნებიც პრობლემაც ექცევა „ოცნებას“, რადგან ყველამ დაინახა, რომ კალაძემ ამომრჩევლის 20% მიიღო მხოლოდ, რომელიც მათი ყველაზე ძლიერი ფალავანი იყო თბილისში. ამ გაყალბებული არჩევნებითაც აჩვენეს მთელ ქვეყანას საკუთარი დელეგიტიმაცია.
არცერთი მილოცვა არ მიუღია არც ამ არჩევნებზე. ჰამასი და ჰეზბოლა თუ გამოუგზავნის კალაძეს არ ვიცი. არც საერთაშორისო დამკვირვებლები იყვნენ. ამიტომ როდესაც შენ არა გაქვს საჯარო ლეგიტიმაცია, რაც არ უნდა გადაწყვეტილება მიიღო, მაინც ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დგები.
დღეს ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი, პოლიტიკური ბრძოლის გზა და ამასთან ერთად უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო ბრძოლის მექანიზმებიც“- ამბობს ლევან ცუცქირიძე.
ოპოზიციურ რვიანში იყო კოალიცია „ცვლილებებისთვის“/„დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ახლები“. „ბათუმელები“ მოქმედების შემდგომ სტრატეგიაზე ამ კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს პარტია „ახლებიდან“, გიორგი კირთაძეს ესაუბრა.

გიორგი კირთაძე
გიორგი კირთაძის თქმით, „ახლები“ არა მხოლოდ კოალიციასთან შეძლებენ თანამშრომლობას მომავალში, არამედ ყველა პროდასავლურ პარტიასთან, რომლებიც რუსული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან.
„პირველი, რაც მომავალშიც გაგრძელდება, არის ართანამშრომლობა რეჟიმთან და მუდმივი წინააღმდეგობა მასთან. ეს არის ის ხაზი, რომელიც ჩვენ გვქონდა არჩეული და რომელსაც მივყვებით. ის, რომ ხელისუფლებად კი არ მოვიხსენიებთ ივანიშვილის „ოცნებას“, არამედ მოვიხსენიებთ რეჟიმად, ამ ბრძოლამ მოგვიყვანა აქამდე.
ართანამშრომლობა იყო მნიშვნელოვანი, როცა წულუკიანის ე.წ. კომისიაში არ მივიღეთ მონაწილეობა და ეს ციხედ დაუჯდათ პოლიტიკურ ლიდერებს. უმნიშვნელოვანესია ქუჩის წინააღმდეგობა, ხალხმრავალი აქციები. მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა და მათგან ზეწოლა რეჟიმზე და ეს არის გასაგრძელებელი.
უკეთესი კოორდინაციის იმედი მაქვს პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო ჯგუფებთან, ვიდრე ეს იყო 4 ოქტომბერს, როცა მორიგი რუსული სპეცოპერაცია მოგვიწყვეს. იმედი მაქვს, ყველა თავის შეცდომას გააანალიზებს, გადახედავს და უკეთესი კოორდინაცია იქნება მომავალში.
რა თქმა უნდა, ივანიშვილს აწუხებს ლეგიტიმაციის საკითხი. არავინ ხელს არ ართმევს, სანქციებია მასზე, მის ოჯახსა და მისი გუნდის წევრებზე და ამ სანქციების გაფართოების მოლოდინიც დიდია. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ახალი არჩევნები დანიშნონ. რთულია ივანიშვილის ნაბიჯების გამოცნობა, რადგან არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებიან, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს და არა უბრალოდ ტყუილში მონაწილეობის მიღებას.
ვითხოვთ არჩევნებს, სადაც პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობას აქვს ჩამოყალიბებული ხედვა, მათ შორის უსაფრთხოების ნაწილშიც, რადგან მურუსიძის სასამართლომ კი არ უნდა განიხილოს საარჩევნო დავები, არამედ მაღალი სანდოობით აღჭურვილმა კოლეგიალურმა ორგანომ. სამართლიანი რომ იყოს არჩევნები, მინიმალური პირობები ხომ უნდა იყოს დაცული.
თუმცა არც ის არის გამორიცხული, არც ამაზე წავიდეს ივანიშვილი, ბოლომდე გაჯიუტდეს თავის შეცდომაში და თქვას, რომ მას აქვს რაღაც ტერიტორია შემოღობილი და არ აინტერესებს არავის აზრი, მაგრამ როცა იქნება საზოგადოების ძალიან მაღალი ზეწოლა, მაინც ჩამოიშლება ასეთი რეჟიმი და ამ ეტაპზე აუცილებლად მივა ბიძინა ივანიშვილი თუ არც ქვეყნის შიგნით გაითვალისწინებს მოსახლეობის აზრს და არც გარეთ – ქვეყნის მეგობრების აზრს.
ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანების დიდი უმრავლესობა, მინიმუმ 85%, საკუთარ თავს მიიჩნევს დასავლური ცივილიზებული სამყაროს ნაწილად, სურს ევროპული მომავალი, ამიტომ წარმოუდგენელია მოსახლეობის უმრავლესობაზე ივანიშვილმა გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლოს იმგვარი ძალადობა, რომ ქვეყანამ ვექტორი ისე შემოატრიალოს, თქვას, „ევროპა კი არ არის ჩვენი მეგობარი, არამედ ამ ქვეყნის მტრები, – კარასინი და დუგინი“.
მესმის, რომ რუსულ რეჟიმთან გვაქვს საქმე, მაგრამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ქართველი ხალხი იბრძოდა ყოველთვის. 1921 წელს რომ დაიპყრო რუსეთმა საქართველო, მაინც ვერ გადატეხეს და მერე 36-37 წლებში ხალხის დახვრეტა გახდა საჭირო. არა მგონია ივანიშვილს ამის შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ ქუჩაში ხალხი დახვრიტოს და დაჭერის, გინების, დაშანტაჟების, დაჯარიმების არ ეშინია ქართველ ხალხს, ეს ძალიან კარგად ჩანს“ – ამბობს გიორგი კირთაძე.
მისი თქმით, მათ ოფისებში, იქნება ეს თბილისი თუ ბათუმი, ყველგან მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა იმაზე, როგორ აუხსნან უკეთ ადამიანებს, რომ ივანიშვილის მანკიერი რეჟიმის დასრულების შემდეგ როგორ გადავა ქვეყანა განვითარების ეტაპზე და არა პირიქით.
„ჩვენ გვინდა ისეთი ქვეყანა, საიდანაც ემიგრაციაში კი არ გაიქცევა ხალხი, არამედ წასულები რომ დაბრუნდნენ უკან და ნორმალურად ვიცხოვროთ.
სასამართლო როგორი წარმოგვიდგენია, ადგილობრივი თვითმართველობა როგორი წარმოგვიდგენია, დემოკრატია ზოგადად ამ ქვეყანაში, ძალოვანი უწყებების რეფორმირება როგორ წარმოგვიდგენია, ეკონომიკური წინსვლა, უკეთესი განათლება და ასე შემდეგ, ამაზე ადრეც გვისაუბრია ადამიანებთან, მაგრამ სამწუხაროდ, ივანიშვილი კლავს ამ ველს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ვეღარ მიაწვდინონ სათანადოდ ხმა ადამიანებს და ვეღარ ისაუბრონ ასეთ თემებზე.
ამიტომ არის მეტი კოორდინაცია პროდასავლურ პარტიებთან საჭირო და გაგრძელება რეჟიმთან ართანამშრომლობის.
მართლია, ახლა აკრძალვასაც გვიპირებენ, მაგრამ რას უნდა მიაღწიონ ამით? პარტია კონკრეტული იდეების გარშემო გაერთიანებული ადამიანთა ჯგუფია და სიცოცხლის უფლებას ხომ ვერ აუკრძალავს ხალხს ამ ქვეყანაში?
სხვა ფორმით, სხვა მეთოდებით გავაგრძელებთ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას. ამიტომ ესეც ვერ იქნება ისეთი სიხარულისა და ბედნიერების მომტანი ივანიშვილისთვის, როგორც მას წარმოუდგენია“ – ამბობს გიორგი კირთაძე.
საქართველოში ოპოზიციური პარტიების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გადამწყვეტ მომენტში სხვადასხვა პოზიციაზე ყოფნაა, რაც ერთობას არღვევს და ოპოზიციის მიმართ მოქალაქეების ნდობის შესუსტებას იწვევს. როგორ აპირებთ ამ პრობლემასთან გამკლავებას? – ვკითხეთ გიორგი კირთაძეს.
„პროცესებში საზოგადოების კიდევ უფრო მეტი ჩართულობით“ – გვითხრა მან.
„ის, რომ „ლელო“ და გახარია არ იყო თანმიმდევრული თავის გადაწყვეტილებებში, ეს იყო პრობლემა.
როცა ამბობ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და იქ არ შევდივარ, მაგრამ შედიხარ უფრო უარეს საარჩევნო პირობებში და ამას არქმევ არჩევნებს, ეს არის არათანმიმდევრულობის კლასიკური მაგალითი, ალბათ. მაგრამ საზოგადოებამ უნდა უპასუხოს ამას და ჩემი აზრით, უპასუხა კიდეც, როცა გახარიას მიერ, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელებულმა კაცმა ერთი მანდატიც კი ვერ მიიღო და თბილისის საკრებულოში ვერავინ შეიყვანა. ეს იყო საზოგადოების ძალიან მკაფიო პასუხი მათ არათანმიმდევრულ გადაწყვეტილებებზე.
იმედია, გაკვეთილად ჩათვლიან ამ შედეგს, კარგად შეაფასებენ და მსგავს შეცდომებს აღარ დაუშვებენ.
მართლა ხელი ედოთ საზოგადოების მაჯისცემაზე, გრძნობდნენ, რომ არ მივიდოდა ხალხი საარჩევნო უბნებთან და იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადონ, ისტერიკაში არიან და აქეთ აქვთ ბრალდებები.
რთულია ითანამშრომლო იმ პოლიტიკურ გუნდთან ან ორგანიზაციასთან, რომელიც არათანმიმდევრული და არასანდოა პარტნიორობის თვალსაზრისით, ხომ?!
საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ჩამოიშლება. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის ეს ბრძოლა აუცილებლად მივა მის ლოგიკურ დასასრულამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში საღი აზრი გაიმარჯვებს“ – იმედოვნებს გიორგი კირთაძე.
რვიანში, რომელშიც, 2025 წლის ივნისში გაერთიანდნენ პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის ბოიკოტის ნიშნით, შედიოდნენ: „თავისუფლების მოედანი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“ და „ევროპული საქართველო“.






