მთავარი,სიახლეები

„პოლიციაში ბზარის გაჩენის ეშინიათ პარანოიდულად“ – ინტერვიუ

12.09.2025 •
„პოლიციაში ბზარის გაჩენის ეშინიათ პარანოიდულად“ – ინტერვიუ

„ეს არის „მეფის კარზე“ შიდა კლანებს, დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება… ირაკლი კობახიძე ცდილობს, რომ ბიძინას ირგვლივ არავინ არ დატოვოს, ბიძინა გახადოს სტერილური და მის ერთადერთ მემკვიდრედ იქცეს,“ – თავის ვერსიას გვიზიარებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ივანიშვილის დაჯგუფებაში ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 11 სექტემბერს დააკავა. მას თანამდებობით ბოროტად სარგებლობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ მინისტრს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჯუანშერ ბურჭულაძე ამჟამად კლინიკაშია. ადვოკატის თქმით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს თავის ტვინის შერყევა აქვს.

„ფაქტობრივად, დღევანდელმა რეჟიმმა სააკაშვილის რეჟიმს უკვე აჯობა“, – მიიჩნევს გია ხუხაშვილი. მისი აზრით, ბოლო პროცესებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ლევან ხაბეიშვილის დაკავებაა, რადგან ეს აჩვენებს, როგორ პარანოიდულად ეშინია ბიძინა ივანიშვილის ბზარების პოლიციაში.

„იმის კი არ ეშინია, რომ 4 ოქტომბერს ვიღაცა გამოვა. ხელისუფლებას იმის ეშინია, რომ 4 ოქტომბერს ვიღაც რომ გამოვა, პოლიციას ვერ გამოიყენებს, ისე, როგორც უნდა, რომ გამოიყენოს. „ოცნებაში“ რატომღაც ჩათვალეს, რომ ხაბეიშვილის ამ დაპირებაზე შეიძლება პოლიციელები წამოეგონ. ძალიან ეშინიათ სისტემური ბზარების,“ – ამბობს გია ხუხაშვილი.

რას აჩვენებს მიმდინარე მოვლენები, რა ხდება „ოცნების“ კულისებში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო გია, თქვენი დაკვირვებით, რატომ ჩათვალა საჭიროდ ივანიშვილმა მოეწყო დაპატიმრების ახალი სერია? დააკავეს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, ასევე, „ოცნების“ ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე…

ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე გასაგებია, რომ ხელისუფლება მოქმედებს ისტერიული დემონსტრირების მეთოდით. პოლიტიკური პარანოიის ნიშნები შეინიშნება ამ ქმედებებში.

ხაბეიშვილის დაპატიმრების მოტივი ტრაგიკომიკურია. შეიძლება ითქვას, რომ შეურაცხმყოფელია გარკვეულწილად იგივე პოლიციელების მიმართ: გამოდის საბოლოო ჯამში, რომ „ოცნების“ მთავარი საზრუნავია სისტემის მდგრადობის შენარჩუნება – ძალიან ეშინიათ სისტემური ბზარების.

ჩემი აზრით, „ოცნებაში“ რატომღაც ჩათვალეს, რომ ხაბეიშვილის ამ დაპირებაზე შეიძლება პოლიციელები წამოეგონ.

  • ამ მოცემულობაში რეალურად არსებობს ამის შესაძლებლობა, რომ გდდ-ს თანამშრომელმა უარი თქვას მშვიდობიანი აქციის დარბევაზე?

 არ ენდობიან – ეს გამოდის ამ დაპატიმრებით. პოლიციელებს არ ენდობიან და, გარდა ამისა, ძალიან ბრიყვებად მიაჩნიათ. გასაგებია, რომ ლევან ხაბეიშვილი ვერავის 200 000 დოლარს ვერ გადაუხდის და ბრიყვებად მიაჩნიათ პოლიციელები.

ეს არის დამოკიდებულება ხელისუფლების ძალოვანი სისტემის მიმართ და პოლიციელებმა უნდა იცოდნენ ეს: ვის ემსახურებიან და რას ფიქრობს ეს ხალხი, როგორ იყენებს „ოცნება“ მათ ხორცის მანქანაში გასატარებლად.

გია ხუხაშვილი

  • არ უშვებთ იმას, რომ შესაძლოა, „ოცნება“ მართლაც ხედავს რისკს მასობრივ საპროტესტო აქციებში, რასაც აორგანიზებდა ლევან ხაბეიშვილი?

შესაძლოა, მაგრამ იმდენად აბსურდულია ლევან ხაბეიშვილის დაკავების მოტივი – საჯარო პოლიტიკური განცხადების გამო ადამიანი დააკავო… ეს არის სრული აბსურდი. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.

თუ გახსოვთ, დიდი სკანდალი იყო 2011 წელს, როდესაც ჩვენ მოვდიოდით ხელისუფლებაში და საარჩევნო კამპანია გვქონდა, ჩვენი ორი აქტივისტი ქუთაისში შეჰპირდა სამარშრუტო ტაქსიში ქალბატონს: ჩვენ თუ მოგვცემთ ხმას, რომ მოვალთ, მაცივარს გიყიდითო, მაცივრების ფლაერებს ურიგებდნენ. ეს ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაუთვალეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისინი არ დაუჭერიათ. ფაქტობრივად, დღევანდელმა რეჟიმმა სააკაშვილის რეჟიმს უკვე „აჯობა“.

ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში საქმე გვაქვს აშკარა საჯარო განცხადებასთან, მოსყიდვა კი ხდება პერსონალურად. ზოგადი განცხადების გაკეთება, რომ ვიღაცას სტიმული მისცე – ამის გამო ადამიანის დაჭერა იმდენად წარმოუდგენელი რამაა, ავტორიტარულ ქვეყნებშიც კი არავის განუვითარებია ასე შორს ფანტაზია.

ჩემი აზრით, 4 ოქტომბრის თემა არ არის, ასე ვთქვათ, გადაუწყვეტელი თემა. ამის მართვა საკმაოდ კარგად ისწავლეს და ის, რომ ახლა 4 ოქტომბრის შეეშინდათ და ამიტომ დაიჭირეს ლევან ხაბეიშვილი, ეს აბსურდია. კი, გასაგებია, რომ ხაბეიშვილი და მისი მომხრეები ამას იტყვიან, მაგრამ ამაში მე პოლიტიკურ შინაარსს ვერ ვხედავ. მშვენივრად იცის ხელისუფლებამ ლევან ხაბეიშვილის რესურსები, რა შეუძლია და რა არ შეუძლია.

„ოცნებამ“ მშვენივრად იცის, როგორ მართოს ეს ყველაფერი და პირიქით როგორ გამოიყენოს თავის სასარგებლოდ. ხელისუფლებას იმის კი არ ეშინია, რომ 4 ოქტომბერს ვიღაცა გამოვა. ხელისუფლებას იმის ეშინია, რომ 4 ოქტომბერს ვიღაც რომ გამოვა, პოლიციას ვერ გამოიყენებს, ისე, როგორც უნდა, რომ გამოიყენოს.

  • რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს. მისი დაკავება რის მანიშნებელია თქვენთვის – რა ხდება „ოცნების“ შიგნით?

ეს არის მეფის კარზე შიდა კლანებს, დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება და სასიცოცხლო სივრცის გაფართოება.

ბოროტი ბავშვები რომ არიან ბრაზილიურ სერიალებში – მამიკოს ერთადერთი მემკვიდრე თვითონ რომ უნდათ იყვნენ, ასე იქცევა ირაკლი კობახიძე. იმ სერიალებშიც ასეა – მამიკოს ცუდ ამბებს უყვებიან თავიანთ და-ძმებზე, რომ აეჭვიანონ მშობლები. აი, ეს არის, ბოროტი ბავშვის თამაშებია.

ირაკლი კობახიძე ცდილობს, რომ ბიძინას ირგვლივ არავინ არ დატოვოს, ბიძინა გახადოს სტერილური და მის ერთადერთ მემკვიდრედ იქცეს.

რამდენად საფუძვლიანია ეს ცუდი ამბების მოყოლა, სხვა საკითხია, მაგრამ პოლიტიკურად კობახიძის ინტერესია ბიძინა დატოვოს უალტერნატივოდ მემკვიდრის თვალსაზრისით.

  • ეს რატომ შეიძლება აწყობდეს ბიძინა ივანიშვილს?

რა თქმა უნდა, ეს ბიძინას არ აწყობს, მაგრამ რაღაც ეტაპამდე მიყვება. ბუნებრივია, ბიძინა ხვდება ამ თამაშს მშვენივრად, მაგრამ რაღაც ეტაპამდე უქმნის კობახიძეს ილუზიას, რომ ვითომ ვერაფერს ვერ ამჩნევს.

ივანიშვილი ბოლომდე აძლევს გასაქანს ირაკლი კობახიძეს, იმიტომ, რომ სურს 4 ოქტომბრამდე მთელი ნაგავი აკიდოს კობახიძეს.

ივანიშვილმა მას შეუქმნა გარკვეული დამოუკიდებელი მოქმედების ილუზია და ახალისებს. ირაკლი კობახიძე ცდილობს, რომ ბიძინას იზოლირება მოახდინოს. ეს ყველაფერი გაგრძელდება ადგილობრივ არჩევნებამდე. მანამდე ბიძინა ივანიშვილს უხეში ჩარევა არ უნდა.

არ არსებობს ერთი სცენარი, რა შეიძლება შემდეგ მოხდეს. გააჩნია, რა როგორ იქნება, რა ვითარება შეიქმნება, არა მხოლოდ შიდა კუთხით, არამედ საგარეო კუთხით. ეს ჭადრაკის თამაშია, ყველაფრის თავიდან ბოლომდე გათვლა შეუძლებელია.

აქ რუსეთის ფაქტორი შემოდის. ასე რომ, ძალიან ბევრი ფაქტორი ზემოქმედებს და კონკრეტულ სცენარზე ვერ ვილაპარაკებ.

  • მანამდე იყო თორნიკე რიჟვაძის საქმე, ახლა ჯუანშერ ბურჭულაძე, ვინ შეიძლება იყოს შემდეგი? ექსპრემიერი ღარიბაშვილიც არის კობახიძის სამიზნე?

არ ვიცი, ჩემი აზრით, საკმაოდ გრძელი სიაა: გომელაური, ლილუაშვილი…

ამ ეტაპზე, პრაქტიკული მოსაზრებებით, რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძის ფრთა არის ყველაზე ძლიერი, რომელიც არის დროებით ალიანსში, აგრეთვე, კალაძესთან. თუმცა ეს დროებითი ალიანსია. ეს ყველაფერი დასრულდება 4 ოქტომბრამდე.

  • 4 ოქტომბერი რატომ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი, როცა არჩევნები ფორმალურად ტარდება?

ამ ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრება უნდა დასრულდეს ადგილობრივი არჩევნებით: უნდა დაკომპლექტდეს ადგილობრივი თვითმმართველობაც მთლიანად, პოლიტიკური ველი უნდა იყოს მოსუფთავებული, სამოქალაქო ველი უნდა იყოს მოსუფთავებული, მედია უნდა იყოს მაქსიმალურად კონტროლირებადი. ეს ამოცანა უნდა შესრულდეს ირაკლი კობახიძის ხელით.

აი, 4 ოქტომბრის მერე რა იქნება, ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, იმის გაანალიზებაზე, თუ რის ფასად მოხდება ეს ყველაფერი.

„ოცნებაში“ სისტემის მდგრადობის დაკარგვის შიში აქვთ. ერთადერთი არგუმენტი საზოგადოებასთან სასაუბრო დარჩათ ძალისმიერი, სისტემას იყენებს იმისათვის, რომ აკონტროლოს ძალაუფლება. სხვა ხომ აღარაფერი აღარა აქვს კობახიძეს, პოზიტიურ მესიჯს ვერ ქმნის.

სისტემის მდგრადობის დაკარგვა კი არის ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასი. სისტემა, მათი გაგებით, არის ძალოვანი სფერო: სუსი, პოლიცია და ფინანსური ნაკადების კონტროლი. აი, ეს არის მათი მთავარი ამოცანა. და თუ პოლიციაში ბზარი გაჩნდა, ამის ეშინიათ პარანოიდულად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: