მთავარი,სიახლეები

ძვირადღირებული ქონება, საჩუქრად მიღებული ფული – ვინ არიან პოლიციის შეუცვლელი უფროსები?

17.09.2025
ძვირადღირებული ქონება, საჩუქრად მიღებული ფული – ვინ არიან პოლიციის შეუცვლელი უფროსები?

მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვაზე საუბრობენ და ენმ-ს პოლიციურ რეჟიმზე, როცა, მათი მტკიცებით, ადამიანებს სასტიკად ეპყრობოდნენ და აწამებდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის შსს-ს მაღალჩინოსნები ახლაც შსს-ს მაღალჩინოსნები ხდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო საკადრო ცვლილებებზე 2025 წლის 10 ივნისს ისაუბრა შს ახალმა მინისტრმა გელა გელაძემ, რომელიც თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სოდის გამომძიებელი იყო. საკადრო ცვლილებების ჩამონათვალი სავსეა კაცებით, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც შს მაღალჩინოსნები ერქვათ.

  1. კახაბერ მურადაშვილი5 ბინა თბილისში 256 ათასი დოლარად, იგი 2011 წელს და ახლაც შიდა ქართლის პოლიციის მაღალჩინოსანია 

მაგალითად, ბოლო საკადრო ცვლილებებით კახაბერ მურადაშვილი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გახდა. 2011 წელსაც კახაბერ მურადაშვილი შიდა ქართლის პოლიციის მაღალჩინოსანი იყო. მაშინ მურადაშვილის თანამდებობას ასე ერქვა – შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2012 წელს კი, კახაბერ მურადაშვილი შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გახდა.

კახაბერ მურადაშვილი

კახაბერ მურადაშვილი წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ვიდრე შს მინისტრი ვახტანგ გომელაური იყო, მურადაშვილი, მაგალითად, კახეთის პოლიციას ხელმძღვანელობდა.

პოლიციაში მუშაობით ჩინოვნიკი გამდიდრებულა: 2025 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, კახაბერ მურადაშვილს და მის ცოლს 5 ბინა აქვთ თბილისსა და ბათუმში. ამ ბინების საერთო ღირებულება – კახაბერ მურადაშვილის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით – 256 ათასი აშშ დოლარია.

დეკლარაციის მიხედვით, პოლიციის მაღალჩინოსანს, ან მისი ოჯახის წევრს ბიზნესი არ აქვთ. კახაბერ მურადაშვილის ცოლი, თათია კორხიბაშვილიც შსს-ში მუშაობს, გენინსპექციაში და ერთ-ერთი სამსახურის უფროსია. 2024 წელს მურადაშვილის ჯამაგირი 63 110 ლარი იყო [თვეში საშუალოდ 5 259], ნათია კორხიბაშვილის – 48 590 [თვეში საშუალოდ 4 049 ლარი]

ამ ჯამაგირის მქონე ჩინოვნიკების 17 წლის შვილს კი, 2024 წელს ავტომანქანა შეუძენია 50 ათასი დოლარად – Toyota Lancruiser 200.

საჯარო სამსახურში აღებული ხელფასების გარდა, ნათია კორხიბაშვილს ქონებრივ დეკლარაციაში დაუფიქსირებია მხოლოდ ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი – წლიურად 9 176 ლარი.

2. ლაშა გოგნიაშვილი – „ოცნება“ მას 2012 წელს იარაღის ჩადებაში ადანაშაულებდა 

ლაშა გოგნიაშვილი გელა გელაძის გამინისტრებამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. ახლა იგი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დანიშნეს.

2011 წელს – „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში – ლაშა გოგნიაშვილი შს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო, 2010 წელს კი, სოდის მეორე მთავარი სამმართველოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი.

ლაშა გოგნიაშვილს 2012 წელს „ქართული ოცნების“ აქტივისტები მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, კონკრეტულად კი, 2012 წლის 24 სექტემბერს „ქართული ოცნების” ქარელის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი – გიორგი ბერუაშვილი ამბობდა, რომ ქარელის პოლიციის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი, სამ თანმხლებ პირთან ერთად, ქუჩაში დახვდა და მისთვის იარაღის ჩადებას ცდილობდა. გიორგი ბერუაშვილი მაშინ ჰყვებოდა, რომ ლაშა გოგინაშვილი „დღისით-მზისით გაეკიდა, იარაღი დაუმიზნა და სროლით დაემუქრა“.

ლაშა გოგნიაშვილი 2016 და 2017 წელს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზეც მუშაობდა. 2017 წელს ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა – აქციის მიზეზად მონაწილეები ასახელებდნენ ინციდენტს საპატრულო პოლიციასა და მოქალაქეს შორის. აქცია პოლიციის შენობასთან მალევე გახდა აგრესიული, მონაწილეებმა დაიწყეს ქვების სროლა პოლიციელების მიმართულებით, დაამტვრიეს და დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის და სამოქალაქო პირების მანქანებს.

ლაშა გოგნიაშვილი

ლაშა გოგნიაშვილს და მის ცოლს სალომე ჯიბუტს სამი ბინა აქვთ. ორი ბინის მესაკუთრე ლაშა გოგნიაშვილია, მათ შორის, ერთი ბინა ბათუმშია და მისი ღირებულება 32 955 ლარია. ლაშა გოგნიაშვილს ბინა თბილისში 24 ათას დოლარად შეუძენია, მის ცოლს, სალომე ჯიბუტს კი, 25 ათას დოლარად.

სალომე ჯიბუტიც შსს-ს თანამშრომელია. იგი გენინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორია.

3. ავთანდილ გალდავა – ბინა 125 ათას დოლარად და აპარტამენტი ბაკურიანში 

ავთანდილ გალდავა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორად 2025 წლის 25 ივნისს დაინიშნა. მანამდე ავთანდილ გალდავა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.

ავთანდილ გალდავასაც შსს-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ისიც მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ძალოვან უწყებაში: 2011-2012 წლებში ავთანდილ გალდავა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს გამომძიებელი იყო.

2025 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ავთანდილ გალდავას 125 ათას ამერიკულ დოლარად ბინა შეუძენია თბილისში. მის ცოლს, ელზა ცერცვაძეს, რომელიც ასევე საჯარო მოხელეა და შემოსავლების სამსახურის ოფიცრად მუშაობს, აპარტამენტის მესაკუთრეა ბაკურიანში [ღირებულება 28 560 აშშ დოლარი].

ოჯახს სხვა საკუთრებაც აქვს: მიწის ნაკვეთი მცხეთაში და კიდევ ერთი ბინა თბილისში, რომელიც ელზა ცერცვაძეს საჩუქრად მიუღია – ყაზბეგის ქუჩაზე, 52 კვ. მეტრი.

ელზა ცერცვაძეს დედისგან საჩუქრად მიუღია 10 800 ლარიც.

ამავე დეკლარაციის მიხედვით, ავთანდილ გალდავა 2024 წელს მხოლოდ წლის პირველი ოთხი თვე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის პოზიციაზე, შემდეგ 6 თვე ავთანდილ გალდავა შპს „5 ოკეანე საქართველოს“ მენეჯერია. ნახევარ წელიწადში მას შემოსავლის სახით 25 ათასი ლარი მიუღია.

ავთანდილ გალდავა

ძვირადღირებული ბინა თბილისში და აპარტამენტი ბაკურიანში ავთანდილ გალდავას ოჯახმა 2020 წელს შეიძინა. ამ დროს ავთანდილ გალდავა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო, მისი მეუღლე კი, ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა მთავარ ოფიცრად. 2020-შიც ელზა ცერცვაძისთვის დედას უჩუქებია ფული – 35 000 USD.

2020 წელს ავთანდილ გალდავა სკანდალში გაეხვა. ამ წელს დააყაჩაღეს ბანკი ზუგდიდში, გამტაცებელმა, რომელიც საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლები ჰყავდა აყვანილი, ბანკის შენობა რამდენიმე მძევალთან ერთად დატოვა, მათ შორის ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავაა.

2021 წელს ავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.

4. გიორგი ბუხრაშვილი – აჭარის პოლიციის ახალი უფროსი ვანო მერაბიშვილის პრესსპიკერად მუშაობდა 

2025 წლის აპრილში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა. მანამდე იგი სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.

გიორგი ბუხრაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას, ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს, შსს-ს სპიკერი იყო.

იგი ასევე მონაწილეობდა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციაში.

გიორგი ბუხრაშვილი

5. ხუტა პაჭკორიაშსს-ს მაღალჩინოსანი, რომელიც ჟურნალისტს აგინებს, მისი სახელი წულუკიანის კომისიაზე მოიხსენიეს

ხუტა პაჭკორია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ 2022 წლის აგვისტოში დანიშნეს. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ის მაღალჩინოსანია, რომელმაც 2025 წლის 8 სექტემბრის აქციაზე ჟურნალისტს აგინა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა.

8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის შტაბთან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციის მაღალჩინოსანი, ხუტა პაჭკორიამ „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს აგინა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ჟურნალისტი ქეთევან ხუციშვილი ამ დროს „ნეტგაზეთის“ ფეისბუქის გვერდზე, პირდაპირი ჩართვით აშუქებდა „ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე პროცესებს.

პოლიციის მაღალჩინოსნის, ხუტა პაჭკორიას სახელი მედიის ყურადღების ცენტრში ბოლო წლებში არაერთხელ მოექცა, ბოლოს ის თეა წულუკიანის კომისიაზე მოიხსენიეს, როგორც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გიორგი ავალიშვილის საქმეში.

„როგორ, ხუტა პაჭკორიამ არ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე? – ჰკითხა გიული ავალიშვილმა თეა წულუკიანს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულებისას, სადაც ის გარდაცვლილი ძმის, გიორგი ავალიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს.

გიული ავალიშვილმა კომისიას დეტალურად უამბო, როგორ მოუწყვეს მის ძმას, გიორგი ავალიშვილს პროვოკაცია ხუტა პაჭკორიას სცენარით და შემდეგ დააკავეს. მისივე თქმით, პატიმარი გიორგი ავალიშვილი ციხეში აწამეს, რის შემდეგაც ის მალევე გარდაიცვალა.

გიული ავალიშვილის ინფორმაციით, მის ძმას 2011 წელს 26 მაისის საპროტესტო აქციაზე მიკროავტობუსით პროტესტის მონაწილეების გადაყვანა არ აპატიეს, წლების შემდეგ გიორგი ავალიშვილი გაამართლეს, საქმის მასალებში კი პროკურატურა წერს, რომ ავალიშვილის წინააღმდეგ ხუტა პაჭკორიას სცენარით მოქმედებდნენ. ის 2011 წელს ფინანსური პოლიციის თანამშრომელი იყო.

„თქვენი ძმა რომ გამართლდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პაჭკორიადან დაწყებული, კიდევ არაერთ ადამიანს უდანაშაულო ადამიანის გაუბედურებაში წვლილი ჰქონდა… მათ წინააღმდეგ იყო რამე პროცედურა?“, – ჰკითხა ავალიშვილს თეა წულუკიანმა. ავალიშვილმა უპასუხა, რომ პასუხს პროკურატურისგან წლებია ელის.

ეს ჩვენება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. როგორც ჩანს, ამ გამოკითხვის დროს გიული ავალიშვილმა და სავარაუდოდ არც თეა წულუკიანმა არ იცოდნენ, რომ ხუტა პაჭკორია „ოცნების“ ხელისუფლებაში დაწინაურდა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გახდა. დასასრულს კომისიის წევრებმა გიული ავალიშვილს ისიც კი სთხოვეს, საქმის მასალები დაეტოვებინა მათთვის.

კიდევ ერთი სკანდალი, სადაც ხუტა პაჭკორიას სახელმა გაიჟღერა მედიაში, სარფის საბაჟოზე ნარკოტიკების შემოტანის საქმეს უკავშირდება.

ამის თაობაზე სიუჟეტი ტელეკომპანია „პირველს“ ჰქონდა მომზადებული. „პირველის“ ინფორმაციით, ხუტა პაჭკორია სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა 2015 წლამდე. ამ უწყებიდან მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ყოფილმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის სხდომაზე დაადასტურა.

გომელაურს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ჰკითხა: „ყველამ იცის, რა გახდა [პაჭკორიას] გათავისუფლების მიზეზი. მიზეზი გახდა, რომ დააკავეს პიროვნება სარფში და მან თქვა, რომ შემოჰქონდა ნარკოტიკები პირდაპირ ხუტა პაჭკორიასთვის“.

ვახტანგ გომელაურმა უპასუხა: „ეს ადამიანი გათავისუფლდა თანამდებობიდან, შემდეგ იქნა აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურში დანიშნული. რატომ მოხსნეს, მიზეზი?! რა აუცილებელია, ყველაფერი ვთქვათ, რატომ მოხსნეს?“

2024 წელს ხელფასის სახით პაჭკორიას 101 327 ლარი მიუღია, რაც თვეში 8443 ლარია. შინაგან საქმეთა სამინისტროში, მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე მუშაობს მისი მეუღლეც. მას ხელფასის სახით 25 516 ლარი მიუღია, თვეში 2 126 ლარია.

6. გრიგოლ ბესელია – ცრუ მოწმეობაში გამოჭერილი პოლიციის უფროსი კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს 

გრიგოლ ბესელია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსია. მან ცრუ ჩვენება მისცა „მზია ამაღლობელის საქმეში“ და ეს საქმის მასალებით დასტურდება.

გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დგებუაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ბათუმში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე პროტესტის მონაწილეების დაკავებას. სწორედ გრიგოლ ბესელიამ დააკავა მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს სტიკერის გაკვრისთვის, თუმცა პოლიციამ დაკავების ოქმი გააყალბა, იმის მიუხედავად, რომ არსებობს მზია ამაღლობელის დაკავების ამსახველი ვიდეოკადრები.

გრიგოლ ბესელიას ჩვენების მიხედვით, მზია ამაღლობელი მან კი არა, არამედ ირაკლი დგებუაძის მოადგილე – გოჩა ვანაძემ დააკავა.

მნიშვნელოვანი დეტალი, როცა ფაქტით დადასტურდა გრიგოლ ბესელიას ტყუილი:

28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე  გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ, როცა ჩვენების მიცემის დროს – 2025 წლის 28 აპრილს, მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. ამის შემდეგ გაასამართლეს მზია ამაღლობელი ორჯერ ერთი და იგივე ფაქტის – შსს-ს შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის.

სინამდვილეში, 150-ე მუხლის მიხედვით [იერსახის დამახინჯება] პოლიციელებს არ აქვთ ვინმეს დაკავების უფლება, რადგანაც მზია ამაღლობელი დააკავეს, პოლიციელებმა თქვეს, რომ მზია ამაღლობელი თითქოს შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს, რაც უწყვეტი ვიდეოკადრით არ დასტურდება.

„ცრუპენტელა, ცრუ მოწმე, მატყუარა” – ამ შეძახილებით გააცილეს იგი მოქალაქეებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობიდან.

გრიგოლ ბესელია

„მზია ამაღალობელის საქმე“ არაა ერთადერთი სკანდალი გრიგოლ ბესელიას კარიერაში.

„აჭარის პოლიციის უფროსი, გრიგოლ ბესელია თავის სამუშაო კაბინეტში ჯერ არდაბადებული ბავშვით დამემუქრა, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ კი, პისტოლეტი მომიშვირა… ამ შეხვედრას ესწრებოდა დათო რიჟვაძეც, თორნიკე რიჟვაძის მამა,“ – ამბობდა „ბათუმელებთან“ ბათუმში მცხოვრები კახა გურგენაძე 2023 წლის ოქტომბერში.

გრიგოლ ბესელიამ 2025 წლის 4 აპრილს დატოვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი. იგი კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.

7. გელა გელაძე – მინისტრის პოლიციელმა მამამ 18 წლის ბიჭი დაჭრა და მიიმალა, მას საპროცესო გაუფორმეს 

შს მინისტრად გელა გელაძე 2025 წლის 28 მაისს დანიშნეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ის სოდის გამომძიებელი იყო. ამ დროიდან დღემდე კარიერულ წინსვლასთან ერთად მას მნიშვნელოვანი უძრავი ქონება შეუძენია – გამდიდრებულა. დეკლარაციის თანახმად, მინისტრ გელა გელაძის ოჯახი თითქმის 7 მილიონამდე ლარის ღირებულების სახლებს, ბინებს, კომერციულ ფართობებს და მიწებს ფლობს საქართველოში. თუმცა, შეიძლება ეს არ იყოს საბოლოო მონაცემი, რადგან ამ დეკლარაციაში მინისტრს არ აქვს მითითებული, მაგალითად, მშენებარე სახლებისა თუ საკუთრებაში არსებული ყველა იმ ქონების ღირებულება, რასაც ოჯახი ფლობს.

გელა გელაძე

გარდა ამისა, მინისტრს და მისი მეუღლეს დანაზოგის სახით და დეპოზიტებზე 600 ათას ლარამდე თანხა აქვთ. ძვირადღირებული მაჯის საათები გელა გელაძესაც ჰყვარებია, 2021 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით მან 8625 ლარი Braitling-ის მაჯის საათში გადაიხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის პოლიციელმა მამამ, დავით გელაძემ 18 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პროკურატურამ დავით გელაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და პირობითი მსჯავრი დააკისრა.

შს მინისტრის მამა, როცა მან ეს დანაშაული ჩაიდინა, კრიმინალური პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსანი იყო და დანაშაულის ჩადენის შემდეგ – ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 18 წლის ბიჭის დაჭრა – შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით გელაძე სასამართლომ 15 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. ჟურნალისტი მზია ამაღლობელი კი, სილის გაწვნის გამო უკვე რვა თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: