მთავარი,სიახლეები

„უცხო მანქანებიდან ჩემს სახლს უთვალთვალებენ“ – მიშა ბოლქვაძე

20.02.2026
„უცხო მანქანებიდან ჩემს სახლს უთვალთვალებენ“ – მიშა ბოლქვაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ ორი დღეა შენიშნა, როგორ უთვალთვალებენ მის საცხოვრებელ სახლს უცხო ავტომანქანებიდან. ერთ-ერთი „შკოდას“ მარკის ავტომობილია სანომრე ნიშნით – 403. „მეორეს ნომერი არ მახსოვს“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“.

მან თვალთვალის ვიდეოები ფეისბუქზეც გამოაქვეყნა და დაწერა: „ვერც თვალთვალით, ვერც მუქარით, ვერც დაშინებით ვერ გამტეხთ.

მიშა ბოლქვაძე სანამ ცოცხალი იქნება, არ შეწყვეტს ბრძოლას სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. რაც არ უნდა მაბრკოლოთ, მბლოკოთ და საარსებო გზები მიხერგოთ, ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ!“

როგორც მიშა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, მის სახლთან არაერთხელ შეუნიშნავს მოთვალთვალეები, თუმცა ეს ძირითადად არჩევნების დროს ან დიდი საპროტესტო აქციების პერიოდში ხდებოდა.

„საარჩევნო პერიოდშიც ყოველთვის დამყვებოდნენ კუდში და ბოლოს, როცა უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით ვაკეთებდი განცხადებებს, რომ არ ვაპირებდი შესვლას, მაშინ იყვნენ გააქტიურებულები.

შემდეგ მსგავსი რამ აღარ შემიმჩნევია. თუმცა, გუშინ დილით შევამჩნიე „შკოდა“ ჩემი სახლის წინ, როცა ბავშვები წავიყვანე სკოლაში. სამი შვილი მყავს“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, სახლის წინ უცხო ავტომანქანა შენიშნა მისმა მეუღლემაც და დაუკავშირდა.

„ერთი საათის შემდეგ ისევ განმეორდა, ახლა უკვე სხვა მანქანა იყო მოსული, მაგრამ 5-6 წუთი გაჩერდა მხოლოდ და მერე წავიდა. მერე კიდევ მოვიდა „შკოდა“, მეზობლის მხარეს გადააყენა ავტომანქანა, სახლს უყურებდა და იღებდა რაღაცას“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე.

რას უკავშირებთ ამ თვალთვალს? – ვკითხეთ მას. მიშა ბოლქვაძის აზრით, შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს იმ პროტესტს, რომელიც ქვეყანაშია.

„ყველამ იცის, რომ 11 წელია ბრძოლაში ვარ ოლიგარქის წინააღმდეგ და ახლაც, ყველა ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა განახლდეს და ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე. ოპოზიციაც იცით, რომ უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ერთმანეთთან და როგორც ადრე, ახლაც ისე ვიქნები პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, თუკი გააქტიურდება“.

მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ უცხო მანქანებიდან თვალთვალის გამო პოლიციისთვის არ მიუმართავს.

„მე ახალშენის ცენტრალურ ქუჩაზე ვცხოვრობ და არჩევნების დროს ჩემს სახლში მქონდა საარჩევნო შტაბი. მაშინ პოლიციამ ვიდეოკამერები ზუსტად სახლის წინ დამიყენა, ჭიშკრებს უყურებს. წინა შემთხვევებზე არაერთხელ მივმართე პოლიციას, თუმცა რეაქცია არ ჰქონიათ. ამიტომ არ მივმართე ახლა.

ღამის საათებში არ დავკვირვებივარ, მაგრამ დღის საათებში რამდენჯერმე შევნიშნეთ ეს მანქანები. 6 ვიდეო მაქვს უკვე გადაღებული“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა და ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა და არც აჭარის უმაღლეს საბჭოში, იყო მინიშნებები, რომ ქვეყანა დაეტოვებინა.

„მოვისმინე ასეთი „შინაურული“ საუბრები, რომ „ხომ არ ჯობდა შესულიყავი უმაღლეს საბჭოში“, „ახლა ჯობია წახვიდე ქვეყნიდან“, – მეუბნებოდნენ და დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანებიც მოგზავნილები იყვნენ.

არ უნდათ, რომ აქტიური იყო და პატრიოტული სულისკვეთების. თუ არ მიეყიდე, არ მოსწონთ“, – გვითხრა მიშა ბოლქვაძემ.

რა შეიძლება მოიმოქმედონ თქვენ წინააღმდეგ? – ვკითხეთ მას.

„კონფლიქტი არავისთან მქონია, არც ვსვამ და არც რაიმე საშუალებებს ვიყენებ. ზოგადად, პატიოსანი ცხოვრებით ვცხოვრობ და რა ვიცი.

უმაღლეს საბჭოში როცა არ შევედი, „ლეო გრანდში,“ კაზინოში ვმუშაობდი დაცვაში, მაგრამ იქიდანაც გამომიშვეს, არადა, 9 წელი ვიმუშავე ამ ადგილზე. პირდაპირ მითხრა მეპატრონემ, ხელისუფლებასთან პრობლემები არ გვინდაო. სადაც მივდივარ, ყველგან მეუბნებიან, რომ დაბლოკილი ვარ და უარს მეუბნებიან დასაქმებაზე.

რთულია, როცა სამი შვილით უმუშევარს გტოვებენ, ულუკმაპუროდ, მაგრამ მაინც არსად არ ვაპირებ წასვლას.

მამა შშმ პირია, პენსიონერი, ორივე ფეხი მოჭრილი აქვს და მე ვუვლი. მეხმარება სამეგობრო, საძმაკაცო, ხომ იცით, ჩვენთან როგორც ხდება. მეუღლე ბავშვთა საავადმყოფოში მუშაობს ექთანია და რაღაცნაირად გაგვაქვს თავი“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე.

მიშა ბოლქვაძე ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი იყო ოპოზიციური ერთობიდან, უფრო ადრე კი, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: