მთავარი,სიახლეები • • • •

3 პოლიციელს 6-6 წელი მიუსაჯეს – ქობულეთის პოლიციაში მოქალაქეების ცემის საქმე

18.11.2026
3 პოლიციელს 6-6 წელი მიუსაჯეს – ქობულეთის პოლიციაში მოქალაქეების ცემის საქმე

6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ყოფილ პოლიციელებს: ირაკლი კაციტაძეს, ბექა კუხალაშვილს და მიხეილ ჯინჭარაძეს „ქობულეთის პოლიციაში მოქალაქეების ცემის საქმეზე“. გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გუშინ, 17 ნოემბერს მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

მსჯავრდებულებს ასევე არ ექნებათ 2-2 წლით საჯარო სამსახურებში დასაქმების უფლება.

საუბარია 2022 წელს ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – პოლიციის შენობაში პოლიციელებმა მოქალაქეებს სცემეს. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები 2026 წლის 13 ივნისს გასაჯაროვდა „ნოდარ მელაძის შაბათში“.

პროკურატურის ვერსიით, 2022 წლის 2 ივლისს ქობულეთის რაიონულ სამმართველოში „გამოძიება დაიწყო მობილური ტელეფონის ძარცვის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვიდეოკადრებში დაფიქსირებული პირები – პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. პოლიციის შენობაში ყოფნისას ხსენებულ პირებს, პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ძარცვის ფაქტის აღიარება და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

2022 წელს მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ 3 პოლიციელს ბრალი 2026 წლის თებერვალში წარუდგინა, მაგრამ გამოძიება დაიწყო არა წამების მუხლით, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით. „ეს მწამებელი პოლიციელებისთვის სამართლებრივი თავშესაფარია“, – ასეთია ადვოკატის, მაია მწარიაშვილის შეფასება ამ საქმის კვალიფიკაციაზე.

32 წლის გიორგი კვიცარიძეს, რომელმაც ქობულეთში პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა და გაასაჯაროვა, 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ოფიციალურად ბრალი მას ნარკოდანაშაულში ჰქონდა წარდგენილი, თუმცა ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ კვიცარიძეს ნარკოტიკი ჩაუდეს, სწორედ იმის გამო, რომ მან პოლიცია ამხილა.

სასამართლო პროცესებზე ბრალდებულებმა დუმილის უფლება არჩიეს, ექსპერტიზის დასკვნით კი, დადასტურდა ვიდეოკადრების ავთენტურობა, ასევე ის, რომ კადრებში დაფიქსირებული პოლიციელები ის ადამიანები არიან, რომლებსაც პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის ვერსიით, შსს-ს გენინსპექციას კადრებმა „პირადმა კონტაქტმა“ მიაწოდა, ვის ვინაობასაც არ გაამხელენ. პროცესზე არ გარკვეულა, ვინ გადაუღო ვიდეო პოლიციელებს.

 

ამ თემაზე:

რა ჰკითხეს მოწმეს ბრალდებულმა პოლიციელებმა – ქობულეთის პოლიციაში მომხდარი ძალადობის საქმე

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: