მთავარი,სიახლეები

ფეხბურთის ფედერაციის განცხადება სუს-ის მიერ ფეხბურთელების დაკავებაზე

20.05.2019
ფეხბურთის ფედერაციის განცხადება სუს-ის მიერ ფეხბურთელების დაკავებაზე

სუს-ის მიერ 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია. სუს-მა წუხელ, 19 მაისს, „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი, ლანჩხუთის „გურიას“ – ორი, „ჭიათურის“ ერთი ფეხბურთელი დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, ეს ფეხბურთელები საფეხბურთო მატჩებს ყიდდნენ.

ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ბრალდებულის სახით დაკავებულია თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი, ლანჩხუთის „გურიას“ ორი, „ჭიათურის“ ერთი და ასევე სამი ყოფილი მოთამაშე. საქმე ეხება მათ მიერ მატჩის შედეგსა ან მსვლელობაზე მანიპულირების მცდელობას.

საყოველთაოდ ცნობილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეურიგებელი პოზიცია მატჩების გარიგებასთან დაკავშირებით. სფფ-ის შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად აქამდეც მოხდა გამოვლენილი მოთამაშეებისა თუ სხვა პირების ჩამოშორება საფეხბურთო საქმიანობიდან სხვადასხვა ვადით. ამ საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ყოველთვის აუცილებელია პროცედურების მკაცრი დაცვა და ზოგჯერ სპორტული სამართალი არ არის დანაშაულის პრევენციისთვის საკმარისი ბერკეტი.

სავარაუდოდ, კვლავ ჰქონდა ადგილი მატჩის შედეგსა ან მსვლელობაზე მანიპულაციის ცალკეულ შემთხვევებს, რომლებზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება და შესაბამისი მასალა გაავრცელა. სამწუხაროდ, ყველა სრულად ვერ ითავისებს, რომ მსგავსი მოქმედება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, უარყოფით გავლენას ახდენს არამხოლოდ კონკრეტული გუნდის სახელსა და იმიჯზე, არამედ მთელ საფეხბურთო ოჯახზე.

მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად, სფფ-სა და შსს-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს თანამშრომლობას საგამოძიებო უწყებებთან. ამ პროცესის პარალელურად სფფ-ის იურიდიული ორგანოები საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში დამატებით იმსჯელებენ, რათა არც ერთი მსგავსი დანაშაული არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე.

რატომ დააკავა წუხელ სუს-მა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: