საქართველო ევროკავშირის შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემის წევრია

საქართველოს საზღვაო სექტორმა გაიარა უმკაცრესი ერთწლიანი მონიტორინგი და წარმატებით გადალახა გაწევრიანების ყველა ეტაპი საზღვაო ტრანსპორტის დარგში არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს მიერთებას ევროკავშირის ქვეყნების შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემასთან (LRIT CDC).

ასეთი ტიპის ინტეგრაცია ევროპულ სერვისებში, ერთ-ერთი პირველია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიაში. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის პირველი არაწევრი ქვეყანაა, რომელიც ამ სისტემის ნაწილი გახდა.

ამ სისტემაში ჩართვით საქართველო თავისუფლად განახორციელებს მსოფლიო საზღვაო სივრცეში ინტეგრაციას და გახდება ძალიან პრესტიჟული ევროპული სტრუქტურის წევრი ქვეყანა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება საქართველოს საზღვაო დროშის იმიჯზე. მნიშვნელოვნად იზრდება ჩვენი შესაძლებლობები საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ზღვაზე ძებნა-გადარჩენის და ზღვის გარემოს დაცვის თვალსაზრისით. შესაბამისად ამ სისტემაში გაწევრიანება წარმოადგენს მეკობრეობასთან ბრძოლისა და ჩვენი მეზღვაურების დაცვის ქმედით საშუალებას.

 საქართველოს გაუჩნდება შესაძლებლობა:

[checklist]

  • ყოველ 6 საათში ავტომატურ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია მისი დროშის ქვეშ მცურავი გემების შესახებ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან;
  • მოთხოვნის შესაბამისად მიიღოს ინფორმაცია ევროკავშირის წყლებში მცურავ ნებისმიერ გემზე, რომელიც გაივლის ჩვენი საზღვრებიდან 1000 საზღვაო მილის ფარგლებში;
  • ევროკავშირის LRIT სისტემაში ჩართვით ხელი მიგვიწვდება მსოფლიო მასშტაბის საერთაშორისო ქსელთან (LRIT) და მის წევრ სახელმწიფოებთან ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობით კუთხით.

[/checklist]

LRIT EC სისტემასთან მიერთება კიდევ ერთი, ძალიან დიდი, წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე.

ინფორმაციისათვის: ევროკავშირმა 2007 წელს მოახდინა ამ სისტემის კომპლემენტაცია და შეიქმნა ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავი გემების შორ მანძილზე იდენტიფიკაციისა და მონიტორინგის სისტემა, რომლის ტექნიკურ განვითარებაზე, ექსპლოატაციასა და ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელია ევროკავშირის საზღვაო უსაფრთხოების კომისია (EMSA). ევროკავშირის ქვეყნების შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემა დღესდღეობით მსოფლიოს გლობალურ LRIT სისტემაში ჩართული ყველაზე თანამედროვე და მსხვილი მონაცემთა მართვის ცენტრია, რომელიც დღის განმავლობაში 8000 გემს უწევს მონიტორინგს.

მაჭახლის ხეობაში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს – პროტესტი ჰესის წინააღმდეგ

სოფელ ქედქედის [მაჭახლის ხეობა] მოსახლეობ მაჭახლის ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებს.

„ბათუმელები“ სოფლის ერთ-ერთ მცხოვრებს, ნუგზარ მსხალაძეს ესაუბრა. „ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ხეობაში ჰესის მშენებლობას და არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. დღეს კომპანიის წარმომადგენლებმა ისევ განაახლეს სამუშაოები. ტოპოგრაფიის დასრულება უნდათ. ცოტა ხნის წინ ეს ხალხი ხეობიდან გავაძევეთ და ახლა ისევ მოვიდნენ“, – გვეუბნება ის.

ნუგზარ მსხალაძე ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობა არ დაუშვებს ჰესის მშენებლობას ამ ხეობაში, რადგან ხეობა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დადგება. „პატარა მდინარე მოდის და ესეც მოკვდება, კალმახებია მდინარეში და ისინიც აღარ იქნებიან, ეკოლოგიური მდგომარეობა შეიცვლება.“.

მაჭახლის ხეობაში ტოპოგრაფიულ სამუშაოებს „ბიჯი თრეიდი“ ახორციელებს, სოფლის მაცხოვრებლები ამ სამუშაოების ჩატარებას ეწინააღმდეგებიან. სოფლის მოსახლეობამ არც დღეს მისცა მათ სამუშაოების ჩატარების საშუალება, რის გამოც მათ საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

მაჭახელას ხეობაში მოსახლეობის საპროტესტო აქცია პერმანენტულად იმართება, ბოლო აქციაზე, რომელიც 20 თებერვალს გაიმართა, აქციის მონაწილეებმა მაჭახელას თოფის მონუმენტთან ასფალტი წითლად შეღებეს და STOP დააწერეს.

მოსახლეობამ მაჭახლის ხეობაში საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ისინი ხეობაში ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.
ფოტო: ბექა მსხალაძის

ქალის როლის გაძლიერება საზღვაო სფეროში – წლის მთავარი გზავნილი

ბუსს „ანრი“ საერთაშორისო საზღვაო კამპანიას უერთდება

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებმა 2019 წელი საზღვაო სფეროში ქალის როლის გაძლიერების წლად გამოაცხადეს. ქართული ზღვაოსნობის ისტორია 4 შტურმან ქალს იცნობს.

1936 წელს ბათუმის საზღვაო ტექნიკუმში შტურმანის სპეციალობაზე 4 გოგონა ჩაირიცხა-ნინო კალანდაძე, იულია ფაილოძე, შუშანა თუმანიშვილი და ვაიდე გვარიშვილი. აქედან იწყება ქართული ნაოსნობის ისტორიაში ქალის მონაწილეობა.

შუშანა თუმანიშვილი
შუშანა თუმანიშვილი
ვაიდე გვარიშვილი
ვაიდე გვარიშვილი

იულია და ნინო შორეული აღმოსავლეთის სანაოსნოში დასაქმდნენ. ვაიდე გვარიშვილი და შუშანა თუმანიშვილი კასპიის ზღვაში გაანაწილეს.

იულია ფაილოძე
იულია ფაილოძე

1942 წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ პორტში ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ იულია ფაილოძე და ნინო კალანდაძე. ქალი შტურმანების დანახვამ ისე აღაფრთოვანა ამერიკელი ჟურნალისტები, რომ გაზეთებმა მეორე დღესვე დაბეჭდეს ქართველი მეზღვაური ქალების სურათები.

ნინო კალანდაძე ბარენცის ზღვაში გერმანელების საჰაერო შტურმის დროს დაიღუპა. იულია ფაილოძემ კი ომი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ უდიდეს გემ „ვოიკოზე“ კაპიტნის მეორე თანაშემწის რანგში დაასრულა. დღემდე ეს არის უდიდესი თანამდებობა, რომელიც ქართველ მეზღვაურ ქალს ეკავა.

ნინო კალანდაძე
ნინო კალანდაძე

„ჩემი კაპიტნობის პერიოდში ორი გამოჩენილი კაპიტანი ქალი ცურავდა – ანა შეტენინა და ირინა საბიროვა. ქართველი ქალები იმ ოპერიოდში ნაკლებად ინტერესდებოდნენ საზღვაო ოფიცრობით. მაშინ ხმელეთზე უფრო კარგი ცხოვრება იყო, ვიდრე ზღვაში,“-იხსენებს შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის დამაარსებელი ანზორ დიასამიძე. „თუმცა, საზღვაო სფეროში ყოველთვის იყვნენ ქალები. ერთ გემზე მინიმუმ 2 ქალი მუშაობა. ამდენად, საქართველოს სანაოსნოს გემებზე ერთდროულად 100-150 ქალი მუშაობდა. საზღვაო სფერო მარტო მცურავი ობიექტებით არ შემოიფარგლება. ქალები იყვნენ დასაქმებული პორტებში, ტვირთების გადაზიდვების მართვაში,საზღვაო  სასწავლო დაწესებულებებში… წლების განმავლობაში ქალი ხელმძღვანელობდა რადიოსადგურს… ასე, რომ ქალის როლი საზღვაო საქმეში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და მე ამ როლის გაძლიერების მომხრე ვარ. მით უმეტეს, დღეს, როცა ზღვა გაცილებით უკეთეს პირობებს გვთავაზობს, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს“.

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი იყო პირველი, სადაც გემწამყვანის სპეციალობაზე ქალმა ჩააბარა. ხატია მენაბდემ და თებრონე აბულაძემ 2012 წელს აირჩიეს გემწამყვანის სპეციალობა. ხატია მენაბდემ ოჯახი შექმნა და ჯერ პატარას ზრდის, თუმცა „ანრიმ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხატია საზღვაო სფეროში დარჩენილიყო და სასწავლებლის ადმინისტრაციაში დაასაქმა.

ხატია მენაბდე
ხატია მენაბდე

სამი წლის წინ კი, ამავე სასწავლებლის პროფესიული განათლების კურსი – საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია (მატროსი)- დაასრულა მარიამ მიქელაძემ. იგი ახლა საბუთებს ამზადებს და მალე გემზე პირველ კონტრაქტს გააფორმებს.

მარიამ მიქელაძე
მარიამ მიქელაძე

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი მხარს უჭერს საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივას საზღვაო საქმეში 2019 წლის  ქალის როლის გაზრდის შესახებ და იწყებს აქციას, საზღვაო სფეროს წარმატებული ქალები გააცნოს ფართო აუდიტორიას.

 

„მეტროს“ შესაძლოა კურორტ გოდერძიზე ხელშეკრულება შეუწყვიტონ

„მეტრო ატლას ჯორჯიას“ მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებაზე ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული. კომპანია ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ „გოდერძიზე“ სასტუმროს აშენებს. კურორტზე მიწის ნაკვეთი კომპანიას, პირდაპირი წესით, 2016 წელს გადაეცა.

„მეტრო ატლას ჯორჯიას“ გეგმა-გრაფიკის მიხედვით აღებული გარკვეული შუალედური ვალდებულებები არ აქვს შესრულებული. ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაწყებულია სწორედ ამ გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო. კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს, შეიძლება არა. ახლა ჩვენ ველოდებით აჭარის მთავრობის მიერ იმ წესის მიღებას, რომლის მიხედვითაც, თუ კომპანია ერთი თვის ვადაში წარმოადგენს საბანკო გარანტიას, მიეცემა დამატებითი ვადები,“ – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

ადმინისტრაციული წარმოება, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, 2019 წლის 30 იანვარს დაიწყო.

„მეტრო ატლას ჯორჯიას“ მშენებარე სასტუმრო კურორტ გოდერძიზე / 20.02.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

„მეტრო ატლას ჯორჯიამ“, 2016 წლის აგვისტოში კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ნაკვეთი პირდაპირი წესით გადასცეს. 2017 წლის აგვისტოში ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანეს და კომპანიას პირობები დაუზუსტეს. დაზუსტებული პირობების მიხედვით, კომპანიამ კურორტზე  მიწის სამი ნაკვეთი შეისყიდა, მათ შორის ორი ნაკვეთი ჯამში 6172 კვადრატული მეტრი აჭარის მთავრობამ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა, ხოლო 4825 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კომპანიას კურორტზე 77 200 ლარად მიჰყიდეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „მეტრო ატლას ჯორჯიამ“ აიღო ვალდებულება 2017 წლის 11 აგვისტოდან ოცი თვის ვადაში [ანუ 2019 წლის ივნისამდე] უზრუნველყოს არანაკლებ 120-ნომრიანი სასტუმროს, კვების ობიექტებისა და 40 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგის ადგილის მშენებლობა. ამ ყველაფერში კომპანიამ 12 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. კომპანიამ ასევე აიღო ამ პროექტში 60 მოქალაქის დასაქმების ვალდებულება [მათი 90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს].

ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო კომპანია ყოველ გადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 5 პროცენტით დაჯარიმდება.

რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, დღეს კურორტ გოდერძიზე, ჯამში, 10 997 კვ/მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე სააქციო საზოგადოება „მეტრო გოდერძია“. ამ სააქციო საზოგადოების აქციათა 100 პროცენტს კი „მეტრო ატლას ჯორჯია“ ფლობს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2019 წლის 20 მარტის მდგომარეობით, ადმინისტრაციული წარმოება ხელშეკრულების გაუქმებაზე დაწყებულია 18 იურიდიულ და ფიზიკურ პირთან მიმართებაში [მათ შორის „მეტრო ატლას ჯორჯიასთან“].

„წესი, რომელიც აჭარის მთავრობამ უნდა მიიღოს, საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ხელშესაწყობად იქნება მიღებული. აქ გაწერილია, რომ ვისაც შეუსრულებელი ვალდებულებები აქვს სამინისტროს წინაშე, ყველას მიეცემა შანსი ერთი თვის ვადაში საბანკო გარანტიის წარმოსადგენად. ამ გარანტიის საფუძველზე კი მათ, ვალდებულებების შესასრულებლად, დამატებით ვადებს მივცემთ“, – აცხადებენ სამინისტროში.

2018 წლის სექტემბერში აჭარის მთავრობამ მიიღო განკარგულება [„საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“], რომლის მიხედვითაც ინვესტორს, რომელიც მთავრობას ნაკისრი ვალდებულებების გადავადებას სთხოვდა, უნდა წარედგინა საბანკო გარანტია იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად აქვს მას ფინანსური რესურსი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ბოლომდე მისაყვანად.

აღნიშნული განკარგულება 2019 წლის პირველ იანვრამდე მოქმედებდა. აჭარის მთავრობა ამჯერადაც ანალოგიური წესის მიღებას გეგმავს.

მთავარი ფოტო: „მეტრო ატლას ჯორჯიას“ მშენებარე სასტუმრო კურორტ გოდერძიზე / 20.02.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

ამ თემაზე:

აჭარაში ინვესტორებს ორ წელში 20 მილიონი ლარის და 2 მილიონი დოლარის ჯარიმა აპატიეს

 

 

აუდიტი: უფასო ფაკულტეტების დაფინანსება შრომის ბაზრის საჭიროებებთან თანხვედრაში არ არის

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმაღლესი განათლების პროგრამებისა და შრომის ბაზრის თავსებადობის ეფექტიანობის კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტებად გამოცხადებული მიმართულებების დაფინანსება არ არის თანხვედრაში შრომის ბაზრის საჭიროებებთან.

დასკვნის მიხედვით, პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებისას, განათლების სამინისტროს შესაფერისი კვლევები არ ჩაუტარებია. „შესაბამისად, არ არის გამოკვლეული შერჩეული მიმართულებების თავსებადობა ქვეყნის საჭიროებებთან“, – წერია აუდიტის დასკვნაში.

ანალიზის მიხედვით, არის შემთხვევები, როცა პრიორიტეტულ სასწავლო პროგრამებად ისეთი მიმართულებებია აღიარებული, რომლებიც ისედაც გამოირჩევა სტუდენტების მაღალი რიცხოვნობით, ხოლო ისეთი დარგები, რომლებიც ქვეყნისთვის გამოწვევაა და სტუდენტების დაბალი რიცხოვნობით გამოირჩევა, არ მიიჩნევა პრიორიტეტად.

მაგალითად, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ლიმიტების მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსებით პირველ ადგილზე [698] ეკონომიკის მიმართულებაა; 633 ადგილით – ქართული ენა და ლიტერატურა, 615-ით – მშენებლობა, 445 ადგილი შეხვდა დაწყებით განათლებას, 417 ადგილი – ისტორიას.

ხოლო მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და აგრონომია, რომლებიც გამოწვეაა ქვეყნისთვის, შედარებით ნაკლებად არის მხარდაჭერილი – დაბალია ლიმიტები.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული შრომის ბაზრის ტენდენციები და ყველაზე დეფიციტური პროფესიები იკავებს ბოლო ადგილს, ხოლო ეკონომიკა, სადაც ისედაც ბევრი სტუდენტია, პრიორიტეტების შკალის პირველ ადგილზეა დასახელებული.

სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ლიმიტი სპეციალობების მიხედვით

სახელმწიფო აუდიტი მიიჩნევს, რომ პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევისა და მისაღები სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის პროცესში სამინისტრო და უმაღლესი დაწესებულებები არ ითვალისწინებენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს – „ეს ქმნის სტრუქტურული უმუშევრობის გაზრდის რისკებს“.

2018 წლის ივლისის მდგომარეობით,  პრიორიტეტული მიმართულებების კურსდამთავრებულთა მხოლოდ 41 პროცენტია დასაქმებული, მათ შორის საკუთარი პროფესიით – მხოლოდ ნახევარი.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ თითოეული მიმართულების მიხედვით არ არის შეფასებული შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების ხარისხის მქონე სპეციალისტების საჭიროება, რაც გამოწვეულია სამინისტროებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის არასაკმარისი კოორდინაციით. „შედეგად, არ არის გამოკვლეული რამდენად თანხვედრაშია დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა რეალურ საჭიროებებთან“, – ნათქვამია დასკვნაში.

კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი სპეციალობების მიხედვით.

სახელმწიფო ფინანსების არაპროდუქტიულ ხარჯვა

დაფინანსების მოდელი დაფუძნებულია მხოლოდ ერთ კრიტერიუმზე – სტუდენტების რაოდენობაზე, განსხვავებით საერთაშორისო პრაქტიკისგან, რომელიც ითვალისწინებს ხარისხობრივ ინდიკატორებსაც. აუდიტის ანალიზის მიხედვით, 2013-2017 წლებში პრიორიტეტული მიმართულებების დასაფინანსებლად გათვალისწინებული იყო დაფინანსების ორმაგი წყარო. პროგრამული დაფინანსება განსაზღვრული იყო  129 534 325 ლარით, სახელმწიფო სასწავლო გრანტი კი – 15 960 438 ლარით.

„აღნიშნულმა მოდელმა 23 პროცენტით გააძვირა ხარჯი ერთეულთან მიმართებაში, რაც მიუთითებს მოდელის არაპროდუქტიულობაზე“, – წერს აუდიტის სამსახური.

ამავე დასკვნის მიხედვით, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების მობილობა, ბოლო წლების მიხედვით, საშუალოდ 11 პროცენტია, საიდანაც სტუდენტთა უმრავლესობა გადადის ისეთ პროგრამებზე, სადაც მაღალია სტუდენტების რიცხოვნობა.

ასევე 2013 წელს ჩარიცხული სტუდენტების მხოლოდ 53-მა  პროცენტმა დაასრულა სწავლა შესაბამის ვადაში. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას, პრიორიტეტულ სასწავლო პროგრამებს აბიტურიენტები საშუალოდ მე-11 რიგის პრიორიტეტად ირჩევენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მიმართულებები მაინც ვერ გახდა პოპულარული. შესაბამისად, ამ მიმართულებებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებაც ყოველწლიურად მცირდება. „რაც მიუთითებს  არჩეული პრიორიტეტების ეფექტიანობის დაბალ მაჩვენებელზე“, – წერია დასკვნაში.

აუდიტის ანალიზი აჩვენებს, რომ განათლების სამინისტროს და უნივერსიტეტებს არ შეუფასებიათ პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები. „შესაბამისად, არ ხდებოდა ამ მიმართულებების კორექტირება არსებული გამოწვევების გათვალისწინებით“.

2013-2017 სასწავლო წლებში უმაღლეს საგანმანათლებლო პრიორიტეტულ პროგრამებზე გახარჯულია 145 494 763 ლარი, სადაც პროგრამულ დაფინანსებაზე გაწეული ხარჯი 129 534 325 ლარია, ხოლო სახელმწიფო სასწავლო გრანტის წილი არის 15 960 438 ლარი.

2013-2017 წლებში პრიორიტეტული პროგრამების დაფინანსება 2017 წლამდე პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსების ოდენობის კალკულაცია ხდებოდა შემდეგი პრინციპით: თითოეული პრიორიტეტული პროგრამის მიხედვით წლიური დაფინანსების ოდენობა შეადგენდა 33 750 ლარს, რომელიც უნივერსიტეტს ერიცხებოდა 1-დან 15-ის ჩათვლით ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის მიხედვით, ხოლო 15 სტუდენტის შემდგომ, ჩარიცხულ ყოველ ექვს სტუდენტამდე, პროგრამული დაფინანსების ფარგლებში, ყოველწლიურად გაიცემოდა 11 250 ლარი.

როგორია სახელმწიფო დაფინანსების საერთაშორისო პრაქტიკა

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ევროპული სახელმწიფოების გამოცდილება აჩვენებს, რომ განათლების დაფინანსების დროს ისინი სულ უფრო ხშირად იყენებენ ხარისხობრივ ინდიკატორებს. მაგალითად, მინიჭებული ხარისხის (გაცემული დიპლომების) რაოდენობა გვხდება შემდეგ ქვეყნებში: ბელგია, ჩეხეთი, ფინეთი, ჰოლანდია, პორტუგალია და ესპანეთის ზოგიერთი რეგიონი.

სტუდენტების მიერ დაგროვებული კრედიტების რაოდენობა და სწავლის საშუალო ხანგრძლივობა გამოყენებულია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ბელგია, ესპანეთის ზოგიერთი რეგიონი, შვედეთი, შვეიცარია. სამხრეთ კორეა, გარდა ზემოხსენებული ფაქტორებისა, ახორციელებს უნივერსიტეტების ინოვაციური მცდელობების შეფასებას. ავსტრალიაში გათვალისწინებულია სტუდენტების კმაყოფილების კვლევა, სტუდენტების პროგრესი და დასაქმების მაჩვენებლები. იაპონია სახელმწიფო უნივერსიტეტებზე დაფინანსების გასაცემად იყენებს შეფასების კომისიის მიერ გაკეთებულ ხარისხის შეფასების დასკვნას.

„ჰოლანდიის მაგალითი იმ სისტემის კარგი ილუსტრაციაა, რომელიც იყენებს როგორც გამოყენებული რესურსების (input), ასევე მიღწეული შედეგების (output) საზომებს“, – წერს აუდიტი.

ევროპულ ქვეყნებში განათლების დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია განსახორციელებელ აქტივობებზე, რაც უნივერსიტეტის მიხედვით ინდივიდუალურად თანხმდება სამინისტროსთან.

„დაფინანსების დროს ითვალისწინებენ ისეთ ინდიკატორებს, როგორებიცაა: სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, წარმატებული სტუდენტების მაჩვენებლის გაზრდა, ინსტიტუციური პროფილის შექმნა და საგანმანათლებლო პროგრამების მრავალფეროვნების გაზრდა. თითოეული უნივერსიტეტი ხელშეკრულებაში მიუთითებს, როგორ აპირებს მოცემული მაჩვენებლების გაუმჯობესებას“.

2013 წელს დადგინდა 7 პრიორიტეტული მიმართულება, სადაც ერთიანდებოდა 16 სასწავლო პროგრამა, ხოლო 2018 წლის მონაცემებით, იმავე 7 მიმართულების მიხედვით – 52 სასწავლო პროგრამა.

აუდიტის ანალიზის მიხედვით, პრიორიტეტული მიმართულებიდან ერთ-ერთია განათლების  მეცნიერებები. ინკლუზიური განათლების სასწავლო პროგრამაზე ირიცხებოდა 50 სტუდენტი, რაც განათლების მიმართულების სხვა პროგრამებთან შედარებით საშუალოზე დაბალი მაჩვენებელია. „მიუხედავად ამისა, ინკლუზიური განათლების პროგრამა არ ხვდება პრიორიტეტული სასწავლო პროგრამების ჩამონათვალში, ხოლო ამავე პერიოდში განათლების მიმართულებით პრიორიტეტად მიჩნეულია ისეთი პროგრამა, როგორიცაა, მაგალითად დაწყებითი განათლება, სადაც 2012 წელს 290 სტუდენტია ჩარიცხული“.

 აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები სახელმწიფოს:

  1. აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებები თანხვედრაში უნდა იყოს ქვეყნის საჭიროებებთან და არსებულ გამოწვევებთან, მათი აქტუალობა კი ყოველწლიურად უნდა შეფასდეს.
  2. ქვეყნის საჭიროებებთან შეუსაბამო გადაწყვეტილების რისკის თავიდან ასაცილებლად საჭიროა განათლების სამინისტრომ შეიმუშაოს მექანიზმი, რომლის მიხედვით უმაღლესი სასწავლებლები დასაბუთებული საფუძვლით შეძლებენ პრიორიტეტული პროგრამების შერჩევას.
  3. უმუშევრობის რისკების შესამცირებლად კი საჭიროა გაიზარდოს კოორდინაცია სამინისტროსა და დამსაქმებლებს შორის, შეფასდეს შრომის ბაზრისა და უნივერსიტეტებს შორის ურთიერთკავშირი ხარისხობრივი ინდიკატორების გათვალისწინებით. განისაზღვროს დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა.

სოცმუშაკი ხელვაჩაურიდან: 623 ლარიდან ნახევარი საწვავში მეხარჯება

„ჩემი ხელფასიდან ნახევარი საწვავში მეხარჯება, ხელფასი კი 623 ლარია,“ – გვიყვება სოციალური მუშაკი, მალვინა ზაქარაძე. იგი უკვე 10 წელია სოციალური დაცვის სააგენტოს ხელვაჩაურის განყოფილებაში მუშაობს. მალვინა დღეს, 25 მარტს, სოციალური მუშაკების საერთო გაფიცვას შეუერთდა.

სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, ასევე კონკრეტული სერვისების შექმნას სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის. ხელვაჩაურში მომუშავე მალვინა ზაქარაძეს ვთხოვეთ მოეყოლა, რა სირთულეს აწყდება სოცმუშაკი, როცა მას დღის განმავლობაში რამდენიმე სოფელში უწევს მისვლა.

„მთავარი სირთულე გადაადგილებაა, – გვიყვება მალვინა ზაქარაძე. – თავიდან მარშუტკით დავდიოდი, მაგრამ ინტერვიუს აღებას დაახლოებით ერთი საათი მაინც სჭირდება, ამდენ ხანს მარშუტკა ხომ ვერ დაგელოდება? მერე სხვაგან გაგვიანდება. ამიტომ ახლა საკუთარი ავტომანქანით დავდივარ სოფლებში, ხელფასის ნახევარს საწვავში ვხარჯავ და ნახევარი ხელფასი მიმაქვს ოჯახში, რა ვქნა?

ტრანსპორტი მხოლოდ მაშინ გვემსახურება, თუ ღამით პოლიციაში არასრულწლოვანია დასაკითხი. ამ დროს პოლიცია მანქანით მაკითხავს… შაბათ-კვირასაც გვიწევს მუშაობა. ესეც ჩვეულებრივი ამბავია უკვე ჩვენთვის.

აქამდე სულ ორი სოცმუშაკი ვიყავით. ერთი დეკრეტულში გავიდა და დროებით აიყვანეს მეორე. მას შემდეგ, რაც პეტიციას მოვაწერეთ ხელი, ერთი შტატი დაუშვეს. დაახლოებით 100 საქმე მაქვს თვეში… ფერიის ბავშვთა სახლიც ჩვენს ტერიტორიაზეა და ჩვენ ვართ მათი კანონიერი წარმომადგენელი, როცა სადმე წასვლა სჭირდებათ ან პროფესიულში სწავლის გაგრძელება.

ჩვენ ვერ ვასრულებთ ჩვენს სამუშაოს, ვერ ვეხმარებით… მაგალითად, ღარიბ ოჯახს, რომელსაც კვების ვაუჩერი სჭირდებოდა, ოქტომბერში შევუვსე განაცხადი და დღემდე არაა პასუხი. ოთხი არასრულწლოვანია იქ… კრიზისული და გადაუდებელი დახმარების პროგრამა ჰქვია ამას. თუ ჩამოვა დახმარება, ჩამოდის 5 და 6 თვის შემდეგ, მანამდე რა ქნას მშობელმა?

მერე ჩვენ გვსაყვედურობენ… ჰგონიათ, რომ ყველაფერს ჩვენ ვწყვეტთ.

ბოლოს 12 წლის ბავშვთან ვიყავი, რთული ქცევის ბავშვია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლიც გახდა… გვინდოდა გადაგვეყვანა კოჯრის ბავშვთა სახლში, მაგრამ იქ ადგილი არ არის. მიმღებმა ოჯახებმა უარი მითხრეს, რადგან აგრესიული ბავშვია, თანატოლებს ერჩის. ბოლოს, ერთი მიმღები ოჯახი შევარჩიეთ და ახლა დროებით იქ არის, არ ვიცი, როდემდე…

მე ვითხოვ, ბენეფიციარებისთვის მოქნილ სისტემას. მჯერა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია. შეუძლებელს არაფერს ვითხოვთ. პირიქით, ეს საჭიროა და გადაუდებელი. “

სოცმუშაკების საპროტესტო აქცია ბათუმში, ვარდების სკვერში გრძელდება. გაფიცვა სოცმუშაკებმა ერთდროულად დღეს ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში დაიწყეს.

„დაშინების გამო ყველა ვერ მოვედით“ – სოცმუშაკებმა გაფიცვა დაიწყეს

სანიტრების სამუშაო პირობები ბათუმში

ნატაშა ჯიბლაძე  27 წელია სანიტარია. ერთი თვის მანძილზე 8 დღეს მუშაობს 24-საათიან ცვლაში, ჯამში – 192 საათი. მისი შრომის ანაზღაურება თვეში 200 ლარია. ნატაშა ქირურგიული განყოფილების სანიტარია. სტატისტიკური მონაცემები – რამდენი ადამიანი მუშაობს ქვეყანაში სანიტრის პოზიციაზე, არ არსებობს.

„ძალიან ძნელია, მძიმე შრომა უწევს სანიტარს, ისეთი შრომაა, დაუფასებელიო რომ იტყვიან. თუმცა ჩვენი ადმინისტრაციის მაინც მადლობელი ვარ. ყველაფრით გვამარაგებენ, რაც გვჭირდება იმისათვის, რომ ვიმუშაოთ,“ – ამბობს ნატაშა.

თალიკო მიქელაძეც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარია. ქირურგიული დეპარტამენტის დიასახლისი ვარო, ამბობს.

„სანიტარი, იგივე დიასახლისია, ყველაფერს უნდა მიაქციოს ყურადღება. დილით ყველა პაციენტი მოინახულო, ნახო ყველაფერი დალაგებული და მოწესრიგებული თუ არის. დღეში ოთხ-ხუთჯერ ვალაგებთ საავადმყოფოს სანიტრები. რესპუბლიკურის შენობაა ძველი თორემ, უსუფთაობააო ვერავინ იტყვის. ანაზღაურებაც რა გითხრათ, რა პაციენტებიც ჰყავს საავადმყოფოს, იმის ადეკვატური გვაქვს, არ ვარ უკმაყოფილო,“ – ამბობს თალიკო მიქელაძე.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 76 სანიტარი ჰყავს. თითოეული მათგანი 24-საათიან ცვლაში, ყოველ მეოთხე დღეს მუშაობს. თვის მანძილზე ერთ სანიტარს 7-8 დღე უწევს მუშაობა.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რა ღირს სანიტრის შრომა ბათუმში მდებარე სხვა დიდ საავადმყოფოებში.

სანიტრების შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა ბათუმის რეფერალურმა ჰოსპიტალმა და ჯანმრთელობის ცენტრმა „მედინამ“. თუმცა „ბათუმელები“ ამ კლინიკებში დასაქმებულებს ესაუბრა. არაოფიციალურ საუბარში სანიტრები ყვებიან, რომ მათი შრომის ანაზღაურება 180 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს. სანიტრებს ინდივიდუალური სამუშაო გრაფიკები აქვთ. ზოგი 24-საათიან ცვლაში მორიგეობას ამჯობინებს, ზოგი კი დილიდან საღამომდე მუშაობს, კვირაში ხუთი დღე.

ლალი დიასამიძე სანიტარია. ის დიალიზისა და ნეფროლოგიის ცენტრში 12 წელია მუშაობს.

„ვალაგებ კაბინეტებს, დარბაზს, დიალიზის განყოფილებაში ვწმენდ და ვასუფთავებ დღეში ორჯერ. ვემსახურები პაციენტებს, ვეხმარები ასევე საწოლის დალაგებაში. გამაქვს სამედიცინო ნარჩენები,“ – გვიყვება ის.

რაც შეეხება ანაზღაურებას, ლალის თქმით, სხვა კლინიკებთან შედარებით, დიალიზისა და ნეფროლოგიის ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასია. ის კვირაში 6 დღე, დღეში 7 საათი მუშაობს და მისი ხელფასი დაახლოებით 500 ლარია.

ლალის დიალიზის განყოფილების ყველა პაციენტი კარგად იცნობს. ლალის თქმით, ის ცდილობს პაციენტებს ცენტრში გასატარებელი დრო შეუმსუბუქოს.

„სულ ვიღიმი, ვხუმრობ. პაციენტმა შენი ცუდად ყოფნა არ უნდა შენიშნოს. ოჯახის წევრებივით არიან ჩემთვის. წლებია კვირაში რამდენჯერმე დადიან და ვიცნობ,“ – ამბობს ლალი.

 

სანიტრების შრომა - ლალი დიასამიძე

საქართველოში დღემდე არ არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც გაწერილი იქნებოდა სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე სანიტრების უფლება-მოვალეობები.

ქეთევან გარსევანიშვილი საქართველოს ექთნების ასოციაციის ხელმძღვანელია. თავადაც ერთ-ერთ კლინიკაში უფროს ექთნად მუშაობს.

„სანიტარი ძველი გაგებით დამლაგებელი იყო. დამლაგებელი მხოლოდ დალაგებით არის შემოფარგლული და არავითარ სამედიცინო საქმესთან შეხება არ აქვს. სამანიპულაციოს, შესახვევებს და საოპერაციოს ექთნის თანაშემწეები ალაგებენ – მაღალი რისკის სამუშაოა და სპეციალური სამედიცინო განათლება სჭირდება. სამწუხაროდ, არ არსებობს მათი მოვალეობები გაწერილი სადმე, ისიც არ შემიძლია გითხრათ, კანონი არსებობს-მეთქი,“ – ამბობს ქეთევან გარსევანიშვილი.

იმისთვის, რომ პირმა საავადმყოფოში სანიტრად დაიწყოს მუშაობა, მას არანაირი სამედიცინო განათლება არ მოეთხოვება. სანიტარი შეიძლება გახდეს ადამიანი არასრული ან სრული საშუალო განათლებით. ქეთევან გარსევანიშვილის თქმით, ვინაიდან დამლაგებელი პერსონალი არ არის სამედიცინო განათლების მქონე, ამიტომ ამ ადამიანებს მხოლოდ არასახიფათო ნარჩენებთან უნდა ჰქონდეთ შეხება.

„ვგულისხმობ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. სამედიცინო ნარჩენებისთვის სპეციალურად დატრენინგებული პერსონალი უნდა იყოს, რომელმაც იცის, როგორ უნდა გაიტანოს, დაამუშავოს – როგორ უნდა დალუქოს, აწონოს, ჩააბაროს ეს ნარჩენი. რანაირად შეიძლება სანიტარმა ეს ყველაფერი გააკეთოს, მე ცოტა წარმოუდგენლად მიმაჩნია ეგ ჩვენი გადასახედიდან.

მე არ მესმის კლინიკებისთვის როგორაა ეს მომგებიანი, როცა ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკების შემოწმების ერთ-ერთ პრიორიტეტად ინფექციის კონტროლის წესების დაცვაა წინა პლანზე გამოტანილი“, – ამბობს ქეთევან გარსევანიშვილი.

საქართველოში არ არის აღრიცხული, რამდენი ადამიანი მუშაობს სანიტრის პოზიციაზე ქვეყანაში. საქსტატის 2017 წლის მონაცემებით, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული საშუალო სამედიცინო პერსონალის [ბებიაქალები, ფერშლები, ექთნები] 18 ათასია, ექიმთა რიცხოვნება კი 27 400. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ერთ ექიმზე ოთხი ექთანი მოდის, საქართველოში კი ეს ბალანსი პირიქით არის დარღვეული – ერთ ექიმზე ერთი ექთანიც არ მოდის.

რა ღირს ექთნის შრომა

„დაშინების გამო ყველა ვერ მოვედით“ – სოცმუშაკებმა გაფიცვა დაიწყეს

„ზრუნვა ცარიელი ხელებით“, „ერთად სისტემური ცვლილებებისთვის“ – ბათუმის ვარდების სკვერში სოციალურმა მუშაკებმა ეს და სხვა ტრანსპარანტები გამოფინეს და გაფიცვა დაიწყეს. სოცმუშაკები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე ხელისუფლება სისტემური ცვლილებებისთვის ნაბიჯებს არ გადადგამს.

„მოვედით აქამდე, რადგან წლების განმავლობაში არავინ მოისმინა ჩვენი პრობლემა… ჩვენ ვითხოვთ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, არ შეიძლება 30 მიმართულებით ერთდროულად მუშაობდე, გიწევდეს ღამით გასვლა და ტრანსპორტი არ გყავდეს… არ შეიძლება მიდიოდე დაჩაგრულ ადამიანთან, უბრალოდ ანკეტას ავსებდე და ვერ სთავაზობდე მომსახურებას“, – ამბობს სოციალური მუშაკი მარინე ჭანტურია.

ბათუმში მომუშავე ყველა სოცმუშაკი გაფიცულია. საპროტესტო აქციაზეა უფროსი სოცმუშაკი ნინო ცეცხლაძეც.

„წლებია ვითხოვთ კრიზისულ თავშესაფარს ბავშვებისთვის… იგივე ქცევითი აშლილობის ბავშვებისთვის მომსახურება არ გვაქვს. რა სერვისიც გვაქვს, იმასაც აგვიანდება. ამას წინათ, სოციალურად დაუცველ ოჯახში მყოფ ბავშვს ვიდრე კვების ვაუჩერი დაენიშნა, ბავშვი ერთი წლის გახდა…“ – გვიყვება ნინო ცეცხლაძე.

სოცმუშაკების თქმით, მუნიციპალიტეტებში სოცმუშაკები განყოფილების უფროსებმა სამსახურიდან გაშვებით დააშინეს. ერთ-ერთი სოცმუშაკი, ვინც ამის შესახებ ღიად გუშინ, 24 მარტს, ისაუბრა, თამარ ღუნაშვილია ქობულეთიდან. ის დღეს საპროტესტო აქციაზეც მივიდა. ქობულეთის სოცმუშაკებიდან აქციაზე მხოლოდ ის გამოვიდა.

„სოცმუშაკები მასობრივად დააშინეს ბათუმის გარდა ყველგან… მე მესმის მათი. მათ პეტიციას ხელი მოაწერეს და ისინი ჩვენს მოთხოვნებს უერთდებიან. ჩვენ ველით სოცმუშაკს ხელვაჩაურიდან, ხულოდანაც. ყველა ვერ გამოვიდა ამ ზეწოლის გამო,“ – ამბობს ნინო ცეცხლაძე.

სოცმუშაკებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების შესწავლა 6-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაიწყო. მათ 25 მარტის დილით ასევე მოუწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს „დაუყონებლივ დაიწყოს სოციალურ მუშაკებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის შემთხვევების შესწავლა“.

სოცმუშაკები ასევე ეხმიანებიან სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის, თემურ ქარცივაძის მიერ „ბათუმელებთან“ გაკეთებულ კომენტარს. მან თქვა, რომ სოცმუშაკებს სხვა თანამშრომლები ჩაანაცვლებენ.

„როგორ ჩაანაცვლებს, ეს არის ძალიან სენსიტიური სამუშაო. შესაძლოა, ჩვენც არ ვართ განათლებით სოცმუშაკები, მაგრამ გავიარეთ უამრავი გადამზადება, ასევე, საუნივერსიტეტო ტემპუსი. მოთხოვნა არის კატეგორიული, რომ სოცმუშაკი უნდა მუშაობდეს ამ ურთულეს შემთხვევებზე,“ – აცხადებს უფროსი სოცმუშაკი, ნინო ცეცხლაძე.

სოცმუშაკები ამ დროისთვის გაფიცულები არიან სამ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. ბათუმის ვარდების სკვერში ჯერ არ გამოჩენილან სოცმუშაკები აჭარის მაღალმთიანეთიდან.  ბათუმში სოცმუშაკებს გახსნილი აქვთ ჩანაწერის წიგნიც, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს სოცმუშაკების მოთხოვნების მიმართ მხარდაჭერის საჯაროდ დაფიქსირება შეუძლია.

„კარავსაც გავშლით და მორიგეობით დავრჩებით, არ ვიცით, სადამდე,“ – გვითხრა სოცმუშაკმა, ინგა დავითაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სოცმუშაკებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების შესწავლა, ჯერჯერობით, არ დაუწყიათ. უცნობია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია სოცმუშაკების ქვეყნის მასშტაბით გაფიცვაზე.

„ვარდების სკვერში“ მოქალაქეებს ხელმოწერით შეუძლიათ სოცმუშაკების მხარდაჭერის დადასტურება

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 25  მარტის  21 საათიდან  26  მარტის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3-8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2-7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 27-28 მარტს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

_____________

მთავარი ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

უკანონო სახერხი საამქროების 10 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში 2019 წლის პირველი მარტიდან დღემდე, 10 უკანონო სახერხი საამქრო და სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 17 ფაქტი გამოვლინდა. აქედან ხუთი ფაქტი – აჭარის ტერიტორიაზე.

„სამართალდარღვევის ყველაზე მეტი – 7 ფაქტი გამოვლინდა შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ზემო სვანეთში ერთი ფაქტი დაფიქსირდა, ასევე ერთი ფაქტი – სამეგრელოში, იმერეთში – 5 ფაქტი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – ერთი ფაქტი, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 5 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში – 4 ფაქტი, კახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე – 2, ხოლო თბილისში – 1 ფაქტი,“ – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ჯამში, სამართალდარღვევის 27 ფაქტია გამოვლენილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სახერხი საამქროები დაილუქა და საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

მასწავლებლის გლობალური ჯილდო კენიელმა მასწავლებელმა მოიგო

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა. დაჯილდოების ცერემონიალი დუბაიში ამ წუთებშიც გრძელდება.

პიტერი ასწავლის სოფელ პვანის სკოლაში, კენიის ცენტრისგან მოშორებულ ღარიბ რეგიონში, სადაც გვალვა და შიმშილობა ჩვეული მოვლენაა. პიტერის მოსწავლეების 95 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს, თითქმის ყოველი მესამე მოსწავლე ობოლია, ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს, ბევრ მათგანს კი სახლში საჭმელი არ აქვს. ნარკოტიკების მოხმარება, არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა და ქორწინება, სკოლის მიტოვება ადრეულ ასაკში და თვითმკვლელობები ამ რეგიონში ხშირად ხდება. პიტერი სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ასწავლის და თავისი ყოველთვიური შემოსავლის 80 პროცენტს ღარიბების დასახმარებლად ხარჯავს.

შეცვალო სკოლა, სადაც მხოლოდ ერთი კომპიუტერია, ცუდი ინტერნეტი და 58 მოსწავლეზე მხოლოდ ერთი მასწავლებელი მოდის, იოლი ამოცანა არ არის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსწავლეებმა, სკოლამდე რომ მიაღწიონ, 7 კილომეტრი უნდა გაიარონ ფეხით გზაზე, რომელიც წვიმის სეზონზე გაუვალი ხდება.

პიტერმა შექმნა ტალანტებისა და სამეცნიერო კლუბები სკოლაში, ეხმარებოდა მოსწავლეებს კვლევითი პროექტების შექმნაში. კენიის სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზრობაზე პიტერის მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც სმენა და მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ გაზომონ საგნები. პეტერის მოსწავლეებმა მიიღეს ჯილდო ქიმიკოსთა სამეფო საზოგადოებიდან, მას შემდეგ, რაც გამოიყენეს ადგილობრივი მცენარე ელექტროენერგიის მისაღებად. ამჟამად პიტერის სკოლის მათემატიკოსთა გუნდი ემზადება საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური გამოფენისთვის, რომელიც წელს, არიზონაში, აშშ-ში გაიმართება.

პიტერი და მისი კოლეგები დასვენების დღეებში ინდივიდუალურ გაკვეთილებს უტარებენ ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან. სამი წლის განმავლობაში სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგდა, დისციპლინის დარღვევის შემთხვევები კვირაში 30-დან სამამდე შემცირდა.

მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს საპრიზო თანხა 1 მილიონი დოლარია.

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათეულში იყო ლადო აფხაზავაც. იგი 21 მარტს ვარკის ფონდის ელჩი გახდა. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს გასცემს.

21 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ  ლადო აფხაზავა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან,  მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ ათ ფინალისტს შორისაა.

განათლების სამინისტრომ მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტს, ლადო აფხაზავას, მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა.

თემურ ქარცივაძე სოცმუშაკების გაფიცვაზე: მათ ფუნქციას სხვა თანამშრომლები შეასრულებენ

რას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო გაფიცვასთან დაკავშირებით, რომელსაც სოციალური მუშაკები ქვეყნის მასშტაბით ხვალ, 25 მარტს იწყებენ? – ამ უწყებების პრესცენტრებში დღეს ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. „ბათუმელები“ იმავე კითხვით სოციალური სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსს, თემურ ქარცივაძეს დაუკავშირდა.

„ყველა არ არის გაფიცული, არის სამსახურში რესურსი, რომ ერთი დღით სოცმუშაკები სხვებმა ჩაანაცვლონ. ჯანდაცვის სამინისტრო მობილიზებულია და არავინ არ დაზარალდება,“ – ამბობს თემურ ქარცივაძე. მას ვკითხეთ, რატომ ჩათვალა, რომ გაფიცვა ერთდღიანია ან რა რესურსით ჩანაცვლდება სოცმუშაკების შრომა.

„ეს მათ ჰკითხეთ, არ ვიცი, რამდენდღიანია… ხვალ დაითვალეთ, რამდენი გავა გაფიცვაზე, მე არ ვიცი… გითხარით, რომ მათ ფუნქციას შეასრულებენ სხვა ადამიანები. სოცმუშაკის უნარ-ჩვევები ჩვენს სამსახურში ძალიან ბევრს აქვს. უფლებამოსილებას მივცემთ გაფიცვის რეჟიმში კომპეტენტურ ადამიანებს, ახლა სიას ვერ მოგცემთ, ვინ იქნებიან ესენი… ძალიან გთხოვთ, ნუ შემოდიხართ ჩვენს კომპეტენციაში,“ – აღნიშნა თემურ ქარცივაძემ „ბათუმელებთან“.

სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსს ასევე ვკითხეთ, სოცმუშაკების დაშინებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი, ქობულეთის შემთხვევაზე – ქობულეთში მომუშავე სოცმუშაკი თამარ ღუნაშვილი ამბობს, რომ მას განყოფილების უფროსი სამსახურიდან გაშვებით დაემუქარა.

„ყველა ეს ინფორმაცია არის ტყუილი…“ – მოკლედ გვიპასუხა თემურ ქარცივაძემ იმის მიუხედავად, რომ შემთხვევის შესახებ ჯერ არაფერი მოუკვლევია და არც თანამშრომლებს გასაუბრებია.

„ვიცი მე ჩემს სამსახურში სიტუაცია, არ იყო ზეწოლა, ვიცი,“ – დასძინა თემურ ქარცივაძემ.

https://netgazeti.ge/news/349231/

 

სოცმუშაკი: უფროსი სამსახურიდან გაშვებით დამემუქრა, თუკი გაფიცვაზე წავალ

თამარ ღუნაშვილი ერთ-ერთი სოციალური მუშაკია, რომელიც ხვალიდან გაფიცვას აპირებს. სოცმუშაკი ამბობს, რომ სამსახურის უფროსი მას სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა და „შვილების ულუკმაპუროდ დარჩენით“.

„პარასკევს შემხვდა თავის სამუშაო ოთახში. მითხრა, რომ თუ გაფიცვაზე გავიდოდი, ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ სამსახურიდან გავეშვი, თანაც ისე, რომ ვეღარსაც ვეღარასოდეს მუშაობა ვეღარ დამეწყო და შვილები მშიერი დამრჩებოდა,“ – ამბობს თამარ ღუნაშვილი. ის სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის განყოფილებაში მუშაობს.

სოცსააგენტოს ქობულეთის განყოფილებას თემურ ჭანტურიშვილი ხელმძღვანელობს. ის თანამშრომლის დაშინების მცდელობას კატეგორიულად უარყოფს.

„მსგავსი საუბარი მე თამართან არ მქონია, არ ვიცი, პირველად მესმის… არც ვიცი, ვინ იფიცება, ეს მათი უფლებაა… სულ 6 სოცმუშაკის ადგილია ჩემთან, მაგრამ სამი ვაკანტურია,“ – გვითხრა თემურ ჭანტურიშვილმა.

სოცმუშაკების საინიციატივო ჯგუფის წევრი, ქეთევან ხუციშვილი ამბობს, რომ სოცმუშაკებზე თითქმის ყველა რეგიონში ხორციელდება სხვადასხვა ფორმით ზეწოლა.

„თამარ ღუნაშვილი ნათელი მაგალითაი ამ შანტაჟის და ზეწოლის… ის მარტოხელა დედაა და შვილების ულუკმაპუროდ დატოვებით დაემუქრნენ. მან საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ამის შესახებ ღიად ეთქვა. რა თქმა უნდა, მსგავსი არარაციონალური მიზეზით სამსახურიდან ვერავის გაუშვებენ, მაგრამ ეს არის მეთოდი, ძალაუფლების დემონტრირებას ახდენენ. რეალურად თუ გაუშვებენ სოცმუშაკს სამსახურიდან, მას აღადგენს სასამართლო, მაგრამ დავა მოუწევს… თბილისის გარდა, თითქმის ყველა რეგიონიდან მოდის ინფორმაცია, რომ სოცმუშაკებზე მიმდინარეობს ზეწოლა. განსაკუთრებით ფაქტები ფიქსირდება შიდა ქართლში, აჭარასა და გურიაში,“ – ამბობს ქეთევან ხუციშვილი.

სოცმუშაკების ხვალ, 25 მარტს, დილის 10 საათიდან გაიფიცებიან.

 

 

 

უფასო გამოკვლევები ტუბერკულოზის და C ჰეპატიტის დასადგენად

ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან  სკირინგის უფასო აქცია მოაწყო. აქციის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს ტუბერკულოზზე, ასევე, C ჰეპატიტის გამოკვლევის ჩატარება შეეძლო.

„20 ადამიანი გამოიკვლიეს. აქედან ერთს C ჰეპატიტი დაუდასტურდა, 4 ადამიანის მონაცემები კი შემდეგი კვლევებისთვის ფტიზიატრიულ განყოფილებაში გადაიგზავნა,“ – გვითთხრეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. აქვე აღნიშნავენ, რომ აქცია გრძელდება და მსურველებს უფასო კვლევის ჩატარება პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულებებშიც შეუძლიათ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ბოლო წლებში ტუბერკულოზის გავრცელების კლების ტენდენცია გვაქვს, თუმცა ქვეყნის მაჩვენებელი მაინც მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მონაცემებს.

2018 წელს საქართველოში ტუბერკულოზის 2681 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის, 2004 ახალი შემთხვევა იყო. ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, გლობალური ფონდის თანადაფინანსებით, აჭარა შეუერთდა ,,ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას“, რაც ითვალისწინებს ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის ინტეგრირებულ სკრინინგს და ტუბერკულოზის გამოსავლების გაუმჯობესებას აჭარაში.

2018 წლის 24 მარტს გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის მიხედვით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჩართვის გზით, აიღო ურთიერთშეთანხმებული აქტივობების თანადაფინანსების ვალდებულება.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 2018 წლის აგვისტოდან ამ დრომდე ამ პროექტის ფარგლებში სულ გამოკვლეულია 4448 პირი, პირველადი სკრინინგით დადებითი გამოვლინდა C ჰეპატიტზე – 86, აივ-ზე დასკრინული 4372 -დან 1 დადებითი, ხოლო 4705 პირიდან 534 შემთხვევაში განხორციელდა რეფერალი ფტიზიატრთან. ტუბერკულოზი დადასტურდა 1 შემთხვევაში.

 

 

ექიმმა უფლებამოსილება შეიჩერა – გარდაცვლილი გოგოს ახლობლებმა აქცია შეწყვიტეს

ექოსკოპისტმა ეკა ფუტკარაძემ ბათუმის რეფერალური კლინიკა დატოვა. მან ექიმის უფლებამოსილება საკითხის გამოკვლევის დასრულებამდე საკუთარი სურვილით შეიჩერა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ზაალ მიქელაძემ დაუდასტურა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

გუშინწინ გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლები ამ ექიმის კლინიკიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ, ასევე იმ სამედიცინო პერსონალის, ვინც მელანოს მკურნალობდა.

„ექიმმა საკუთარი სურვილით შეიჩერა უფლებამოსილება. ჩვენ ვპირდებით ოჯახს, რომ საკითხს სრულად გამოვიკვლევთ და არც ისაა გამორიცხული, საბოლოოდ, სხვების დასჯა მოგვიწიოს. ამ საქმეს ნადვილად მივიყვანთ ბოლომდე,“ – აცხადებს ზაალ მიქელაძე.

გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა საპროტესტო აქცია უკვე შეწყვიტეს. ისინი ისევ აანონსებენ აქციას, თუკი გამოძიება ობიექტურად არ ჩატარდება.

საპროტესტო აქცია დღეს, 23 მარტს, თავდაპირველად რეფერალური საავადმყოფოს ეზოში დაიწყო. შეკრებილებმა იმ ექიმების გათავისუფლება მოითხოვეს, ვინც მელანო ფუტკარაძეს მკურნალობდნენ. მათ საავადმყოფოს დირექტორი მას შემდეგ შეხვდა, როცა ბაგრატიონის ქუჩა აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს.

გარდაცვლილი გოგოს ახლობლებს საავადმყოფოს დირექტორმა უთხრა, რომ თვითონ რომელიმე ექიმს სამსახურიდან ვერ გაუშვებდა და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა შესაბამისი მოკვლევის შემდეგ დადგებოდა.

შეკრებილებს ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას ადგილზე მისული კონსტანტინე ანანიაშვილი დაჰპირდა, აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი. „თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ საქმე, როცა პაციენტი მოკვდა და ამის შემდეგ ექიმი დასაჯეს?“ – ჰკითხა  პოლიციის უფროსს ერთ-ერთმა მოქალაქემ.

მოგვიანებით საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე გზაჯვარედინი გადაკეტეს, შემდეგ კი, თამარის გზატკეცილი. პოლიციამ აქ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება სცადა, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. საბოლოოდ, გარდაცვლილი გოგოს ახლობელმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ექიმს, ვის გათავისუფლებასაც ითხოვდნენ, უფლებამოსილება შეუწყდა. საპროტესტო აქციის მონაწილეების ამ განცხადების შემდეგ დაიშალნენ.

მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით 21 მარტს ღამით ბათუმის „მედცენტრში“ გარდაიცვალა. ოჯახი ბრალს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს სდებს, სადაც მელანო ფუტკარაძე თავდაპირველად მივიდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად გრძელდება, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

 

აჭარის პოლიციის უფროსი, კონსტანტინე ანანიაშვილი, აქციის მონაწილეებთან 

გარდაცვლილი გოგოს ახლობლებმა ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს

29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა, რომელიც გუშინ, 22 მარტს, მწვავე აპენდიციტზე გაკეთებული ოპერაციის შედეგად გარდაიცვალა, ბათუმში ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს. გარდაცვლილის ახლობლები დღეს დილიდან მართავენ საპროტესტო აქციას და, როგორც თვითონ აცხადებენ, დამნაშავე ექიმის დასჯას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებთან გამოვიდა ერთ-ერთი პირი, რომელმაც თქვა, რომ რეფერალური საავადმყოფოს დირექტორია. მან აქციის მონაწილეებს შესთავაზა, რომ მათგან სამ პირს შეხვდება და დაელაპარაკება.

აქციის მონაწილეები დასთანხმდნენ დირექტორის შეთავაზებას, შესაბამისად, აქციის მონაწილეთა ორი წარმომადგენელი უკვე კლინიკაში იმყოფება. ამის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს ბაგრატიონის ქუჩა ისევ გადაკეტილი აქვთ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა მათი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეები გადაკეტილი ქუჩის გახსნაზე უარს აცხადებენ.

რეფერალურის წარმომადგენელი [მარჯვნივ] აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გამოვიდა

რეფერალურის განცხადება მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაზე

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი საკუთარ ფეისბუქგვერდზე მწუხარებას გამოთქვამს 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაზე. ამ წუთებში [20:00] გარდაცვლილის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ ჰოსპიტალის ეზოში და აცხადებენ, რომ იქამდე არ დაისჯებიან, ვიდრე კლინიკა იმ ექიმს არ გაათავისუფლებს, რომელმაც პაციენტი მიიღო.

ჰოსპიტალის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს განვმარტოთ, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ, მიმდინარეობს პაციენტისთვის ორივე ჰოსპიტალში (ჩვენთანაც და იმ კლინიკაში, სადაც პაციენტი გარდაიცვალა) გაწეული სამედიცინო მომსახურების დეტალური შესწავლა, რაც გამოავლენს, როგორც ოპერაციამდე, ისე ოპერაციის შემდგომ პერიოდში პაციენტზე გაწეულ სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და საჭიროებებს და თვალნათლივ დაგვანახებს გარდაცვალების რეალურ მიზეზს

▸ ჩვენი კლინიკის სამედიცინო პროფესიონალების გუნდს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უმძიმეს რეჟიმში უწევს მუშაობა და სხვა პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა

▸ ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას და თუ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში გამოიკვეთა ჩვენი ჰოსპიტლის ექიმების გადაცდომა, აუცილებლად მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას

▸ ასევე, მზადყოფნას გამოვთქვამთ, ოჯახის წევრებს გადავცეთ ყველა ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენს კლინიკაშია ნაწარმოები და მათი ნდობით აღჭურვილ სამედიცინო პროფესიონალთან ერთად, გავაანალიზოთ ყველა ის ინტერვენცია, რაც პაციენტს ბათუმის რეფერალურმა ჰოსპიტალმა გაუწია“.

 

“ექიმმა გაგვცეს პასუხი” – 29 წლის გარდაცვლილი ქალის ახლობლების აქცია რეფერალურთან

საპროტესტო აქცია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა მოაწყვეს.  ამ წუთებში ისინი საავადმყოფოსთან იმყოფებიან და ერთ-ერთი ექიმის სამსახურიდან გაშვებას ითხოვენ.

“გამოვიდეს ექიმი ეკა და გაგვცეს პასუხი… სანამ არ დაგველაპარაკებიან, აქედან არ წავალთ,” – აცხადებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები. მათ დაცვის სამსახური ექიმთან შეხვედრას დაჰპირდა.

შეკრებილები ასევე ითხოვენ რეფერალურ საავადმყოფოში ექოსკოპიის განყოფილების ხელმძღვანელის სამსაზურიდან გაშვებასაც. ოჯახის პრეტენზიები სწორედ ამ განყოფილების ექიმებს უკავშირდება – გარდაცვლილის ახლობლების აზრით, მდგომარეობა სწორად მათ ვერ შეაფასეს სათანადოდ, რამაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.

საპროტესტო აქცია რეფერალურთან
საპროტესტო აქცია რეფერალურთან

29 წლის მელანო ფუტკარაძე 21 მარტს ღამით მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით გარდაიცვალა “მედცენტრში”. გარდაცვლილის ახლობლებს პრეტენზია რეფერალურ საავადმყოფოსთან აქვთ, სადაც მელანო ფუტკარაძე სამკურნალოდ თავდაპირველად მივიდა.

“მას ვერ დაუსვეს დიაგნოზი და სახლში გაუშვეს,” – ირწმუნებიან გარდაცვლილის ახლობლები.

გარდაცვლილი გოგოს ახლობლებმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან მდუმარე აქცია დღეს დილითაც გამართეს.

გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა დღეს დილით ჩაუტარეს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით გრძელდება, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.

 

ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის გოგო დილით სახლიდან პროზექტურაში გადაასვენეს

ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის გოგოს ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ნოდარ ქათამაძემ უთხრა, გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ბიძამ.

მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით 21 მარტს ღამით ბათუმის „მედცენტრში“ გარდაიცვალა. ოჯახი ბრალს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს სდებს, სადაც მელანო ფუტკარაძე თავდაპირველად მივიდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა დღეს, 23 მარტს, რეფერალურ ჰოსპიტალთან საპროტესტო აქციაც გამართეს და ჰოსპიტლის მთავარი ექიმის სამსახურიდან გაშვება მოითხოვეს.

„თავიდან ექსპერტიზაზე უარს ვამბობდით, მაგრამ გუშინ დავთანხმდით… დღეს დილით გადაიყვანეს ცხედარი ექსპერტიზაზე. მონაცემები თბილისში გადაიგზავნა,“ – გვითხრა ნოდარ ქათამაძემ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად გრძელდება, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

 

რა პრობლემებს შექმნის სოცმუშაკების გაფიცვა

25 მარტიდან სოცმუშაკები ქვეყნის მასშტაბით იფიცებიან. ისინი მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს აპირებენ პროცესში ჩართვას. მანამდე კი, სამუშაო კაბინეტებში სოცმუშაკებმა განცხადება დატოვეს: „ძვირფასო მოქალაქეები, ვიფიცებით ჩვენი უფლებების დასაცავად, რათა შევძლოთ თქვენი უფლებების დაცვაც…“

კანონმდებლობით გაწერილია კონკრეტული შემთხვევები, სადაც სოცმუშაკის ჩართვა სავალდებულოა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა პრობლემებს შექმნის სოცმუშაკების გაფიცვა.

ბათუმში მომუშავე სოცმუშაკების, ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრის, ქეთევან ხუციშვილის განმარტებით, სოცმუშაკები მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებენ, თუკი არასრულწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება და როცა „რეფერირების დოკუმენტით“ არის განსაზღვრული სოცმუშაკის ჩართვა, ანუ მოზარდზე ძალადობის დროს.

სოცმუშაკების განმარტებით, გაფიცვა რამდენიმე მიმართულებით შექმნის პრობლემას, მათ შორის:

  • არასრულწლოვანს უნდა ჰყავდეს კანონიერი წარმომადგენელი. მისი მოწმედ დაკითხვის დროს, ან სხვა საგამოძიებო მოქმედებებში ჩართვის დროს. თუკი არასრულწლოვანს არ ჰყავს, ან ადგილზე არ იმყოფება მშობელი, ამ დროს სავალდებულოა სოცმუშაკის პროცესში ჩართვა. სოცმუშაკები ასევე მიუთითებენ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, როცა მშობელიც ერთ-ერთი მოწმეა, ან დაზარალებული. ამ დროს მშობელი ვერ იქნება არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი და სავალდებულოა ისევ სოცმუშაკის ყოფნა.
  • არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულების დროს სავალდებულოა სოცმუშაკის ჩართვა საგამოძიებო პროცესში, ასევე სასამართლო განხილვის დროს
  • არასრულწლოვნის მიმართ, რომელსაც დანაშაულის ჩადენა დაუდასტურდება სასამართლოს მიერ, განრიდების პროცედურა ვერ ამოქმედდება სოცმუშაკის დასკვნის და შემდგომში მისი დაკვირვების გარეშე. განრიდების პროცედურა ამოქმედდება, თუ არასრულწლოვანს მშობელი ჰყავს, როგორც კანონიერი წარმომადგენელი.
  • სოცმუშაკის ჩართვა სავალდებულოა სრულწლოვანი პირების შემთხვევებშიც, როცა მათ მხარდამჭერი პირის, ანუ იგივე მეურვის დანიშვნა სჭირდებათ. სასამართლო მხარდამჭერ პირს, ან დროებით მხარდამჭერს ადამიანს სოცმუშაკის შესაბამისი დასკვნის გარეშე ვერ დაუნიშნავს. მხარდამჭერი პირის დანიშვნის შემდეგაც სოცმუშაკი 6 თვეში ერთხელ მონიტორინგს ახორციელებს, ხომ არ იყენებს ბოროტად თავის უფლებამოსილებას მხარდამჭერი პირი.
  • სოცმუშაკის დასკვნა ასევე გადამწყვეტია ოჯახური დავების დროს, მაგალითად, განქორწინების დროს შვილი დედასთან უნდა დარჩეს, თუ მამასთან, ან ბავშვის ნახვის საათების განსაზღვრის დროს.

სოცმუშაკები გაიფიცნენ ბათუმშიც. ორშაბათს, 25 მარტს, დილის 10 საათზე ისინი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან. სოცმუშაკები ჩანაწერთა წიგნში მხარდაჭერის დასტურად მოქალაქეების ხელმოწერას შეაგროვებენ.

“დაუცველი სოცმუშაკი ვერ დაიცავს სხვებს” – რატომ იფიცებიან სოცმუშაკები

 

 

კომპანია, რომელიც „ორბი ჯგუფი ბათუმმა“ იყიდა მახინჯაურში ხეების მოჭრას ითხოვს

„ჯეო დეველოპმენტს“, მახინჯაურში, პირობებით შეძენილ ტერიტორიაზე კოტეჯების მშენებლობა 2 წლის წინ უნდა დაეწყო. კომპანიას სამუშაოები დღემდე არ დაუწყია, მიზეზად კი მიწის ნაკვეთზე არსებულ მრავალწლოვან წიწვოვან ხეებს ასახელებს. ეს ის ტერიტორიაა [ყოფილი სანატორიუმი „კოლხიდა“], სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის რამდენიმე ხე ამოთხარეს და შეკვეთილში გადაიტანეს. აქ არაერთი ხე მოჭრეს კიდეც.

„ჯეო დეველოპმენტმა“ რომ უზრუნველყოს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება უნდა მოხდეს მიწის ნაკვეთზე განლაგებული მრავალწლიანი წიწვოვანი ხეების დიდი ნაწილის მოჭრა. ამ მიზნით საჭიროა სხვადასხვა საექსპერტო შეფასებები, რათა ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნით მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული ჯანსაღი ხეების ჭრა, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, სასურველია მოხდეს სამინისტროს მიერ სახელშეკრულებო პირობების გადახედვა“, – ნათქვამია კომპანიის დირექტორის ირაკლი სირაძის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძისადმი გაგზავნილ წერილში.

„წინასწარ ცნობილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შპს „ჯეო დეველოპმენტი“ ვერ უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას“, – აღნიშნულია კომპანიის დირექტორის წერილში.

წერილი სამინისტროში 2018 წლის დეკემბერშია გაგზავნილი. ვალდებულებები კი კომპანიამ 2017 წლის იანვარში აიღო. კომპანია 2 წლის შემდეგ აცხადებს, რომ სამუშაოს დაწყებაში ხელს ხეები უშლის, მაშინ, როცა ეს ხეები იქ ხელშეკრულების გაფორმების, ანუ ვალდებულებების აღების დროსაც იდგა. ვალდებულების შესრულებამდე „ჯეო დეველოპმენტს“ ცოტა დრო დარჩა – ბოლო ვადა 2020 წლის 13 იანვარია.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვალდებულებას ვერ შეასრულებს [დარჩენილ ვადაში ეს შეუძლებელია], მთავრობა მას პირგასამტეხლო ჯარიმას დააკისრებს. ხეებით გამოწვეული ხელშეშლა და ამ მიზეზით ვადის გაგრძელების მოთხონა, შეიძლება იყოს ერთგვარი გზა დაჯარიმებისგან თავის ასარიდებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში „ჯანსაღი ხეების“ ბედზე და „საექსპერტო შეფასებებზე“ კომპანიას მაშინაც უნდა ეზრუნა, როცა არაერთი ხე მოჭრეს და ამოთხარეს იმ ტერიტორიაზე, რომელიც „ჯეო დეველოპმენტის“ საკუთრებაა. ამ ტერიტორიიდან ამოღებული ხეები თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადაიტანეს. 

ზემოთ აღნიშნული წერილით კომპანიის დირექტორმა მინისტრს მაშინ მიმართა, როცა კომპანიის წილის 100% უკვე „ორბი ჯგუფი ბათუმზე“ გაასხვისა [ამ კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძეა, მფლობელი კი ზვიად ზოიძე].

„ჯეო დეველოპმენტი“ ითხოვს, მისცენ უფლება საკუთრებაში გადაცემულ ტერიტორიაზე ადრე ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს 2022 წლამდე – მოაწყოს 40 საწოლზე გათვლილი არანაკლებ 10 კოტეჯი; კაფე-ბარი შესაბამისი ინფრასტრუქტურით; კემპინგი, სასეირნო ბილიკები და მიწის ნაკვეთის 50% გამოიყენოს რეკრეაციული დანიშნულებით.

„აღნიშნულს არ ვაცხადებთ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების თავიდან აცილების მიზნით, რადგან მათი შესრულება ჩვენი კომპანიისთვის, რომელიც შედის „ორბის ჰოლდინგურ ჯგუფში“, ნამდვილად არ წარმოადგენს არანაირ სირთულეს“, – წერს კომპანიის დირექტორი მინისტრ ჯაბა ფუტკარაძეს.

აჭარის მთავრობას კომპანიის დირექტორისთვის პასუხი ჯერ არ გაუცია.

„ჯეო დეველოპმენტის“ 100% წილი 2018 წლის დეკემბერში შეისყიდა „ორბი ჯგუფი ბათუმმა“. ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი სირაძე და ირაკლი კვერღელიძე აწერენ, აღნიშნულია, რომ ფასი და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა დამატებითი შეთანხმებით.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ორბი ჯგუფი ბათუმის“ გენერალურ დირექტორს. ირაკლი კვერღელიძეს გვითხრა, რომ გაერკვევა დეტალებში და შემდეგ დავუკავშირდეთ.

ყოფილ სანატორიუმ „კოლხიდას“, 413 კვ/მ ფართობის ორსართულიან შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე [32 171 კვ/მ მიწის ნაკვეთი] აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობადებული აუქციონი 2016 წლის დეკემბერში გამოაცხადა. აუქციონი ამავე თვის ბოლოს დასრულდა და ქონება 1 მილიონ 125 ათას ლარად გაიყიდა. ამასთან, მყიდველმა უნდა განახორციელოს 2 მილიონი ლარის ინვესტიცია.

ყოფილი „კოლხიდას“ ტერიტორიაზე ნასყიდობის ხელშეკრულება 2017 წლის 13 იანვარსაა გაფორმებული აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ჯეო დეველოპმენტს“ შორის. 13 იანვრის ამონაწერის მიხედვით, ტერიტორია უკვე ამ კომპანიის საკუთრებაში იყო.

შპს „ჯეო დეველოპმენტი“ კი აუქციონის დაწყებამდე 4 თვით ადრე, 2016 წლის 13 ივლისს დაარეგისტრირა უკრაინის მოქალაქემ ნატალია ტოვკაჩმა. 2 თვის შემდეგ, 2016  წლის 7 ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით, „ჯეო დეველოპმენტის“ 100% წილის მფლობელიც და დირექტორიც უკვე ირაკლი სირაძე გახდა. რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, მან კომპანიის მთლიანი წილი ნატალია ტოვკაჩიდან 100 ლარად იყიდა.

პირობებით გასხვისებულ ტერიტორიაზე ხეების მოჭრა-ამოთხრასთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ კომენტარი მაშინდელ მინისტრს სთხოვა.

„ჯამში მაქ არის 32 ათასი კვ/მ ტერიტორია… მთელი ტერიტორიის ნახევარს, როგორც რეკრეაციულ ზონას, იქ არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, წარმოდგენილი იქნება აუდიტის დასკვნა, სადაც ნაჩვენები იქნება ეს ყველაფერი და თუ აღმოჩნდება, რომ რაღაც დარღვევაა, შესაბამისი რეაქცია გვექნება…“ – გვითხრა 2017 წლის მარტში მაშინდელმა მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.

ხეები ყოფილ სანატორიუმ „კოლხიდას“ ტერიტორიაზე ამოთხარეს [ფოტოზე მარჯვნივ], ხეებთან მისასვლელი გზის მოსაწყობად კი ყოფილი სანატორიუმ „მზიურის“ ტერიტორიას იყენებდნენ. ამ სამუშაოებისთვის აქ რამდენიმე ძირი მრავალწლოვანი ნაძვი და მაგნოლია მოჭრეს / სატელიტის ფოტოები
„ჯეო დეველოპმენტს“ აჭარის მთავრობის წინაშე სხვა ვალდებულებაც აქვს.

ბათუმში, ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების კვეთაში მდებარე 3769 კვ/მ მიწის ნაკვეთი „ჯეო დეველოპმენტმა“ 2016 წელს პირობიან აუქციონზე შეიძინა. მშენებლობა არც ამ ნაკვეთზეა დაწყებული, კომპანიასა და სამინისტროს შორის კი უკვე შეთანხმება გაფორმდა და ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებებიც შევიდა.

ამ ნაკვეთზე „ჯეო დეველოპმენტმა“ 2021 წლის 12 დეკემბრამდე უნდა აამოქმედოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა [სასტუმრო], ამ ნაგებობაში  არანაკლებ 2 000 კვ.მ ფართობზე სამინისტროსთან შეთანხმებით მოაწყოს ერთ-ერთი მაინც შემდეგიდან: საკონფერენციო დარბაზი, საგამოფენო დარბაზი, რესტორანი; გასართობი ცენტრ(ებ)ი; ასევე არანაკლებ ერთ-ერთი მაინც შემდეგიდან: ღამის კლუბი, კაზინო, ბილიარდ კლუბი, სპორტული კაფე.

 

მთავარი ფოტო: „ჯეო დეველოპმენტზე“ პირობებით გადაცემული მიწის ნაკვეთი [ყოფილი სანატორიუმი „კოლხიდას“ ტერიტორია], სადაც ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანად მრავალწლოვანი ხეები ამოთხარეს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმის სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპზე გამოცხადებულ ტენდერშიც „ანაგმა“ გაიმარჯვა 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად კომპანია „ანაგი“ გამოაცხადა.  „ანაგი“ შპს „სტადიონს“ მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულებას ყველაზე დაბალ ფასად, 20 მილიონ 780 ათას ლარად სთავაზობს. სატენდერო თანხა 21 922 803 ლარი იყო.

„ანაგთან“ ხელშეკრულება მეორე ეტაპის სამუშაოებზე ჯერ გაფორმებული არ არის. სატენდერო კომისიამ კომპანიას დამატებითი დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვა, რაც „ანაგმა“ გუშინ, 22 მარტს სრულად წარადგინა. ტენდერის პროცედურების მიხედვით კომისია შეისწავლის ამ დოკუმენტებს და კომპანიასთან ამის შემდეგ გააფორმებს ხელშეკრულებას. ტენდერი აუქციონის გარეშე ჩატარდა, ამიტომ უცნობია მონაწილეობდა თუ არა მასში სხვა პრეტენდენტი.

შპს „ანაგი“ სტადიონის მშენებლობის პირველ ეტაპზე გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულია, რომელმაც სტადიონის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მშენებლობა, ასევე, ლითონის სახურავის მოწყობა მთლიანად დაასრულა. ამჟამად მიმდინარეობს გადახურვა. სტადიონზე ყველაზე ბოლოს უნდა დამონტაჟდეს სკამები და მოეწყოს მინდვრის საფარი.

მშენებლობის მეორე ეტაპზე შესასრულებელია გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის, მათ შორის გამწვანების, პარკინგის, ელექტრომომარაგების სისტემისა და განათების, ასევე, IT ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები; უნდა მოეწყოს დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების ინფრასტრუქტურული (საინჟინრო კომუნიკაციების) ქსელები და სხვა.

ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე [პირველი ეტაპი] კომპანია „ანაგთან“ ხელშეკრულება 99 448 408 ლარზეა გაფორმებული [დღგ-ს გარეშე].

მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპები, ანუ მთლიანად საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, 2020 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილი, თუ რა ფერის სკამები დამონტაჟდება სტადიონზე; ვისი სახელობის იქნება ბათუმის ახალი სტადიონი ან საერთოდ, იქნება თუ არა ვინმეს სახელობის.

აჭარის მთავრობას არც ის აქვს გადაწყვეტილი, თუ ვინ გაუწევს მენეჯმენტს ახალაშენებულ სტადიონს.

ბათუმის სტადიონი / რენდერი
მთავარი ფოტო: ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონი / შპს „სტადიონის“ ფოტო

ეკონომიკის სამინისტროს პასუხი 3 თვის დაგვიანებით

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „ბათუმელებს“ საჯარო ინფორმაცია სამი თვის დაგვიანებით გამოუგზავნა. კანონის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გაცემის მაქსიმალური დრო 10 სამუშაო დღეა. „ბათუმელებმა“ მინისტრის გიორგი ქობულიას მივლინების ხარჯები სამინისტროდან 2018 წლის 18 დეკემბერს გამოითხოვა.

22 მარტს, ანუ გუშინ მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, გიორგი ქობულია 2018 წელს მივლინებით ყოფილა ბელგიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, მოლდოვა, თურქეთში, ჩინეთსა და სინგაპურში. მინისტრის მივლინებებისთვის ჯამში 37 758 ლარი დაიხარჯა.

ყველაზე ძვირი მინისტრის მგზავრობა სინგაპურში დაჯდა – 14 668 ლარი. ამავე ქვეყანაში მინისტრმა ბიუჯეტის ხარჯზე სასტუმროში 2 983 ლარი დახარჯა, რასაც დაემატა დღიური ხარჯი – 916 ლარი და 10 თეთრი.

 

ეკონომიკის სამინისტროდან 22 მარტს გამოგზავნილი წერილი

ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე ბარაკის ტიპის სახლი დაიწვა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ ბარაკის ტიპის სახლს ხანძარი გაუჩნდა.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. „შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.  ხის სახლი იყო. გვერდით მდგომ შენობებზე ცეცხლი არ გავრცელებულა“ – გვითხრეს სახანძრო სამსახურში.

 

 

ვიფიცებით ჩვენი უფლებების დასაცავად, რათა შევძლოთ თქვენი დაცვა – ბათუმელი სოცმუშაკები

სოცმუშაკებმა გაფიცვა ბათუმშიც დაიწყეს. სამუშაო ოთახის კედლებსა და შესასვლელ კარშიც სოცმუშაკებმა ერთი და იგივე განცხადება დატოვეს: „ძვირფასო მოქალაქეები, ვიფიცებით ჩვენი უფლებების დასაცავად, რათა შევძლოთ თქვენი უფლებების დაცვაც“.

სოციალურმა მუშაკებმა სისტემური ცვლილებებისთვის პეტიციით მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა ამ დრომდე მოთხოვნები არ შესრულებულა.

რას ითხოვენ სოციალური მუშაკები – ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ქვეყნის მასშტაბით გაფიცვას სოცმუშაკები ორშაბათიდან [25 მარტი] იწყებენ. ბათუმელი სოცმუშაკები ორშაბათს 10 საათზე ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის შესასვლელთან იკრიბებიან აქციის ჩასატარებლად. იქვე გახსნილი იქნება ჩანაწერთა წიგნი, სადაც მოქალაქეები დააფიქსირებენ სოცმუშაკების მიმართ მხარდაჭერას. სოცმუშაკებს იმედი აქვთ, რომ მათ აქციას ბათუმშიც ეყოლება მხარდამჭერები.

ათი წარმატებული ქალი საქართველოს პირველი რესპუბლიკიდან

გასული საუკუნის წარმატებულ ქალებზე დღეს, 22 მარტს, ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძემ და ისტორიკოსმა ირაკლი ირემაძემ ისაუბრეს. მათ  მსმენელებს გააცნეს საუკუნის წინ, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოღვაწე ქალები, ზოგადად მიმოიხილეს მათი საქმიანობა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკა ქალთა საკითხებისადმი.

გთავაზობთ სალომე ჭანტურიძის პრეზენტაციას მცირე შემოკლებით:

„მინდა გესაუბროთ ქალებზე, რომლებიც კულტურულ ცხოვრებაში იყვნენ ძალიან აქტიურები. წარმოვაჩენთ მათ სახელებს, რომლებიც სამწუხაროდ ერთი საუკუნის შემდგომ დაიკარგა. ამ ქალების წარმოჩენისთვის ჩვენ ასევე მოვამზადეთ პოსტერი, სადაც არის ათი ქალი გამოსახული და იქვე არის ამ ათი ქალის შესახებ მოკლე ისტორიები.

1920 წლამდე ბათუმში რთული პოლიტიკური ვითარება იყო, კულტურულ ცხოვრებაში ნაკლებად იყო სიახლეები. თუმცა ბევრად უფრო ადრე, 1900- იან წლებში ძალიან აქტიური თეატრალი ქალები გვყავდა ამ სივრციდან. სანამ უშუალოდ ბათუმზე ვილაპარაკებთ, მინდა გავიხსენო ცოტა უფრო ადრეული პერიოდი, თუ როგორ მივედით საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკამდე, რა ფაქტორები განაპირობებდა იმას, რომ საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც დემოკრატული სახელმწიფო.

ძალიან ბევრი ინფორმაცია დევს  სოციალურ სივრცეში კატო  მიქელაძეზე, რომელიც პირველ ფემინისტ ქალად ჩამოყალიბდა. როდესაც ქალებზე , ქალთა უფლებებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება მის ბიოგრაფიას ავუაროთ გვერდი.  მას უკავშირდება გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა,“ რომელიც 1917 წლის ხუთი აპრილიდან გამოდიოდა კატო მიქელაძის რედაქტორობით. ქუთაისში დაიწყო ამ გამოცემის გამოშვება.

ეს იყო ყოველკვირეული პოლიტიკური და სალიტერატურო გაზეთი.  იმ პერიოდში მოღვაწე ძალიან ბევრი ქალი ბეჭდავდა პოლიტიკურ მოწოდებებს, წერილებს, ლექსებს და მათი ძირითადი საქმიანობა მიმართული იყო იქეთკენ, რომ ადამიანები,  განსაკუთრებით ქალები, გამოეფხიზლებინათ, რომ ისინი ყოფილიყვნენ არა მხოლოდ დედები, არამედ ფართო საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსულიყვნენ.

ეს არის პერიოდი, როდესაც ევროპის ბევრ ქვეყანაში არ არსებობს ქალებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა კი არა, არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი. კატო მიქელაძემ ეს იდეები სწორედ ამ გაზეთის მეშვეობით გაავრცელა, უამრავი ქალი იყო  მისი მოწოდებებით აჟიტირებული. გაზეთის ძირითადი მოთხოვნა იყო ის, რომ ქალები პოლიტიკურად მამაკაცის უფლებებთან გათანაბრებულიყვნენ, მათ ჰქონოდათ ხმის მიცემის უფლება, ასევე საკანონმდებლო საქმიანობასა და თვითმმართველობაში  გათანაბრებულიყო მათი სახელფასო სარგებელი, რა თქმა უნდა, თანასწორი შრომითი დროის განმავლობაში.

ამ გაზეთის ირგვლივ მეგობართა კლუბები იქმნებოდა,  იდეურ მეგობრებს იპოვიდით გორში, ყვირილაში ანუ დღევანდელ ზესტაფონში, ქუთაისში, თბილისში და ეს წერილები სხვადასხვა რაიონიდან იგზავნებოდა.

კატო მიქელაძე დაიბადა კულაში, დაამთავრა წმინდა ნინოს სასწავლებელი ქუთაისში, შემდეგ ჟენევაში გაემგზავრა, სადაც მან დაამთავრა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ამის შემდეგ ის დაბრუნდა საქართველოში, დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა და სწორედ ამ დროიდან გამოსცემს  გაზეთს „ხმა ქართველი ქალისა“, რომლის 50 ნომერი გამოვიდა.

ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე, ქალთა უფლებების დაცულობაზე, თუმცა კატო მიქელაძეს ჰქონდა პრობლემები რესპუბლიკის მთავრობასთანაც, გაზეთის რამდენიმე ნომერი არ გამოსცეს, რაც შეიძლება განპირობებული ყოფილიყო იმით, რომ რაღაც პოლიტიკური დაპირისპირება არსებობდა კატო მიქელაძესა და იმ დროს ძალიან გავლენიან აკაკი ჩხენკელს შორის, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი  გახლდათ.

კატო მიქელაძის გაზეთმა დაასწრო მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას, თბილისის უნივერსიტეტის დაარსებას. ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით, დამოუკიდებლობის გამოცხადებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ საქართველოში შეიქმნა ახალი საგანმანათლებლო სივრცე, თბილისის უნივერსიტეტი, რომელიც შემდგომ გახდა სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო ორი განსაკუთრებული მოვლენა მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიაში.

შესაძლოა, რომ არა უნივერსიტეტი, რომ არა საგანმანათლებლო სივრცის არსებობა, დამოუკიდებელი საქართველოც ვერ მიგვეღო  და მოხდა ისე, რომ 1918 წელს ახდა ჩვენი ქვეყნის უამრავი მოქალაქის ნატვრა და ამიერკავკასიაში შეიქმნა პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც სწავლა იყო ქართულ ენაზე, ეს არის სწორედ 1918 წლის ფოტო, სადაც უნივერსიტეტის პირველი კორპუსია გადაღებული.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ბევრისთვის არ არის ცნობილი უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი იყო ქალი და ეს ქალი იყო მედეა ღამბაშიძე. წლების შემდეგ როდესაც ის იხსენებს უნივერსიტეტში სწავლას, აღნიშნავს, როგორ შეიტანა საბუთები უნივერსიტეტში პირველად, როგორ გადაიხადა ასი მანეთი სწავლის საფასური, როგორ ჩაეწერა აკაკი შანიძისა და ივანე ჯავახიშვილის ლექციებზე , თუმცა სამწუხაროდ მან ვერ მოახერხა უნივერსიტეტის დასრულება, რადგან ის ენის შესასწავლად გაემგზავრა ინგლისში. ძალიან მალე საქართველოში მოხდა ოკუპაცია და ის აღარ დაბრუნებულა. ემიგრაციაში წასვლა მოუხდა მის ოჯახსაც. მისი მამაც და დედაც უნივერსიტეტის ლექტორები იყვნენ, დედა კი იყო უნივერსიტეტის პირველი ლექტორი ქალი, რომელიც ასწავლიდა ინგლისურ ენას ახალგახსნილ უნივერსიტეტში და ერთ-ერთ ფოტოზე სწორედ დედასთან ერთად, ვანდა-ჰოპე ღამბაშიძესთან ერთად არის წარმოდგენილი.

უნივერსიტეტთან არის ასევე დაკავშირებული კიდევ ერთი ქალის სახელი. ეს არის ელისაბედ ორბელიანი, მთარგმნელი, პოეტი , ჟურნალისტი, თბილისის უნივერსიტეტის ფრანგული ენის პედაგოგი და მისი საქმიანობა 1918 წელს განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ კუთხითაც, რომ ეს ადამიანი წერდა წერილებს ფრანგულ და რუსულ ენაზე, ხელმძღვანელობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცემას, ფრანგულად და ინგლისურად და სწორედ მისი წერილების მეშვეობით იგებდნენ უცხოეთში, რა ხდებოდა საქართველოში 1918-1921 წლებში, თუმცა სამწუხაროდ მისი ეს საქმიანობა დღემდე ბევრისთვის უცნობია.

ამ დროს საქართველოში ძალიან ბევრი რამ მოხდა, პირველად პირველი მხატვრული ფილმი „ქრისტინე“ სწორედ საქართველოს რესპუბლიკაში გამოვიდა ასპარეზზე, ასევე, პირველი ქართული ოპერები ამ პერიოდიდან იღებენ სათავეს, პირველად ამ პერიოდში ქალები პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდიან მასშტაბურად.

ქრისტინე, დაჩაგრული გაუბედურებული ქალის ისტორია ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ დროის საზოგადოებისთვის.  გერმანე გოგიტიძის სახელი, გარდა იმისა, რომ უკავშირდება პირველი მხატვრული ფილმის გადაღებას,  არსებობს ასევე მოგონებები ფილმის გადაღების პროცესის და ზოგადად გერმანე გოგიტიძის ცხოვრების შესახებ. მან გადაიღო იმ პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენები და ის ქართული კინოცხოვრების პიონერად შეიძლება მოვიხსენიოთ.

ვისაუბრებთ ასევე ევა ბრუნელზე, რომელიც იყო წარმოშობით იტალიელი იყო, თუმცა მანგლისში დაბადებული. დღესაც კი ძალიან იშვიათია ქალი დირიჟორი, ქალი ლოტბარი, თუმცა ერთი საუკუნის წინ ევა ბრუნელი გამოდიოდა თბილისის სცენაზე, მისი სასცენო ნაბიჯების შესახებ ბევრად უფრო ცნობილია ევროპაში.

ასევე მინდა გესაუბროთ მარია პერინზე, რომელსაც უკავშირდება პირველი საბალეტო სკოლის დაარსება თბილისში. ის საქართველოში ჩამოვიდა და ცხოვრობდა მეუღლესთან, ჰენრიხ რინევსკისთან ერთად. მარია პერინის მოსწავლეები იყვნენ სუხიშვილები, სოლიკო ვირსალაძე და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი. მარია პერინი არის „ვერის უბნის მელოდიებში“ კახი კავსაძის გმირის მეუღლის პროტოტიპი.

ელენე ახვლედიანიც, როგორც მხატვარი ამ პერიოდიდან იწყებს მოღვაწეობას. ის ბეჭდავდა თავსი ნამუშევრებს „ეშმაკის მათრახში“, რომელიც იყო ამ პერიოდის  ყველაზე მწვავე გამოცემა. მათი კარიკატურების მსხვერპლნი იყვნენ იმ დროის ძალიან ცნობილი პოლიტიკოსები.

ახლა კი მინდა გითხრათ რა ხდებოდა ბათუმში თეატრალური თვალსაზრისით. შეიძლება თქვენთვის ცნობილია ქეთევან ჟურული, მის სახელთან არის დაკავშირებული 1879 წელს პირველი თეატრალური წარმოდგენის გამართვა ბათუმში.

ასევე მინდა გითხრათ ანა-ოლღა სოლოღაშვილზე, რომელიც იმ ხუთ დეპუტატს შორის იყო, რომელიც შედიოდა პარლამენტში, მისი საქმიანობა დაიწყო ბათუმიდან. მან ბათუმში დაარსა ბიბლიოთეკა -სამკითხველო.

ბათუმის თეატრალურ ცხოვრებას უკავშირდება ასევე ელისაბედ ჩერქეზიშვილის სახელიც. ის იყო ცნობილი მსახიობი და ლეკურის მოცეკვავე,  ხანუმას როლის შემსრულებელი. ის იყო ძალადობის მსხვერპლი და ამაზე შემონახულია მისი არაერთი მოგონება და წერილი. ის არის ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელიც საქართველოში სცენაზე გამოვიდა.

ბათუმში 29 წლის გოგოს გარდაცვალებაზე გამოძიება დაიწყო

ბათუმში 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია. მელანო ფუტკარაძე გუშინ ღამით ბათუმის „მედცენტრში“ გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებს პრეტენზია „რეფერალურ ჰოსპიტალთან“ აქვთ, სადაც პაციენტი თავდაპირველად მივიდა.

„მას არასწორი დიაგნოზი „რეფერალურში“ დაუსვეს, ვერ მიხვდნენ რა იყო და სახლში გამოუშვეს, საგანგაშო არაფერია, გაუარა ტკივილმაო,“ – ამბობს გარდაცვლილი გოგოს ბიძია, ნოდარ ქათამაძე. მისივე თქმით, მელანო სახლში დაბრუნებულა და რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ისევ ცუდად გახდა, „მედცენტრს“ მიმართა.

მელანო ფუტკარაძეს ოპერაცია მწვავე აპენდიციტზე 18 მარტს ბათუმის „მედცენტრში“ ჩაუტარდა. „ოპერაციის შემდეგ პაციენტი გადიოდა მკურნალობას, მაგრამ მისი მდგომარეობა დამძიმდა, იგი გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე, პროგრესირებადი უკმარისობის გამო სეპტიური შოკის ფონზე გარდაიცვალა,“ – გვითხრეს „მედცენტრის“ პრესცენტრში.

ამავე კლინიკის ინფორმაციით, მელანო ფუტკარაძემ კლინიკას 18 მარტს მიმართა და უთხრა, რომ მუცლის არეში ტკივილი ბოლო  5 დღის განმავლობაში აწუხებდა. კლინიკის ინფორმაციით, გარდაცვლილის ახლობლებმა გუშინ ღამით უარი თქვეს ცხედრის პროზექტურაში გადასვენებაზე.

„მედცენტრში“ ოპერაციის გაკეთებამდე მელანო ფუტკარაძე ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში 11 მარტს მივიდა. ამ ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორი, თამარ მხატვარი ამბობს, რომ  დიაგნოზი – მწვავე აპენდიციტი ექიმებს არ დაუსვამთ.

„მისი დიაგნოზი იყო ტკივილი მუცლის და მენჯის არეში. მას ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა გამოკვლევა, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები და გადაიყვანეს ქირურგიულ განყოფილებაში. მეორე დილით მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და გაწერეს, ის აღარ გრძნობდა ტკივილს…“ – აღნიშნავს თამარ მხატვარი.

„რეფერალურ ჰოსპიტალში“ ასევე გვითხრეს, რომ მელანო ფუტკარაძეს ხელმეორედ ჰოსპიტლისთვის აღარ მიუმართავს. „ყველა დანარჩენ კითხვას ექსპერტიზა გასცემს პასუხს…“ – ამბობს თამარ მხატვარი. მისივე თქმით, ჰოსპიტალი თავად შეისწავლის გაწეულ სამედიცინო მომსახურებას და სამედიცინო რეგულირების სააგენტოსაც მიაწვდის ინფორმაციას, თუკი საქმეზე მოკვლევა დაიწყება.

მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

 

 

 

მიხეილ ბატიაშვილი: ყველა პედაგოგს ყოველწლიურად გაეზრდება საბაზისო ხელფასი

დღეს, 22 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ „ყველა პედაგოგს ყოველწლიურად გაეზრდება საბაზისო ხელფასი, ხოლო წარმატებული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან“.

მისი თქმით, დღეს არსებული სისტემა პრობლემებს იწვევს, რადგან არ არის წახალისებული თანამშრომლობა მოსწავლისა და სკოლის განვითარების მიმართულებით, არ ხდება მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობა და სხვა.

„მასწავლებელი ორიენტირებულია მხოლოდ საგაკვეთილო საათების ჩატარებაზე, რაც განაპირობებს ნაკლებად საინტერესო საგაკვეთილო პროცესებს, სკოლის აღმზრდელობითი ფუნქციის შესუსტებას, სწავლების ხარისხის ვარდნას და ნეგატიურად აისახება ერთიან სასკოლო განათლებაზე“.

ბატიაშვილის განცხადებით, მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა უნდა მოიცავდეს  შემდეგ კომპონენტებს:  „მასწავლებლის საბაზო ხელფასი, რომელიც შედგება მასწავლებლის განათლების, კომპეტენციის, სტაჟისა და საგაკვეთილო დატვირთვისგან; მიღწევებზე დაფუძნებული კომპონენტი, –  რა საქმიანობას ეწევა მასწავლებელი საკუთარი მოსწავლეებისა და სკოლის განვითარებისთვის, რა წვლილი შეაქვს მოსწავლის აღზრდასა და პიროვნულ განვითარებაში. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ვალდებულებასა და სამუშაოს, რომლებშიც მასწავლებლები, მათი სტატუსიდან გამომდინარე, ჩაერთვებიან“.

მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინსების მიღმა მიიღებს დამატებით ანაზღაურებას იმ სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სკოლის განვითარებაზეა ორიენტირებული და დაფინანსდება სკოლის განვითარების ფონდიდან.

„მასწავლებლის სახელფასო სქემა დაუკავშირდება სკოლების განვითარების ფონდის სისტემას“ – განაცხადა მინისტრმა.

 

„ანრი“ აცხადებს საბუთების მიღებას პროფესიულ მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებზე

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ აცხადებს საბუთების მიღებას პროფესიულ მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებზე შემდეგი სპეციალობებით:

[checklist]

  • საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია(მატროსი)
  • გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია(მოტორისტი)

[/checklist]

დამატებითი ცნობებისთვის გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, ანგისის დასახლება, შერიფ ხიმშიაშვილის 47-ის მიმდებარე ტერიტორია.

მობ.:593 40 22 18

საზღვაო განათლება საუკეთესო პირობებით

მინისტრი: დამამთავრებელი გამოცდების ჩატარებას თავად სკოლა უზრუნველყოფს

დღეს, 22 მარტს, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტში კიდევ ერთხელ ისაუბრა განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმაზე. მინისტრმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა გამოსაშვებ და უმაღლესში მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებითაც.

მისი განცხადებით, სკოლის დამამთავრებელი და უმაღლესში მისაღები გამოცდების ერთდროულად ჩატარება არაეფექტური და არამიზნობრივია.

„არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის დაწესებული ცენტრალიზებული სკოლის გამოსაშვები და უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები ერთად  – ამგვარი დუბლირება არ გვხვდება არც ერთი ქვეყნის განათლების სისტემაში.

ცენტრალიზებულად ჩატარებული მაღალი რისკის მქონე მისაღები და გამოსაშვები გამოცდების ასეთი კომბინაცია არ არის დაწესებული რომელიმე სხვა ქვეყანაში.

2018 წელს OECD ექსპერტებმა ჩაატარეს საქართველოში განათლების შეფასების სისტემების კვლევა. მის შუალედურ ანგარიშში მოცემულია, რომ  სკოლის დამამთავრებელი და უმაღლესში მისაღები გამოცდების ერთდროულად არსებობა არაეფექტური და არამიზნობრივია“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრმა განმარტება გააკეთა საატესტატო გამოცდების გაუქმებაზეც. მისი თქმით, გამოცდების გაუქმების მოტივი იყო ის, რომ ტესტების ჩაბარების შედეგები არ ასახავდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კომპეტენციების ფლობას და მოსწავლეების რეალურ შესაძლებლობებს.

ბატიაშვილი ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმებასაც შეეხო. „ზოგადი უნარების ტესტის სანაცვლოდ, რომელიც ყველაზე „დემოკრატიულ“ შერჩევის ინსტრუმენტად მიიჩნეოდა, ჩვენ გთავაზობთ ამ კომპონენტის ინტეგრირებას საგნობრივ ტესტებში. სხვა შემთხვევაში, საგნობრივი ტესტი არ არის სათანადო შეფასების ინსტრუმენტი. ასეთ პირობებში, ზოგადი უნარების ცალკე ტესტად გამოტანა და მისთვის განსაკუთრებული როლის მინიჭება გაუმართლებელია.“

ბატიაშვილის თქმით, საქართველოს მოსწავლეების შედეგები საერთაშორისო შეფასებებში ისევ დაბალია. ეროვნული შეფასებების შედეგების მიხედვით, მოსწავლეების უმეტესობას დაბალი კომპეტენციები აქვს. საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ „სასკოლო გამოსაშვები გამოცდების შემოღებით განათლების სისტემაში არაფერი შეცვლილა სწავლა-სწავლების გაუმჯობესების კუთხით“.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სასკოლო შეფასებების რეფორმირება იმიტომ მიმდინარეობს, რომ გახდეს შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული. „სადიაგნოსტიკო ხასიათის ცენტრალიზებული შეფასებები განხორციელდება მე-6 და მე-10 კლასის – ორი მნიშვნელოვანი სასწავლო საფეხურის ბოლოს სხვადასხვა საგანში. მისი მიზანი იქნება, მეტი ინფორმაციის მიწოდება სკოლებისთვის მოსწავლეების ცოდნის, მოსწრების, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ… იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს და უკეთესად დაიგეგმოს სწავლა-სწავლების პროცესი“.

ბატიაშვილის თქმით, სკოლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარებას თავად სკოლა უზრუნველყოფს.

 

ბათუმის შემოვლითი გზა 2020 წელში უნდა დასრულდეს – რა ეტაპზეა ჭოროხი-სარფის პროექტი

ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში ფინანსდება, 2020 წელში უნდა დასრულდეს. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734  ლარია.

აჭარაში დაგეგმილია ასევე ახალი გზის მშენებლობა მდინარე ჭოროხიდან სარფამდე [საქართველო-თურქეთის საზღვრამდე] მონაკვეთში.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ მონაკვეთთან დაკავშირებით, გრძელდება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რაც 2019 წლის მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

„მაისის ბოლოდან უკვე დაიწყება დეტალური პროექტირება და ალბათ იქნება მონახაზიც, თუ კონკრეტულად სად გაივლის გზა ჭოროხიდან-სარფამდე. დეტალური პროექტირება კი, დღეს არსებული გეგმით, 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს,“ – გვითხრეს დეპარტამენტში.

ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს რაც შეეხება, დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიწის სამუშაოები, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა, ხიდებისა და გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. გზას თურქული კომპანია „POLAT YOL & MAPA“ აშენებს.

ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

ბათუმისა და ქობულეთის შემოვლითი გზები ერთმანეთს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბით დაუკავშირდება. ქობულეთის შემოვლითი გზა კი შეკვეთილი-გრიგოლეთის ახალი გზით გრიგოლეთი-სამტრედიის მშენებარე გზას დაუკავშირდება.

ბათუმის შემოვლითი გზა ამ ეტაპზე მახინჯაურის გვირაბიდან მდინარე ჭოროხამდე [ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარე] მონაკვეთში შენდება. აქედან კი ახალი გზა სარფამდე გაგრძელდება, რომლის მშენებლობაზეც ცალკე ტენდერი გამოცხადდება.

ამ თემაზე: 

ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა / ფოტო: გზების დეპარტამენტი

 

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა / ფოტო: გზების დეპარტამენტი

 

„ალიანს სიტიმ“ „ლუჟკოვის სახლი“ 29,5 მილიონ აშშ დოლარად იყიდა

კომპანია „ალიანს სიტი“ ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილისა და რუსთაველის ქუჩის გაგრძელებას შორის მდებარე „ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟს და მის ადგილზე მრავალსართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს. „ბათუმელებმა“ მოიპოვა კომპანიებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც „ლუჟკოვის სახლი“ და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი ყოფილმა მესაკუთრემ, „ბათუმი სიტიმ“, 29 მილიონ 500 ათას აშშ დოლარად მიჰყიდა „ალიანს სიტის“.

კომპანია „ალიანს სიტიმ“ ბათუმის მერიას იმ ადგილისთვის, სადაც „ლუჟკოვის სახლი“ დგას, ზონის სტატუსის შეცვლა და განაშენიანების კოეფიციენტების [კ2] გაზრდა უკვე მოსთხოვა. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანიას საშუალება ექნება ზღვასთან ახლოს ერთი 50 და ორი 44-სართულიანი შენობა ააშენოს. ერთადერთი, რის გაზრდასაც კომპანია არ ითხოვს, გამწვანების კოეფიციენტია. მეტიც, მერიაში წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] პროექტის მიხედვით, არსებული გამწვანების ფართობი კიდევ უფრო მცირდება.

ამ თემაზე: გამწვანების ფართობის შემცირება და კ2-ის გაზრდა – კომპანიის გეგმები „ლუჟკოვის სახლის“ ადგილას

ბათუმის მერიაში „ალიანს სიტის“ მიერ წარდგენილი გრგ-ს პროექტის საჯარო განხილვა ქალაქის მერიამ ოფიციალურად დააანონსა. ეს განხილვა 20 მარტს შედგა. თუმცა, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, ისინი ამ „საჯაროდ განხილული“ დოკუმენტის [რენდერის] შეცვლას აპირებენ. ეს გრგ კი ბათუმის მერიის ოფიციალურ გვერდზე საჯაროდ გაცნობისთვის იყო და ახლაც არის გამოქვეყნებული.

ზოგიერთი დეტალი ახალი ხელშეკრულებიდან

„ალიანს სიტისა“ [მყიდველი] და „ბათუმი სიტის“ შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით „ალიანს სიტი“, 29 500 000 აშშ დოლარს [ექვივალენტს ლარში დღგ-ს ჩათვლით, გადახდის დროისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით], „ბათუმი სიტის“ გადაუხდის შემდეგი გრაფიკით:

[checklist]

  • 1 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში [მხარეთა შორის შეთანხმებული ბე] გადახდილია 2019 წლის 14 იანვარს [ხელშეკრულება დაიდო 2019 წლის პირველ თებერვალს, თბილისში];
  • 8,5 მილიონი აშშ დოლარის [ქვემოთ ყველგან ექვივალენტი ლარში – ავტ.], საიდანაც 4,5 მილიონი დოლარი არის ქონების ღირებულების დღგ, უნდა ანაზღაურდეს შემდეგნაირად: 4 მილიონი აშშ დოლარი ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ერთ სამუშაო დღეში [დოკუმენტების მიხედვით ხელშეკრულება რეესტრში 2019 წლის 4 თებერვალს დარეგისტრირდა]; ხოლო 4,5 მილიონი დოლარი არაუგვიანეს 2019 წლის 14 მარტისა.
  • მყიდველმა 15 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს არაუგვიანეს 2019 წლის პირველი მაისისა, ხოლო 5 მილიონი დოლარი – არაუგვიანეს 2023 წლის პირველი მაისისა.

[/checklist]

ამ 5 მილიონის გადახდის მიზნით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველი ვალდებულია ქონება გამყიდველის სასარგებლოდ დატვირთოს იპოთეკით 2019 წლის პირველ აპრილამდე. იპოთეკით დასატვირთად წარდგენილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება კი 1,15-ჯერ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელ ვალდებულებას. იპოთეკით დატვირთული ქონება კი 2023 წლამდე შესაძლოა გადაფასდეს ყოველი წლის ბოლოს.

ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ცალკე დაიდება სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გიორგი ბიწაძესთან და აკაკი სონგულიასთან. ამ ხელშეკრულებით ისინი თავდებობას კისრულობენ მყიდველის მიერ ზემოთ აღნიშნული 4 მილიონი დოლარის გადახდაზე და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებაზე.

15 მილიონი აშშ დოლარის სრულად გადახდის მიზნით, მყიდველს უფლება აქვს „საქართველოს ბანკში“ იპოთეკით დატვირთოს მთლიანი ქონება. ამასთან, მყიდველი უზრუნველყოფს, რომ ბანკი ვალდებულებას აიღებს გამყიდველის წინაშე, რომ შესაბამისი თანხა განთავსდება მყიდველის ანგარიშზე, რომელიც შემდგომ ბანკის მეთვალყურეობით გადაირიცხება გამყიდველის ანგარიშზე ამავე ბანკში.

ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ქონებაზე რეგისტრირებულია „საქართველოს ბანკის“ იპოთეკის უფლება, ბანკი კი იღებს ვალდებულებას, რომ მყიდველის მიერ გამყიდველის საბანკო ანგარიშზე 4 მილიონი აშშ დოლარის ჩარიცხვის შემთხვევაში სრულად გააუქმებს ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციას. გარდა ამ იპოთეკისა, ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, ქონება არ არის დატვირთული სხვა რაიმე ვალდებულებით.

ამონარიდი ხელშეკრულებიდან

52 ათასი ლარი – „ლუჟკოვის სახლში“ 12 წლის წინ გადახდილი ფასი  

„ლუჟკოვის” სახლი. ფოტო: „ბათუმელები“

„ლუჟკოვის სახლი“ ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში აშენდა და ის მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლემ ააშენა. ქონების მესაკუთრე ბოლოს კომპანია „ბათუმი სიტი“ იყო, რომლის 100% წილს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია“ ფლობს, რომელიც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ საკუთრებაშია. ამ უკანასკნელის 100% წილს კი ფლობს „ჩემექსიმ ინტერნეიშენალ ლიმიტედი“, რომელიც მარშალის კუნძულებზეა რეგისტრირებული.

2006 წელს ეს ქონება კომპანია „აჭარინვესტმა“ აუქციონზე შეისყიდა 52 ათას ლარად. „აჭარინვესტის“ დამფუძნებელი ჰოლდინგი იყო „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“. ამავე წყაროს მიხედვით, ეს ინდუსტრიული ჯგუფიც 2006 წელსაა დაარსებული. მისი მფლობელი კი ოფშორულ ზონაში, კერძოდ მარშალის კუნძულებზე, 1994 წელს დაარსებული კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეიშენალ ლიმიტედია“. ამ კომპანიას ჰყავს ერთადერთი ქართველი პარტნიორი, საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილი.

კომპანია „ალიანს სიტი“ 2019 წლის 14 იანვარს დააფუძნეს, კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი „ალიანსის“ დამფუძნებლის გია ბიწაძის მეუღლე მედეა ბოჭორიშვილია, კომპანიის დირექტორი კი – „ალიანსის“ დირექტორი აკაკი სონგულია.

სწორედ გიორგი ბიწაძესთან და აკაკი სონგულიასთან უნდა დაიდოს [ან უკვე დაიდო] ცალკე სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ისინი „ლუჟკოვის სახლის“ გაყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულებით „ალიანს სიტის“ მიერ ნაკისრი ზოგიერთი ვალდებულების შესრულებაზე თავდებობას კისრულობენ.

„ალიანს სიტის“ სხვა გეგმები

20 მარტის შეხვედრაზე  ბათუმის მერიაში ითქვა, რომ „ალიანს სიტი“ მთავრობისთვის „მაგნოლიას“ ნაცვლად ახალი პროექტის შეთავაზების საკითხს განიხილავს.

ამ თემაზე: „ალიანს სიტი“ „მაგნოლიას“ აღების საკითხის განხილვას მთავრობასთან გეგმავს

„მაგნოლია“, ისევე როგორც „ლუჟკოვის სახლი“ ერთ, საცხოვრებელ ზონაშია და შენობებს ქუჩა ჰყოფს. „ალიანს სიტი“ ამ დროისთვის ზონირების და კ2-ის შეცვლას „ლუჟკოვის სახლისთვის“ ითხოვს. დიდი ალბათობით იმავეს მოითხოვს „მაგნოლიას“ შემთხვევაშიც, თუ ამ შენობის დანგრევა მართლაც აქთვ გეგმაში.

„მაგნოლიას“, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 800-ზე მეტი კერძო მესაკუთრე ჰყავს. „ბათუმელების“ კითხვაზე, რა შეიძლება შესთავაზოს კომპანიამ ამ მესაკუთრეებს სანაცვლოდ, „ალიანს სიტიში“ გვითხრეს, რომ ჯერ ჩამოყალიბებული არ არიან.

რეესტრის მიხედვით, მიწის ნაკვეთი, სადაც „მაგნოლია“ დგას, 15 000 კვ/მ-ზე მეტია, „ლჟკოვის სახლის“ ტერიტორია კი  -18 815 კვ/მ -ია.

„მაგნოლია“ [მარცხნივ] და „ლუჟკოვის სახლი“ [მარჯვნივ] ბათუმში, ხედი – შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან / 21.03.2019
მთავარი ფოტო: „ალიანს სიტის“ პროექტი „ლუჟკოვის სახლის“ ადგილზე / რენდერი, რომელიც კომპანიამ გრგ-ს პროექტთან ერთად მერიაში წარადგინა / წყარო: გრგ-ს პროექტი

მეოთხე დღე „სიფთის“ გარეშე – გარემოვაჭრეები ავტოსადგურში მყიდველს ელიან

ბათუმში, მაიკოვსკის ქუჩაზე, ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე თუნუქის პავილიონებში წერეთლისა და სხვა ქუჩებიდან გადაყვანილი გარემოვაჭრეები უკვე მეოთხე დღეა მუშაობენ. დილის 10 საათზე აქ სიხალვათეა, პავილიონში მხოლოდ გარემოვაჭრეები არიან და ყოველ შემომსვლელს იმედის თვალით უყურებენ, ასეთები კი თითქმის არ არიან.

„იშვიათად თუ შემოვა ვინმე, დიდი იმედებით შემოვედით და იმედია, გამართლდება ჩვენი იმედები. პირობები კი ნორმალურია,“ – გვითხრა ლია აბაშიძემ, იგი შვიდი წელია  წერეთლის ქუჩაზე ვაჭრობდა.

პავილიონში არის განათება, იატაკი მოცემენტებულია, თუმცა გარეთ არ არის რაიმე მინიშნება ან ტრაფარეტი, რაც მიუთითებდა, რომ აქ სხვადასხვა საქონლის შეძენაა შესაძლებელი.

„მყიდველზე მეტი გამყიდველები ვართ, მყიდველი არ არის, ავტოსადგურიდან ხალხი არ შემოდის,“ – წუხს ეთერ ვარშანიძე. იგი 15 წელია წვრილმანებით ვაჭრობს, ახალი საქონელი ჯერ არ შეუძენია, რადგან ძველიც არ აქვს გაყიდული.

მოვაჭრეების პავილიონში ზიბა ბაკიროვას ჯერ ადგილი არ აქვს. იგი ამბობს, რომ ოთხი წელი ვაჭრობდა წერეთლის ქუჩაზე, სკოლასთან, ქმარი ახლახან გარდაეცვალა, ახლა კი სავაჭრო ადგილი არ აქვს. ზიბას მკერდზე გარდაცვლილი ქმრის ფოტო უკეთია, ხელში მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს.

„ჯერ მომცეს კართან ადგილი, მაგრამ გუშინ რომ მოვედი საქონლის დასადებად, მითხრეს, რომ ამ ადგილზე უკვე სხვა დასვეს და ადგილის გარეშე დავრჩი. ორი პატარა ბავშვი მყავს, ქმარი მომიკვდა, 40 დღე ჯერ არ გასულა, სად წავიდე, როგორ მოვიქცე, რა ვაჭამო ჩემს ბავშვებს?! ერთ-ორ დღეს დამეხმარებიან სხვები, მაგრამ მერე რა მოხდება?!“ – წუხს ზიბა.

ახალ ადგილზე გადმოსვლით ზოგიერთი მოვაჭრე უკმაყოფილოა, ზოგიერთ პირობები მოსწონს, მაგრამ ამბობენ, რომ სჯობდა ჯერ პავილიონები აშენებულიყო და შემდეგ გადმოსულიყვნენ სავაჭროდ, რადგან მოვაჭრეებმა მერიასთან მოლაპარაკებებისას ორი თვე დაკარგეს, ვერც ქუჩაში ივაჭრეს, ვერც პავილიონში, ამასობაში კი ზამთრის სეზონისთვის შეძენილი საქონელი უკვე აღარ იყიდება.

„სიფთა არ გვაქვს, ჯერ არაფერი გაგვიყიდია, ორი ლარის თუ გაყიდა ვიღაცამ. თქვენ როგორ იპოვეთ ეს ადგილი, როგორ მოაგენით?! მარშუტკებიც გვეფარებიან, ტრაფარეტები გვინდა გააკეთონ, რომ ჩვენ აქ ვართ. არ ვიცი რამდენ ხანს გავჩერდებით ასე, მუშაობის გარეშე. ტირილის სულზე ვართ მისული,“ – გვეუბნება ციცო.

ვაჭრები ამბობენ, რომ მათ დახმარება სჭირდებათ, ტრაფარეტები, რომ ბაზრობა გამოჩნდეს და მყიდველმა მათი დანახვა შესძლოს. „ბათუმის მერმა გვითხრა, ხუთი ათასი ადამიანი დადის ყოველდღე ავტოსადგურშიო, სად არიან ეს ადამიანები?! არ ჩანან,“ – ამბობენ ისინი.

„მე ვფიქრობ, კარგი რაღაც გაკეთდა. ხალხი არ შემოდის ჯერ, მაგრამ ერთ-ორ დღეში არაფერი გამოვა, ადამიანი ხომ იწყებს საბავშვო ბაღიდან, მერე სკოლა, მერე უმაღლესი… ბაზარი ახლა გაკეთდა და უცებ იყოს 5 000 კაცი, ასე არ ხდება, ხალხი უნდა შეეჩვიოს. მართალია, ჩვენ ყოველდღიური ვაჭრობის ფულით ვარსებობთ, მაგრამ გავა 10 დღე და შემოვა ხალხი, ერთი ხელის მოსმით ეს არ იქნება,“ – იმედიანადაა განწყობილი ქსენია ქელეში.

ციცინო დუმბაძეც ფიქრობს, რომ ახალ ბაზრობას დრო სჭირდება:

„ჯერჯერობით მუშაობა არაა, მაგრამ იმედი გვაქვს, ხალხი შეგვეჩვევა. მთავარია, კლიენტი მოვიდეს. დახლში ფულს არ ვიხდით, ორი თვე არ გადაგახდევინებთო, დაგვპირდნენ. ახლა მთავარია ვივაჭროთ, რომ ოჯახის რჩენა შევძლოთ. ისეთი სეზონია თან, ხალხს ფული არ აქვს, იმედი გვაქვს გაზაფხულის, უფრო შეგვეჩვევიან, ჩვენი კლიენტები გვყავდა, რომლებიც გვიცნობდნენ, მაგრამ ორი თვეა არ გვივაჭრია, არ იციან სად ვართ… ალბათ მოგვაგნებენ,“ –  ამბობს ციცინო.

მზია ჯაშს მეოთხე დღეა მყიდველი არ ჰყოლია. იგი 15 წელია ვაჭრობს და ასეთი დღეები არ ახსენდება. ჯერ უნდა გაეკეთებინათ პავილიონი და ისე უნდა გადმოვეყვანეთო – ისიც ასე ფიქრობს.

მყიდველი არც ეთერ თავართქილაძეს ჰყოლია. სამი დღეა საღამოს ექვს საათამდე დახლთან ზის, მაგრამ კლიენტები არ ჩანან. „ერთი ლარის არ გამიყიდა არაფერი, შემოსასვლელი არ ჩანს, აქ რომ ბაზრობაა, არავინ იცის, ჩვენ გვინდა ყოველდღიური საარსებო, პური ხომ უნდა წავიღო სახლში ჩემი მუშაობით?!“ – ამბობს ეთერი.

ბათუმის ქუჩებზე გარევაჭრობის აღკვეთას ბათუმის მერია წლებია უშედეგოდ ცდილობდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მერიამ კონკრეტულ შედეგს მიაღწია, თუმცა გარემოვაჭრეები აცხადებდნენ, რომ მერია ქალაქის იერსახეზე ზრუნავს, თუმცა ადამიანები ავიწყდება.

სავაჭრო პავილიონი ავტოსადგურთან
სავაჭრო პავილიონი ავტოსადგურთან

ამავე თემაზე: 

როგორ გადავრჩე? – გარემოვაჭრეების ყოველდღიური საზრუნავი

ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკური განვითარებისთვის საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი აგრარული, ტურისტული და სხვა მიმართულებებით. საგრანტო კონკურსი “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” და USAID “ზრდა პროექტის” ინიციატივით, “ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება.

საგრანტო კონკურსის მიზანია მოქმედი და დამწყები მეწარმეებისთვის თანამედროვე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა სამიზნე რეგიონებში არსებული საწარმოების გაძლიერებითა და ახალი ბიზნესების წამოწყების წახალისებით, რაც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას და თანმდევ ტრენინგებთან ერთად  მოსახლეობის ბიზნეს და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლიათ: მეთევზეობასთან დაკავშირებულ საწარმოებს, საცხობებს, მაღაზიებს, კაფეებს, სილამაზის სალონებს, სათბურებს, სამკერვალოს, საკონდიტროებს, საოჯახო სასტუმროებს, ტურისტული ღირსშესანიშნაობის ადგილებს, კინოთეატრებს, ინტერნეტ-კაფეებს, მეფრინველეობის ფერმებს, ხილის გამოშრობის (ჩირის) საწარმოებს, საზაფხულო კაფეებს, მეცხოველეობის ფერმებს, ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლებს, ავტოგასამართ სადგურებს, ავტოსამრეცხაოებს, ტურისტულ საქმიანობაში ჩართულ საწარმოებს და სხვა მიმართულების ბიზნესებსა და მეწარმეებს.

ანცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 1 აპრილი.

აპლიკანტებს შეკითხვების გამოგზავნა შეუძლიათ წერილობითი სახით ელექტრონულ ფოსტაზე: ACED@zrda.ge. შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2019 წლის 25 მარტი.

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და USAID-ის „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს. პროექტის ამოცანა არის რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, ასევე პორტისა და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.

______________________________________________________________________________________

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ACD) შესახებ: ADC-ი არის კონსორციუმი, რომელიც ქართულმა თიბისი ჯგუფმა და ამერიკულმა კონტი ჯგუფმა დააფუძნეს, საქართველოს მთავრობასთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას და განვითარებას ახორციელებს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხედვა, ანაკლიის პორტის საერთაშორისო კლასის კომპლექსად ჩამოყალიბება და მის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო წერტილად გადაქცევაა, როგორც ცენტრალურ აზიასთან, ასევე ახალი აბრეშუმის გზის სავაჭრო გზაზე, ევროპასა და აზიას შორის. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მიზნად ისახავს ანაკლიაში საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხარჯების შემცირებას, რომელიც  ადგილობრივად და მთელ რეგიონში დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების წინაპირობაა. სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ADC-ი მიზნად ისახავს ანაკლიისა და მიმდებარე სოფლების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.anakliadevelopment.com

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: უკანასკნელი 26 წლის განმავლობაში ამერილმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი თანხის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში.  პროექტები, რომელთა მიზანია დახმარება გაუწიოს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის მშენებლობაში, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესება.   USAID-ი ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს 100-ზე მეტ ქვეყანას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.usaid.gov/georgia

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა, არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.facebook.com/zrda.ge; www.zrda.ge

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2020 წელს მიიღებს

საუკუნის პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო. 2020 წელს კი დაგეგმილია პირველი გემის მიღება. ნახეთ, როგორ მიმდინარეობს პორტის მშენებლობა.


  • ანაკლიის ღრმაწყლოვანი  საზღვაო პორტის მშენებლობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ახორციელებს  – სამთავრობო კომისიამ ეს გადაწყვეტილება 2016 წლის 5 თებერვალს მიიღო.
  • ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აერთიანებს საქართველოში დაფუძნებულ „TBC ჰოლდინგს“ , რომლის დამფუძნებელიც არის მამუკა ხაზარაძე, და  ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს „Conti International” -ს.
  • პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდი დოლარია. მშენებლობა 9 ფაზად იყოფა და, საბოლოო ჯამში, პორტის გამტარუნარიანობამ წელიწადში 100 მლნ. ტონას უნდა მიაღწიოს. პორტის პირველი ფაზა 2020-2021 წლისათვის უნდა ამოქმედდეს და პორტმა გემები უნდა მიიღოს.
  • ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის სახმელეთო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2017 წლის 22 დეკემბერს დაიწყო.
  • ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის შერჩეულ ტერმინალის ოპერატორთან, SSA Marine-თან “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ხელშეკრულება 2017 წელს გააფორმა. კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცა.

საერთაშორისო სპორტულ და სახელოვნებო პროექტებს მონიტორინგის ჯგუფი გააკონტროლებს

დღეს, 22 მარტს, ბათუმის საკრებულომ ცვლილება შეიტანა საერთაშორისო სპორტული და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამაში. კონკრეტულად – დაზუსტდა  ანგარიშგების წესი და პირობები.

შესრულებულ პროექტებს – საერთაშორისო ფესტივალებისა და ტურნირების შესახებ ანგარიშგების, აქამდე არსებული პრაქტიკით, მხოლოდ შესაბამისი სამსახური იბარებდა. ახალი წესის მიხედვით, შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი.

მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის, მერაბ ქიძინიძის განცხადებით, შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც როგორც ფინანსებზე, ასევე განხორცილებული ღონისძიებების მიღება-ჩაბარების აქტებზეც იქნება პასუხისმგებელი.

„გვაქვს შემოთავაზება, რომ ამ ჯგუფში შემოვიდნენ საკრებულოს წევრებიც“, – განაცხადა მერაბ ქიძინიძემ.

მერაბ ქიძინიძის თქმით, მონიტორინგის ჯგუფის შექმნის საჭიროება იმან განაპირობა, რომ სპორტული ღონისძიებების დაფინანსება გაიზარდა და წელს 300 ათასი ლარი იქნება; ასევე გაიზარდა კულტურული პროგრამების დაფინანსება 500 ათას ლარამდე.

„კითხვები ჩნდებოდა საავტორო პროექტების შესყიდვასთან დაკავშირებითაც, აუდიტის დასკვნებში იწერებოდა, რომ თითქოს ჩვენ ტექნიკურ დავალებებს ვარგებდით კონკრეტულ ავტორებს. ახლა გამოგვაქვს გარეთ ეს საკითხი და პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. ხელშეკრულებაც გაფორმდება უშუალოდ პროექტის ავტორთან“, – ამბობს ქიძინიძე.

მისი თქმით, დებულებაში ასევე უნდა დაკონკრეტდეს უცხოეთში ვიზიტების დროს საცხოვრებლის ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები. „ჩვენ გვინდა, რომ დოკუმენტში ჩაიწეროს „სასტუმროს ხარჯი“ და არა საცხოვრისი.

„იყო შემთხვევები, როცა კონკრეტული პირი უცხოეთში გაემგზავრა, ღამით დარჩა ახლობელთან, ჩვენ უნდა მივცეთ თუ არა ამ შემთხვევაში ის თანხა, რაც სასტუმროსთვის იყო განკუთვნილი? ამიტომ, ბუნდოვანება რომ არ იყოს, საჭიროა დავაზუსტოთ ტერმინი“.

ცვლილების მიხედვით, უცხოეთში მიწვეულმა პირმა (ხელოვანი/სპორტსმენი) უნდა წარმოადგინოს ინვოისი, სადაც გაწერილი იქნება ყველა ხარჯი, მათ შორის სასტუმროს და მხოლოდ ამ შემთხვევაში აანაზღაურებს ხარჯებს ბათუმის ბიუჯეტი.

წარმოდგენილ ცვლილებას საკრებულომ მხარი დაუჭირა.

Exit mobile version