ბათუმში 23 ისტორიულ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი მიენიჭა

შპს „გეოგრაფიკის“ მიერ ბათუმში ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილ სახლებს [23 სახლი] კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი მიენიჭა. გადაწყვეტილებას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გაფრინდაშვილმა [სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე] მოაწერა ხელი.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტული ობიექტების მიმართ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული ყველა დამცავი რეჟიმი ამუშავდება.

ბრძანების მიხედვით, სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურს დაევალა შეისწავლოს ოცდასამივე ობიექტი, დაადგინოს მათი სახეობა, ისტორიული მნიშვნელობა, მდგომარეობა და კულტურული ღირებულება, მათი შემდგომი კატეგორიის განსაზღვრისთვის. კვლევის სამსახურმა შესაბამისი დასკვნა ექვსი თვის ვადაში უნდა მოამზადოს.

გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ეს ობიექტები სააგენტოს საინფორმაციო სამსახურმა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში უნდა ასახოს.

როგორც სააგენტოს დანართშია მითითებული, ამ სახლების უმრავლესობა არქიტექტურის თვალსაზრისით ღირებულია. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაწყვეტილებით კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი მიენიჭა შემდეგ ობიექტებს:

  • საცხოვრებელი სახლი – 9 მარტის ქ. N3  –   XIX საუკუნის ბოლო.
  • საცხოვრებელი სახლი – ბათუმი მ. აბაშიძის ქ.N11  XX საუკუნის დასაწყისი.
  • კინოთეატრი „აპოლო“  – ბათუმი, მ. აბაშიძის ქ.N17  XX საუკუნის დასაწყისი.
  • საცხოვრებელი სახლი – ბათუმი მ. აბაშიძის ქ. N62  XX საუკუნე.
  • საცხოვრებელი სახლი – ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქ. N25  XX საუკუნის დასაწყისი.
  • საცხოვრებელი სახლი – ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქ. N34/  ქ. N2 არქიტექტურის XIX საუკუნის ბოლო
  • საცხოვრებელი სახლი – ბათუმი, ხ. ახვლედიანის ქ. N2 არქიტექტურის XX საუკუნის დასაწყისი
  • საცხოვრებელი სახლი – ბათუმი, ხ. ახვლედიანის ქ. N15 არქიტექტურის 1902 წელი
  • საცხოვრებელი სახლი – ბათუმი, დ. კლდიაშვილის ქ.N4 არქიტექტურის XX საუკუნე.
  • საცხოვრებელი სახლი – ბათუმი, დ. კლდიაშვილის ქ.N5 არქიტექტურის XX საუკუნე.
  • საცხოვრებელი სახლი – ბათუმი, დ. კლდიაშვილის ქ.N8 არქიტექტურის XX საუკუნე
  • საცხოვრებელი სახლი – ბათუმი, დ. კლდიაშვილის ქ.N10 / ვაჟა-ფშაველას ქ. N9 არქიტექტურის XX საუკუნე
  • საცხოვრებელი სახლი – ბათუმი, დ. კლდიაშვილის ქ.N12 / ვაჟა-ფშაველას ქ. N12 არქიტექტურის XX საუკუნე
  • საცხოვრებელი სახლი – ბათუმი, დ. კლდიაშვილის ქ.N34 / პ. მელიქიშვილის ქ.N19 არქიტექტურის XX საუკუნე
  • საცხოვრებელი სახლი -ბათუმი, რ. კომახიძის II შეს. N6 არქიტექტურის XX საუკუნის დასაწყისი.
  • საცხოვრებელი სახლი – ბათუმი, გ. მაზნიაშვილის ქ.N1 არქიტექტურის XX საუკუნის დასაწყისი
  • საცხოვრებელი სახლი – ბათუმი, გ. მაზნიაშვილის ქ.N48 არქიტექტურის 1895 წელი
  • საცხოვრებელი სახლი – ბათუმი, დ. თავდადებულის ქ. N8 არქიტექტურის XX საუკუნე
  • საცხოვრებელი სახლი – ბათუმი, დ. თავდადებულის ქ. N13 არქიტექტურის XIX საუკუნე
  • საცხოვრებელი სახლი – ბათუმი, დ. თავდადებულის ქ. N41/ფარნავაზ მეფის ქ.N 63 არქიტექტურის XX საუკუნე
  • საცხოვრებელი სახლი -ბათუმი, ჭავჭავაძის ქ.N68 არქიტექტურის XIX საუკუნის I ნახევარი
  • საცხოვრებელი სახლი – ბათუმი, შ. რუსთაველის ქ.N7 არქიტექტურის XX საუკუნის დასაწყისი
  • საცხოვრებელი სახლი – ბათუმი, ვ. გორგასლის ქ. N21 არქიტექტურის XIX საუკუნე

სასწავლო ტური რეგიონში მომუშავე სპეციალური მასწავლებლებისთვის

რეგიონებში მომუშავე სპეციალური მასწავლებლებისთვის 12-18 მაისის ჩათვლით თბილისში სასწავლო ტური ჩატარდება.

„ტურის ფარგლებში სპეციალურ მასწავლებლებს შეეძლებათ გაეცნონ წარმატებული სკოლების ინკლუზიური განათლების პრაქტიკას, ნახონ თუ რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური განათლების წარმატებას სკოლაში, დასვან შეკითხვები, შეისწავლონ სწავლების და სსსმ მოსწავლის კლასში/სკოლაში ინტეგრაციის ეფექტური სტრატეგიები“- წერს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

შეირჩევა 30 სპეციალური მასწავლებელი, რომლებიც განაწილდებიან თბილისის რვა სკოლაში, სადაც მათ ეყოლებათ 9 სუპერვიზორი/ხელმძღვანელი.

ცენტრის ინფორმაციით, თითოეული ხელმძღვანელი იმუშავებს რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე 3-4 სპეციალურ მასწავლებელთან.

სასწავლო ტურში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ წინასწარ.

სასწავლო ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მასწავლებლებს, რომლებიც დასაქმებული არიან სკოლებში. „უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელიც წარმოადგენს მაღალმთიან რეგიონს, ან იმ რაიონსა და სკოლას, სადაც ნაკლებ ხელმისაწვდომია სასწავლო მედია (ინოვაციური სასწავლო სტრატეგიები, რესურსები, პროფესიული განვითარების ტრენინგები, კურსები; დარგის ექსპერტების კონსულტაცია და ა.შ.)“ – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, სასწავლო ტურში მონაწილე პედაგოგები უზრუნველყოფილი იქნებიან  სასტუმროთი, კვებითა და ტრანსპორტირებით.

___________

ფოტო: „ბათუმელები“, ლელა დუმბაძე

სარფის საბაჟოსა და ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული მედიკამენტები გამოავლინეს

14-24 მარტს საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სადახლო-საავტომობილო“ „სარფსა“ და ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის, საქარველოსა და სომხეთის მოქალაქეებს, დ.ლ.-ს, მ.ჯ.-სა და ლ.ჰ.-ს კუთვნილი ხელჩანთებისა და ფიზიკური დათვალიერებისას, ნარკოტიკული (23 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება მეტამფეტამინი (0.17 გრამი) გამოვლინდა.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. აღნიშნულ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე და 262-ე მუხლების 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

17-წლიანი სასჯელი – ლიფტში ქალის მკვლელობის მცდელობის საქმეზე განაჩენი სააპელაციომ არ შეცვალა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად, ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, ხულიგნური განზრახვით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გერმანე ჩერნიავსკი დამნაშავედ იქნა ცნობილი.

შემთხვევა ბათუმში 2018 წლის 27 მაისს მოხდა. აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მსჯავრდებული ქალს თავს დაესხა და მას 55 ჭრილობა დანით მიაყენა, მათ შორის 4 – გულმკერდის არეში. დაზარალებულს თან მცირეწლოვანი შვილი ახლდა. სამედიცინო დახმარების შედეგად ქალი გადარჩა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 31 აგვისტოს გერმანე ჩერნიავსკი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

____________

ფოტო: „ბათუმელები“, მარიამ ქველიაშვილი

„ბათუმის წყალი“: თევრათ გორგილაძის ქუჩაზე წყლის მიწოდება 7 საათით შეწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, სანიაღვრე სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების დროს კონტრაქტორმა კომპანიამ ავარიულად დააზიანა 500მმ-იანი წყალმომარაგების მილი, რის გამოც წყლის მიწოდება 16-დან 23 საათამდე შეუწყდება თევრათ გორგილაძის ქუჩას.

კომპანია ასევე აფრთხილებს აბონენტებს, რომ მილზე ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოების გამო შესაძლოა ე.წ. ჭაობის ტერიტორიაზე დაფიქსირდეს წყლის ამღვრევის ფაქტი.

„გთხოვთ, მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, ონკანი გააღეთ, წყალი ადინეთ რამდენიმე წუთი, სისტემიდან ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით. ამღვრეული წყალი შეიცავს მხოლოდ დროთა განმავლობაში მილზე მიკრულ მინერალებს,“ – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ განცხადებაში.

ფინკა ბანკის ავტო სესხი – საინტერესო სიახლე მომხმარებლებისთვის

ფინკა ბანკმა 2 ახალი პროდუქტის შეთავაზება დაიწყო – ავტო სესხი და ავტო ლიზინგი მათთვისაა, ვისაც ჰყავთ ავტომანქანა და სწრაფად სჭირდებათ თანხა ნებისმიერი მიზნობრიობით, ან აქვთ მანქანის ღირებულების მინიმუმ 20% და სურთ ახალი ავტომობილის შეძენა.

სესხის აღება შესაძლებელია ეროვნულ ვალუტაში, 25 000 ლარამდე თანხის მისაღებად 1 საათზე ნაკლები დროა საჭირო, სესხის მაქსიმალური ვადა 36 თვეა.

ფინკა ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი აბაშიძე აღნიშნავს, რომ ავტო სესხი და ავტო ლიზინგი არის საინტერესო ახალი შესაძლებლობა მათთვის, ვისთვისაც სისწრაფე და სიმარტივე მნიშვნელოვანია. „ჩვენი ავტო პროდუქტები განკუთვნილია მათთვის, ვისაც ჰყავს, ან სურს შეიძინოს ავტომობილი და გარკვეული თანხა სწრაფად სჭირდება. მომხმარებლები ყველაზე ხშირად გვეკითხებიან – ავტომობილი მრჩება თუ არა სარგებლობაში, არის თუ არა აუცილებელი ფინკა ბანკის სახელზე გადაფორმება? მეგობარი ავტომობილი რჩება მომხმარებლის სახელზე და მას ჩვეულებრივ განკარგავს. ავტომობილის დაზღვევა კი სავალდებულო არ არის. მოვუწოდებთ მომხმარებლებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ისარგებლონ ფინკა ბანკის ავტო სესხით და ავტო ლიზინგით“ – ამბობს ირაკლი აბაშიძე.

აღსანიშნავია, რომ ავტოლიზინგის შემთხვევაში მომხმარებლის მხრიდან თანამონაწილეობა მინიმალურია – ეს შეადგენს მანქანის ღირებულების მინიმუმ 20%-ს, ხოლო დანარჩენ 80% აფინანსებს ფინკა ბანკი.

ფინკა ბანკის ავტო სესხის და ავტო ლიზინგის განაცხადის შევსება შესაძლებელია სერვის ცენტრებში, ასევე ვებგვერდის საშუალებით www.FINCA.ge

მიმოწერის ახალი ეტაპი – როდის დაამტკიცებს ეროვნული სააგენტო ბათუმის დაცვის ზონებს 

როდის ექნება ბათუმს დამტკიცებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები? – ეს კითხვა ისევ აქტუალური და პასუხგაუცემელია. ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების დამტკიცების თაობაზე ბათუმის მერიის მიერ გაგზავნილი დოკუმენტების კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს საბჭოს სხდომაზე ფართომასშტაბიანი განხილვის შემდეგ თვე-ნახევარზე მეტი გავიდა, თუმცა ზუსტი თარიღი, თუ როდის იმსჯელებს სააგენტო ამ ზონების დამტკიცებაზე, ჯერ ისევ არ ვიცით.

სხდომაზე გადაწყდა, რომ შპს „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებულმა და შემდეგ სახეცვლილმა საზღვრებმა პირვანდელი სახე უნდა დაიბრუნოს. საზღვრებში უნდა მოექცეს ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორია და  ბათუმის ბულვარი [გეოგრაფიკმა კვლევა ბათუმის მერიის დაკვეთით მოამზადა].

განხილვიდან მალევე მერიამ მიიღო წერილობითი შენიშვნები ამ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც მერმა ლაშა კომახიძემ თქვა, რომ აუცილებლად გაითვალისწინებენ. „ახლა დარჩა მცირე დეტალები, რასთან დაკავშირებითაც უახლოეს მომავალში შევჯერდებით“, – თქვა ბათუმის მერმა.

რას გულისხმობს მცირე დეტალები და მიაღწიეთ თუ არა რაიმე შეთანხმებას? – ამ კითხვით ბათუმის მერიას ისევ მივმართეთ. ლაშა კომახიძის თქმით, გასულ კვირას მერიამ ისევ გაუგზავნა წერილი – მერიაში აინტერესებთ, სჭირდება თუ არა „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტს დამატებით განახლება. მერის განმარტებით, 15 თებერვალს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს საბჭოს გაფართოებულ შეხვედრაზე სპეციალისტებმა გამოთქვეს მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ არის გარკვეული ტიპის ცვლილებები ზონების დამტკიცებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებსა და რეალობას შორის, განსაკუთრებით ეს შესამჩნევია რუკების ნაწილში.

„ამიტომ, რაც ახლა გავაკეთეთ, არის ის, რომ წერილობით ვთხოვეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს რეკომენდაცია იმაზე, ხომ არ ხედავს ის ამ დოკუმენტის ცალკეული ნაწილების განახლების საჭიროებას. თუ გაგვიწევს რეკომენდაციას, რომ არსებული რედაქციით წავიდეთ ზონების დამტკიცებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ველოდებით პასუხს. 2015 წელს განახლდა დოკუმენტის ცალკეული ნაწილები, რომლებიც ტექსტობრივ ნაწილს შეეხება, მაგრამ ძირითადი საყრდენის, მაგალითად რუკების ნაწილში განახლება არ მომხდარა.“

მერის განმარტებით, ამ რუკებზე ვერ ვნახავთ ახალ სასტუმროებს… შენობებს, რომლებიც ბათუმში 2006 წლის შემდეგ აშენდა.

ეროვნულ სააგენტოში „ბათუმელებს“ 25 მარტს უთხრეს,, რომ ბათუმის მერიას ზემოთ დასმულ კითხვებზე უკვე უპასუხეს წერილობით:

„მერიას მიეცა რეკომენდაცია, განაგრძოს დამცავი ზონების დოკუმენტის შემუშავება „გეოგრაფიკის “მიერ წარმოდგენილი კვლევის მიხედვით. ვგულისხმობთ არა მერიის მიერ, არამედ „გეოგრაფიკისმიერ მომზადებულ დოკუმენტს. ხელახლა განიხილოს, როგორც პროცედურულად არის საჭირო, დაამტკიცოს და წარმოადგინოს ჩვენთან.“

ეროვნული სააგენტოს ამ რეკომენდაციის შემდეგ მერიას მოუწევს „გეოგრაფიკის“ კვლევა და ზონის დამტკიცებასთან დაკავშირებული დოკუმენტები საკრებულოს დასამტკიცებლად ისევ გადაუგზავნოს, შემდეგ კი ისევ ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნოს დასამტკიცებლად.

კულტურული მემკვიდრეობის ზონა თავის საზღვრებში განსაკუთრებულ რეგულაციებსა და შეზღუდვებს აწესებს, ამიტომაც არის ბათუმში ამ პროცესის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი.

ისტორიული ბათუმის დამცველები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ამ ზონების დამტკიცებითაა შესაძლებელი ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის იმ ნაწილის შენარჩუნება, რაც მენაშენეს გადაურჩა და დღემდე მოაღწია.

როცა დოკუმენტი ამბობს ერთს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო კი, ამტკიცებს საპირისპიროს 

წითლად განათებული გულის ფორმის ხეივანი ბათუმში [ფოტო]

ბათუმის ცენტრალურ პარკში გულის ფორმით დარგული მცენარეები წითლად გაანათეს.

„სიყვარულის ხეივანი“ – ასე უწოდეს ახალ ხეივანს ბათუმის ცენტრალურ პარკში. ხეივანი იაპონური ალუბლის ხეებით გაშენდა.

სიყვარულის ხეივანი ღამით. ფოტო: მწვანე ბათუმი
ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დირექტორი დავით დიასამიძე სიყვარულის ხეივანში. ფოტო: FB

სამინისტრო: ატესტატი მომავალ წელსაც ნიშნების საფუძველზე გაიცემა

„დამამთავრებელი გამოცდების ჩატარებას თავად სკოლა უზრუნველყოფს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, 23 აპრილს, პარლამენტში მორიგი გამოსვლის დროს.

მეტი ინფორმაციისთვის „ბათუმელები“ დაუკავშირდა განათლების სამინისტროს და განმარტება ითხოვა გამოცდების ფორმატსა და სხვა დეტალებთან დაკავშირებით. როგორც სამინისტროში გვითხრეს, დამამთავრებელი გამოცდების ჩატარება სკოლას შეუძლია, თუმცა ამ გამოცდაზე არ იქნება დამოკიდებული, მიიღებს თუ არა მოსწავლე ატესტატს.

სამინისტროს ინფორმაციით, ატესტატს ყველა ის მოსწავლე აიღებს, ვინც ეროვნულ სასწავლო გეგმას დაძლევს, ანუ თუკი ყველა საგანში ექნება 5 და მეტი ქულა.

განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ ასევე უთხრეს, რომ გამოცდების ჩატარება თითოეულ სკოლას ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლია და ამაში სამინისტრო არ ჩაერევა. „თუმცა ამის შესახებ სკოლამ წლის დასაწყისში უნდა განუცხადოს მოსწავლეებს“, – გვითხრეს სამინისტროში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, სკოლის მიერ ჩატარებულ გამოცდაზე მიღებული შედეგი აისახება თუ არა ატესტატის გაცემაზე? სამინისტროში ამბობენ, რომ სკოლამ თვითონ უნდა განაცხადოს ამის შესახებ.

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე კი გვეუბნება, რომ სკოლის გამოცდების საფუძველზე არ გაიცემა ატესტატი. „ატესტატს მოსწავლე მიიღებს წლის განმავლობაში მიღებული შეფასების საფუძველზე. თუკი სკოლა გამოცდას მაინც ჩაატარებს, ეს იქნება მხოლოდ იმისთვის, რომ მოსწავლემ შედეგი გაიუმჯობესოს“.

რა რისკებს ხედავს სკოლა ნიშნებით ატესტატის გაცემაში და ხომ არ გაზრდის ეს მოთხოვნას მაღალ ნიშნებზე? – ვკითხეთ დირექტორს. მარიზა აბაშიძის თქმით, 5 ქულა არის ის ბარიერი, რომელიც ყველა მოსწავლემ უნდა გადალახოს.

რაც შეეხება მე-6 და მე-10 კლასებში სამინისტროს მიერ დაგეგმილ გამოცდებს, სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ამ გამოცდებთან დაკავშირებით ჯერ სკოლებს დეტალური ინფორმაცია არ მიუღიათ.

„ორივე კლინიკაში დღეს შევლენ შესასწავლად“ – 29 წლის ქალის გარდაცვალების საქმე

როდის გაარკვევს სამედიცინო რეგულირების სააგენტო ახალგაზრდა ქალის – მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე ექიმების პასუხისმგებლობის საკითხს? – კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საქმის შესასწავლად საბჭოს, რომელიც მსგავს შემთხვევებს სწავლობს, განხილვის ვადა დადგენილი არ აქვს. სააგენტოს პრესცენტრის განმარტებით, განხილვის დროს დამოკიდებულია დოკუმენტაციის რაოდენობაზე.

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ორივე კლინიკაში, ბათუმის „მედცენტრსა“ და რეფერალურ ჰოსპიტალში რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები დოკუმენტაციის შესასწავლად დღეს, 26 მარტს, შევლენ.

მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიებაც, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.

დაკრძალვამდე მელანო ფუტკარაძის ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრის თქმით, ექსპერტიზის დასკვნები ამ დროისთვის უცნობია.

29 წლის მელანო ფუტკარაძე 21 მარტს ღამით მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით გარდაიცვალა „მედცენტრში“. გარდაცვლილის ახლობლებს პრეტენზია რეფერალურ საავადმყოფოსთან აქვთ, სადაც მელანო ფუტკარაძე სამკურნალოდ თავდაპირველად მივიდა.

საპროტესტო აქციების შედეგად, ოჯახის მოთხოვნით რეფერალური საავადმყოფოს ერთ-ერთ ექიმს პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება.

გუშინ ექიმებმა გამართეს ბათუმში საპროტესტო აქცია, სადაც აცხადებდნენ, რომ „ექიმის სახელის გატეხვას დაუმსახურებლად არავის შეარჩენდნენ“.

 

სოცმუშაკებს ვარდების სკვერში გაშლილ კარავთან მოქალაქეები ჩანაწერებს უტოვებენ – დღე 2

„ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარები უკვე ასამარებს არა მხოლოდ სოციალურ მუშაკებს, არამედ მთლიანად სოციალურ სამსახურს. ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ,“ – ეს რეაქცია აქვს სოცმუშაკს ინგა დავითაძეს მისი უშუალო უფროსების – მინისტრ დავით სერგეენკოს და მისი მოადგილეების ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარებზე. მათი განმარტებით, სოცმუშაკების გაფიცვით სააგენტოს მუშაობა არ შეფერხდება და სხვა თანამშრომლები შეასრულებენ სოცმუშაკის ფუნქციებს.

სოცმუშაკების გაფიცვა გრძელდება. გაფიცვის მეორე დღეს მათ ბათუმის „ვარდების სკვერში“ კარავიც გაშალეს.

„თუკი სხვებს ასე მარტივად შეუძლიათ ჩვენი ჩანაცვლება, მაშინ რატომ გვიტარებდნენ ამდენ გადამზადებასა და ტრენინგს, ან ასე იოლი თუა სოცმუშაკის სამუშაო, რატომ არ გვიმატებდნენ სოცმუშაკებს? ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა ზუსტად ეს არის, რომ სოცმუშაკების რაოდენობა გაიზარდოს,“ – ამბობს სოცმუშაკი ქობულეთიდან თამარ ღუნაშვილი.

„მინისტრმა თქვა, მეც მინდა ხელფასი მომემატოსო… მე ამას ვერ დავარქმევდი მინისტრის პასუხს. არც ვიცი, რა დავარქვა ამას. თუკი ის ან ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ მხოლოდ ხელფასის მომატებისთვის ვდგავართ აქ, ეს არის დარტყმა არა კონკრეტულად სოცმუშაკებზე, არამედ სოციალურ სამსახურზე მთლიანად,“ – დასძენს ინგა დავითაძე.

„საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რას ნიშნავს ასეთი დამოკიდებულება, როცა ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს ასეთი დამოკიდებულება აქვს საკუთარი თანამშრომლების მიმართ… აქ უკვე ჩანს, როგორ უყურებს სახელმწიფო სოციალურ სამსახურს,“ – გვითხრა სოცმუშაკმა ნინო ტყეშელაშვილმა.

სოცმუშაკების მხარდასაჭერად მოქალაქეები სპეციალურ ანკეტებს ავსებენ და წერენ, რატომ უჭერენ მხარს სოცმუშაკებს. „მე მოვედი თქვენთან იმიტომ, რომ გამძლეობა გისურვოთ…“ „ბევრ გახარებულ ბავშვს გისურვებთ,“ – ვკითხულობთ ჩანაწერებში.

„უცხოელმაც დაგვიტოვა ჩანაწერი, ამერიკიდან ვარო,“ – სოცმუშაკი ნინო ტყეშელაშვილი ინგლისურ ენაზე შევსებულ ანკეტას გვაჩვენებს, სადაც აღნიშნულია, რომ სოცმუშაკების გარეშე ღარიბი ადამიანები უფრო დიდი პრობლემა გახდება სახელმწიფოსთვის.

სოცმუშაკის მხარდასაჭერად ჩანაწერი ბათუმში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქესაც დაუტოვებია.

სოცმუშაკების გაფიცვის მეორე დღე

 

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების გამოფენა გაიმართება

27 მარტს, 15 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების გამოფენა გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება იაპონური კამელიების 78 ჯიში და ბოტანიკურ ბაღში მიღებული 30-მდე ჰიბრიდული ფორმა.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, გამოფენაზე მოწვეულნი არიან კამელიაზე მომუშავე სპეციალისტები, უცხოელი კოლეგები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და დაინტერესებული საზოგადოება.

კამელიების გამოფენა იაპონურ ბაღში გაიმართება და მასზე დასწრება უფასოა.

ადმინისტრაციის ცნობით, იაპონურ ბაღში უახლოესი შესასვლელი უღელტეხილისა და ჩაქვის მხრიდან მდებარეობს.

რატომ არის მნიშვნელოვანი რესერტიფიცირება ექიმებისთვის

უწყვეტი სამედიცინო განათლება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ მეან-გინეკოლოგებს და ნეონატოლოგებს ავალდებულებს რესერტიფიცირებას – თავიანთი კვალიფიკაციის დადასტურებას. სავალდებულო რესერტიფიცირება 2008 წელს გააუქმა ხელისუფლებამ. 2014 წელს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობდა, რომ რესერტიფიცირება ისევ სავალდებულო გახდებოდა, თუმცა 2019 წლის მდგომარეობით რესერტიფიცირება ყველა ექიმისთვის სავალდებულო არ არის.

მედიცინის აკადემიური დოქტორი თენგიზ ვერულავა საუბრობს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი რესერტიფიცირება ექიმებისათვის.

“მედიცინა მუდმივად განახლებადი სფეროა, სადაც განუწყვეტლივ ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, შემოდის ტექნოლოგიური ინოვაციები, მკურნალობის უახლესი მეთოდები. პერიოდულად ვამარცხებთ დაავადებებს, რომლებიც განუკურნებლად მიგვაჩნდა. მაგალითად, C ჰეპატიტი – ქრონიკულად მიმდინარე პროგრესირებადი დაავადება, უკვე დამარცხებულად ითვლება. მეცნიერები გვაიმედებენ, რომ უახლოეს წლებში შიდსის პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება. ჯანდაცვის მოწინავე ტექნოლოგიების სარგებელი აშკარაა: უფრო ზუსტი და სწრაფი დიაგნოზები, მკურნალობის ეფექტური მეთოდები, გაზრდილი სიცოცხლის ხანგრძლივობა. თუ ექიმი განუწყვეტლივ არ ეცნობა მედიცინის თანამედროვე მიღწევებს, მას არ ექნება პაციენტისათვის ადეკვატური, მედიცინის თანამედროვე მიღწევების შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის უნარი. ამიტომაც ექიმთა პროფესიული სრულყოფისთვის საჭიროა უწყვეტი განათლების სისტემის ჩამოყალიბება და მასში ექიმების მონაწილეობა. უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემა გრძელდება ექიმის მთელი პროფესიული საქმიანობის მანძილზე. მისი მიზანია ექიმის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფა მედიცინის თანამედროვე მიღწევებსა და ტექნოლოგიებთან. ექიმთა რესერტიფიცირების მიზანია პაციენტებისათვის მეტი გარანტიების შექმნა და მომსახურების გაუმჯობესება.

მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში მოქმედებს უწყვეტი განათლების სისტემა, სადაც სავალდებულო წესით ექიმებს სამ ან ხუთ წელიწადში ერთხელ უწევთ გამოცდის ჩაბარება. ცხადია, აღნიშნული ზრდის ექიმების განათლების დონეს, მათ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

  • რამდენიმე წელია საქართველოში შეჩერებულია რესერტიფიცირება, ამ გარემოებამ ხომ არ გამოიწვია ქართული სამედიცინო სფეროს სტაგნაცია?

რასაკვირველია, ექიმთა რესერტიფიცირების შეჩერება ნეგატიურად აისახება ექიმთა პროფესიულ დონეზე, მათ მიერ გაწეულ სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და, შესაბამისად, პაციენტის ჯანმრთელობაზე.

რესერტიფიცირების შეჩერების მომხრეები ფიქრობენ, რომ მედიცინაც ჩვეულებრივი ბაზარია, სადაც რაც უფრო ნაკლები იქნება რეგულირება, მით უფრო ეფექტურია შედეგები. მაგრამ სამედიცინო ბაზარი არ გახლავთ ჩვეულებრივი ბაზარი. ჯანდაცვის სექტორი ეკონომიკის სპეციფიკური დარგია. სამედიცინო ბაზარსა და ჩვეულებრივ ბაზარს შორის განსხვავება განპირობებულია სამედიცინო ბაზრის სოციალურ-ეკონომიკური ბუნებით და სამედიცინო მომსახურების მიწოდების სპეციფიკურობით, კერძოდ, მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებაზე ხშირად ატარებს არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ სოციალურ ხასიათსაც (“საზოგადოებრივი სიკეთე”) და მოითხოვს ცალკეულ მომხმარებლის სახსრების გაერთიანებას. სამედიცინო ბაზრის ჩავარდნები (რისკები და გაურკვევლობა, ინფორმაციის ასიმეტრია, საბაზრო ძალაუფლება, შეზღუდული კონკურენცია, გარეგანი ეფექტები) ქმნის ეკონომიკური ურთიერთობების განსაკუთრებულ ფორმებს, რაც მოითხოვს სათანადო რეგულირების მექანიზმების შემუშავებას. რეგულაციის ერთ-ერთი ფორმა გახლავთ უწყვეტი განათლების სისტემა, რომლითაც სახელმწიფო არეგულირებს ექიმების პროფესიულ დონეს, რაც, როგორც აღვნიშნეთ, დადებითად ზემოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

  • დიაგნოზის გადამოწმება იქცა ჩვეულებრივ პრაქტიკად საქართველოშიდიაგნოზის გადამოწმება მიუთითებს, ერთი მხრივ, ექიმების მიმართ უნდობლობაზე და მეორე მხრივ, ექიმთა დაბალ კვალიფიკაციაზე?

ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისათვის, ამიტომ პაციენტი ცდილობს აირჩიოს მისთვის სასურველი, მაღალი პროფესიული დონის ექიმი. ხშირად იგი ცდილობს გადაამოწმოს ერთი ექიმის მიერ დასმული დიაგნოზი სხვა ექიმთან. ეს მთელ მსოფლიოშია მიღებული.

ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი მიზანია პაციენტზე ორიენტაცია. ამ მიზანს ემსახურება პაციენტის ინფორმირებულობის გაზრდა. ევროპულ ქვეყნებში სახელმწიფო ცდილობს, ხელი შეუწყოს პაციენტის სამედიცინო ინფორმირებულობის ამაღლებას. იქმნება სპეციალური ვებგვერდები, სადაც წარმოდგენილია ექიმების, სამედიცინო დაწესებულებების რეიტინგული სისტემა, ანუ – ექიმები რანჟირებულები არიან მათი საექიმო გამოცდილების მიხედვით (მაგალითად, მათ მიერ დაშვებული საექიმო შეცდომების მიხედვით). ამით სახელმწიფო ცდილობს ხელი შეუწყოს პაციენტს, რომ გაუადვილდეს მისთვის სასურველი ექიმის და სამედიცინო დაწესებულების არჩევანი. რადგან საქართველოში ასეთი სისტემა არ არის განვითარებული, პაციენტს უჭირს არჩევანის გაკეთება და იგი უმთავრესად ეფუძნება ნაცნობების, მეგობრების გადმოცემებს ექიმების პროფესიულ დონეზე.

პაციენტის არაინფორმირებულობის გამო, ცხადია, ნაკლებია ექიმებისადმი ნდობა. შესაბამისად,  ისინი ცდილობენ სხვა ექიმთან გადაამოწმონ დიაგნოზი. განსაკუთრებით დაბალია ოჯახის ექიმის მიმართ ნდობა, რაც განპირობებულია დაბალი ინფორმირებულობით ოჯახის ექიმის კომპეტენციების შესახებ… არაადექვატური ანაზღაურების გამო ოჯახის ექიმებს არ აქვთ სათანადო მომსახურების ჩატარების საკმარისი მოტივაცია. ეს უმთავრესად განპირობებულია ოჯახის ექიმების დაბალი კვალიფიკაციით, დაბალი ანაზღაურებით. სახელმწიფო და დამსაქმებლები ნაკლებად ცდილობენ ოჯახის ექიმების პროფესიულ ზრდის ხელშეწყობას. შესაბამისად, ოჯახის ექიმებს არ აქვთ პროფესიული სრულყოფისა და განვითარების შესაძლებლობა. ამას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ქვეყანაში სავალდებულო ხასიათს არ ატარებს უწყვეტი პროფესიული განათლება.

  • პაციენტებს უსვამენ სიმსივნის დიაგნოზს, უნიშნავენ სასწრაფო ქიმიოთერაპიას, ეს პაციენტები უცხოეთში ამოწმებენ დიაგნოზს და აღმოჩნდება, რომ სიმსივნე არ აქვთ. თქვენი აზრით, ეს რატომ უნდა ხდებოდეს? 

მე არ ვიტყოდი, რომ ეს ასეთი შემთხვევები ბევრია. არის ერთეული შემთხვევები, რაც გვაძლევს ასეთ მძიმე სურათს. მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება. ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესები ყოველწამს შეიძლება შეიცვალოს. შესაბამისად, დიაგნოზის დასმაც არაა მარტივი, მით უმეტეს საქართველოს პირობებში, სადაც მსოფლიოში დანერგილი ბევრი სადიაგნოსტიკო-სამკურნალო საშუალებები ჯერ კიდევ არ არის შემოსული. ამიტომაც ხდება, რომ ზოგჯერ მასალებს სადიაგნოსტიკოდ აგზავნიან საზღვარგარეთ ზუსტი დიაგნოზის დასასმელად.

ვრცლად ამ თემაზე:

არასწორი დიაგნოზები – რატომ არ ევალებათ საქართველოში ექიმებს უწყვეტად სწავლა 

რას [არ] აკეთებს სახელმწიფო ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად

უწყვეტი სამედიცინო განათლება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ მეან-გინეკოლოგებს და ნეონატოლოგებს ავალდებულებს რესერტიფიცირებას – თავიანთი კვალიფიკაციის დადასტურებას. სავალდებულო რესერტიფიცირება 2008 წელს გააუქმა ხელისუფლებამ. 2014 წელს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობდა, რომ რესერტიფიცირება ისევ სავალდებულო გახდებოდა, თუმცა 2019 წლის მდგომარეობით რესერტიფიცირება ყველა ექიმისთვის სავალდებულო არ არის.

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, ყოველწლიურად რამდენი ადამიანი გზავნის საკუთარ დიაგნოზს გადასამოწმებლად საზღვარგარეთ ან საქართველოში ერთი ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს მეორე ექიმთან ამოწმებს. ის პირები, ვინც მიიჩნევენ, რომ მათ არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და ასევე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები, ამ პრაქტიკას – დიაგნოზის რამდენიმე სპეციალისტთან გადამოწმებას, ექიმთა დაბალი კვალიფიკაციით ხსნიან.

“ბათუმელებმა” ზაზა ბოხუას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილეს ჰკითხა, საქართველოში რატომ არ არის ექიმი ვალდებული  კვალიფიკაცია აიმაღლოს.

ზაზა ბოხუა: „ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა. ეტაპობრივად მივდივართ რესერტიფიცირებისკენ. რესერტიფიცირების მთავარი აზრი არის ის, რომ ხუთ წელიწადში ერთხელ, როგორც მთელ მსოფლიოშია და მათ შორის ევროპაში, მოხდეს სათანადო კრედიტქულების დაგროვების მიზნით, ექიმის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განახლება. ლაპარაკია იმ ექიმებზე, რომლებიც უკვე არიან სერტიფიცირებულები. დავიწყეთ  ეტაპობრივი გადახედვა, შევქმენით სპეციალური სამუშაო ჯგუფი. სავალდებულოდ გვაქვს ჩადებული სახელმწიფო პროგრამებში. დღეისათვის მეან-გინეკოლოგები და ნეონატოლოგები არიან ვალდებული რესერტიფიცირება  გაიარონ. სახელმწიფო პროგრამაში სამედიცინო დაწესებულება თუ არის ჩართული, მის კოლექტივს უნდა ჰქონდეთ გავლილი და დაგროვებული კრედიტები.

2018 წლის 19 ივლისს ჩვენ დავამტკიცეთ თვითონ სასწავლო პროცესის აკრედიტაცია, ანუ როგორ უნდა დააგროვოს ექიმმა კრედიტები. აქედან გამომდინარე, ტრენინგები არსებობს. არსებობს ონლაინტრენინგი, სადაც არც საფასური უნდა და არც სხვა, თვითონ ექიმი შედის და შეუძლია გაიაროს კურსი. ყველა რესურსი ქართულ ენაზეა. ექიმი თვითონ გადის, კითხულობს, ემზადება და ონლაინაბარებს,  თუ ჩააბარებს მიიღებს კრედიტქულას“.

კითხვაზე, რამდენი წელი დასჭირდება სამინისტროს, რომ რესერტიფიცირება ყველა პროფილის ექიმისთვის სავალდებულო გახდეს, ზაზა ბოხუა პასუხობს:

„სავარაუდოდ, ოთხი წელი  დასჭირდება, ყველა დარგი რომ მოვიცვათ“.

ვრცლად ამ თემაზე ნახეთ მასალა:

არასწორი დიაგნოზები – რატომ არ ევალებათ საქართველოში ექიმებს უწყვეტად სწავლა 

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 23 მარტს დაკავებულია წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 3 პირი.

„სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, კრიმინალური ავტორიტეტები – 1970 წელს დაბადებული ბ.ტ. და 1964 წელს დაბადებული გ.მ., ხოლო „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით – 1959 წელს დაბადებული რ.ღ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც კერძო კომპანიის მეწილეა, თავისივე ბიზნესპარტნიორთან – აღნიშნული კომპანიის დირექტორთან წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის მიზნით, დახმარებისთვის 2 ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა და კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა სთხოვა.

გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ აღნიშნული პირები შეხვდნენ ბრალდებულის ბიზნესპარტნიორს, მას გაეცნენ საზღვარგარეთ მცხოვრები „კანონიერი ქურდის“ ზაალ მახარობლიძის (მეტსახელად „გლეხოვიჩის“) წარმომადგენლებად და კომპანიის მნიშვნელოვანი წილის დათმობა მოსთხოვეს. ბიზნესპარტნიორებს შორის დავის გადაწყვეტა აღნიშნულ ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით გაგრძელდა. ზაალ მახარობლიძემ მხარეებს შორის უთანხმოება თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, “ქურდული წესებით”, ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამივე ბრალდებული თავიანთ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი – „აკ-74“-ის მოდელის ავტომატი და “არალის” მოდელის პისტოლეტი, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 21 საბრძოლო ვაზნა, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომლითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება “ქურდული სამყაროს“ წევრობისა და “კანონიერი ქურდისადმი” მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე 4-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს მონაცემებით, 2018 წლის იანვრიდან დღემდე პასუხისგებაში მიეცა 5 ე.წ. „კანონიერი ქურდი“, დაკავებულია „ქურდული სამყაროს“ 39 წევრი, ხოლო სამინისტროს მიერ ინიცირებული, კანონში შესული ცვლილებების შედეგად დამატებული ახალი მუხლებით – „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ან მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის მიღებისთვის – 32 პირი.

„ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებული მასშტაბური ერთობლივი ოპერაციების შედეგად კი დაკავებულია – 10 ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ – აცხადებს შსს.

ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის დადგენილებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ქართული ხორბლის კულტურას [ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები] განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართული ხორბლის კულტურა [ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები]“, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის 7 სექტემბერს მიენიჭა.

„ოცნების ქალაქში“ კორპუსს სპორტსკოლის დამპროექტებელი კომპანია დააპროექტებს

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებაზე ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამხანაგობა „ინჟარქიტექტისთან“ გააფორმა. ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულება 320 ათას ერთი ლარია, გუშინ, 25 მარტს გაფორმდა.

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე [ფართობი: 9 327 კვ.მ.] მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაცია ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობამ სამინისტროს 2019 წლის 25 ივნისამდე უნდა წარუდგინოს. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით კი გამოცხადდება ტენდერი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე.

ტენდერში კიდევ ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა, რომლებიც სამინისტროს ანალოგიურ მომსახურებას 321 ათას და 359 867 ლარად სთავაზობდნენ.

ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“ ორმა კომპანიამ დააფუძნა: შპს „გეოანალიტიკამ“ და შპს „სენსონიმ“.

შპს „სენსონიმ“ შეადგინა ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. სპორტსკოლის დაპროექტებაზე ხელშეკრულება „სენსონსა“ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონს“ შორის 2017 წლის 2 მარტს გაფორმდა 420 ათას ერთ ლარზე.

ამ დროისთვის სამთავრობო კომისია აგრძელებს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების რეგისტრაციას. „დღევანდელი მდგომარეობით დარეგისტრირებულია 900-მდე ოჯახი. სულ, სამივე დასახლებაში, აღწერილი გვაქვს 1727 საცხოვრებელი სახლი“, – გვითხრეს კომისიაში.

საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც მეჯინისწყლის დასახლებაში უნდა აშენდეს, ბინებს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ოჯახებს გადასცემენ.

„ოცნების ქალაქი“ და საპროექტო ტერიტორია სადაც საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აშენდეს

ვინ მიიღებს ბინებს პირველ რიგში და რა კრიტერიუმებით შეირჩევა ოჯახები? – ამ კითხვაზე კომისიაში ამბობენ, რომ ყველაფერი განცხადებების მიღების პროცესის პარალელურად დაზუსტდება.

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შესახებ 2019 წლის 6 თებერვალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, 2019 წელს მშენებლობისთვის დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება პოზიტიურია იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, თუმცა გარკვეული რისკები არსებობს. ამ თემაზე: რა რისკებს შეიცავს „ოცნების ქალაქში“ კორპუსების აშენება – შეფასება.

 

2018 წელს რეგულირების სააგენტომ 348 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილა

2018 წელს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სამედიცინო დახმარების ხარისხის შესახებ 209 პაციენტმა მიმართა. 2018 წელს პროფესიული განვითარების საბჭომ 348 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის (162 საქმე) საკითხი განიხილა.

348 ექიმიდან 342 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. ამ 342 ექიმიდან 235 ექიმს „წერილობითი გაფრთხილება“ მისცეს. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით კი 105 ექიმს შეუჩერდა. 2 ექიმს საერთოდ გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი. 348 ექიმიდან მხოლოდ 6 ექიმს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვკითხეთ, საშუალოდ, რა დრო სჭირდება პროფესიული განვითარების საბჭოს ერთი პაციენტის საქმის განსახილველად. სააგენტოდან მოგვწერეს, რომ განხილვის ვადა დამოკიდებულია საქმის მოცულობაზე.

ნახეთ ამ თემაზე ვრცელი მასალა:

არასწორი დიაგნოზები – რატომ არ ევალებათ საქართველოში ექიმებს უწყვეტად სწავლა 

 

ქობულეთში ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და სატვირთო შეეჯახა

ქობულეთში, ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და სატვირთო შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი გადაყვანილია ქობულეთის საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მეორე დაშავებულმა კი სტაციონარში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში საცხოვრებელი სახლი იწვის

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში საცხოვრებელი სახლი იწვის. თვითმხილველის თქმით, ხანძარი სახლის სახურავზე გაჩნდა.

ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო სამსახური უკვე მუშაობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქობულეთის სახანძრო სამსახურში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის 23:30 ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. დამწვარია სახლის მეორე სართული. ქობულეთის მერიის პრესცენტრის თქმით კი, ადგილზე ქობულეთის მერიც იმყოფებოდა და ზარალს უახლოეს პერიოდში დაითვლიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

ხანძარი სოფელ ბობოყვათში, სულხან ანანიძის ფოტო
ხანძარი სოფელ ბობოყვათში, სულხან ანანიძის ფოტო

 

როგორ მოვუაროთ სახის კანს, თმას და ფრჩხილებს გაზაფხულზე

მშრალი კანი ცხიმის ნაკლებობით ხასიათდება. კანის ეს ტიპი ღარიბია ზედაპირული და ინტრა ეპიდერმული ლიპიდებით – ლიპიდები,იგივე ცხიმები  კი მნიშვნელოვანია  წყლის შეკავებისა და კანის ბარიერული ფუნქციისათვის.

კანის სიმშრალეს ართულებს გარემო ფაქტორებიც: მზის მავნე სხივები, მტვერი,ზამთრის სიცივე, ტემპერატურული ცვალებადობა, გათბობა, კონდიცირება  და ა.შ.

ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიიღოთ ცხიმოვანი მჟავებით, განსაკუთრებით ომეგა 3-ითა და ვიტამინებით  მდიდარი საკვები, როგორიცაა თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები, ბროკოლი, სალათის ფურცლები, მწვანილი, ფხალი, ყველაფერი, რაც მწვანეა. ჯანსაღი კანის შესანარჩუნებლად აუცილებელი კომპონენტებია A, B, C და E ვიტამინები. ვიტამიანი A კანის სტრუქტურას აღადგენს, ვიტამინი B3-სა და PP ვიტამინის დეფიციტი კანის სიმშრალის ჯაჭვს ქმნის. ვიტამინები C და E კი ანტიოქსიდანტებია, რომლებიც მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს კოლაგენის სინთეზს და მოქმედებენ კანის ნაადრევი დაბერების წინააღმდეგ.

ოლიგოელემენტებით – ცინკით, სელენითა და სპილენძით მდიდარი საკვები  ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, ეხმარება კანს გარემოს აგრესიულ ფაქტორებთან და ინფექციებთან  ბრძოლაში.

სასურველია მიირთვათ ცხიმიანი თევზეული, კარაქი, ხორცეული, ხილისა და ბოსტნეულის ჩირი, თხილი, კაკალი და ა.შ. გამოიყენეთ ხორბლის, სიმინდისა და ზეითუნს ზეთიც.

როგორ მოვუაროთ მშრალ კანს

მშრალ კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. კანის გასაწმენდად გამოიყენეთ პროდუქტები ალკოჰოლის გარეშე, რომელსაც არ სჭირდება წყლით ჩამობანა, უპირატესობა მიანიჭეთ რძის, წყალმცენარეების,ყვავილების, ხორბლისა და ვარდის ექსტრაქტზე დამზადებულ დამატენიანებლებს.

მოვლის საშუალებებს შორის უპირატესობა მიანიჭეთ ლიპიდებითა და წყლის შემაკავებელი ინგრედიენტებით მდიდარ მკვებავ კრემებს.

საუკეთესო შედეგს იძლევა ბუნებრივ ზეთებზე დამზადებული საშუალებებიც: არგანის, ზეთისხილის, სეზამის, კარიტესა და გლიცერინის კრემები.

დღისა და ღამის კრემის ქვეშ სწრაფი და ინტესიური შედეგისთვის აუცილებელია დაიტანოთ მკვებავი შრატი, ორ კვირაში ერთხელ კი ჩაიტარეთ კანის ღრმა წმენდა რბილი გომაჟით, გრანულების გარეშე. დაიტენიანეთ კანი ყოველკვირეულად მკვებავი ნიღბით, გაითვალისწინეთ, რომ ნიღაბს არ უნდა ჰქონდეს ცხიმის მარეგულირებელი და ამქერცლავი ეფექტი.

[checklist]

  • Bioderma – ატოდერმის ხაზი მშრალი სახის კანისთვის[/checklist]       

მშრალი კანისთვის მოსავლელად იდეალურია ფრანგული დერმატოლოგიური  ბრენდის ბიოდერმას ატოდერმის ხაზი, მრავალფეროვანი ასორტიმენტით.

Bioderma  – ატოდერმის გელ-მუსი

[checklist]

  • ვიტამინი PP აღადგენს კანის ბარიერულ ფუნქციას
  • კანის ბუნებრივი თვისებების აღდგენას ხელს უწყობს D.A.F კომპლექსი
  • რეკომენდებულია ახალშობილების, ბავშვებისა და მოზრდილებისათვის
  • იპოალერგიული, პარფიუმისა და პარაბენების გარეშე

[/checklist]

Bioderma – ატოდერმის ინტენსიური ბალზამი

[checklist]

  • ვიტამინი PP აღადგენს კანის ეკოსისტემას
  • ვაზელინი და გლიცერინი – კანის ბარიერულ ფუნქცია
  • თუთიის გლუკონატი ანტიბაქტერიული ფუნცქია (ოქროსფერი სტაფილოკოკისგან დაცვა)
  • ჰიპოალერგიული, რეკომენდებულია ახალშობილების, ბავშვებისა და მოზრდილებისათვის

[/checklist]

როგორ მოვუაროთ თმას

 

ყველას სურს მბზინავი და დამყოლი თმა ჰქონდეს, რის მიღწევასაც შესაბამისი საშუალებების გამოყენება სჭირდება. წელიწადის დროების ცვლილება გავლენას ახდენს თმაზეც. სხვადასხვა სეზონის გარდამავალ ეტაპზე ლიპიდების შემცველობა  და კერატინის ელასტიურობა ქვეითდება, შედეგად თმა შრება და ცვენას იწყებს.

[checklist]

  • Le petit olivier – არგანის ზეთის სერია მშრალი და დაზიანებული თმისთვის

[/checklist]

საუკუნეებია თმის მოვლის შაშუალებებში აქტიურად  გამოიყენება  არგანისუნიკალური  ზეთი,რომელიცმდიდარია ომეგა6,9 და Eვიტამინით. ფრანგული ბრენდი Le petit olivier  გთავაზობთ სუფთა სახის ნატურალურ არგანის ზეთს და არგანის სერიას მშრალი და  დაზიანებული  თმისთვის, რომელშიც შედის შამპუნი, ბალზამი, ნიღაბი, კრემი და სპრეი ჩამობანვის გარეშე – მსუბუქი ფიქსაციის ეფექტით.

ეფექტურია გერმანული ბრენდის, სებამედის შამპუნი და ბალზამი ღებვის, ფენის ხშირი გამოყენებისა და მზისგან გამომშრალი თმის აღსადგენად. სებამედის ამ საშუალებებში შემავალი ბიოპოლიმერები დამცავ, თხელ გარსს ქმნიან და იცავენ თმას დაბინძურების, გარემოს მავნე ზემოქმედებისგან

ხორბლის ნატურალური პროტეინი და მცენარეული დამატენიანებელი კომპონენტები კი არეგულირებენ თმისა და  თავის კანის ჰიდრო-ლიპიდურ, მჟავიანობის  ბალანსს.

[checklist]

  • Bioderma NODE A – შამპუნი და ნიღაბი შეღებილი თმის, გაღიზიანებული თავის კანისა და სიმშრალის სამკურნალოდ

[/checklist]

ბიოდერმას დერმატოლოგიური შამპუნი და ნიღაბი  NODE A აქრობს თავის კანის ქავილს და ამშვიდებს მას. თმას ანიჭებს ბზინვარებას და გამოიყენებაროგორც მშრალი ასევე  შეღებილი თმის ყოველდღიური მოვლისთვისაც.

 

როგორ მოვუაროთ ფრჩხილებს

 

შემოდგომა – ზამთრის ცივი დღეების შემდეგ კანი ხელებზე იფიტება და უხეშდება. გაზაფხულზე ხელები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. მკვრივი ფრჩხილები და რბილი კანი რომ გქონდეთ გამოიყენეთ Bioderma-ს Caudalie-ს, Le petit olivier-ისა და Sebamed-ის Hand & Nail – კრემები. შესამჩნევ შედეგს მიიღებთ ასევე  Caudalie-ს ღვთაებრივი და ჯინჯერის ზეთების ყოველდღიური გამოყენებით.

რა საფრთხეს უქმნის ბავშვებს სილამაზის კონკურსები

სამოდელო სააგენტოები ხშირად აცხადებენ საბავშვო სილამაზის კონკურსებს. რამდენიმე დღის წინ სამოდელო სააგენტო „ნიუ-ლუქ მოდელმა“, სოცქსელში საბავშვო კონკურს დაანონსა, რომელიც „მის და მისტერ ბეიბი“ 2019-ს გამოავლენს 6-დან ათ წლამდე ბავშვებში.

ამ კონკრეტულ კონკურსში მონაწილეობა 140 ლარი ღირს, სამოდელო სააგენტოებისთვის სილამაზის კონკურსები ფინანსურად მომგებიანია: საქართველოში მსგავს კონკურსებში შვილების ჩართვის მსურველი ბევრი მშობელია.

„ბათუმელები“ რამდენიმე კითხვის დასმას აპირებდა ბავშვთა სილამაზის კონკურსის ორგანიზატორისთვის, მაგრამ მითითებულ ტელეფონზე როდესაც მოისმინეს, რომ ჟურნალისტს კონკურსის შესახებ აინტერესებდა, ტელეფონი გათიშეს.

საბავშვო შოუებისა და სილამაზის კონკურსების კრიტიკოსები კი აღნიშნავენ, რომ აშშ-ში, სადაც 1993 წლის ოფიციალური სტატისტიკით 450 000 ბავშვი იყო დარეგისტრირებული, როგორც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, მსგავსი კონკურსები ძალადობის მაპროვოცირებელი საშუალებაა და უხეშად არღვევს მათ უფლებებს.

საფრანგეთის სენატმა 2013 წელს აკრძალა 16 წლამდე ასაკის ბავშვების სილამაზის კონკურსები. კონკურსების ორგანიზებისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 30 000 ევროა დაწესებული.

აზიანებს თუ არა ბავშვის ფსიქიკას ის, რომ გარეგნობა იქცევა კრიტერიუმად, რითაც მას სხვებს ადარებენ. არღვევს თუ არა სილამაზის კონკურსები ბავშვთა უფლებებს და როგორ უყურებენ მსგავს კონკურსებს ბავშვთა უფლებების დამცველები. ამ და სხვა კითხვებით „ბათუმელებს“ უფლებადამცველი ანა არგანაშვილი პასუხობს.

ანა არგანაშვილი
  • ანა, ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით, არღვევს თუ არა სილამაზის კონკურსები ბავშვთა უფლებებს?

ბავშვი არ უნდა იყოს ჩაბმული ისეთ საქმიანობაში, სადაც მას გაუჩნდება შეგრძნება, რომ სხვაზე რამით ნაკლები, სხვასთან შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი ან უპირატესია. ჩემთვის ამ ტიპის კონკურსებით ეს მთავარი პრინციპი ირღვევა.

ბავშვი შეიძლება იყოს ჩართული ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში ან დასასვენებელ და სარეკრეაციო საქმიანობაში, რომ გაერთოს, განიტვირთოს. არცერთ ამ ჩარჩოში საბავშვო სილამაზის კონკურსები არ ჯდება. ეს არის იმგვარი შეჯიბრის სახე, რის შემდეგაც ძალიან ბევრი ტრავმირებული ბავშვი და გაბრაზებული მშობელი მინახავს. ისინი მსჯელობენ, ვისი ბავშვი უფრო იმსახურებდა სილამაზის კონკურსში გამარჯვებას და ვისი არა. ამ ყველაფრის შემსწრეები არიან ბავშვები და სადავოც არ არის, რომ ეს ბავშვს ანგრევს.

  • არეგულირებს თუ არა საქართველოს კანონმდებლობა ბავშვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართულ პირებს, იმოქმედონ ბავშვთა უფლებების მოთხოვნების შესაბამისად და დაიცვან ეს უფლება?

ჩვენს კანონმდებლობაში ეს არ არის მოწესრიგებული, მაგრამ სხვა ქვეყნის კანონმდებლობაში მინიმუმ ის მაინც არის დარეგულირებული, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რაშიც ბავშვი ერთვება იმ ადამიანების მიერაა წარმართული, ვისაც ბავშვთა უფლებების შესახებ გარკვეული ინფორმაცია აქვს. მათემატიკისა და ცოდნის განმსაზღვრელი კონკურსებიც კი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ბავშვს არ ვუბიძგოთ თვითშეფასების დაცემისკენ.

  • არის თუ არა სარისკო ბავშვებისთვის სილამაზის კონკურსები – მედიაში გავრცელებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, პედოფილიის შემთხვევები საქართველოში იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს.

ყველამ ვიცით, რომ არსებობს სექსუალური ძალადობის საფრთხე. როცა ბავშვები იწყებენ ასაკის შეუსაბამოდ მაკიაჟის გამოყენებას, ჩაცმასა და პოზირებას, თავისი არსით ეს სექსუალიზებული ქცევაა, რაც ჩვენთვის, ბავშვთა უფლებების დამცველებისთვის ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, ხომ არ ხდება მომავალში ამით ბავშვი რაიმე სახის ძალადობის სამიზნე. კონკურსების შემდეგ ბავშვების ფოტო-ვიდეოები უკონტროლოდ ვრცელდება ინტერნეტით. ცხადია, ბავშვი ვერ ხვდება, მისი რა ინტერესი ზიანდება, მაგრამ 18 წლის შემდეგ შესაძლოა კითხვები გაუჩნდეს.

  • რა ღირებულებებისკენ ვუბიძგებთ ბავშვს, როცა კონკურსში ვრთავთ და ვეუბნებით, რომ სილამაზე არის კრიტერიუმი, რითაც მას წარმატების მოპოვება შეუძლია?

ყველანი ვცდილობთ ბავშვს გავუღვივოთ თანასწორობის ღირებულებები, რომ წარმატება მიიღწევა შრომით, სწავლით და განათლებით. ამ დროს როცა გეუბნებიან, რომ არა შრომა, სწავლა და განათლება, არამედ გარეგნობა შეიძლება იყოს წარმატების საწინდარი, ეს საფრთხეს ქმნის კონკურსების ,,გამარჯვებულებისა“ და ,,დამარცხებულებისთვისაც“. ამ დროს შესაძლოა შეირყეს ბავშვის თვითშეფასება, იქცეს ბულინგის მსხვერპლად და ბავშვს მივაყენოთ ტრავმა, რასთანაც მთელი ცხოვრება მოუწევს ბრძოლა.

როცა ბავშვის შეფასების კრიტერიუმი არის სილამაზე, აქ პირდაპირ იკვეთება სრული აცდენა მის უფლებებთან.

მსგავსი კონკურსების ორგანიზატორებს არ აქვთ ბავშვთა უფლებებზე დიდი ცოდნა და ინფორმაცია. სამწუხაროდ, არც სახელმწიფოს აქვს რეგულაციები.

  • რით არის გამოწვეული საქართველოში საბავშვო სილამაზის კონკურსებისადმი მშობლების ცხოველი ინტერესი?

მშობლების მოტივაცია ჩემთვის გაუგებარია. ეჭვიც არ მეპარება, რომ მათ შვილებისთვის მხოლოდ კარგი სურთ. მაგრამ, მშობლებს, რომლებსაც ბავშვების ამგვარ კონკურსებში ჩართვა აქვთ გადაწყვეტილი, ალბათ კარგად არ აქვთ გააზრებული, რას ნიშნავს ბავშვისთვის პოზიტიური გამოცდილება. ვერც იმას აცნობიერებენ, რამხელა ზიანი შეიძლება მოუტანონ ამით შვილებს.

დისკურსი საბავშვო კონკურსების მავნებლობაზე უფრო ხშირი და ინტენსიური უნდა იყოს. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ არავის გვსურს გარეგნობის გამო ბავშვი ითრგუნებოდეს.

ბათუმელი ექიმები: არავის მივცემთ უფლებას, ექიმს სახელი გაუტეხოს დაუმსახურებლად

დღეს, 25 მარტს, „აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების“ ოფისის წინ ბათუმში არსებული სხვადასხვა კლინიკის მედპერსონალმა აქცია გამართა. ისინი აცხადებენ, რომ პაციენტის გარდაცვალების ან სხვა პრეტენზიების შემთხვევაში, დაცული უნდა იყოს უდანაშაულობის პრეზუმფცია და სამედიცინო პერსონალს არ უნდა ადანაშაულებდნენ.

ექიმთა საზოგადოების წარმომადგენლებმა ამ საკითხზე განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსაც გადაუგზავნიან.

„ჩვენ მომავალში შევძლებთ თავის დაცვას და არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ექიმის უფლებები შეილახოს და ექიმს სახელი გაუტყდეს დაუმსახურებლად. სანამ არ იქნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ვინმე ბრალეულობაზე ან ექიმის ეთიკის დარღვევაზე საუბარი არ უნდა იყოს. უნდა შემუშავდეს ისეთი კრიტერიუმები, რომელიც ექიმს დაიცავს დაუმსახურებელი თავდასხმისგან,“ – ამბობს რამაზ სურმანიძე.

აქციაზე იმყოფებოდა ექიმი აკაკი ბერიძეც. „რა თქმა უნდა, ჩვენც ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ამ ფაქტის [მელანო ფუტკარაძის გარდაცვალება] გამო, მაგრამ გარკვეული წყენა გვაქვს მასმედიის მისამართით ექიმებს, რადგან ჟურნალისტების ნაჩქარევმა განცხადებებმა გული ატკინეს სამედიცინო საზოგადოებას. ასეთი რამეები ხდება, რას ვიზამთ“, – ამბობს ის.

ვლადიმერ მახარაძემ ექიმების მიმართვის ტექსტიც წაიკითხა, სადაც წერია:

„მოვითხოვთ, გამოძიებული იქნას აღნიშნული ტრაგიკული ფაქტი და ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში ყველა პირი კანონის ფარგლებში დაისაჯოს. აქვე გულისტკივილით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ დღეებში პრეტენზიები და აგრესია არასწორად იყო პერსონიფიცირებული, რითაც უხეშად დაირღვა ექიმ-რადიოლოგის უფლებები.“

ექიმების აქცია საკუთარი უფლებების დასაცავად ბათუმში

ტექსტში ასევე საუბარია იმაზე, რომ, 21 მარტს, 29 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე რადიოლოგის ბრალეულობა ჯერ დამტკიცებული არ არის და, შესაბამისად, ექიმის უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა.

„ყველას ვთხოვთ, გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

„არ არის გამოკვლეული, დადგენილი რაიმე სახის ბრალეულობა, ამის მიუხედავად ასახელებენ კონკრეტულ პიროვნებებს და მკვლელის ძახილი მიუღებელია,“ – ამბობს აქციის მონაწილე ერთ-ერთი ექიმი „მედცენტრიდან“.

„სანამ არ დამტკიცდება კონკრეტული პირის დანაშაული, არ უნდა მოხდეს კონკრეტული ექიმის და კლინიკის მიზანმიმართული დისკრედიტაცია“, – ამბობს რეფერალური საავადმყოფოს ენდოსკოპოსტი თამარ ხაჟალია.

ექიმებმა სამძიმარი გამოუცხადეს მელანო ფუტკარაძის ოჯახს. მელანო ფუტკარაძე ორი დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას არასწორ დიაგნოზს და მკურნალობას უკავშირებენ. პაციენტმა მუცლის ტკივილით 11 მარტს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს მიმართა, თუმცა იგი მეორე დილას სახლში გაუშვეს.

ტკივილის გამეორების შემდეგ მეორე დღეს პაციენტმა „მედცენტრს“ მიმართა. როგორც გაირკვა, პაციენტს „ბრმა ნაწლავი“ ჰქონდა გახეთქილი, რამაც ორგანიზმის ინტოქსიკაცია გამოიწვია.

ოჯახის წევრებმა გამოძიების დაწყების და დამნაშავის დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გამართეს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

შსს: 25-დან 27 მარტის ჩათვლით ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  25 მარტის 19 საათიდან  27 მარტის 12 სთ-მდე, ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბის პორტალების გარეცხვა-დასუფთავების გამო, პირველ ეტაპზე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო შემდეგ ბათუმი-ქობულეთის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე მოძრაობის აკრძალვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში – გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.

____________

ფოტო: ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბი. ფოტო: „ბათუმელები“, თედო ჯორბენაძე

საზღვაო ფინანსირების მოდელის დანერგვის ხელშეწყობა ქართულ საბანკო სექტორში

საზღვაო დარგის მრავალფუნქციონალური მიდგომების განვითარებისა და ქართულ საბანკო სექტორში საზღვაო ფინანსების შესახებ სპეციფიკური ცნობადობის ამაღლების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ორგანიზება გაუკეთა სემინარს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, რომელშიც ჩართულია საქართველოში მოქმედი ყველა ბანკის წარმომადგენელი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა გახსნა სემინარი და აღნიშნა, რომ „ქვეყნისთვის საზღვაო სფეროში არსებული სერვისების განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას ამ დარგის ზოგიერთ სეგმენტში, არსებობს მიმართულებები, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ათვისებული. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული – CASS-ის ბიზნესსკოლის პროფესორი ბატონი ნიკოს ნომიკოსი, რათა გაგვიზიაროს თავისი ცოდნა საზღვაო ფინანსირების მიმართულებაში. ჩვენი მიზანია, მივიღოთ ევროპის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება და ვფიქრობთ, რომ დღევანდელი ღონისძიება ხელს შეუწყობს პორტებში ახალი სერვისების იმპლემენტაციის პროცესს.“

თამარ იოსელიანი
თამარ იოსელიანი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა სემინარში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტს ბატონ ალექსანდრე ძნელაძეს, კომერციული ბანკების წარმომადგენლებს და განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან ერთად მუშაობს საზღვაო სტრატეგიაზე, რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც სწორედ საზღვაო ფინანსირებაა. „ვფიქრობთ, რომ ბანკებისთვის ძალიან საინტერესო იქნება აღნიშნული მოდელის გაცნობა, რისთვისაც ჩამოყვანილი გვყავს საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც სემინარზე განიხილავენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს. საზღვაო ინდუსტრია დღეს საკმაოდ სწრაფად ვითარდება  საქართველოში და მთავრობის მიერ დაგეგმილ სხვა რეფორმებთან ერთად ქართული ბანკების დაინტერესება საზღვაო ფინანსირებით,  კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ პროცესს“.

საქართველოში საზღვაო ფინანსირება აუთვისებელ სეგმენტს წარმოადგენს და მიზანშეწონილია მისი განვითარება, ვინაიდან ექსპერტთა აზრით, შესაძლოა ქვეყნისათვის ინვესტიციებისა და უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან წყაროდ იქცეს და ხელი შეუწყოს საზღვაო ინდუსტრიის მდგრად განვითარებას.

სემინარზე მოწვეულნი არიან საზღვაო ფინანსებისა და ინვესტიციების საერთაშორისო დონის ექსპერტები: City University London-ის CASS-ის ბიზნესსკოლის საზღვაო რისკების მართვის პროფესორი ნიკოს ნომიკოსის, ჰოლანდიური კომპანიის Zuyderzee Capital-ის მმართველი პარტნიორები – ტიჯს სლავენბურგი და ჰენკ დიტეილორი.

 საზღვაო ფინანსები არის საბანკო სექტორში შემავალი, კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტების მქონე მიმართულება, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაო ინვესტიციების მოზიდვას.  ეს არის მსოფლიოში მრავალი წლის მანძილზე აპრობირებული მეთოდი, რომელსაც წამყვანი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ საზღვაო ინვესტიციების დასაფინანსებლად. საზღვაო ფინანსები სრულიად განსხვავდება ტრადიციული ფინანსებისგან და ამავდროულად მიიჩნევა ერთ-ერთ მაღალშემოსავლიან ბიზნესად.

სემინარზე დეტალურად განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: მსოფლიო ეკონომიკაში საზღვაო ინდუსტრიის როლი, მოთხოვნა-მიწოდების ანალიზი, საზღვაო ციკლებისა და ინდიკატორების გავლენა, საზღვაო სესხის სტრუქტურა და ანალიზი, პორტფოლიოს მართვა და სხვა მასთან დაკავშირებული თემები და გემების ფინანსირების პირობების ნიმუშები.

ღონისძიებას ესწრებიან:  

აკაკი საღირაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

ქეთევან სალუქვაძე – ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

თამარ იოსელინი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი

ივანე აბაშიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე

ალექსანდრე ძნელაძე – ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი

საბანკო სექტორის წარმომადგენლები – სემინარში მონაწილეობს საქართველოში მოღვაწე ყველა ბანკის წარმომადგენელი

საერთაშორისო ექსპერტები:

ნიკოს ნომიკოსი – საზღვაო ფინანსებისა და რისკ-მენეჯმენტის სფეროს აღიარებული ექსპერტი

ტიჯს სლავენბურგი – ექსპერტი საზღვაო ფინანსების დარგში

ჰენკ დიტეილორი – ექსპერტი საზღვაო ფინანსების დარგში

კიდევ რა სურს კომპანიას, რომელსაც ძეგლზე მანსარდის დაშენების ნებართვა აქვს 

კომპანია, რომელსაც ბათუმში, გამსახურდიას 12-ში მდებარე მოდერნის სტილის შენობაზე მანსარდის მოწყობის ნებართვა უკვე მიღებული აქვს, აჭარის მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებას ითხოვს. კერძოდ, ამ შენობის მიმდებარედ, კოსტავას ქუჩა 20ა-ში, შპს „კორაქსესი“ საზოგადოებრივი სკვერის მოწყობას აპირებს, მაგრამ არა იქ არსებულ 485 კვ/მ-ზე, არამედ, მხოლოდ 100-120 კვ/მ-ზე გეგმავს. კომპანია აცხადებს, რომ  დანარჩენი ფართობის სკვერს, მთავრობის მიერ სხვაგან გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე მოაწყობს.

კომპანია „კორაქსესის“ დირექტორის, კონსტანტინე მხეიძის წერილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ, დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღეს.

სამინისტროში გვითხრეს, რომ სკვერისთვის გამოყოფილ ფართობს კომპანია „ალბათ, მშენებლობისთვის გამოიყენებს… ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით კი, ამ დროისთვის მთავრობის მიერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის“.

კონსტანტინე მხეიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, რისთვის გამოიყენებენ აღნიშნულ ტერიტორიას: „გაკეთდება დეტალური პროექტი და შემდეგ შემეძლება კომენტარის გაკეთება“.

კომპანია „კორაქსესის“ დირექტორის წერილში აღნიშნულია, რომ მათ მიერ „შემუშავებულია კომპლექსური, წინასწარ გააზრებული და პერსპექტიული ბიზნესგეგმა, რომლის რეალიზების ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს კანონმდებლობაში 2018 წელს შეტანილი ცვლილებები. იმის გათვალისწინებით, რომ პროექტში უკვე ჩართულია რამდენიმე სუბიექტი, რომლებმაც ერთმანეთის წინაშე იკისრეს რიგი ვალდებულებები, დაუშვებელია პროექტის არსებულ ეტაპზე გაჩერება“.

წერილში მოყვანილია ბათუმის საკრებულოს დადგენილება, რომლითაც საზოგადოებრივ საქმიან ზონაში [სადაც მოდერნის სტილის სახლი დგას] მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალურ სიმაღლედ, ნაცვლად 15 მეტრისა, განისაზღვრა 12 მეტრით.

„მხარეები აღმოვჩნდით ფორსმაჟორულ მდგომარეობაში და შეუძლებელი გახადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“, – აღნიშნულია კომპანიის დირექტორის წერილში, რომელიც გამოსავალს სწორედ საზოგადოებრივი სკვერის ნაკლებ ფართობზე მოწყობაში ხედავს [2010 წლის ხელშეკრულებით, რომელშიც ცვლილება ადრეც შევიდა, 485 კვ/მ-ზე სკვერის მოწყობა 2017 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო.]

შპს „კორაქსესის“ მიერ აჭარის მთავრობაში გაგზავნილი წერილიდან

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიამ შეთანხმებას მიაღწია ლუქსემბურგის საინვესტიციო ფონდთან KINOR INVESTMENT-თან ერთობლივად, დღეის მდგომარეობით უკვე განხორციელდა 3,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, რის საფუძველზეც „კორაქსესს“ წარმოეშვა რიგი ვალდებულებები.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, „კორაქსესს“ გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სესხისა და წილის გირავნობის შესახებ შპს „სოდისთან“. სესხის თანხა 400 000 აშშ დოლარია. კრედიტორ შპს „სოდის“ დირექტორი „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანიაა. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი კი არის ფრანგული კომპანია GUIBOR-ი. „სოდი“ საქართველოში 2017 წლის ნოემბერშია დარეგისტრირებული.

„KINOR INVESTMENT-მა პრაქტიკულად მიაღწია შეთანხმებას საერთაშორისო დონის ფრანგულ სასტუმრო ოპერატორ კომპანია ACCOR Hotels Group-თან, რომელიც მზადაა იკისროს საინვესტიციო პროექტის ფარგლებში მოსაწყობი დელუქსკლასის სასტუმროს მართვაზე პასუხისმგებლობა“, – აღნიშნულია შპს „კორაქსესის“ მიერ აჭარის მთავრობაში გაგზავნილი წერილში.

კოსტავას ქუჩა 20ა. აქ შპს „კორაქსესი“ საზოგადოებრივი სკვერის მოწყობას არა 485 კვ/მ-ზე, არამედ, მხოლოდ 100-120 კვ/მ-ზე გეგმავს.

კოსტავას 20ა [სადაც სკვერი უნდა მოეწყოს] და გამსახურდიას 12, სადაც მოდერნის სტილის შენობა დგას
დაახლოებით ერთი თვის წინ აჭარის განათლების მინისტრს, ინგა შამილიშვილს საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირმა მიმართა წერილით,  გადაარჩინოს ავთენტურობის დაკარგვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩის #12-ში მდებარე მოდერნის სტილის შენობა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბათუმში, ზ. გამსახურდიას 12-ში მდებარე შენობაზე სახურავის ამაღლება მანსარდის მოსაწყობად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავთენტურობის დაკარგვის მიზეზი გახდება, რაც დაუშვებელია, რადგან შენობა მოდერნის სტილის საუკეთესო ნიმუშია საქართველოში და შედის საქართველოს მოდერნის მემკვიდრეობის კულტურულ მარშრუტში.

საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი მიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, როცა უკვე გაცემულია შენობაზე მანსარდის მოწყობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ, მხოლოდ განათლების მინისტრს, ინგა შამილიშვილს შეუძლია შეაჩეროს ეს პროცესი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გადაარჩინოს – მინისტრმა დაუყოვნებლივ გააუქმოს სანებართვო მოწმობა. 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დღეს, 25 მარტს, გვითხრეს, რომ ამ საკითხზე „ადმინისტრაციული წარმოების ვადა ჯერ დასრულებული არ არის და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც არ მიუღიათ“.

ხომ არ აპირებს კომპანია მანსარდის სანაცვლოდ ტერიტორიის ათვისებას კოსტავას 20ა-ში? – ამის შესახებ კონსტანტინე მხეიძეს ვკითხეთ. „ჯერ რაიმე გადაწყვეტილება ამ კუთხით მიღებული არ გვაქვს“, – გვითხრა შპს „კორაქსესის“ დირექტორმა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, რაიმე დოკუმენტი განსახილველად, კოსტავას 20-ში მშენებლობასთან დაკავშირებით, სააგენტოში არ შესულა.

ამ თემაზე:

მოდერნის სტილის შენობა გამსახურდიას ქუჩაზე – რას გადაწყვეტს აჭარის განათლების მინისტრი?

ექიმების აქცია ბათუმში: ნუ დაგვასახელებთ, ვიდრე არ დადგინდება ჩვენი ბრალეულობა

ამ წუთებში [18:00], ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, ქალაქში არსებული სხვადასხვა კლინიკის სამედიცინო პერსონალი იკრიბება. ზოგიერთი მათგანი შესულია „აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების“ შენობაში, მემედ აბაშიძის გამზირზე. შეკრებილები ამბობენ, რომ საერთო განცხადებას მოთათბირების შემდეგ გააკეთებენ.

ექიმების თქმით, ისინი საკუთარი უფლებების დასაცავად გამოვიდნენ. მათი მოთხოვნაა, რომ ვიდრე სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო არ დაადგენს ამა თუ იმ ექიმის ბრალეულობას, მანამ არ გავრცელდეს იმ ექიმის ვინაობა, ვის მიმართაც პაციენტს ან მათ ახლობლებს აქვთ პრეტენზია.

21 მარტს 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით დაიღუპა, ქალის ახლობლებმა საპროტესტო აქციები გამართეს და იმ ექიმის გათავისუფლებას ითხოვდნენ სამსახურიდან, ვინც მელანო ფუტკარაძეს დიაგნოზი დაუსვა. გარდაცვლილის ახლობლებმა ქუჩა გადაკეტეს. საბოლოოდ, ექიმმა იმავე დღეს პირადი განცხადების საფუძველზე შეიჩერა უფლებამოსილება.

დღეს საკუთარი უფლებების დასაცავად ქუჩაში გამოსული ექიმები აცხადებენ, რომ მელანო ფუტკარაძის შემთხვევა არ იყო ერთადერთი, როდესაც, ამ კუთხით, ექიმების უფლებები შეილახა.

ექიმების აქცია

ამავე თემაზე:

ბათუმელი ექიმები: არავის მივცემთ უფლებას, ექიმს სახელი გაუტეხოს დაუმსახურებლად

 

მოქალაქე: ბავშვის კვების ვაუჩერისთვის მოვედი და განცხადებას ვერ ვტოვებ

„ვაუჩერის მისაღებად მოვედი და განცხადებას ვერ ვტოვებ. გაიფიცნენო,“- გვითხრა მოქალაქე ვეფხვია ბერიძემ ბათუმელი სოცმუშაკების სამუშაო ოთახთან. ასეთი რეალობა დაგვხვდა სოცსააგენტოს ბათუმის ორგანიზაციაში. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით კი, სოციალური მუშაკების გაფიცვის მიუხედავად, სოციალურად დაუცველები სახელმწიფოსგან სერვისებს შეუფერხებლად იღებენ.

სოცმუშაკების უმრავლესობა ქვეყნის მასშტაბით დღეს, 25 მარტს, გაიფიცა. ბათუმის ორგანიზაციის ყველა სოციალური მუშაკიც დილიდან საპროტესტო აქციაზეა „ვარდების სკვერში“.

სოცმუშაკების ფუნქციას სააგენტოს სხვა თანამშრომლები რომ შეასრულებდნენ, ეს გუშინ თემურ ქარცივაძემაც გვითხრა, სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა. თუმცა გაფიცვის პირველ დღეს სოციალურ სამსახურში მხოლოდ ერთი პიროვნება დაგვხვდა, რომელმაც გასაუბრებაზე უარი გვითხრა. მან მხოლოდ მოქალაქეს მიმართა, რომ სოცმუშაკებს უნდა დაელოდოს, რომლებიც გაფიცულები არიან და კარი დახურა.

ვეფხვია ბერიძე ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. მას მეხუთე შვილი გუშინ შეეძინა და კვების ვაუჩერის მისაღებად განცხადების შევსება სურდა.

„წინა ოთხ ბავშვზე დამინიშნეს დახმარება, აგვიანდებოდა ვაუჩერს მოსვლა, მაგრამ ვიღებდი საბოლოოდ… ესენი ყველას კარგად ემსახურებოდნენ. საჭირო იყო ალბათ და გაიფიცნენ. მე ამ გოგოების მჯერა,“ – გვითხრა ვეფხვია ბერიძემ.

სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის კვების ვაუჩერის დანიშვნა ერთ-ერთი საკითხია, რომლის მოგვარებასაც სოცმუშაკები სისტემური ცვლილების ფარგლებში ითხოვენ. სოცმუშაკების თქმით, ვაუჩერს ხანდახან 5-6 თვეს ელიან მშობლები, ხოლო პროგრამას „კრიზისული ოჯახების დახმარება“ ჰქვია.

„განცხადებებს იტოვებს თანამშრომელი… მინისტრის ბრძანების მიხედვით, ასევე გამოიყოფიან პირები, რომლებიც გადაუდებელ სიტუაციაში იმუშავებენ,“ – განმარტავს რუსუდან სალუქვაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილე.

რუსუდან სალუქვაძე გაფიცვაზე გასული სოცმუშაკების მოთხოვნებს ეთანხმება, თუმცა არ იზიარებს ფორმას. „მოთხოვნები მისაღებია, მაგრამ არ ვიზიარებ გაფიცვის ფორმას… ნამდვილად ძალიან მძიმე შემთხვევები შემოდის და თავდაუზოგავად მუშაობენ ჩვენი სოცმუშაკები,“ – დასძინა მან.

რა მოხდა 22 წლის წინ ბათუმში „აუტსაიდერის” პირველ კონცერტზე [ფოტო]

მუსიკათმცოდნე ლაშა გაბუნია 1997 წელს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. კადრებზე  ჯგუფ „აუტსაიდერის“ პირველი კონცერტია ასახული ბათუმში. ფოტოების ავტორი ზურა ზენაიშვილია, კადრების ელექტრონული ვერსია ცოტა ხნის წინ ლაშა გაბუნიამ შექმნა და სოციალურ ქსელში გაავრცელა. „აუტსაიდერის“პირველ კონცერტზე ბათუმში უამრავი მსმენელი მოვიდა, სამი სიმღერის შესრულების შემდეგ ჯგუფს პოლიციამ დაშლისკენ მოუწოდა და აპარატურა აალაგებინა. ჯგუფმა მეორე დღეს ქალაქი დატოვა. კადრებზე 1997 წელია.

ბათუმში „აუტსაიდერის“ პირველი კონცერტის ორგანიზატორი, ხვიჩა დოღონაძე, ხუთი აგვისტოს კონცერტს იხსენებს.

„1996 წელს თბილისში როკფესტივალი „მარგარიტა“ ჩატარდა, „აუტსაიდერი“ ამ კონცერტზე საუკეთესო ალტერნატიულ ჯგუფად აღიარეს საქართველოში. ასე გაიცნო საქართველომ რობი კუხიანიძე. იმ დროს აჭარაში ჩამოსასვლელად ჩოლოქის საზღვარი უნდა გადმოგელახა.

ლაივკონცერტები ბათუმში არ ტარდებოდა. აჭარის მაშინდელ კულტურის მინისტრს ქუთაისიდან წერილი ჩავუტანე და ვთხოვე, ბათუმის საზაფხულო თეატრი დაეთმო ერთი დღით ,,აუტსაიდერისთვის“ კონცერტის ჩასატარებლად. დაგვთანხმდნენ, მაგრამ ზუსტად იმ პერიოდში  აბრამ ბაზელი ჩამოვიდა ბათუმში და მას დაუთმეს თეატრის სცენა. ჩვენ დაგვირეკეს და ბოდიში მოგვიხადეს“.

აპარატურისთვის სასტუმრო „ინტურისტის“ მაშინდელ მენეჯერს მიაკითხეს, რომელიც ირაკლი ჩარკვიანის მეგობარი და ,,აუტსაიდერის“ მსმენელი აღმოჩნდა.

5 აგვისტოს კონცერტი მაინც ჩატარდა, თუმცა ღია ცისქვეშ, ბულვარის კოლონადებთან. კონცერტზე ბევრი ხალხი მივიდა, აშკარა იყო, რომ 1996 წლის როკფესტივალის „მარგარიტას“ შემდეგ „აუტსაიდერს“ ბევრი მსმენელი გაუჩნდა.

ჯგუფმა კონცერტზე სულ სამი სიმღერა შეასრულა. დასრულებულიც კი არ ჰქონდა რობი კუხიანიძეს სიმღერა – „თქვენს ქალაქში ბნელა“ და შუქიც ჩაქრა.

„პოლიცია მოვიდა და გვითხრა, რომ დროზე დავშლილიყავით. მოგვიწოდეს, რომ თუ ყველაფრის მშვიდობით დასრულება გვინდოდა, აპარატურა უნდა აგველაგებინა და ქალაქი დაგვეტოვებინა. მეორე დილით ქალაქი დავტოვეთ“, – იხსენებს კონცერტის ორგანიზატორი.

მოქალაქემ ჯერ ბიზნესპარტნიორი დაჭრა, შემდეგ კი პოლიციის შენობაში მუცლის არეში ჭრილობა მიიყენა

მოქალაქემ ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილებაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ჭრილობა მუცლის არეში მიიყენა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე მოქალაქემ თავისი ბიზნესპარტნიორი დაჭრა.

ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 50 წლამდე კაცი კუჭის არეში იყო დაჭრილი და იგი რეფერალურ ჰისპიტალში გადაიყვანეს. სასწრაფო სამსახურის ბრიგადამ კლინიკაში ის კაცი გადაიყვანა, ვინც ცეცხლსასროლი იარაღით თავი დაიჭრა. მეორე დაჭრილის შესახებ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში ინფორმაცია არ აქვთ.

ამ შემთხვევაზე გამოძიება რამდენიმე მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის შენობასთან გარეთ მომხდარ შემთხვევას იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის შესაბამისად, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

პროკურატურა კი პოლიციის განყოფილების შენობის შიგნით მომხდარ შემთხვევას იძიებს 115-ე [თვითმკვლელობამდე მიყვანა] და 236-ე [ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარება] მუხლების შესაბამისად.

 

საქართველო ევროკავშირის შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემის წევრია

საქართველოს საზღვაო სექტორმა გაიარა უმკაცრესი ერთწლიანი მონიტორინგი და წარმატებით გადალახა გაწევრიანების ყველა ეტაპი საზღვაო ტრანსპორტის დარგში არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს მიერთებას ევროკავშირის ქვეყნების შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემასთან (LRIT CDC).

ასეთი ტიპის ინტეგრაცია ევროპულ სერვისებში, ერთ-ერთი პირველია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიაში. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის პირველი არაწევრი ქვეყანაა, რომელიც ამ სისტემის ნაწილი გახდა.

ამ სისტემაში ჩართვით საქართველო თავისუფლად განახორციელებს მსოფლიო საზღვაო სივრცეში ინტეგრაციას და გახდება ძალიან პრესტიჟული ევროპული სტრუქტურის წევრი ქვეყანა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება საქართველოს საზღვაო დროშის იმიჯზე. მნიშვნელოვნად იზრდება ჩვენი შესაძლებლობები საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ზღვაზე ძებნა-გადარჩენის და ზღვის გარემოს დაცვის თვალსაზრისით. შესაბამისად ამ სისტემაში გაწევრიანება წარმოადგენს მეკობრეობასთან ბრძოლისა და ჩვენი მეზღვაურების დაცვის ქმედით საშუალებას.

 საქართველოს გაუჩნდება შესაძლებლობა:

[checklist]

  • ყოველ 6 საათში ავტომატურ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია მისი დროშის ქვეშ მცურავი გემების შესახებ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან;
  • მოთხოვნის შესაბამისად მიიღოს ინფორმაცია ევროკავშირის წყლებში მცურავ ნებისმიერ გემზე, რომელიც გაივლის ჩვენი საზღვრებიდან 1000 საზღვაო მილის ფარგლებში;
  • ევროკავშირის LRIT სისტემაში ჩართვით ხელი მიგვიწვდება მსოფლიო მასშტაბის საერთაშორისო ქსელთან (LRIT) და მის წევრ სახელმწიფოებთან ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობით კუთხით.

[/checklist]

LRIT EC სისტემასთან მიერთება კიდევ ერთი, ძალიან დიდი, წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე.

ინფორმაციისათვის: ევროკავშირმა 2007 წელს მოახდინა ამ სისტემის კომპლემენტაცია და შეიქმნა ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავი გემების შორ მანძილზე იდენტიფიკაციისა და მონიტორინგის სისტემა, რომლის ტექნიკურ განვითარებაზე, ექსპლოატაციასა და ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელია ევროკავშირის საზღვაო უსაფრთხოების კომისია (EMSA). ევროკავშირის ქვეყნების შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემა დღესდღეობით მსოფლიოს გლობალურ LRIT სისტემაში ჩართული ყველაზე თანამედროვე და მსხვილი მონაცემთა მართვის ცენტრია, რომელიც დღის განმავლობაში 8000 გემს უწევს მონიტორინგს.

მაჭახლის ხეობაში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს – პროტესტი ჰესის წინააღმდეგ

სოფელ ქედქედის [მაჭახლის ხეობა] მოსახლეობ მაჭახლის ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებს.

„ბათუმელები“ სოფლის ერთ-ერთ მცხოვრებს, ნუგზარ მსხალაძეს ესაუბრა. „ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ხეობაში ჰესის მშენებლობას და არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. დღეს კომპანიის წარმომადგენლებმა ისევ განაახლეს სამუშაოები. ტოპოგრაფიის დასრულება უნდათ. ცოტა ხნის წინ ეს ხალხი ხეობიდან გავაძევეთ და ახლა ისევ მოვიდნენ“, – გვეუბნება ის.

ნუგზარ მსხალაძე ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობა არ დაუშვებს ჰესის მშენებლობას ამ ხეობაში, რადგან ხეობა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დადგება. „პატარა მდინარე მოდის და ესეც მოკვდება, კალმახებია მდინარეში და ისინიც აღარ იქნებიან, ეკოლოგიური მდგომარეობა შეიცვლება.“.

მაჭახლის ხეობაში ტოპოგრაფიულ სამუშაოებს „ბიჯი თრეიდი“ ახორციელებს, სოფლის მაცხოვრებლები ამ სამუშაოების ჩატარებას ეწინააღმდეგებიან. სოფლის მოსახლეობამ არც დღეს მისცა მათ სამუშაოების ჩატარების საშუალება, რის გამოც მათ საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

მაჭახელას ხეობაში მოსახლეობის საპროტესტო აქცია პერმანენტულად იმართება, ბოლო აქციაზე, რომელიც 20 თებერვალს გაიმართა, აქციის მონაწილეებმა მაჭახელას თოფის მონუმენტთან ასფალტი წითლად შეღებეს და STOP დააწერეს.

მოსახლეობამ მაჭახლის ხეობაში საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ისინი ხეობაში ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.
ფოტო: ბექა მსხალაძის

ქალის როლის გაძლიერება საზღვაო სფეროში – წლის მთავარი გზავნილი

ბუსს „ანრი“ საერთაშორისო საზღვაო კამპანიას უერთდება

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებმა 2019 წელი საზღვაო სფეროში ქალის როლის გაძლიერების წლად გამოაცხადეს. ქართული ზღვაოსნობის ისტორია 4 შტურმან ქალს იცნობს.

1936 წელს ბათუმის საზღვაო ტექნიკუმში შტურმანის სპეციალობაზე 4 გოგონა ჩაირიცხა-ნინო კალანდაძე, იულია ფაილოძე, შუშანა თუმანიშვილი და ვაიდე გვარიშვილი. აქედან იწყება ქართული ნაოსნობის ისტორიაში ქალის მონაწილეობა.

შუშანა თუმანიშვილი
შუშანა თუმანიშვილი
ვაიდე გვარიშვილი
ვაიდე გვარიშვილი

იულია და ნინო შორეული აღმოსავლეთის სანაოსნოში დასაქმდნენ. ვაიდე გვარიშვილი და შუშანა თუმანიშვილი კასპიის ზღვაში გაანაწილეს.

იულია ფაილოძე
იულია ფაილოძე

1942 წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ პორტში ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ იულია ფაილოძე და ნინო კალანდაძე. ქალი შტურმანების დანახვამ ისე აღაფრთოვანა ამერიკელი ჟურნალისტები, რომ გაზეთებმა მეორე დღესვე დაბეჭდეს ქართველი მეზღვაური ქალების სურათები.

ნინო კალანდაძე ბარენცის ზღვაში გერმანელების საჰაერო შტურმის დროს დაიღუპა. იულია ფაილოძემ კი ომი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ უდიდეს გემ „ვოიკოზე“ კაპიტნის მეორე თანაშემწის რანგში დაასრულა. დღემდე ეს არის უდიდესი თანამდებობა, რომელიც ქართველ მეზღვაურ ქალს ეკავა.

ნინო კალანდაძე
ნინო კალანდაძე

„ჩემი კაპიტნობის პერიოდში ორი გამოჩენილი კაპიტანი ქალი ცურავდა – ანა შეტენინა და ირინა საბიროვა. ქართველი ქალები იმ ოპერიოდში ნაკლებად ინტერესდებოდნენ საზღვაო ოფიცრობით. მაშინ ხმელეთზე უფრო კარგი ცხოვრება იყო, ვიდრე ზღვაში,“-იხსენებს შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის დამაარსებელი ანზორ დიასამიძე. „თუმცა, საზღვაო სფეროში ყოველთვის იყვნენ ქალები. ერთ გემზე მინიმუმ 2 ქალი მუშაობა. ამდენად, საქართველოს სანაოსნოს გემებზე ერთდროულად 100-150 ქალი მუშაობდა. საზღვაო სფერო მარტო მცურავი ობიექტებით არ შემოიფარგლება. ქალები იყვნენ დასაქმებული პორტებში, ტვირთების გადაზიდვების მართვაში,საზღვაო  სასწავლო დაწესებულებებში… წლების განმავლობაში ქალი ხელმძღვანელობდა რადიოსადგურს… ასე, რომ ქალის როლი საზღვაო საქმეში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და მე ამ როლის გაძლიერების მომხრე ვარ. მით უმეტეს, დღეს, როცა ზღვა გაცილებით უკეთეს პირობებს გვთავაზობს, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს“.

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი იყო პირველი, სადაც გემწამყვანის სპეციალობაზე ქალმა ჩააბარა. ხატია მენაბდემ და თებრონე აბულაძემ 2012 წელს აირჩიეს გემწამყვანის სპეციალობა. ხატია მენაბდემ ოჯახი შექმნა და ჯერ პატარას ზრდის, თუმცა „ანრიმ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხატია საზღვაო სფეროში დარჩენილიყო და სასწავლებლის ადმინისტრაციაში დაასაქმა.

ხატია მენაბდე
ხატია მენაბდე

სამი წლის წინ კი, ამავე სასწავლებლის პროფესიული განათლების კურსი – საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია (მატროსი)- დაასრულა მარიამ მიქელაძემ. იგი ახლა საბუთებს ამზადებს და მალე გემზე პირველ კონტრაქტს გააფორმებს.

მარიამ მიქელაძე
მარიამ მიქელაძე

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი მხარს უჭერს საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივას საზღვაო საქმეში 2019 წლის  ქალის როლის გაზრდის შესახებ და იწყებს აქციას, საზღვაო სფეროს წარმატებული ქალები გააცნოს ფართო აუდიტორიას.

 

„მეტროს“ შესაძლოა კურორტ გოდერძიზე ხელშეკრულება შეუწყვიტონ

„მეტრო ატლას ჯორჯიას“ მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებაზე ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული. კომპანია ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ „გოდერძიზე“ სასტუმროს აშენებს. კურორტზე მიწის ნაკვეთი კომპანიას, პირდაპირი წესით, 2016 წელს გადაეცა.

„მეტრო ატლას ჯორჯიას“ გეგმა-გრაფიკის მიხედვით აღებული გარკვეული შუალედური ვალდებულებები არ აქვს შესრულებული. ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაწყებულია სწორედ ამ გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო. კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს, შეიძლება არა. ახლა ჩვენ ველოდებით აჭარის მთავრობის მიერ იმ წესის მიღებას, რომლის მიხედვითაც, თუ კომპანია ერთი თვის ვადაში წარმოადგენს საბანკო გარანტიას, მიეცემა დამატებითი ვადები,“ – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

ადმინისტრაციული წარმოება, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, 2019 წლის 30 იანვარს დაიწყო.

„მეტრო ატლას ჯორჯიას“ მშენებარე სასტუმრო კურორტ გოდერძიზე / 20.02.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

„მეტრო ატლას ჯორჯიამ“, 2016 წლის აგვისტოში კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ნაკვეთი პირდაპირი წესით გადასცეს. 2017 წლის აგვისტოში ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანეს და კომპანიას პირობები დაუზუსტეს. დაზუსტებული პირობების მიხედვით, კომპანიამ კურორტზე  მიწის სამი ნაკვეთი შეისყიდა, მათ შორის ორი ნაკვეთი ჯამში 6172 კვადრატული მეტრი აჭარის მთავრობამ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა, ხოლო 4825 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კომპანიას კურორტზე 77 200 ლარად მიჰყიდეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „მეტრო ატლას ჯორჯიამ“ აიღო ვალდებულება 2017 წლის 11 აგვისტოდან ოცი თვის ვადაში [ანუ 2019 წლის ივნისამდე] უზრუნველყოს არანაკლებ 120-ნომრიანი სასტუმროს, კვების ობიექტებისა და 40 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგის ადგილის მშენებლობა. ამ ყველაფერში კომპანიამ 12 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. კომპანიამ ასევე აიღო ამ პროექტში 60 მოქალაქის დასაქმების ვალდებულება [მათი 90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს].

ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო კომპანია ყოველ გადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 5 პროცენტით დაჯარიმდება.

რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, დღეს კურორტ გოდერძიზე, ჯამში, 10 997 კვ/მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე სააქციო საზოგადოება „მეტრო გოდერძია“. ამ სააქციო საზოგადოების აქციათა 100 პროცენტს კი „მეტრო ატლას ჯორჯია“ ფლობს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2019 წლის 20 მარტის მდგომარეობით, ადმინისტრაციული წარმოება ხელშეკრულების გაუქმებაზე დაწყებულია 18 იურიდიულ და ფიზიკურ პირთან მიმართებაში [მათ შორის „მეტრო ატლას ჯორჯიასთან“].

„წესი, რომელიც აჭარის მთავრობამ უნდა მიიღოს, საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ხელშესაწყობად იქნება მიღებული. აქ გაწერილია, რომ ვისაც შეუსრულებელი ვალდებულებები აქვს სამინისტროს წინაშე, ყველას მიეცემა შანსი ერთი თვის ვადაში საბანკო გარანტიის წარმოსადგენად. ამ გარანტიის საფუძველზე კი მათ, ვალდებულებების შესასრულებლად, დამატებით ვადებს მივცემთ“, – აცხადებენ სამინისტროში.

2018 წლის სექტემბერში აჭარის მთავრობამ მიიღო განკარგულება [„საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“], რომლის მიხედვითაც ინვესტორს, რომელიც მთავრობას ნაკისრი ვალდებულებების გადავადებას სთხოვდა, უნდა წარედგინა საბანკო გარანტია იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად აქვს მას ფინანსური რესურსი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ბოლომდე მისაყვანად.

აღნიშნული განკარგულება 2019 წლის პირველ იანვრამდე მოქმედებდა. აჭარის მთავრობა ამჯერადაც ანალოგიური წესის მიღებას გეგმავს.

მთავარი ფოტო: „მეტრო ატლას ჯორჯიას“ მშენებარე სასტუმრო კურორტ გოდერძიზე / 20.02.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

ამ თემაზე:

აჭარაში ინვესტორებს ორ წელში 20 მილიონი ლარის და 2 მილიონი დოლარის ჯარიმა აპატიეს

 

 

აუდიტი: უფასო ფაკულტეტების დაფინანსება შრომის ბაზრის საჭიროებებთან თანხვედრაში არ არის

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმაღლესი განათლების პროგრამებისა და შრომის ბაზრის თავსებადობის ეფექტიანობის კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტებად გამოცხადებული მიმართულებების დაფინანსება არ არის თანხვედრაში შრომის ბაზრის საჭიროებებთან.

დასკვნის მიხედვით, პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებისას, განათლების სამინისტროს შესაფერისი კვლევები არ ჩაუტარებია. „შესაბამისად, არ არის გამოკვლეული შერჩეული მიმართულებების თავსებადობა ქვეყნის საჭიროებებთან“, – წერია აუდიტის დასკვნაში.

ანალიზის მიხედვით, არის შემთხვევები, როცა პრიორიტეტულ სასწავლო პროგრამებად ისეთი მიმართულებებია აღიარებული, რომლებიც ისედაც გამოირჩევა სტუდენტების მაღალი რიცხოვნობით, ხოლო ისეთი დარგები, რომლებიც ქვეყნისთვის გამოწვევაა და სტუდენტების დაბალი რიცხოვნობით გამოირჩევა, არ მიიჩნევა პრიორიტეტად.

მაგალითად, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ლიმიტების მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსებით პირველ ადგილზე [698] ეკონომიკის მიმართულებაა; 633 ადგილით – ქართული ენა და ლიტერატურა, 615-ით – მშენებლობა, 445 ადგილი შეხვდა დაწყებით განათლებას, 417 ადგილი – ისტორიას.

ხოლო მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და აგრონომია, რომლებიც გამოწვეაა ქვეყნისთვის, შედარებით ნაკლებად არის მხარდაჭერილი – დაბალია ლიმიტები.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული შრომის ბაზრის ტენდენციები და ყველაზე დეფიციტური პროფესიები იკავებს ბოლო ადგილს, ხოლო ეკონომიკა, სადაც ისედაც ბევრი სტუდენტია, პრიორიტეტების შკალის პირველ ადგილზეა დასახელებული.

სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ლიმიტი სპეციალობების მიხედვით

სახელმწიფო აუდიტი მიიჩნევს, რომ პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევისა და მისაღები სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის პროცესში სამინისტრო და უმაღლესი დაწესებულებები არ ითვალისწინებენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს – „ეს ქმნის სტრუქტურული უმუშევრობის გაზრდის რისკებს“.

2018 წლის ივლისის მდგომარეობით,  პრიორიტეტული მიმართულებების კურსდამთავრებულთა მხოლოდ 41 პროცენტია დასაქმებული, მათ შორის საკუთარი პროფესიით – მხოლოდ ნახევარი.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ თითოეული მიმართულების მიხედვით არ არის შეფასებული შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების ხარისხის მქონე სპეციალისტების საჭიროება, რაც გამოწვეულია სამინისტროებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის არასაკმარისი კოორდინაციით. „შედეგად, არ არის გამოკვლეული რამდენად თანხვედრაშია დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა რეალურ საჭიროებებთან“, – ნათქვამია დასკვნაში.

კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი სპეციალობების მიხედვით.

სახელმწიფო ფინანსების არაპროდუქტიულ ხარჯვა

დაფინანსების მოდელი დაფუძნებულია მხოლოდ ერთ კრიტერიუმზე – სტუდენტების რაოდენობაზე, განსხვავებით საერთაშორისო პრაქტიკისგან, რომელიც ითვალისწინებს ხარისხობრივ ინდიკატორებსაც. აუდიტის ანალიზის მიხედვით, 2013-2017 წლებში პრიორიტეტული მიმართულებების დასაფინანსებლად გათვალისწინებული იყო დაფინანსების ორმაგი წყარო. პროგრამული დაფინანსება განსაზღვრული იყო  129 534 325 ლარით, სახელმწიფო სასწავლო გრანტი კი – 15 960 438 ლარით.

„აღნიშნულმა მოდელმა 23 პროცენტით გააძვირა ხარჯი ერთეულთან მიმართებაში, რაც მიუთითებს მოდელის არაპროდუქტიულობაზე“, – წერს აუდიტის სამსახური.

ამავე დასკვნის მიხედვით, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების მობილობა, ბოლო წლების მიხედვით, საშუალოდ 11 პროცენტია, საიდანაც სტუდენტთა უმრავლესობა გადადის ისეთ პროგრამებზე, სადაც მაღალია სტუდენტების რიცხოვნობა.

ასევე 2013 წელს ჩარიცხული სტუდენტების მხოლოდ 53-მა  პროცენტმა დაასრულა სწავლა შესაბამის ვადაში. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას, პრიორიტეტულ სასწავლო პროგრამებს აბიტურიენტები საშუალოდ მე-11 რიგის პრიორიტეტად ირჩევენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მიმართულებები მაინც ვერ გახდა პოპულარული. შესაბამისად, ამ მიმართულებებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებაც ყოველწლიურად მცირდება. „რაც მიუთითებს  არჩეული პრიორიტეტების ეფექტიანობის დაბალ მაჩვენებელზე“, – წერია დასკვნაში.

აუდიტის ანალიზი აჩვენებს, რომ განათლების სამინისტროს და უნივერსიტეტებს არ შეუფასებიათ პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები. „შესაბამისად, არ ხდებოდა ამ მიმართულებების კორექტირება არსებული გამოწვევების გათვალისწინებით“.

2013-2017 სასწავლო წლებში უმაღლეს საგანმანათლებლო პრიორიტეტულ პროგრამებზე გახარჯულია 145 494 763 ლარი, სადაც პროგრამულ დაფინანსებაზე გაწეული ხარჯი 129 534 325 ლარია, ხოლო სახელმწიფო სასწავლო გრანტის წილი არის 15 960 438 ლარი.

2013-2017 წლებში პრიორიტეტული პროგრამების დაფინანსება 2017 წლამდე პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსების ოდენობის კალკულაცია ხდებოდა შემდეგი პრინციპით: თითოეული პრიორიტეტული პროგრამის მიხედვით წლიური დაფინანსების ოდენობა შეადგენდა 33 750 ლარს, რომელიც უნივერსიტეტს ერიცხებოდა 1-დან 15-ის ჩათვლით ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის მიხედვით, ხოლო 15 სტუდენტის შემდგომ, ჩარიცხულ ყოველ ექვს სტუდენტამდე, პროგრამული დაფინანსების ფარგლებში, ყოველწლიურად გაიცემოდა 11 250 ლარი.

როგორია სახელმწიფო დაფინანსების საერთაშორისო პრაქტიკა

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ევროპული სახელმწიფოების გამოცდილება აჩვენებს, რომ განათლების დაფინანსების დროს ისინი სულ უფრო ხშირად იყენებენ ხარისხობრივ ინდიკატორებს. მაგალითად, მინიჭებული ხარისხის (გაცემული დიპლომების) რაოდენობა გვხდება შემდეგ ქვეყნებში: ბელგია, ჩეხეთი, ფინეთი, ჰოლანდია, პორტუგალია და ესპანეთის ზოგიერთი რეგიონი.

სტუდენტების მიერ დაგროვებული კრედიტების რაოდენობა და სწავლის საშუალო ხანგრძლივობა გამოყენებულია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ბელგია, ესპანეთის ზოგიერთი რეგიონი, შვედეთი, შვეიცარია. სამხრეთ კორეა, გარდა ზემოხსენებული ფაქტორებისა, ახორციელებს უნივერსიტეტების ინოვაციური მცდელობების შეფასებას. ავსტრალიაში გათვალისწინებულია სტუდენტების კმაყოფილების კვლევა, სტუდენტების პროგრესი და დასაქმების მაჩვენებლები. იაპონია სახელმწიფო უნივერსიტეტებზე დაფინანსების გასაცემად იყენებს შეფასების კომისიის მიერ გაკეთებულ ხარისხის შეფასების დასკვნას.

„ჰოლანდიის მაგალითი იმ სისტემის კარგი ილუსტრაციაა, რომელიც იყენებს როგორც გამოყენებული რესურსების (input), ასევე მიღწეული შედეგების (output) საზომებს“, – წერს აუდიტი.

ევროპულ ქვეყნებში განათლების დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია განსახორციელებელ აქტივობებზე, რაც უნივერსიტეტის მიხედვით ინდივიდუალურად თანხმდება სამინისტროსთან.

„დაფინანსების დროს ითვალისწინებენ ისეთ ინდიკატორებს, როგორებიცაა: სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, წარმატებული სტუდენტების მაჩვენებლის გაზრდა, ინსტიტუციური პროფილის შექმნა და საგანმანათლებლო პროგრამების მრავალფეროვნების გაზრდა. თითოეული უნივერსიტეტი ხელშეკრულებაში მიუთითებს, როგორ აპირებს მოცემული მაჩვენებლების გაუმჯობესებას“.

2013 წელს დადგინდა 7 პრიორიტეტული მიმართულება, სადაც ერთიანდებოდა 16 სასწავლო პროგრამა, ხოლო 2018 წლის მონაცემებით, იმავე 7 მიმართულების მიხედვით – 52 სასწავლო პროგრამა.

აუდიტის ანალიზის მიხედვით, პრიორიტეტული მიმართულებიდან ერთ-ერთია განათლების  მეცნიერებები. ინკლუზიური განათლების სასწავლო პროგრამაზე ირიცხებოდა 50 სტუდენტი, რაც განათლების მიმართულების სხვა პროგრამებთან შედარებით საშუალოზე დაბალი მაჩვენებელია. „მიუხედავად ამისა, ინკლუზიური განათლების პროგრამა არ ხვდება პრიორიტეტული სასწავლო პროგრამების ჩამონათვალში, ხოლო ამავე პერიოდში განათლების მიმართულებით პრიორიტეტად მიჩნეულია ისეთი პროგრამა, როგორიცაა, მაგალითად დაწყებითი განათლება, სადაც 2012 წელს 290 სტუდენტია ჩარიცხული“.

 აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები სახელმწიფოს:

  1. აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებები თანხვედრაში უნდა იყოს ქვეყნის საჭიროებებთან და არსებულ გამოწვევებთან, მათი აქტუალობა კი ყოველწლიურად უნდა შეფასდეს.
  2. ქვეყნის საჭიროებებთან შეუსაბამო გადაწყვეტილების რისკის თავიდან ასაცილებლად საჭიროა განათლების სამინისტრომ შეიმუშაოს მექანიზმი, რომლის მიხედვით უმაღლესი სასწავლებლები დასაბუთებული საფუძვლით შეძლებენ პრიორიტეტული პროგრამების შერჩევას.
  3. უმუშევრობის რისკების შესამცირებლად კი საჭიროა გაიზარდოს კოორდინაცია სამინისტროსა და დამსაქმებლებს შორის, შეფასდეს შრომის ბაზრისა და უნივერსიტეტებს შორის ურთიერთკავშირი ხარისხობრივი ინდიკატორების გათვალისწინებით. განისაზღვროს დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა.

სოცმუშაკი ხელვაჩაურიდან: 623 ლარიდან ნახევარი საწვავში მეხარჯება

„ჩემი ხელფასიდან ნახევარი საწვავში მეხარჯება, ხელფასი კი 623 ლარია,“ – გვიყვება სოციალური მუშაკი, მალვინა ზაქარაძე. იგი უკვე 10 წელია სოციალური დაცვის სააგენტოს ხელვაჩაურის განყოფილებაში მუშაობს. მალვინა დღეს, 25 მარტს, სოციალური მუშაკების საერთო გაფიცვას შეუერთდა.

სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, ასევე კონკრეტული სერვისების შექმნას სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის. ხელვაჩაურში მომუშავე მალვინა ზაქარაძეს ვთხოვეთ მოეყოლა, რა სირთულეს აწყდება სოცმუშაკი, როცა მას დღის განმავლობაში რამდენიმე სოფელში უწევს მისვლა.

„მთავარი სირთულე გადაადგილებაა, – გვიყვება მალვინა ზაქარაძე. – თავიდან მარშუტკით დავდიოდი, მაგრამ ინტერვიუს აღებას დაახლოებით ერთი საათი მაინც სჭირდება, ამდენ ხანს მარშუტკა ხომ ვერ დაგელოდება? მერე სხვაგან გაგვიანდება. ამიტომ ახლა საკუთარი ავტომანქანით დავდივარ სოფლებში, ხელფასის ნახევარს საწვავში ვხარჯავ და ნახევარი ხელფასი მიმაქვს ოჯახში, რა ვქნა?

ტრანსპორტი მხოლოდ მაშინ გვემსახურება, თუ ღამით პოლიციაში არასრულწლოვანია დასაკითხი. ამ დროს პოლიცია მანქანით მაკითხავს… შაბათ-კვირასაც გვიწევს მუშაობა. ესეც ჩვეულებრივი ამბავია უკვე ჩვენთვის.

აქამდე სულ ორი სოცმუშაკი ვიყავით. ერთი დეკრეტულში გავიდა და დროებით აიყვანეს მეორე. მას შემდეგ, რაც პეტიციას მოვაწერეთ ხელი, ერთი შტატი დაუშვეს. დაახლოებით 100 საქმე მაქვს თვეში… ფერიის ბავშვთა სახლიც ჩვენს ტერიტორიაზეა და ჩვენ ვართ მათი კანონიერი წარმომადგენელი, როცა სადმე წასვლა სჭირდებათ ან პროფესიულში სწავლის გაგრძელება.

ჩვენ ვერ ვასრულებთ ჩვენს სამუშაოს, ვერ ვეხმარებით… მაგალითად, ღარიბ ოჯახს, რომელსაც კვების ვაუჩერი სჭირდებოდა, ოქტომბერში შევუვსე განაცხადი და დღემდე არაა პასუხი. ოთხი არასრულწლოვანია იქ… კრიზისული და გადაუდებელი დახმარების პროგრამა ჰქვია ამას. თუ ჩამოვა დახმარება, ჩამოდის 5 და 6 თვის შემდეგ, მანამდე რა ქნას მშობელმა?

მერე ჩვენ გვსაყვედურობენ… ჰგონიათ, რომ ყველაფერს ჩვენ ვწყვეტთ.

ბოლოს 12 წლის ბავშვთან ვიყავი, რთული ქცევის ბავშვია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლიც გახდა… გვინდოდა გადაგვეყვანა კოჯრის ბავშვთა სახლში, მაგრამ იქ ადგილი არ არის. მიმღებმა ოჯახებმა უარი მითხრეს, რადგან აგრესიული ბავშვია, თანატოლებს ერჩის. ბოლოს, ერთი მიმღები ოჯახი შევარჩიეთ და ახლა დროებით იქ არის, არ ვიცი, როდემდე…

მე ვითხოვ, ბენეფიციარებისთვის მოქნილ სისტემას. მჯერა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია. შეუძლებელს არაფერს ვითხოვთ. პირიქით, ეს საჭიროა და გადაუდებელი. “

სოცმუშაკების საპროტესტო აქცია ბათუმში, ვარდების სკვერში გრძელდება. გაფიცვა სოცმუშაკებმა ერთდროულად დღეს ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში დაიწყეს.

„დაშინების გამო ყველა ვერ მოვედით“ – სოცმუშაკებმა გაფიცვა დაიწყეს

Exit mobile version