სუპერმარკეტი „ბონუსი“ ხალხის სამსახურში – ვინარჩუნებთ მაქსიმალურად დაბალ ფასებს

უკვე ერთი წელია, რაც სუპერმარკეტების ქსელი „ბონუსი“ სრული დატვირთვით მუშაობს და მომხმარებელს ახალ, ხარისხიან და მრავალფეროვან პროდუქციას საბითუმო ფასებში აწვდის.

ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საქართველოში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, რასაც თან ერთვის ეროვნული ვალუტის გაუფასურება, გავლენას ახდენს ბაზარზე არსებულ ფასებზე, თუმცა მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ სუპერმარკეტების ქსელი „ბონუსი“კვლავაც რჩება პირვანდელი პოლიტიკის ერთგული და ინარჩუნებს მაქსიმალურად დაბალ  და ხელმისაწვდომ ფასებს.

სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს სუპერმარკეტების  ქსელ „ბონუსის“ ერთ-ერთი ფილიალი დაჯარიმდა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

„ბონუსი“ სრულად იცავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციას, ვირუსის პრევენციისათვის გათვალისწინებულ სამუშაოებს. სისტემატურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. სადეზინფექციო საშუალებებით მუშავდება ყველა სახის ზედაპირი, პერსონალი აღჭურვილია საჭირო ეკიპირებით – პირბადეებით, ხელთათმანებითა და სადეზინფექციო ხსნარებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს უსაფრთხო და შეუფერხებელი მომსახურება.

„ბონუსის“ ადმინისტრაციის ინიციატივით არაერთხელ ჩატარდა საქველმოქმედო ხასიათის აქცია. ჩაქვსა და ბათუმში არაერთ ოჯახს საჩუქრად გადაეცა სასურსათო პროდუქტები, რაც სისტემატურ ხასიათს მიიღებს, რადგანაც „ბონუსი“ ხალხის სამსახურშია.

 

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დღეს, 27 მარტს, ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ინფიცირებულ ადამიანს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის საქართველოში შემოსვლამდე 7 დღე იმყოფებოდა ესპანეთსა და გერმანიაში და კარანტინში იყო.

როგორც მინისტრი ამბობს, როცა პაციენტს დაუფიქსირდა ტემპერატურა 37.4c გრადუსი, ის მაშინვე იქნა გადაყვანილი კარანტინიდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საკარანტინო ზონიდან ინფექტიურ საავადმყოფოში სულ გადაყვანილი იყო 12 მოქალაქე და აქედან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი.

ბათუმში ამ დროისთვის სულ 7 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე.

„7 პაციენტიდან 6-ის მდგომარეობა შეესაბამება მსუბუქ მიმდინარეობას, მინიმალური კლინიკური ნიშნებით, ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, რადგან მას აქვს მთელი რიგი თანმხლები დაავადებები, თუმცა ამ ეტაპზე, პაციენტი არ არის მართვით სუნთქვაზე,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 629-მდე გაიზარდა

75 ადამიანი გარდაიცვალა თურქეთში კორონავირუსით. 26 მარტის მონაცემებით, მთლიანად თურქეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის 3 629 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული.

„16 პაციენტი გარდაიცვალა. ამით დაღუპულთა რიცხვი 75-მდე, დაავადებულთა კი 3 ათას 629-მდე გაიზარდა,“ – დაწერა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ twitter-ზე.

ჯანდაცვის  მინისტრის  ინფორმაციით, 26 მარტს  7 286 ტესტის პასუხი მიიღეს და მათგან მხოლოდ 1 196 იყო დადებითი.

 

ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA-EFE/TOLGA BOZOGLU

აჭარის გზების დეპარტამენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.

ამ ეტაპზე ქობულეთსა და ხელვაჩაურის პუნიციპალიტეტებში თორმეტ ობიექტზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოს წარმოება მიმდინარეობს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბუკნარი-საჩინო, ბუკნარი-გოხიძეები საავტომობილო გზის 1,1 კმ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა ტიპის დამცავი ხელოვნური ნაგებობა. აღნიშნული სამუშაოებისათვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 478 816 ლარი დაიხარჯა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფერია-სათნოების სახლის საავტომობილო გზის 1230 მეტრ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა ტიპის დამცავი ხელოვნური ნაგებობა. პროექტის განხორციელებისთვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 236 106 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილია კაპანდიბი-ახალსოფლის გზის სამკილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მახოს ხიდიდან თხილნარის ცენტრამდე არსებულ გზის მონაკვეთზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდს.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 1 135 800 ლარი დაიხარჯება.

ბათუმში covid19-ის მართვაში კლინიკა მედალფა ჩაერთვება – სამინისტრო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ Covid19-ის მართვაში „მედალფას“ ბონის კლინიკაც ჩაერთვება.

კლინიკა ერთდროულად 54 პაციენტს მოემსახურება.

სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკაშიჯანდაცვის მინისტრის გარდა იმყოფებოდნენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიცაზიის (who) წარმომადგენლები. ისინი ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოსაც ეწვევიან, რომელიც საჭიროებისამებრ ასევე ჩაერთვება Covid19-ის მართვაში.

 

მთავარი ფოტო: კლინიკა მედალფა/ჯანდაცვის სამინისტრო

აშშ-ში კორონავირუსის უფრო მეტი დადასტურებული შემთხვევაა, ვიდრე ჩინეთში

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 85 991 დადასტურბული შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩენებელია ვირუსის გავრცელების მსოფლიო რუკაზე.

აშშ-ში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 296-ია.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, დღეს ჩინეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 81 782-ია, იტალიაში კი – 80 589.

სპეციალისტები პროგნოზირებდნენ, რომ აშშ მალე გახდებოდა პანდემიის ეპიცენტრი.

წყარო: Johns Hopkins University (JHU) აშშ/ყოველდღიური მატების მაჩვენებელი

პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის საგნობრივ გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პრაქტიკოსი მასწავლებელებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება.

საგნის გამოცდის, ასევე, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 30 მარტის 10:00 საათზე ელექტრონულად, ვებგვერდზე:  online.naec.ge  და 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, წინასაგამოცდო პერიოდში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს ონლაინკონსულტაციებს სთავაზობს, რომელიც ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გაიმართება. კონსულტაციები შეეხება როგორც რეგისტრაციის პროცესს, ასევე საგამოცდო პროცედურებს.

რაც შეეხება ტესტირებას, მასში მონაწილეობის უფლება აქვს:

[checklist]

  • მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს
  • ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ასევე პირს, რომელიც სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება
  • მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე

[/checklist]

თუ პირს არ აქვს რომელიმე ზემოაღნიშნული კვალიფიკაცია, მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის ის საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს. პედაგოგობის მსურველ პირს  მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლება.

პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

 

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში 81-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი

27 მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 81 შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, კარანტინში 4 505 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 247 ადამიანი.

 

 

კორონავირუსთან მებრძოლი ადამიანების დაბინავების მხარდაჭერის გეგმა

სხვადასხვა კომპანია თავისებურად ერთვება ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში. ბინებისა და გესთჰაუზების გაქირავების პორტალი, Airbnb-ი გეგმავს დააბინავოს 100 000 ადამიანი, ვინც COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული.

Airbnb-ი მის პორტალზე რეგისტრირებულ მასპინძლებთან პარტნიორობით ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს, ჰუმანიტარული მისიების წევრებსა და პირველადი რეაგირების ჯგუფებში მომუშავე ადამიანებს სთავაზობს სუფთა, მოსახერხებელ ფართობებს, რითაც ისინი პაციენტებთან ახლოს და ოჯახისგან მოშორებით, უსაფრთხოდ იქნებიან.

Airbnb-ის განცხადებით, კომპანიის საშუამავლო მოსაკრებელი სრულიად მოხსნილი იქნება. ქონების მესაკუთრეებს კი შეუძლიათ შესთავაზონ საკუთარი ფართობები და ჩაერთონ ამ სისტემაში. თუ მესაკუთრეს არ აქვს შესაძლებლობა ფართობი უფასოდ დაუთმოს COVID 19-თან მებრძოლებს, ასეთ შემთხვევაში დაქირავების ღირებულება მცირდება Airbnb-ის მოსაკრებლის ხარჯზე.

ეს მიდგომა Airbnb-მა უკვე განახორციელა საფრანგეთში ხელისუფლებასთან პარტნიორობით, სადაც 4000-მა მასპინძელმა ექიმებს, ექთნებსა და მომვლელებს უფასოდ დაუთმო საკუთარი ფართობები.

ყველა ბინა, რომელიც ამ პროგრამით იქნება შეთავაზებული, სპეციალურ, სისუფთავის და უსაფრთხოების პროტოკოლს უნდა იცავდეს, ამავე პროტოკოლის დაცვა ევალებათ სტუმრებსაც. პროტოკოლი ითვალისწინებს დეზინფექციის წესებს და საჭირო მასალების ჩამონათვალს:

  1. ოთახები დასუფთავებამდე უნდა განიავდეს მინიმუმ 20 წუთით
  2. დასუფთავებამდე და მის შემდეგ ხელების საპნით დაბანა მინიმუმ 20 წამით აუცილებელია
  3. დასუფთავების შემდეგ უნდა მოხდეს დეზინფექცია
  4. პროტოკოლი მიუთითებს სადეზინფექციო ხსნარების შერჩევის და გამოყენების წესებს
  5. აუცილებელია ავეჯის, ხალიჩების, ფარდების და სხვა რბილი ნივთების შესაბამისი წესებით დამუშავება
  6. დასუფთავებისას ხელთათმანების გამოყენების წესები უნდა იყოს დაცული
  7. პროტოკოლის თანახმად, დაუშვებელია უკვე გამოყენებული ტილოების და ღრუბლების ხელახლა გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი ყველაზე მაღალ დასაშვებ ტემპერატურაზეა გარეცხილი სარეცხ მანქანაში
  8. თეთრეულისა და პირსახოცების, ასევე ტილოებისა და გადასაფარებლების ყველაზე მაღალ დასაშვებ ტემპერატურაზე რეცხვაც აუცილებელია
  9. დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს სარეცხის დასაგროვებელ კალათებს და საშრობებსაც
  10. აუცილებელია ყველა დასუფთავების შემდეგ დაიცალოს და გაიწმინდოს მტვერსასრუტი, ჭურჭლისა და ჩვეულებრივი სარეცხის მანქანები
  11. სადეზინფექციო მასალების შესყიდვისას უნდა გადამოწმდეს შემადგენლობა, გამოყენების წესები და მოხმარებისთვის განსაზღვრული ვადები

პროტოკოლში ასევე მოცემულია იმ ნივთების სია, რაც უნდა დახვდეს დამქირავებლებს: ანტიბაქტერიული ხელის გამწმენდი, ერთჯერადი ხელთათმანები და ტილოები, ხელის საპონი, ხელსახოცები, ტუალეტის ქაღალდები. ასევე მოცემულია სხვადასხვა ოთახში აუცილებლად გასაწმენდი ავეჯის თუ აპარატურის სიებიც.

 

როგორ დაეხმარება საფრანგეთი უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს

საფრანგეთის შრომის მინისტრის, მიურიელ პენიკოს განცხადებით, დამსაქმებლებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუძლიათ გასცენ შეჩერებული სამუშაოების პირობებში ერთთვიანი ანაზღაურებადი შვებულება ერთდროულად ყველა თანამშრომლისთვის. ახალი რეგულაციები მომავალი კვირიდან საფრანგეთში ამის საშუალებას ყველა კომპანიას აძლევს, დასაქმებულთა ერთობლივი შეთანხმების შემთხვევაში.

იმ დაწესებულებების თანამშრომლებს, რომელთა საქმიანობაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში აქტიურ მუშაობას გულისხმობს, გაეზრდებათ ზეგანაკვეთური ანაზღაურების ოდენობა, მათ ვინც  უქმეებზე მუშაობას, კვირაში 46-საათიანი გრაფიკი აქვს, ან 60 საათს მუშაობს კვირაში. ასეთი კომპანიების ზუსტი ჩამონათვალის გამოქვეყნებას საფრანგეთის შრომის სამინისტრო მოგვიანებით გეგმავს.

უმუშევრობის შემამსუბუქებელ ბენეფიტებს გასცემს საფრანგეთი ასევე: ძიძების, ოჯახებში დამლაგებლებად მომუშავეების, სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულების, დღიურად მომუშავეებისთვის, ასევე იმ უცხოურ კომპანიებში დასაქმებულებისთვის, რომლებიც საფრანგეთში გადასახადების გადამხდელები არიან.

იმათთვის, ვისი ხელფასიც საარსებო მინიმუმზე დაბალი იყო, იგეგმება ხელფასის გაზრდა, ისე, რომ ეს მინიმალური ზღვარი გადაილახოს.

სამუშაო სტაჟის მიუხედავად, ფულადი კომპენსაცია მიეცემათ მშობლებს, რომლებიც შინ ბავშვებს უვლიან. კომპენსაცია შრომის მინისტრის განკარგულებით უნდა შეადგენდეს მშობლების ხელფასის არანაკლებ 90%-ს.

,,უმუშევრობის უფლება“ იგივე „droit de chômage“ საფრანგეთში შრომითი უფლებების მნიშვნელოვანი ნაწილია – დასაქმებულები ყოველთვიურად გადასახადების მსგავსად იხდიან გარკვეულ თანხას ხელფასის მიხედვით და სამომავლოდ უმუშევრობის რისკს იზღვევენ. „უმუშევრობის უფლების“ მიხედვით, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში დასაქმებულს ხელფასის ოდენობა ყოველთვიურად აუნაზღაურდება სამუშაო სტაჟისა და ხელფასის ოდენობის მიხედვით.

მიურიელ პენიკო, საფრანგეთის შრომის მინისტრი

მიურიელ პენიკოს განცხადებით, უმუშევრად დარჩენილები ,,სამუშაო უფლების“ ვადის დასრულების შემდეგაც მიიღებენ სახელმწიფოსგან დახმარებას.

დროებით სამუშაოზე დასაქმებულებს აუნაზღაურდებათ კონტრაქტით გათვლილი სამუშაო პერიოდის ხელფასი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულეს ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო.

უმუშევრად დარჩენილი სეზონურ სამსახურში დასაქმებულები 15 აპრილის ჩათვლით მიიღებენ ხელფასს. მაგალითად, ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტების თანამშრომლები.


წყარო: Le Monde

კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებთან მედიაცია შეწყვიტა

„მედიაცია შეწყვიტა დირექტორმა… მხოლოდ აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტმა იხეირა კორონავირუსით,“ – წერს ფეისბუქში მალხაზ რეხვიაშვილი, იგი აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელია. მისი თქმით, გიორგი კოხრეიძემ დღეს, 26 მარტს თანამშრომლებთან მედიაცია ისე შეწყვიტა, რომ მათ არც კი შეხვდა. გიორგი კოხრეიძემ ალტერნატიული პროფკავშირის მოთხოვნები უსაფუძვლოდ მიიჩნია და ამის შესახებ პროფკავშირს წერილობით აცნობა.

საგაფიცვო პროცესი აჭარის ტელევიზიაში 2 მარტს დაიწყო. ტელევიზიის ჟურნალისტებმა გაფიცვის დაწყებამდე მედიაცია სცადეს და მენეჯმენტს 4 კონკრეტული მოთხოვნით მიმართეს. ამ პროცესის დაწყებამდე და შემდეგაც აჭარის ტელევიზიაში რედაქტორების, ასევე ჟურნალისტების გათავისუფლების, ან სხვა რეგიონში გადაყვანის პროცესი გრძელდება. პროცესს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” კი მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი “მაუწყებლობის შესახებ” კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებს.

აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელის, მალხაზ რეხვიაშვილის თქმით, მათ გიორგი კოხრეიძე დაემუქრა კიდეც: ხელფასს ვერ მიიღებთ, თუ გაიფიცებითო. რეხვიაშვილი ამბობს, რომ მათ ორი დღის წინ თქვეს გაფიცვაზე უარი იმის მიუხედავად, თუ რა შედეგი დადგებოდა მედიაციის პროცესში – ჟურნალისტები გაფიცვას არ აპირებენ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.

„დირექტორმა გამოგვიგზავნა ხუთგვერდიანი აბსურდული წერილი, სადაც ის დამრიგებლური ტონით გვესაუბრება. მან უარი თქვა კანონის იმპერატიული მოთხოვნების შესრულებაზეც, მაგალითად, ჩვენ ვითხოვდით კოლექტიურ ხელშეკრულებას, ამას შრომის კოდექსი ითვალისწინებს და გიორგი კოხრეიძეს არავინ ეკითხება მის შესრულებას… იგი კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ამბობს უარს.

იურისტებთან ასევე გავდივართ კონსულტაციას, რამდენად ჰქონდა გიორგი კოხრეიძეს ამ ფორმით მედიაციის შეწყვეტის უფლება,“ – გვითხრა მალხაზ რეხვიაშვილმა.

10-ზე მეტი პირის შეკრებისთვის 15 ათასი ლარით დააჯარიმეს „ახალი ლიდერების ინიციატივა“

შსს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივა“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა.

„საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია. ორგანიზაციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ დღეს ზუგდიდში, 100 პირზე მეტი ადამიანი შეკრიბა“ – ნათქვამია შსს განცხადებაში.

„სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ“ დღეს, 26 მარტს, ზუგდიდში პირბადეები დაარიგა, რამაც ხალხის თავყრილობა გამოიწვია, მაშინ, როცა საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და კორონავირუსის პრევენციის მიზნით აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დღეს, ზუგდიდში პირბადეების დარიგებით გამოწვეული თავყრილობისთვის ბოდიში მოიხადა. პოლიტიკოსის თქმით, მათ ვერ გათვალეს, რომ დიდი რაოდენობით ხალხი მივიდოდა, რამაც გამოიწვია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო დისტანციების დარღვევა.

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით იზოლაციისა და კარანტინის წესები დამტკიცდა, რომელიც 2020 წლის 25 მარტიდან შევიდა ძალაში.

იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 15 000 ლარის ოდენობით.

ამ თემაზე:

როგორ გავერთო თვითიზოლაციაში?

თეონა ბაკურიძე TV პირველზე გადაცემას წაიყვანს, ის აჭარა ტვ-დან გაათავისუფლეს

აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ყოფილი წამყვანი თეონა ბაკურიძე TV პირველის გადაცემას წაიყვანს. 6 მარტს ის აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ ეთერიდან დროებით ჩახსნა, რამდენიმე დღეში კი სამსახურიდან გაათავისუფლა.

თეონა ბაკურიძე დღეს თამარ ჩიხლაძის ნაცვლად წაიყვანს ,,ღამის ამბებს“ 22:40-ზე.

„ამჯერად „ღამის ამბებს” წავიყვან TV პირველზე და ცხადია გადაცემის თემა პანდემია იქნება.  საგანგებო მდგომარეობის პირობებში დასაწყისისთვის ტელევიზიაში ვიმუშავებ იქ, სადაც საჭირო იქნება, წავიყვან ახალ ამბებსაც. ამ ტელევიზიის თავისუფალმა გარემომ გადამაწყვეტინა დავთანხმებოდი შემოთავაზებას” – ამბობს თეონა ბაკურიძე ,,ბათუმელებთან”.

12 მილიონი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში – ვინ რამდენი გაიღო პანდემიის დასამარცხებლად

კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, 26 მარტის 18:00 საათის მდგომარეობით, 12 მილიონი ლარია აკუმულირებული. სპეციალური პლატფორმა StopCoV ფონდი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შექმნეს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ფონდში ანგარიშის გახსნიდან 72 საათში უკვე 9 მილიონი ლარი იყო შეგროვილი. ამ დროისთვის კი ანგარიშზე 12 მილიონ 500 000 ლარია და ეს თანხა ყოველდღიურად იზრდება.

ომბუდსმენის ინფორმაციით, #StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ბიზნესომბუდსმენის ინფორმაციით, ფონდში თანხა შეიტანეს, როგორც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა, მათ შორის ყველაზე მსხვილი შენატანი – 3 მილიონი ლარი  კომპანია „მაგთიკომს“ ეკუთვნის, შემდეგ მოდიან, „არ ემ ჯი“, „სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“ და  „სამედიცინო უნივერსიტეტი“  რომლებმაც ფონდში მილიონ-მილიონი ლარი ჩარიცხეს.

„მეტრო ჰოლდინგმა“ ფონდის ანგარიშზე – 500 ათასი ლარი ჩარიცხა. 

კომპანიებმა – „თელავის ღვინის მარანმა“, „რიკო ექსპრესმა“ „პე ეს პე ჯგუფმა“  და იმპორტიორმა კომპანიამ – „დაფნა“, 300-300 ათასი ლარი შესწირეს ფონდს.

კომპანიებმა – „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ და „ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრმა“ კი –  200 -200 ათასი ლარი შეიტანეს.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა და კავკასიის ავტოიმპორტმა 150 ათასი ლარია. 

[toggle title=”შემწირველების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ“]?მაგთიკომი, 3 მლნ ლარი
?„არ ემ ჯი“, 1 მლნ ლარი
?სამედიცინო უნივერსიტეტი,1 მლნ ლარი
?სათამაშო ბიზნესის ასაცოციაცია (6კომპანია)
?მეტრო ჰოლდინგი, 500 ათასი ლარი
?თელავის ღვინის მარანი, 300 ათასი ლარი
?რიკო ექსპრესი, 300 ათასი ლარი
?პე-ეს-პე ჯგუფი, 300 ათასი ლარი
?იმპორტიორი კომპანია “დაფნა”, 300 ათასი ლარი
?თეგეტა მოტორსი, 200 ათასი ლარი
?სოკარ ენერჯი ჯორჯია, 200 ათასი ლარი
?ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი, 200 ათასი ლარი
?ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, 150 ათასი ლარი
?კავკასიის ავტო იმპორტი, 150 ათასი ლარი
?აკაკი ახვლედიანი,100 ათასი ლარი
?რუსთავის აზოტი,100 ათასი ლარი
?საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია,100 ათასი ლარი
?ყვარლის სარდაფი,100 ათასი ლაარი
?,ბაზის ბანკი,100 ათასი ლარი
?ფოთის საზღვაო ნავსადგური,100 ათასი ლარი
?საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე,100 ათასი ლარი
?ჰუალინგი,100 ათასი ლარი
?სამშენებლო კომპანია დირსი,100 ათასი ლარი
?თბილი სახლი,100 ათასი ლარი
?ბილდი,100 ათასი ლარი
?სამშენებლო მასალების კომპანია „დათო“,100 ათასი ლარი
?მაქრო ქონსთრაქშენ,100 ათასი ლარი
?ფილიპ მორისი,100 ათასი ლარი
?My Home – ჩემი სახლი,100 ათასი ლარი
?მთამ მენეჯმენტი,75 ათასი ლარი
?ასკანელი ძმები, 60 ათასი ლარი
?სარაჯიშვილი, 50 ათასი ლარი
?სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“, 50 ათასი ლარი
?მაუდის ქარხანა,50 ათასი ლარი
?ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია,50 ათასი ლარი
?ტოიოტა კავკასია,50 ათასი ლარი
?ნანა პატარკაციშვილი,50 ათასი ლარი
?დეილი,50 ათასი ლარი
?ელიზი ჯგუფი, 50 ათასი ლარი
?დუგლაძეების ღვინის კომპანია,50 ათასი ლარი
?ლისი ლეიქ დეველოპმენტი, 50 ათასი ლარი
?ინვეტი ჯგუფი, 30 ათასი ლარი
?სუპერმარკეტების ქსლი „ზღაპარი“, 30 ათასი ლარი
?ქსელი „სუფთა სახლი“, 30 ათასი ლარი
?რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი, 30 ათასი ლარი
?სალომე ზურაბიშვილის ფონდი,30 ათასი ლარი
?კომპანია დაგი, 30 ათასი ლარი
?წისქვილი ჯგუფი, 30 ათასი ლარი
?კრისტალი, 20 ათასი ლარი
?ჯორჯიან გაზ იმპორტი, 20 ათასი ლარი
?საკონდიტრო სანდომი, 20 ათასი ლარი
?საქართველო-ისრაელის ბიზნეს საბჭო, იციკ მოშე, 18 ათასი ლარი
?მომავლის მეღვინეობა, 10 ათასი ლარი
?ოლ-პი ჯგუფი, 10 ათასი ლარი
?ზარქუა კომფანი, 10 ათასი ლარი
?ნინო კობახიძე, 10 ათასი ლარი
?ბენე ჯგუფი, 10 ათასი ლარი
?დინ გრუპი, 5 ათასი ლარი
?ქინძმარაულის ვენახები, 2 ათას 500 ლარი
?ჩაის სახლი ქიაჩელზე, 2 ათასი[/toggle]

 

გარდა ამისა, არიან კომპანიები, რომლებიც კორონავირუსისგან მიღებული ზიანის შესამცირებლად, დიდი თანხების გაღებას გეგმავენ, თუმცა ისინი თანხას ბიზნესომბუდსმენის ფონდში არ რიცხავენ და აპირებენ, რომ საკუთარი ძალებით მიაწვდინონ დახმარება მოსახლეობას, მათ შორისაა „თიბისი ბანკი“. კომპანიის ინფორმაციით, თიბისი COVID 19-ის გამოწვევების დასაძლევად 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს.

„თიბისი შენთვის“ – თიბისი საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად პროგრამას ქმნის, რომელიც COVID 19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად თიბისის ინიცირებულ ყველა პროექტს გააერთიანებს.

მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის, სადაც აქცენტი გაკეთდება დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, მოხუცების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე, 3 მილიონ ლარზე მეტი კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მომხმარებლების საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლად, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესებისთვის.

კორონავირუსით იტალიაში სულ 39 ექიმი გარდაიცვალა, მათგან 5 ბოლო 24 საათში

იტალიაში კორონავირუსის ეპიდაფეთქებიდან დღემდე 39 ექიმია გარდაცვლილი. აქედან ხუთი ბოლო ორ დღეში 25-26 მარტს გარდაიცვალა. მაღალია სამედიცინო პერსონალის ვირუსით ინფიცირების რაოდენობაც. როგორც იტალიური გამოცემა “ლა რეპუბლიკა” წერს, კორონავირუსით იტალიაში 6 205 ექიმი, ექთანი და სანიტარია დაავადებული. რაც საერთო ინფიცირებულთა ოდენობის 9 %-ია.

სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კლინიკებში საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის არ ქონა სახელდება. იტალიურ გამოცემებში არაერთი სტატია გამოქვეყნდა, სადაც ექიმები ყვებოდნენ რომ არ ჰქონდათ  არც სამედიცინო ნიღბები და არც სპეცტანსაცმელი ინფიცირებულ პაციენტებთან სამუშაოდ.

დღეს, 26მარტს, იტალიაში კორონავირუსით სულ 662 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა ჯამურმა ოდენობამ კი 8 165-ს მიაღწია. დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსი სულ 80 539 ადამიანს აქვს დადასტურებული. მათგან 6 153-ს ვირუსი ბოლო 24 საათში დაუდგინდა. 26 მარტს ვირუსისგან 999 ადამიანი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა ოდენობამ 10 361 ადამიანი შეადგინა.

კორონავირუსის გავრცელების გეოგრაფია იტალიის რეგიონების მიხედვით

მთავარი ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA-EFE/Hendrik Schmidt

აჭარის მთავრობა covid 19-ის პრევენციისთვის 1 მილიონ ლარს ბიუჯეტიდან შეაგროვებს

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციისთვის აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 1 მილიონი ლარის შეგროვება იგეგმება.

ამ ერთი მილიონის აკუმულირება აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში, მთავრობის აპარატისა და სამინისტროებში მივლინებებისთვის და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის განკუთვნილი თანხებით უნდა მოხდეს. როგორც მთავრობაში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, თანხა უნდა მოხმარდეს „იმ ნეგატიური ზეგავლენების მართვას, რომელიც კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია ეკონომიკაში“.

ამ ეტაპისთვის აჭარის მთავრობაში ვერ გვიზუსტებენ, კონკრეტულად რა საპრევენციო ღონისძიებებზეა საუბარი და როდიდან დაიწყება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

კორონავირუსის საპრევენციო ფონდისთვის რომ საბიუჯეტო თანხები უნდა შეგროვდეს, განცხადება ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ, პირველად 20 მარტს გააკეთა.

რას ამბობენ ახლა დიმიტრი ლორთქიფანიძე და სხვები ლუგარის ლაბორატორიაზე

დღეს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ალბათ ყველაზე ხშირად ამ ფრაზას ვისმენთ: „ველოდებით შედეგს ლუგარის ლაბორატორიიდან“…

ლუგარის ლაბორატორიას, რომელიც საქართველოში აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად, 2011 წელს გაიხსნა, ასე ხშირად წინა წლებში არ ახსენებდნენ, თუმცა კონკრეტული ჯგუფი აქტიურად ცდილობდა დეზინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, რომლის მიხედვითაც ლაბორატორიაში საშიშ ცდებს ატარებენ, ბიოლოგიური იარაღი მზადდება და ამას ამერიკა რუსეთზე თავდასხმისთვის აკეთებს, საქართველოს კი მხოლოდ იყენებენ…

ამ მოსაზრებას კრემლთან დაახლოვებული ადამიანები და მედიასაშუალებები ახმოვანებდნენ საქართველოში. მაგალითად, 2015 წლის ბოლოს თბილისში კონფერენცია მოეწყო იმის გასარკვევად, თუ რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში. კონფერენციის შემდეგ პრორუსულ მედიასაშუალებებში, ასევე რუსულ მედიაში დაიწერა სტატიები იმის შესახებ, რომ ექსპერტები თბილისიდან „ლუგარის ლაბორატორიაში“ საფრთხეს ხედავენ.

რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება „ლუგარის ლაბორატორიის“ მიმართ დღეს? – კითხვა 2015 წელს ჩატარებული კონფერენციის რამდენიმე მონაწილეს და მის ორგანიზატორს დავუსვით.

„ამ საკითხზე არასდროს მითქვამს ჩემი მოსაზრება, თქვენ, ეტყობა, გეშლებათ…. მე მქონდა კითხვები ამ ლაბორატორიის მუშაობაზე და, შესაბამისად, მოვისმინე ინფორმაცია. ყველას გვქონდა ეს კითხვები მაშინ,“ – გვითხრა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელიც 2015 წელს ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, დღეს კი, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელია.

დიმიტრი ლორთქიფანიძის წლების წინ მისი გამოსვლა შევახსენეთ, როცა ამბობდა: „ან აგვიხსნან, რა სარგებლობა მოაქვს ამ ლაბორატორიის არსებობას ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მეცნიერების განვითარებისთვის, ხოლო, თუ ეს ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის საცავია, მოსალოდნელი რისკების არსებობის შესახებაც უნდა ვიცოდეთ…“

„კი, მე მქონდა კითხვები და მოვისმინე პასუხები. ბატონმა ამირან გამყრელიძემ მაშინ ძალიან საინტერესო ლექცია წაიკითხა იქ,“ – იხსენებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ყოფილ პოლიტიკოსს და ახლა უკვე რუსეთთან დაახლოვებული სამოქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელს დაზუსტება ვთხოვეთ: „ვის ჰქონდა კითხვები და ეჭვები, რუსეთის გარდა?“

„ყოველთვის არსებობს რაღაც, როცა საიდუმლოდ მიმდინარეობს პროცესი…“ – გვიპასუხა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, თუმცა ვერ დაგვიკონკრეტა, რა უნდა ეჩვენებია ლაბორატორიას ისეთი, რომლის შემდეგაც ეს კონკრეტული ადამიანები კრემლის ვერსიებს აღარ დაუჯერებდნენ.

დიმიტრი ლორთქიფანიძეს ამ კონფერენციიდან ისიც დაამახსოვრდა, რომ ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების მოწვევას დაჰპირდნენ.

„ბატონმა ამირანმა ღიად ისაუბრა იმაზე, რომ რუსი სპეციალისტების მოწვევაც იგეგმებოდა ლუგარის ლაბორატორიაში, რომ მომხდარიყო ადგილზე შესწავლა და ყველა იმ შიშის გაქარწყლება, რაც არსებობდა მსოფლიო მედიაში“, – დასძინა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

„რომელ მსოფლიო მედიაში ნახეთ ეს შიშები?“ – ვთხოვეთ საკითხის დაკონკრეტება „პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ ხელმძღვანელს.

„არ ვარ სათანადოდ ინფორმირებული… მე ვესწრებოდი ამ კონფერენცია და ამირან გამყრელიძის პირიდან მოვისმინეთ ეს ინფორმაცია. სხვა კომენტარს ვე გავაკეთებ,“ – დაგვემშვიდობა დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ლუგარის ლაბორატორის კვლევით ცენტრში ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებია განთავსებული. მე-3 დონის ზონა ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის ლაბორატორიებს, ასევე ადამიანისა და ცხოველის დაავადებების გამომწვევი განსაკუთრებით საშიში პათოგენების საცავს მოიცავს. ლუგარის ცენტრი ერთადერთია საქართველოში, მთელ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელსაც ბიოუსაფრთხოების მე-3 დონე აქვს.

„გაუთავებელი მითქმა-მოთქმა იყო, საგანგაშო გზავნილები რუსეთიდან. ამიტომაც, შევიკრიბეთ ყველა, ვის რა მოსაზრება გვქონდა, ჩვენ ავსახეთ ყველა თვალსაზრისი და დავდეთ რეკომენდაციაა, რომ საზოგადოება ყოფილიყო უკეთ ინფორმირებული,“ – გვითხრა ნანა დევდარიანმა, რომელმაც 2015 წელს თბილისში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ კონფერენცია მოაწყო. იგი არასამთავრობო ორგანიზაციის „გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელია.

კონფერენციის შემდეგ ორგანიზაციამ სტატია მოამზადა და რამდენიმე მედია საშუალებით გაავრცელა, მაგალითად, „სპუტნიკი“, „საქინფორმი“, „საქართველო და მსოფლიო“… ეს მედიასაშაულებები, „მედიის განვითარების ფონდის“ შეფასებით პრორუსულია.

„მითების დეტექტორის“ შეფასებით, სტატიები, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მოწყობილ კონფერენციას ეხებოდა, დეზინფორმაციას შეიცავდა და მცდარ მონაცემებს ავრცელებდა ლაბორატორიის შესახებ.

“გლობალური კვლევების ცენტრის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ძირითადად დასავლეთის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ექსპერტები თუ მკლევრები მონაწილეობენ. მედიის განვითარების ფონდის კვლევაში „ანტიდასავლური პროპაგანდა“ცენტრის დამფუძნებელი – ნანა დევდარიანი ხშირად ფიგურირებს, როგორც ანტიდასავლური განწყობების ერთ-ერთი წყარო,“ – აღნიშნულია „მითების დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თუ ვინმე მეტყვის, რომ ბატონი ამირან გამყრელიძე, ან პაატა იმნაძე არიან ანტიდასავლური განწყობის მქონე, კი ბატონო, ისინიც ესწრებოდნენ ამ კონფერენციას… იცით რა: ყველას აქვს თავისი აზრი, ზოგს ასეთი აზრი აქვს, ზოგს – ისეთი. არიან ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეუძლიათ,“ – გვიპასუხა ნანა დევდარიანმა „მითების დეტექტორის“ შეფასებაზე.

„შეუწყო თუ არა ამ კონფერენციამ ხელი ლაბორატორიის მიმართ ეჭვების გაჩენას, რა მიზანიც მაშინ რუსულ პროპაგანდას ჰქონდა?“ – ნანა დევდარიანი მიიჩნევს, რომ მას რუსულ პროპაგანდასთან საერთო არაფერი აქვს და თავადაც მოსწონს ლუგარის ლაბორატორიის თბილისში არსებობა.

„…ჩვენ ვითხოვდით მხოლოდ მეტ ინფორმაციას, ეს არის და ეს. ახლა პანდემიამ მოიტანა უკვე ის, რომ საზოგადოებამ გაიგო სრულად, რას აკეთებს ეს ლაბორატორია,“ – დასძინა ნანა დევდარიანმა.

ნანა დევდარიანის მსგავსად, „მითქმა-მოთქმას“ ახსენებს ჟურნალისტი ხატია სიჭინავაც, რომელსაც 2019 წლის იანვარში ინსტაგრამში დაწერილი სტატუსი გავახსენეთ.

”ქალაქში ეპიდემია მძვინვარებს.. საავადმყოფოებში ადგილი აღარ არის… ვინმემ ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება, რა ვირუსებს გვიყრიან იმ დასაწვავ ლუგარის ლაბორატორიიდან! ისიც არ იციან, რა ვირუსია და როგორ ვებრძოლოთ!”- წერდა ხატია სიჭინავა. მას არ მოუმზადებია ჟურნალისტური მასალა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, თუმცა ამ ჟურნალისტის სტატუსზე პრორუსულმა მედიასაშუალებებმა სტატიები მოამზადეს.

„სეზონური გრიპი იყო ბავშვებში და ამაზე ცუდი მდგომარეობა, საავადმყოფოებში ადგილი არ იყო, ვერცერთ საავადმყოფოში ვერ შევიყვანე ბავშვი, იმხელა რიგები იყო. უამრავი მითქმა-მოთქმა იყო ამ ლაბორატორიაზე, რომ იქ ვერავინ შედიოდა და რას აკეთებდნენ, არ იცოდნენ. ამ მითქმა-მოთქმის საფუძველზე ვთქვი მაშინ ეს… დღეს, რა თქმა უნდა, ლაბორატორია ძალიან გამოადგა ქვეყანას,“ – გვითხრა ხატია სიჭინავამ.

ჟურნალისტი არ ფიქრობს, რომ მაშინ რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოექცა. ამბობს, რომ იმ ადამიანებს დაუჯერა, რომლებიც ლაბორატორიასთან ახლოს ცხოვრობენ და როგორც ჟურნალისტს, არ უცდია, რეალურად გაეგო, რა ხდებოდა ლუგარის ლაბორატორიაში.

„მე საერთოდ პრესისგან არ გამიგია ეს და არც გავლენის ქვეშ ვექცევი… არ მიცდია იქ შესვლა, რადგან ეს ჩემი სფერო არ არის… არ ვიცი, იყო თუ არა ამაში ჩართული რუსული პროპაგანდა, ასე ღრმად ვერ ვერკვევი პოლიტიკურ სიტუაციებში, თუმცა დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რა ხდება: ჩინეთში რომ ლუგარის ლაბორატორია ვირუსს ვერ გაავრცელებდა, ცხადია, მაგრამ რაღაც მსგავსი ლაბორატორიიდან რომ არის გავრცელებული, ესეც ფაქტია. აბა, ციდან ხომ არ ჩამოვარდებოდა?“ – კითხულობს ჟურნალისტი ხატია სიჭინავა.

ვის სურდა და რატომ საზოგადოებაში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ეჭვის გაჩენა?   – ეს სანდრო ბრეგაძეს ვკითხეთ, „ქართული მარშის“ ერთ-ერთ ლიდერს.

„სხვათა შორის, ბრიტანელმა ჟურნალისტმაც მკითხა ეს… მე არც ადრე მჯეროდა შეთქმულების თეორიების, თუმცა გეტყვით იმას, რაც ფაქტია: ცივი ომი მიმდინარეობს რუსეთს და ამერიკას შორის, რუსეთს ეს არ სიამოვნებს, მთავარი ეს არ არის, რა არ სიამოვნებს რუსეთს. მთავარია, ამ შემთხვევაში რა სარგებლობა მოაქვს ლაბორატორიას საქართველოსთვის და ჩვენ ამ სარგებელს ყველა ერთად ვხედავთ,“ – ამბობს სანდრო ბრეგაძე. იგი რუსული პროპაგანდის ხელს გამორიცხავს ლუგარის ლაბორატორიის მიმართ ნეგატიური განწყობის შექმნის მცდელობის საქმეში.

„რუსეთს, ბუნებრივია, აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ეჭვები გაჩნდა იმის გამო, რომ ლუგარის ლაბორატორიის გახსნა დაკავშირებული იყო მიხეილ სააკაშვილთან, ყველას გვახსოვს, როგორი პომპეზურობით გახსნა და ახლაც როგორ საუბრობს ლაბორატორიაზე… საზოგადოებას არ სჯერა მიხეილ სააკაშვილის. მეორე პრობლემა იყო გამჭვირვალობა – საზოგადოებას არ ჰქონდა სათანადო ინფორმაცია და ამიტომ შეიქმნა ეს განწყობა“, – ირწმუნება სანდრო ბრეგაძე.

რას ამბობდა კრემლი და მისი მედია ლუგარის ლაბორატორიის შესახებ

ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება, საშიში მწერების დივერსიული მიზნებით გამოყენება და ხალხის მოწამვლა – ამ ყველაფერს, უკვე წლებია, რუსეთის ხელისუფლება და მისი მედია ლუგარის ლაბორატორიის შესახებ წერს.

ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, ფაქტობრივად, მისი გახსნისთანავე დაიწყო. ამ საკითხზე რუსეთმა მკაცრი განცხადებებს მიმართა 2018 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთში მცხოვრებმა იგორ გიორგაძემ, საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, განაცხადა, რომ ამ ლაბორატორიაში აშშ-ს სამხედრო და კერძო კონტრაქტორები სავარაუდოდ, საიდუმლო ექსპერიმენტებს ატარებდნენ ადამიანებზე.

ამ განცხადების შემდეგ ლაბორატორიის მახლობლად მცხოვრებმა ადამიანებმა ლაბორატორიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებიც გამართეს.

გიორგაძის განცხადებას გამოეხმაურა თავად ვლადიმერ პუტინი. მან თქვა: „მე ვერ განვსჯი, რამდენად უტყუარია ეს ინფორმაცია. ამის შესახებ საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რაც, რა თქმა უნდა, განგაშის საფუძველს იძლევა. თუ ეს კვლევები ნამდვილად ტარდება, ეს ძალიან სახიფათოა და კავშირშია გენეტიკის სფეროში ბოლო მიღწევებთან. საუბარია პრეპარატებზე, რომლებმაც შესაძლოა იმოქმედოს ადამიანზე შერჩევით, გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფთან მისი კავშირის შესაბამისად“.

რუსეთის პრეზიდენტმა ისიც ივარაუდა, რომ „ამგვარი ცდები უკვე ტარდება ძაღლებსა და ვირთხებზე… რომლებიც კარდინალურად ცვლიან თავდაპირველ იერ-სახეს. თუ ეს ასეა, ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენს“.

რუსეთის ყოფილმა მთავარმა სანიტარმა, გენადი ონიშენკომ თქვა: „ეს ლაბორატორია მართლაც რეალური საფრთხეა საქართველოში ადამიანის უფლებებთან და არა მხოლოდ მასთან დაკავშირებით“.

რუსეთის პროპაგანდა უფრო შორსაც წავიდა. საგარეო უწყების პრესპიკერმა მარია ზახაროვამ ლუგარის ლაბორატორია იმ ბრიფინგზე ახსენა, რომელიც რუსი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლის სკანდალურ ფაქტს უკავშირდებოდა. ზახაროვამ თქვა:

„თვითონ ფაქტი, რომ რუსეთის საზღვრების სიახლოვეს პენტაგონი მასშტაბურ სამედიცინო-ბიოლოგიურ საქმიანობას ეწევა, ჩვენში საგანგებო შეშფოთებას იწვევსო“.

საგარეო უწყებამ ბოლოს ისიც კი განაცხადა, რომ მოსკოვი ოფიციალურ განმარტებას მოსთხოვს აშშ-ს საქართველოში ლაბორატორიის საქმიანობაზე, სადაც შესაძლოა ადამიანებზე ლეტალურ ექსპერიმენტებს ატარებენ.

სინამდვილეში კი ეს ცენტრი ადამიანისა და ცხოველის დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების აღმოჩენას და ეპიდემიებთან ბრძოლის ეფექტიანი გზების დასახვას ემსახურება.

დღეს, კი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ლუგარის ლაბორატორიამ ქვეყანას ვირუსის სწრაფად გამოსავლენის შესაძლებლობა მისცა.

 

https://netgazeti.ge/news/311264/

 

 

მწეველების რისკები COVID 19-ის პირობებში იზრდება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია წერს, რომ მწეველები, უფრო მეტად მოწყვლადები არიან COVID 19-ის მიმართ და ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.

პირველ რიგში მოწევის მოქმედება არის საფრთხის შემცველი, რადგან ამ დროს თითები (და შესაძლოა ვირუსით დაბინძურებული სიგარეტი) მოდის კონტაქტში ტუჩებთან, რაც ზრდის ვირუსის გადაცემის შესაძლებლობას ხელიდან პირში. მწეველებს შეიძლება უკვე ჰქონდეთ ფილტვების დაავადება ან შემცირებული ფილტვების მოცულობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მძიმედ დაავადების რისკს.

მოსაწევი საშუალებები, როგორიცაა წყლის ჩიბუხები (ჩილიმი და ე.წ. ბონგი), მოიცავს მუშტუკის ან/და შუშის მილის გაზიარებას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს COVID 19-ის გადაცემას საზოგადოებრივ და სოციალურ პირობებში.

„პირობები, რომლებიც ზრდის ორგანიზმში ჟანგბადის საჭიროებას ან ამცირებს სხეულის შესაძლებლობას სწორად გამოიყენოს ჟანგბადი, აყენებს პაციენტს ფილტვების სერიოზული გართულების, მაგალითად პნევმონიის მაღალი რისკის ქვეშ“, – წერს ჯანმო.

ნარკოტიკებსა და ნარკოტიკზე ადიქციის მონიტორინგის ევროპული ცენტრი წერს, რომ COVID 19-ის პანდემიის პირობებში საფრთხის შემცველია საერთო შეკრებები, რომელთა დროსაც ადამიანები ერთმანეთთან საზიარო  ნარკოტიკს ან ამავე დანიშნულების საზიარო ჭურჭელს შეიძლება იყენებდნენ.

,,მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის!

14-18 წლის ახალგაზრდებისთვის ონლაინ-კურსი აჭარაში

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ იწყებს მიღებას ონლაინ-კურსებზე, რომლის თემაა: ყალბი ინფორმაცია და დეზინფორმაცია.

აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 14-18 წლის ახალგაზრდას შეუძლია მიიღოს ცოდნა და გახდეს გამარჯვებული.

დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე:

https://docs.google.com/…/1FAIpQLSeHb5BgDukhvHRZRb…/viewform

რეგისტრაცია გაგრძელდება 2020 წლის 4 აპრილის ჩათვლით.

„გრინ რეზორტს“ დაავალეს ფიჭვნარში გზშ-ის მომზადებისას არქეოლოგები ჩართოს

„აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია გზშ-ის ანგარიშის მომზადების პროცესში ჩართული იყოს შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტები (ისტორიკოსი/არქეოლოგი), რომლებიც ახორციელებენ ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ-საკვლევაძიებო სამუშაოებს, რათა გამოირიცხოს შესაძლო არქეოლოგიური ობიექტების დაზიანების რისკები“, – აცხადებს სამინისტრო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანია „გრინ რეზორტს“, ქობულეთში დაგეგმილი პროექტის განსახორციელებლად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის მომზადება დაავალა.

შპს „გრინ რეზორტი“ მრავალფუნქციური სასტუმრო, საკურორტო-გამაჯანსაღებელი და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიის და აჭარის მთავრობის განცხადებით, პროექტი ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. ხელშეკრულებით კი „გრინ რეზორტს“ მისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აქვს.

სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი პროცედურების შედეგად განსაზღვრული და დადგენილია გზშ-ის ანგარიშის მომზადებისათვის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი.

სამინისტროს მიერ დამტკიცებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომპლექსის მშენებლობისთვის შერჩეულ ტერიტორიაზე მდებარეობს ე.წ. „ფიჭვნარის“ ანტიკური ხანის ნაქალაქარი, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან საკონსერავაციო ზონას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნაქალაქარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უბანი „ფიჭვნარი I“ (ე.წ. „ნამჭედური”, ძვ.წ. XIV-II ს.ს.), რომელიც მთლიანად მოქცეულია საპროექტო ტერიტორიაზე.

კომპანიის მიერ სამინისტროში წარდგენილი სკოპინგის ანგარიშის თანახმად, დაგეგმილია „ფიჭვნარის“  ტერიტორიის დაცვა-კეთილმოწყობა და სამუზეუმო სივრცის შექმნა.

„თუმცა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 ნოემბრის N186 განკარგულებით დამტკიცებული შპს „გრინ რეზორტის“ განაშენიანების რეგულირების გეგმის თანახმად, ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე მუზეუმის ნაცვლად, დაგეგმილია საცხოვრებელი სახლების (აგარაკების) მშენებლობა, რაც საჭიროებს დაზუსტებას/კორექტირებას“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში.

პროექტით დაგეგმილი საქმიანობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და კულტურულ ფასეულობებზე პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების გამოვლენა, აღწერა და შედეგების შესწავლა უნდა განხორციელდეს გზშ-ის ანგარიშში.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია გზშ-ის ანგარიშის მომზადების პროცესში ჩართული იყოს შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტები (ისტორიკოსი/არქეოლოგი), რომლებიც ახორციელებენ ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ-საკვლევაძიებო სამუშაოებს, რათა გამოირიცხოს შესაძლო არქეოლოგიური ობიექტების დაზიანების რისკები“, – აცხადებს სამინისტრო.

ამასთან, ქობულეთში, ფიჭვნარის ნაქალაქარის ნამოსახლარს [ფიჭვნარი I, II, VII], რამდენიმე დღის წინ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ძეგლი დაახლოებით 20 ჰექტარამდე ფართობს მოიცავს საიდანაც, დაახლოებით 140 000 კვ/მ „გრინ რეზორტის“ საკუთრებაშია.

ამ თემაზე:

ფიჭვნარის „მკვდართა ქალაქი“ – ძეგლი სტატუსის გარეშე

კორონავირუსის ერთი თვე საქართველოში (ვიდეო)

ზუსტად 1 თვეა, რაც საქართველოში პირველად დაფიქსირდა კორონავირუსი . ნახეთ ForSet • ფორსეტი -ის ვიდეო, სადაც დაჯამებულია კორონავირუსის ერთი თვე რიცხვებში

წითელი ჯვარი აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში დაეხმარება მოქალაქეებს

აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობების, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს, მარტო მცხოვრებ ხანდაზმულებსა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს საგანგებო რეჟიმის პირობებში დაურიგდებათ სპეციალური კალათა სურსათით, ჰიგიენური საშუალებებითა და საჭირო მედიკამენტებით. თითოეულ ოჯახთან ბინაზე სწრაფად მიტანის სერვისს შესაბამისი ცოდნით მობილიზებული, ბათუმში მოქმედი წითელი ჯვრის მოხალისეთა ჯგუფი უზრუნველყოფს.

„კორონავირუსის გავრცელებისთანავე წითელმა ჯვარმა აჭარაში დაიწყო საინფორმაციო აქტივობები, ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ბუკლეტების გავრცელება, ასევე საგანგებო მდგომარეობაში სამოქმედო სპეციალური გეგმის შემუშავება. მოხალისეებს მუდმივი კავშირი აქვთ კარანტინში მყოფ პირებთან, ყოველდღიურად აღნუსხავენ თითოეულის მდგომარეობას, სავარაუდო სიმპტომებს და ტემპერატურის მატებას”, – ამბობს გიორგი ბოლქვაძე, საქართველოს წითელი ჯვრის ბათუმის ფილიალის კატასტროფების კოორდინატორი.

გიორგი ბოლქვაძე – საქართველოს წითელი ჯვრის ბათუმის ფილიალის კატასტროფების კოორდინატორი

ჯანდაცვის სამინისტროს და წითელი ჯვრის ჩართულობით აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გადამზადდნენ ჯგუფები, რომლებიც, თავის მხრივ, კოორდინაციას და რეკომენდაციას გაუწევენ მოხალისეებს. მოხალისეთა გადამზადება ინტენსიურად მიმდინარეობს ონლაინრეჟიმში, რეკომენდაციების შესაბამისად. საქველმოქმედო ღონისძიებას ორგანიზებას გაუწევს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის გუნდი.  მოხალისეები ბათუმის თოთხმეტივე უბანზე იქნებიან მობილიზებულები.

წითელი ჯვრის მოხალისეთა გუნდი აჭარის მთავრობის მოწყვლადი ჯგუფების ბაზებით ხელმძღვანელობს. საქართველოში საგანგებო რეჟიმის გამოცხადებისთანავე აჭარაში კატასტროფის ეროვნული ცენტრი ამოქმედდა, ეს გუნდი წითელი ჯვრის მოხალისეებთან ერთად აქტიური იქნება მანამ, სანამ საგანგებო რეჟიმი არ დასრულდება.

21 წლის დარიკო შაინიძე სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს და პარალელურად წითელი ჯვრის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოხალისეა. ახლა, როცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური განსაკუთრებულადაა გადატვირთული, დარიკო მიიჩნევს, რომ მოხალისეობრივ საქმიანობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ვიცი, ჩემი იმუნიტეტისა და ჯანმრთელობის ამბავი – რისკჯგუფში არ ვარ და შემიძლია სხვას დავეხმარო, ასეთ დროს შინ ვერ დავრჩები. წამალი და საკვები რომ მივუტანო ვინმეს, ამას წინ არაფერი უდგას.

როცა ტემპერატურის გადასამოწმებლად კარანტინში მყოფებს ვურეკავთ, საკუთარ პრობლემებზეც საუბრობენ და ეს კომუნიკაცია ბევრს ნიშნავს. მაქსიმალურად ლაკონურ კომუნიკაციას ვცდილობთ, მაგრამ ასე არ გამოდის.

აჭარის სოფლებში ბევრგან ინფორმაციაც არ აქვთ, ზოგი სოციალურად დაუცველია, ტელევიზორი, ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. ვუხსნით ვირუსისგან თავდაცვის საშუალებებზე და ინფორმაციას ვაწვდით.

ყველა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამ სამ კვირაში დაინფიცირების მინიმალური შემთხვევა გვქონდეს.

ათ ადამიანსაც კი თუ ააცილებს საფრთხეს ჩვენი სიტყვები, ესეც ბევრს ნიშნავს უკვე და ენთუზიაზმის საფუძველს გვაძლევს“, – ამბობს დარიკო.

19 წლის ნინო ვარშანიძე წითელ ჯვარში მუშაობის საათებს ,,ბედნიერების დროს“ უწოდებს.

„ეს ის წუთებია, რაც გვაბედნიერებს და იმიტომ“, – ამბობს ნინო. მოხალისეებს ის ერთი წლის წინ შეუერთდა.

„ძირითადად 4 მიმართულება გვაქვს: პირველადი დახმარება, ფსიქოსოციალური დახმარება, კატასტროფების მართვა და უგზოუკვლოების დახმარება. გვაქვს ასევე ახალი პროექტი ,,ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის“ და ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებზე ვუტარებთ ტრენინგებს ახალგაზრდებს რეგიონებში, რაც პიროვნულ განვითარებაში ეხმარება მათ. ეს კავშირები გვეხმარება როგორც ჩვენ, ასევე ეხმარება მათ.

ცხელ ხაზსაც ვაკონტროლებ და როცა კითხვებით და დახმარების თხოვნით მოგვმართავენ, იმხელა კმაყოფილებას გამოხატავენ ჩვენი საქმიანობის მიმართ, ეს უზარმაზარ ძალას მაძლევს, ჰობი აღარ არის ჩემთვის, ადამიანების დახმარება პროფესიად მექცა, რაზე დამოკიდებულიც კი გავხდი“, – ამბობს ნინო.

წითელი ჯვრის მოხალისეთა გუნდი ახლა USID-ის დისტანციურ სწავლებას გადის. მოხალისეთა გუნდში ჩაწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რისთვისაც საჭიროა დაკავშირება ცხელ ხაზთან ნომერზე: 08 00 00 00 18.

წითელი ჯვრის მოხალისეთა გუნდში ყოველდღიურად ბევრი მსურველი ერთიანდება, გუნდში ამჯერად 80-ზე მეტი აქტიური მოხალისეა.

„დავკარგე პირადობა, დავარღვიე სავიზო რეჟიმი“ – თურქეთიდან დაბრუნებაზე საკონსულოს განმარტება

თურქეთთან საზღვრის დროებით ჩაკეტვის შემდეგ „ბათუმელებს“ არაერთი მოქალაქე მომართავს კითხვებით, თუ როგორ და რა გზით შეძლებენ ისინი ქვეყანაში დაბრუნებას.

ტრაბზონში საქართველოს საკონსულოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ სავიზო რეჟიმი, საქართველოში დაბრუნებაზე პრობლემა არ შეექმნებათ. მაგრამ, „სავიზორეჟიმდარღვეულები საზღვარზე იხდიან ჯარიმას ან ექვემდებარებიან დეპორტაციას. ხოლო იმ მოქალაქეებმა, ვისაც არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, უნდა მიმართონ საკონსულოებს, წინასწარი ჩაწერით ვებგვერდზე www.geoconsul.gov.ge“, – განგვიმარტეს საკონსულოში.

ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქემ გაითვალისწინოს შემდეგი გარემოება. რომ თურქეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულია შეზღუდვა, რომელიც ეხება  65 წელს გადაცილებულ პირებს.

„დაწესდა გადაადგილების შეზღუდვა და სახლიდან გამოსვლა 65 წლის და ზემოთ მყოფ მოქალაქეთათვის. ამ ასაკის მოქალაქეთა მგზავრობა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე, რომელსაც გასცემს რეგიონის გუბერნატორის სამსახურები და გამგეობები,“ – განგვიმარტეს საკონსულოში.

ცნობისათვის, თურქეთთან საზღვარი ცალმხრივადაა ღია. ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, გადმოკვეთონ საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ უფლება გადავიდნენ თურქეთის რესპუბლიკაში.

ამასთან, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის (COVID 19-ს) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 4 აპრილამდე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები და  საკონსულო დაწესებულებები გადადიან მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს ადგილზე (უშუალოდ საკონსულო დაწესებულებაში) მომსახურების შეზღუდვებს.

ეს შეზღუდვები არ ეხება იმ საკონსულო მომსახურებებს, რომელთა მიღებაც შესაძლებელია დისტანციურად. ინფორმაცია დისტანციური მომსახურების შესახებ განთავსებულია www.geoconsul.gov.ge

გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს საელჩოს ან საკონსულოს (უნდა მიუთითოთ საკონტაქტო ტელეფონი და ელფოსტა).

იმ შემთხვევაში, თუ საკონსულოსთან კომუნიკაციის შედეგად წარმოიშვა საქართველოს მოქალაქის  საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადების გადაუდებელი აუცილებლობა, ამოქმედდება მომსახურების შემდეგი წესები:

საკონსულოში გადაუდებელი აუცილებლობის მომსახურების მიღების მსურველმა პირმა უნდა დაიცვას შემდეგი ნორმები:

მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს).

მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან).

მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას  აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იყო შემხებლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან.

მოქალაქე  საკონსულო დაწესებულებაში გადაუდებელი მომსახურების მისაღებად საჭიროა გამოცხადდეს დამცავი ატრიბუტიკით.

მოქალაქე ვალდებულია საკონსულო დაწესებულებაში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება.

მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან შემხებლობას.

მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.

თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 23 მარტიდან მხოლოდ სარფის საბაჟოდან შეეძლებათ საქართველოში დაბრუნება. საზღვრის კვეთის დრო – დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე [საქართველოს დროით].

ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია ვადები 30 აპრილის 18:00 საათამდე გახანგრძლივდა. ცენტრის ინფორმაციით, ცვლილება ეხება მხოლოდ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებს და არა გამოცდების ჩატარების პერიოდს.

რეგისტრაციის  გახანგრძლივება ასევე ეხება საერთო სამაგისტრო გამოცდებს და სტუდენტთა საგრანტო კონკურსს.

 

მთავარი ფოტო: გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი.

„ოცნების ქალაქში“ სარეცხ მანქანას იპარავდნენ

„ოცნების ქალაქში“ გუშინ ღამით სარეცხ მანქანას იპარავდნენ. დასახლებაში მცხოვრები მარინა ბერიძის თქმით, ერთმა ქალმა შენიშნა ორი ბიჭი, რომლებსაც სარეცხი მანქანა ხელით მიჰქონდათ და მობილური ტელეფონი მიანათა.

„ჰიგიენის ოთახში გვაქვს ჩვენ საერთო სამი სარეცხი მანქანა, ჯერ ვერ დავამონტაჟეთ წყლის გამო… კარი ძალით გაუღიათ და ერთი სარეცხი მანქანა მიჰქონდათ. სხვა მანქანებსაც წაიღებდნენ, იმ ქალს რომ არ დაენახა. მობილურის მინათების შემდეგ, გააგდეს იქვე სარეცხი მანქანა და გაიქცნენ, „კაპიშონიანი“ ბიჭები იყვნენო,“ – ამბობს მარინა ბერიძე.

ადგილზე უკვე მუშაობენ სამართალდამცველები, თუმცა „ოცნების ქალაქში“ მუდმივ პატრულირებას ითხოვენ. მათი თქმით, ქურდობის ფაქტებმა იმატა, ასევე ხშირად ირღვევა კორონავირუსის დროს რეკომენდებული სოციალური დისტანცირების მოთხოვნა.

„აქამდეც ზოგს ადიალი მოპარეს, ზოგს – ბოტასი, საბურავი… არაფერი გამოძიებული არ არის. ახლა ისე იკრიბებიან, სვამს ზოგიერთი ერთად და ირღვევა დისტანცირების მოთხოვნა, ჩენ ვითხოვთ მუდმივ პატრულირებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მარინა ბერიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

რატომ უნდა აარიდოთ თავი ბათუმის ქუჩების დეზინფექციას, რომელიც 23:00 საათზე დაიწყება

დღეს, ღამით, 23 საათიდან, ბათუმის ცენტრალური ქუჩების დეზინფექცია ჩატარდება. ბათუმის მერიამ უკვე მოუწოდა მოქალაქეებს, ღამის 11 საათიდან ქუჩებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

რა საფრთხეს შეიცავს დეზინფექცია? – ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ნივთიერება, რომლითაც ბათუმის ქუჩების დეზინფექცია ჩატარდება, სრულიად უსაფრთხოა და იგი ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა რეკომენდებული.

„გადაადგილებისგან თავის შეკავება მოქალაქეებს მოვუწოდეთ იმიტომ, რომ მაღალი წნევით გაიფრქვევა ეს ნივთიერება. მეორე მიზეზია ის, რომ არ შეფერხდეს სამუშაო,“ – განმარტეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

აქვე აღნიშნეს ისიც, რომ ადგილიდან გაიყვანენ კატებს და ძაღლებს, თუკი ისინი ქუჩაში იქნებიან დეზინფექციის დროს. დეზინფექციას ბათუმის მერიის დასუფთავების სამსახური ჩაატარებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად.

დღეს ღამით დეზინფექცია ბათუმში რუსთაველის, გოგებაშვილის, პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებულ ყველა ქუჩაზე ჩატარდება. ბათუმის მერიაში ჯერ არ იციან, როდის ჩატარდება დეზინფექცია სხვა ქუჩებზე.

მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს ამინდზეა დამოკიდებული და რადგან ხვალ ბათუმში წვიმას ელიან, მეორე ეტაპის სამუშაო ჯერ დაგეგმილი არ არის.

ქალი, რომელიც ფლორენციაში ისევ მოხუცს უვლის: „ბებოსაც ეშინოდა, მაგრამ მერე ამღერდა“

„…ისევ პანიკაა ყველგან, მე და ბებო ისევ ერთად ვართ, ჩვენ ისევ ფლორენციაში ვცხოვრობთ. ბებია, რომელსაც ვუვლი, ანეტა ჰქვია და ხვალ 93 წლის გახდება,“ – გვიყვება მანანა ბოლქვაძე, რომელიც უკვე ორი წელია იტალიაში ცხოვრობს. მისი სამსახური მოხუცების მოვლაა.

მანანა მარტოხელა მოხუცთან ცხოვრობს. ამბობს, რომ პანიკის და არსებული საფრთხის მიუხედავად, მოხუცის მიტოვება არ უფიქრია. ამ დრომდე არც საელჩოში მოუკითხავს, შეძლებს თუ ვერა საქართველოში დაბრუნებას. მანანა ყოველდღიურად სახლიდან მხოლოდ მაშინ გადის, როცა სახლთან მდებარე მარკეტში საკვები პროდუქტი ან ჰიგიენური ნივთების შეძენაა საჭირო.

„ჩემი ბებია მწოლიარეა, პანიკაში იყო ბოლო დღეები და ორი დღის წინ სიცხემ აუწია, კლინიკაში გადაიყვანეს… ნერვიულობისგან აუწია სიცხემ. დღეს დამირეკა მისმა შვილმა, არ ინერვიულოთ, ვირუსი არ დაუდასტურდა, მალე დაბრუნდებაო.

ანეტას შვილი ექიმია, პროფესორი. ის მოდის და ამხნევებს ბებიას. ერთი საათით ყოველ საღამოს შემოივლის და დედას ესაუბრება.

რამდენიმე დღის წინ ანეტამ მითხრა, რომ ძალიან ეშინოდა. არ ვიცოდი, რა მექნა. მერე ქართული სიმღერები ვუმღერე. გამხიარულდა. თვითონ იტალიის ჰიმნი იმღერა,“ – ამბობს მანანა ბოლქვაძე.

მანანა ქალაქში აღარ გადის. ამბობს, რომ აღჭურვილობით – პირბადით და ხელთათმანით შედის მაღაზიაშიც, სადაც რიგრიგობით უშვებენ ადამიანებს და ზოგჯერ ნახევარი საათი უწევს რიგში დგომა.

მანანას თქმით, იტალიიდან ბევრი ქართველი უკვე დაბრუნდა, ვინც მის მსგავსად მოხუცს უვლიდა. გაუგია ისიც, რომ იტალიაში მცხოვრები საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე დაბრუნებას ვერ ახერხებს.

„ვრეკავთ საელჩოში და ვერ ვიღებთ კონკრეტულ პასუხსო… თუ გართულდა სიტუაცია, მეც შესაძლოა ვიფიქრო დაბრუნებაზე“, – დასძინა მანანამ.

COVID 19-ის ეპიდემიისას სახლიდან გამოსვლის და სახლში შესვლის წესები

საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციამ [GAPINCE] გამოაქვეყნა COVID 19-ის ეპიდემიისას სახლიდან გამოსვლის და სახლში შესვლის პროტოკოლი, რომლის თანახმადაც:

სახლიდან გასვლისას

  • სასურველია ჩაიცვათ გრძელმკლავიანი ტანსაცმელი;
  • თმა გქონდეთ შეკრული;
  • არ გამოიყენოთ მაკიაჟი ან კრემი;
  • თუ გაქვთ პირბადე, აიფარეთ სახეზე სანამ დატოვებთ სახლს;
  • თუ სახლიდან გახვალთ ცხოველთან ერთად, შეეცადეთ არ მისცეთ ნება შეეხოს ზედაპირებს;
  • როცა ეხებით ნებისმიერ ზედაპირს, თითებზე შემოიხვიეთ ერთჯერადი ხელსახოცი, რომელსაც დაკუჭავთ და გადააგდებთ სანაგვე ურნაში;
  • თუ გამოიყენებთ  ნაღდ ფულს დაიმუშავეთ ხელი სადეზინფექციო სითხით;
  • ნუ დაახველებთ და დააცემინებთ ჰაერში ან ხელისგულზე, აიფარეთ იდაყვი;
  • დაიბანეთ ხელი ნებისმიერი საგნის ზედაპირის შეხების შემდეგ ან გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო სითხე;
  • არ შეეხოთ სახეს, სანამ არ დაიბანთ ხელს;
  • დაიცავით დისტანცია;

 

სახლში დაბრუნებისას:

  • სახლში დაბრუნებისას შეეცადეთ არაფერს შეეხოთ; გაწმინდეთ ტელეფონი და სათვალე საპნიანი წყლით ან ალკოჰოლის შემცველი სითხით;
  • გაიხადეთ ფეხსაცმელი;
  • თუ შინაურ ცხოველთან ერთად სეირნობდით, გაუწმინდეთ თათები სადეზინფექციო ხსნარით;
  • გაიხადეთ საგარეო ტანსაცმელი და გარეცხეთ;
  • შემოსასვლელში ჩაალაგეთ ყუთში: ჩანთა, საფულე, გასაღები და ა.შ;
  • მიიღეთ შხაპი ან თუ არ არის შესაძლებელი კარგად დაიბანეთ სხეულის ყველა ხილული ნაწილი: სახე, ხელები, მაჯა, კისერი და ა.შ;
  • გარეთ ნაყიდი ნივთების (არა სურსათის) შენახვამდე გაასუფთავეთ ისინი სპეციალური ხსნარით (არ დაგავიწყდეთ ხელთათმანების გამოყენება);

გახსოვდეთ, შეუძლებელია  სრული დეზინფექცია (სახლის პირობებში) მიზანი არის რისკის შემცირება.

საკვები პროდუქტების დამუშავება ქლორის შემცველი ან სხვა ქიმიური საშუალების გამოყენებით დაუშვებელია.

მილანში ცარიელ ქუჩაზე პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა

მილანში პოლიციის ორი მანქანა, რომელებიც სკუტერს მისდევდა, ცარიელ ქუჩაზე ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა ოთხშაბათს, 25 მარტის შუადღეს მოხდა.

„მაღალი სიჩქარით მოძრავი პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს იმ დროს შეეჯახა, როცა ისინი სავარაუდოდ სკუტერით მოძრავ მძარცველს მისდევდნენ. შემთხვევის შედეგად პოლიციელები არ დაშავებულან. ფაქტის  თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიცია მისდევდა  სავარაუდო მძარცველს, რომელმაც შუქნიშანთან მდგარი ქალი გაძარცვა და გაიქცა.

ინციდენტის მიზეზი გაურკვეველია, მაგრამ სავარაუდოდ ავარია პოლიციელების არასწორმა მანევრირებამ გამოიწვია,“ –  წერს იტალიური გამოცემა Fanpage.it-ი.

იტალია კორონავირუსს ებრძვის და 10 მარტის შემდეგ ქვეყანა წითელ ზონადაა გამოცხადებული. ქვეყანაში მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

უწყების 5 ავტომანქანა წითელი ჯვრის დაქვემდებარებაში გადავა – განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განათლების სამინისტროს, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ავტოპარკი და ტექნიკური პერსონალი, მოქალაქეების საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის პროგრამაში ჩაერთვება.

„უწყების კუთვნილი 5 ავტომანქანა და მათი მძღოლები თბილისის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კოორდინირების ქვეშ მოექცევა,“ – ნათქვამია განათლების სამინისტროს პრესრელიზში.

ამავე წყაროს ცნობით, პერსონალის მიერ შესაბამისი სამედიცინო უსაფრთხოებისა და ქცევის ნორმების სათანადო ტრენინგის გავლის შემდეგ, სააგენტოს მძღოლები, სხვა მოხალისეებთან ერთად, სახლებში მყოფ ასაკოვან მოქალაქეებს პროდუქტებსა და მედიკამენტებს მიაწვდიან.

„საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინსპექტირებისა და მონიტორინგის პროცედურები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს  სხვა ავტომანქანებისა და თანამშრომლების მიერ განხორციელდება“ – ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში სადეზინფექციო სითხეები განათავსეს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურ ავტობუსებში სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დაამონტაჟეს. ავტობუსში ასვლა-ჩამოსვლისას მგზავრებს საშუალება აქვთ ხელები სადეზინფექციო საშუალებით დაიმუშაონ.

მერიის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სითხის დისპენსერები 120-ვე ავტობუსში დამონტაჟდა.

კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო ბათუმში 22 აპრილამდე სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობა აკრძალულია. მგზავრებს მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები ემსახურება.

რამდენად შესაძლებელია კორონავირუსის პრევენცია მგზავრებით სავსე ავტობუსში?

ბათუმში 12 ნაკვეთს მერია აუქციონზე უპირობოდ ყიდის

ბათუმის მერიას აუქციონზე მიწის 12 ნაკვეთი აქვს გამოტანილი. გასაყიდი მიწის ნაკვეთების ფართობი ჯამში 2 098 კვ.მ-ია. აქედან 11 ნაკვეთი ყოველგვარი პირობის გარეშე იყიდება.

ერთი ნაკვეთის შემთხვევაში კი, მომავალ მყიდველს ერთადერთი ვალდებულება აქვს: „მერიის მიერ  მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრის ახალი შენობის მშენებლობის დასრულებამდე (2020 წლის 31 დეკემბრამდე), არ მოითხოვოს აუქციონზე შეძენილი შენობის მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრისაგან გამონთავისუფლება“.

გასაყიდი ნაკვეთი და შენობა მახინჯაურში / ფოტო აუქციონიდან

ეს ნაკვეთი 260 კვ.მ-ია, ის დაბა მახინჯაურში მდებარეობს და მასზე განთავსებულია 110,6 კვ.მ. ფართობის შენობა.

ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 196 ათას 70 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი 5 ათასი ლარი.

მახინჯაურში მდებარე ამ შენობის პირველ სართულზეა განთავსებული მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრი, მეორე სართული კი, მერიის ინფორმაციით, დაკავებულია თვითნებურად.

ანგისის II ჩიხის #2-ში მდებარე 367 კვ.მ. მიწის საწყისი ფასი 146 800 ლარია, ბიჯი – 3 ათასი ლარი.

265 კვ.მ მიწის პრივატიზება მახვილაურის დასახლებაში 35 ათას ლარად დაიგეგმა. აუქციონზე ბიჯი კი ამ შემთხვევაში 2 ათასი ლარია.

მელიქიშვილის ქუჩის #113-ის მიმდებარედ არსებულ 166 კვ.მ. მიწას მერია უპირობოდ 58 100 ლარად ყიდის. ბიჯი 3 ათასი ლარია.

ლერმონტოვის ქ. #12-ში მდებარე 85 კვ.მ. მიწის საწყისი გასაყიდი ფასი კი 48 450 ლარი, ბიჯი – 2 ათასი ლარია.

ბათუმში, შავშეთის ქ. #60, #62, #64, #66, #68-ში მდებარე 266 კვ.მ მიწა კი 146 300 ლარად იყიდება, ამ შემთხვევაში ბიჯი 4 ათასი ლარია. ამ მიწის ნაკვეთს, როგორც აუქციონზეა მითითებული, არ გააჩნია დამოუკიდებლად მისასვლელი გზა.

23 კვ.მ მიწა იყიდება აეროპორტის გზატკეცილის #94-ში. საწყისი გასაყიდი ფასი 6 900 ლარია, ბიჯი – 2 ათასი ლარი.

მახინჯაურის დასახლებაში კიდევ ერთი ნაკვეთი იყიდება, 163 170 ლარად, რომლის ფართობი 333 კვ.მ-ია. აუქციონზე ვაჭრობის ბიჯი კი აქ 5 ათასი ლარია.

ბათუმში, პუშკინის ქ. #118-120-ში მდებარე 10 კვ.მ. მიწას კი მერია უპირობოდ, 4 500 ლარად ყიდის. ვაჭრობის ბიჯი – 1 500 ლარი.

ბათუმში, ახალსოფლის დასახლებაში მდებარე 172 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 96 კვ.მ ფართობის შენობის გასაყიდი საწყისი ფასი 43 ათასი ლარია. ვაჭრობის ბიჯი კი, ამ შემთხვევაში, 3 ათასი ლარი.

ორი მიწის ნაკვეთი იყიდება ერთ ლოტად შავლიძეების დასახლებაში [59 და 92 კვ.მ ფართობის]. საწყისი ფასი 13 885 ლარი, ვაჭრობის ბიჯი კი 2 ათასი ლარია.

აუქციონები მიმდინარეობს და 4-7 აპრილს დასრულდება.

ამავე თემაზე:

მერია ორ სკვერში საპირფარეშოებს იჯარით გასცემს – სარგებლობა ფასიანი იქნება

 

კარანტინიდან გაქცევა – ექსპერტების გამოკითხვა კორონავირუსთან ბრძოლის გამოწვევებზე

კარანტინიდან გაქცევა ანუ მოქალაქეთა დაუმორჩილებლობა და მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება, როცა საპატრიარქომ ღვთისმსახურება არ შეაჩერა და არც ზიარების წესი შეცვალა – ეს ორი მთავარი გამოწვევა ექსპერტების გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა. გამოკითხვა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა“ ჩაატარა.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა“ სხვადასხვა სფეროში მომუშავე 20 ქართველი და 20 უცხოელი ექსპერტი გამოკითხა. ეს რიგით მეთერთმეტე გამოკითხვაა, რომელსაც პოლიტიკის ინსტიტუტი აქტუალურ საკითხებზე აკეთებს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ პირველად დაფიქსირდა მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასების მაღალი მაჩვენებელი – გამოკითხულთა 77-მა პროცენტმა პოზიტიურად შეაფასა ჯანდაცვის სისტემის და საქართველოს მთავრობის პოლიტიკა COVID 19-ის წინააღმდეგ.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით,  ექსპერტების 50 %-მა დააფიქსირა მთავარ გამოწვევად მოქალაქეთა დაუმორჩილებლობა, 32 %-მა კი პრობლემად მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებები დაასახელა. ექსპერტების მხოლოდ 12%-მა მიიჩნია გამოწვევად მასობრივი ტესტირების არარსებობა.

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ? – გამოკითხვის ფარგლებში ამ კითხვასაც უპასუხეს ექსპერტებმა. გამოკითხულთა 27 პროცენტი აგრესიული ტესტირების დაწყებას უჭერს მხარს, 16 პროცენტი მიიჩნევს, რომ მთავრობამ დამატებითი სამედიცინო აღჭურვილობა უნდა შეიძინოს, 8 პროცენტის აზრით კი, საველე საავადმყოფოები უნდა მოეწყოს.

მოსკოვი ტაძრებსა და მეჩეთებში ვიზიტებს ზღუდავს

მოსკოვში გამოცხადებული არასამუშაო კვირის პერიოდში, კორონავირუსის გავრცელების გამო, ეკლესიებში, მეჩეთებში, სამლოცველო სახლებსა და სხვა რელიგიურ დაწესებულებებში ვიზიტები შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ДОЖДЬ-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქის მერი სერგეი სობიანინი შესაბამის ბრძანებას ხელს დღეს მოაწერს.

რუსეთის პრეზიდენტის საგანგებო მიმართვის შემდეგ, რომელშიც კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, მან 28 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით პერიოდი არასამუშაო კვირად გამოაცხადა, “მოსკოვის მერმა დააანონსა მოსკოვში ყველა გასართობი დაწესებულების, მათ შორის რესტორნების, კაფეებისა და პარკების დახურვა. ქალაქში უკვე დაიხურა კინოთეატრები, ღამის კლუბები, გასართობი ცენტრები და სპორტული დარბაზები”, – წერს ДОЖДЬ-ი.

26 მარტს რუსეთში 658 შემთხვევა დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირებისა, აქედან 410 იყო მოსკოვში. ერთ დღე-ღამეში ინფიცირებულთა რიცხვი 163-ით გაიზარდა.

ქედის სოფლებში მცხოვრებთ მერიის ავტომანქანებით მოემსახურებიან

ქედის მერია მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას დახმარებას სთავაზობს.

“საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, მივიღე გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილები მაქსიმალურად იქნას თქვენი საჭიროებისათვის გამოყენებული.

ბოლო დღეებში ცხელ ხაზზე მოგვმართეს მოქალაქეებმა და არაერთი პრობლემური საკითხი გადავჭერით ამ მხრივ, პირადად საკრებულოს თავმჯდომარის, ამბულატორიებისა და მერიის სხვა სამსახურების ავტომობილების საშუალებით.

თუ თქვენ ცხოვრობთ სოფლად, არ გაქვთ პირადი ავტომობილი და გსურთ დაბაში გადმოადგილდეთ სურსათის შესაძენად ან და სხვა აუცილებელი საჭიროებისათვის, თქვენს თანასოფლელებთან ერთად, ერთობლივად მიმართეთ მერის წარმომადგენელს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: 595084331, ” – წერს ქედის მერი ლევან გორგილაძე ფეისბუქზე.

21 მარტს კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის ფარგლებში საქართველოში საგანგებო  მდგომარეობა გამოცხადდა. 22 აპრილამდე ქვეყანაში აკრძალულია საქალაქთაშორისო მოძრაობა. მთავრობის დადგენილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ იმოძრავებენ მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის სამგზავრო მატარებლებიც.

ევანგელური ეკლესიები COVID-19-ის გამო ღვთისმსახურების ფორმას დროებით ცვლიან

საქართველოს ევანგელური ალიანსი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო და ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ღვთისმსახურების ფორმას დროებით ცვლიან. დღეს, 26 მარტს, ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია:

„საქართველოში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, რაც დაკავშირებულია COVID19-ის პანდემიის სწრაფ გავრცელებასთან, საქართველოს ევანგელური ეკლესიები აცხადებენ სრულ მხარდაჭერას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებებისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებისადმი.

წმინდა პავლე მოციქული აცხადებს: „ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღმერთის დადგენილებას“. როდესაც საქმე ეხება საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, ჩვენ ყველა უნდა ვმორჩილებდეთ უმაღლეს ხელმწიფებას, ხოლო სულიერ საკითხებთან მიმართებაში იქადაგება სახარება და მისდამი მორჩილება. ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე თავად არის ამგვარი მორჩილების უშესანიშნავესი მაგალითი,“ – წერია ალიანსის განცხადებაში.

წერილში ასევე საუბარია ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობაზე: „წმინდა პავლე მოციქული ასწავლის და ამბობს: „არ იცით, რომ ღმერთის ტაძარი ხართ და ღმერთის სული ცხოვრობს თქვენში? თუ ვინმე დააზიანებს ღმერთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმინდაა ღმერთის ტაძარი და თქვენა ხართ ის“.  აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანის სიცოცხლის გაფრთხილება ღვთის ტაძრის გაფრთხილებაა და მისი დამაზიანებელი პასუხს აგებს უზენაესი ღმერთის წინაშე.

შესაბამისად სახარების სწავლებისა, ჩვენი ღვთისმსახურებები არც ჩერდება და არც უქმდება, არამედ დროებით, ვიდრე განსაცდელი ჩაივლის, იცვლის აღსრულების ფორმას.

კიდევ ერთხელ, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ზედმიწევნით შეასრულოს მთავრობის მიერ დადგენილი საგანგებო მდგომარეობის წესები, მაქსიმალურად დარჩეს სახლში და გაუფრთხილდეს საკუთარ და სხვათა სიცოცხლეს,“ – ნათქვამია საქართველოს ევანგელური ალიანსის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

Exit mobile version