მთავარი,სიახლეები

კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებთან მედიაცია შეწყვიტა

26.03.2020 • 1801
კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებთან მედიაცია შეწყვიტა

„მედიაცია შეწყვიტა დირექტორმა… მხოლოდ აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტმა იხეირა კორონავირუსით,“ – წერს ფეისბუქში მალხაზ რეხვიაშვილი, იგი აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელია. მისი თქმით, გიორგი კოხრეიძემ დღეს, 26 მარტს თანამშრომლებთან მედიაცია ისე შეწყვიტა, რომ მათ არც კი შეხვდა. გიორგი კოხრეიძემ ალტერნატიული პროფკავშირის მოთხოვნები უსაფუძვლოდ მიიჩნია და ამის შესახებ პროფკავშირს წერილობით აცნობა.

საგაფიცვო პროცესი აჭარის ტელევიზიაში 2 მარტს დაიწყო. ტელევიზიის ჟურნალისტებმა გაფიცვის დაწყებამდე მედიაცია სცადეს და მენეჯმენტს 4 კონკრეტული მოთხოვნით მიმართეს. ამ პროცესის დაწყებამდე და შემდეგაც აჭარის ტელევიზიაში რედაქტორების, ასევე ჟურნალისტების გათავისუფლების, ან სხვა რეგიონში გადაყვანის პროცესი გრძელდება. პროცესს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” კი მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი “მაუწყებლობის შესახებ” კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებს.

აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელის, მალხაზ რეხვიაშვილის თქმით, მათ გიორგი კოხრეიძე დაემუქრა კიდეც: ხელფასს ვერ მიიღებთ, თუ გაიფიცებითო. რეხვიაშვილი ამბობს, რომ მათ ორი დღის წინ თქვეს გაფიცვაზე უარი იმის მიუხედავად, თუ რა შედეგი დადგებოდა მედიაციის პროცესში – ჟურნალისტები გაფიცვას არ აპირებენ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.

„დირექტორმა გამოგვიგზავნა ხუთგვერდიანი აბსურდული წერილი, სადაც ის დამრიგებლური ტონით გვესაუბრება. მან უარი თქვა კანონის იმპერატიული მოთხოვნების შესრულებაზეც, მაგალითად, ჩვენ ვითხოვდით კოლექტიურ ხელშეკრულებას, ამას შრომის კოდექსი ითვალისწინებს და გიორგი კოხრეიძეს არავინ ეკითხება მის შესრულებას… იგი კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ამბობს უარს.

იურისტებთან ასევე გავდივართ კონსულტაციას, რამდენად ჰქონდა გიორგი კოხრეიძეს ამ ფორმით მედიაციის შეწყვეტის უფლება,“ – გვითხრა მალხაზ რეხვიაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: