მთავარი,სიახლეები

ქალი, რომელიც ფლორენციაში ისევ მოხუცს უვლის: „ბებოსაც ეშინოდა, მაგრამ მერე ამღერდა“

26.03.2020 • 40120
ქალი, რომელიც ფლორენციაში ისევ მოხუცს უვლის: „ბებოსაც ეშინოდა, მაგრამ მერე ამღერდა“

„…ისევ პანიკაა ყველგან, მე და ბებო ისევ ერთად ვართ, ჩვენ ისევ ფლორენციაში ვცხოვრობთ. ბებია, რომელსაც ვუვლი, ანეტა ჰქვია და ხვალ 93 წლის გახდება,“ – გვიყვება მანანა ბოლქვაძე, რომელიც უკვე ორი წელია იტალიაში ცხოვრობს. მისი სამსახური მოხუცების მოვლაა.

მანანა მარტოხელა მოხუცთან ცხოვრობს. ამბობს, რომ პანიკის და არსებული საფრთხის მიუხედავად, მოხუცის მიტოვება არ უფიქრია. ამ დრომდე არც საელჩოში მოუკითხავს, შეძლებს თუ ვერა საქართველოში დაბრუნებას. მანანა ყოველდღიურად სახლიდან მხოლოდ მაშინ გადის, როცა სახლთან მდებარე მარკეტში საკვები პროდუქტი ან ჰიგიენური ნივთების შეძენაა საჭირო.

„ჩემი ბებია მწოლიარეა, პანიკაში იყო ბოლო დღეები და ორი დღის წინ სიცხემ აუწია, კლინიკაში გადაიყვანეს… ნერვიულობისგან აუწია სიცხემ. დღეს დამირეკა მისმა შვილმა, არ ინერვიულოთ, ვირუსი არ დაუდასტურდა, მალე დაბრუნდებაო.

ანეტას შვილი ექიმია, პროფესორი. ის მოდის და ამხნევებს ბებიას. ერთი საათით ყოველ საღამოს შემოივლის და დედას ესაუბრება.

რამდენიმე დღის წინ ანეტამ მითხრა, რომ ძალიან ეშინოდა. არ ვიცოდი, რა მექნა. მერე ქართული სიმღერები ვუმღერე. გამხიარულდა. თვითონ იტალიის ჰიმნი იმღერა,“ – ამბობს მანანა ბოლქვაძე.

მანანა ქალაქში აღარ გადის. ამბობს, რომ აღჭურვილობით – პირბადით და ხელთათმანით შედის მაღაზიაშიც, სადაც რიგრიგობით უშვებენ ადამიანებს და ზოგჯერ ნახევარი საათი უწევს რიგში დგომა.

მანანას თქმით, იტალიიდან ბევრი ქართველი უკვე დაბრუნდა, ვინც მის მსგავსად მოხუცს უვლიდა. გაუგია ისიც, რომ იტალიაში მცხოვრები საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე დაბრუნებას ვერ ახერხებს.

„ვრეკავთ საელჩოში და ვერ ვიღებთ კონკრეტულ პასუხსო… თუ გართულდა სიტუაცია, მეც შესაძლოა ვიფიქრო დაბრუნებაზე“, – დასძინა მანანამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: