მთავარი,სიახლეები

წითელი ჯვარი აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში დაეხმარება მოქალაქეებს

26.03.2020 • 4145
წითელი ჯვარი აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში დაეხმარება მოქალაქეებს

აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობების, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს, მარტო მცხოვრებ ხანდაზმულებსა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს საგანგებო რეჟიმის პირობებში დაურიგდებათ სპეციალური კალათა სურსათით, ჰიგიენური საშუალებებითა და საჭირო მედიკამენტებით. თითოეულ ოჯახთან ბინაზე სწრაფად მიტანის სერვისს შესაბამისი ცოდნით მობილიზებული, ბათუმში მოქმედი წითელი ჯვრის მოხალისეთა ჯგუფი უზრუნველყოფს.

„კორონავირუსის გავრცელებისთანავე წითელმა ჯვარმა აჭარაში დაიწყო საინფორმაციო აქტივობები, ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ბუკლეტების გავრცელება, ასევე საგანგებო მდგომარეობაში სამოქმედო სპეციალური გეგმის შემუშავება. მოხალისეებს მუდმივი კავშირი აქვთ კარანტინში მყოფ პირებთან, ყოველდღიურად აღნუსხავენ თითოეულის მდგომარეობას, სავარაუდო სიმპტომებს და ტემპერატურის მატებას”, – ამბობს გიორგი ბოლქვაძე, საქართველოს წითელი ჯვრის ბათუმის ფილიალის კატასტროფების კოორდინატორი.

გიორგი ბოლქვაძე – საქართველოს წითელი ჯვრის ბათუმის ფილიალის კატასტროფების კოორდინატორი

ჯანდაცვის სამინისტროს და წითელი ჯვრის ჩართულობით აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გადამზადდნენ ჯგუფები, რომლებიც, თავის მხრივ, კოორდინაციას და რეკომენდაციას გაუწევენ მოხალისეებს. მოხალისეთა გადამზადება ინტენსიურად მიმდინარეობს ონლაინრეჟიმში, რეკომენდაციების შესაბამისად. საქველმოქმედო ღონისძიებას ორგანიზებას გაუწევს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის გუნდი.  მოხალისეები ბათუმის თოთხმეტივე უბანზე იქნებიან მობილიზებულები.

წითელი ჯვრის მოხალისეთა გუნდი აჭარის მთავრობის მოწყვლადი ჯგუფების ბაზებით ხელმძღვანელობს. საქართველოში საგანგებო რეჟიმის გამოცხადებისთანავე აჭარაში კატასტროფის ეროვნული ცენტრი ამოქმედდა, ეს გუნდი წითელი ჯვრის მოხალისეებთან ერთად აქტიური იქნება მანამ, სანამ საგანგებო რეჟიმი არ დასრულდება.

21 წლის დარიკო შაინიძე სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს და პარალელურად წითელი ჯვრის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოხალისეა. ახლა, როცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური განსაკუთრებულადაა გადატვირთული, დარიკო მიიჩნევს, რომ მოხალისეობრივ საქმიანობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ვიცი, ჩემი იმუნიტეტისა და ჯანმრთელობის ამბავი – რისკჯგუფში არ ვარ და შემიძლია სხვას დავეხმარო, ასეთ დროს შინ ვერ დავრჩები. წამალი და საკვები რომ მივუტანო ვინმეს, ამას წინ არაფერი უდგას.

როცა ტემპერატურის გადასამოწმებლად კარანტინში მყოფებს ვურეკავთ, საკუთარ პრობლემებზეც საუბრობენ და ეს კომუნიკაცია ბევრს ნიშნავს. მაქსიმალურად ლაკონურ კომუნიკაციას ვცდილობთ, მაგრამ ასე არ გამოდის.

აჭარის სოფლებში ბევრგან ინფორმაციაც არ აქვთ, ზოგი სოციალურად დაუცველია, ტელევიზორი, ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. ვუხსნით ვირუსისგან თავდაცვის საშუალებებზე და ინფორმაციას ვაწვდით.

ყველა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამ სამ კვირაში დაინფიცირების მინიმალური შემთხვევა გვქონდეს.

ათ ადამიანსაც კი თუ ააცილებს საფრთხეს ჩვენი სიტყვები, ესეც ბევრს ნიშნავს უკვე და ენთუზიაზმის საფუძველს გვაძლევს“, – ამბობს დარიკო.

19 წლის ნინო ვარშანიძე წითელ ჯვარში მუშაობის საათებს ,,ბედნიერების დროს“ უწოდებს.

„ეს ის წუთებია, რაც გვაბედნიერებს და იმიტომ“, – ამბობს ნინო. მოხალისეებს ის ერთი წლის წინ შეუერთდა.

„ძირითადად 4 მიმართულება გვაქვს: პირველადი დახმარება, ფსიქოსოციალური დახმარება, კატასტროფების მართვა და უგზოუკვლოების დახმარება. გვაქვს ასევე ახალი პროექტი ,,ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის“ და ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებზე ვუტარებთ ტრენინგებს ახალგაზრდებს რეგიონებში, რაც პიროვნულ განვითარებაში ეხმარება მათ. ეს კავშირები გვეხმარება როგორც ჩვენ, ასევე ეხმარება მათ.

ცხელ ხაზსაც ვაკონტროლებ და როცა კითხვებით და დახმარების თხოვნით მოგვმართავენ, იმხელა კმაყოფილებას გამოხატავენ ჩვენი საქმიანობის მიმართ, ეს უზარმაზარ ძალას მაძლევს, ჰობი აღარ არის ჩემთვის, ადამიანების დახმარება პროფესიად მექცა, რაზე დამოკიდებულიც კი გავხდი“, – ამბობს ნინო.

წითელი ჯვრის მოხალისეთა გუნდი ახლა USID-ის დისტანციურ სწავლებას გადის. მოხალისეთა გუნდში ჩაწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რისთვისაც საჭიროა დაკავშირება ცხელ ხაზთან ნომერზე: 08 00 00 00 18.

წითელი ჯვრის მოხალისეთა გუნდში ყოველდღიურად ბევრი მსურველი ერთიანდება, გუნდში ამჯერად 80-ზე მეტი აქტიური მოხალისეა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: